ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
22 ნოემბერი, 2008


როგორ შორდებიან შეყვარებულები

ვინ გაიფიქრებს სულ პირველად,
რომ ის არ შეხვდა,ვისაც ელოდა;
რომ ყველაფერი უაზროა?
როგორც მთვლემარე მასპინძელი
ნასურვალ სტუმარს
ძლივს გააცილებს და
ნასუფრალს მზერას მოავლებს,
ვინ გაიფიქრებს,
ეს იქნებაო პირველი და უკანასკნელი?

ვინ მოახერხებს შემოხედვას უდარდელად ,
ანდა  ილაყბებს სულ სხვა ამბებზე,
სხვა საგნებზე,
სხვა სურვილებზე,
რომ ბევრჯერ ნაცად კალაპოტში გადაანაცვლოს
დუნედ მდინარი საუბარი;
ან ჩუმად იყოს,
თითქოსდა უფრო დიდი ფიქრით დაკავებული?

ვინ მოიფიქრებს პირველ სიტყვას,
რათა დაიწყოს და უცებ იგრძნოს,
როგორი შვებით ამოისუნთქა,
თითქოსდა ბარგი აეტანოს დათქმულ ადგილას,
ან შეეცდება,ყველაფერი ისე დასრულდეს,
რომ არ გაუწყდეს ნაცნობობის ფაქიზი სიმი,
რომელიც მერე,
რა იცი,რა დენს გაატარებს,
თუკი დასჭირდა?

ვინ გადასძალავს საკუთარ სურვილს
და კისრის მალებს გაიქვავებს,
რათა მიმავალს
არ გამოუსხლტეს მზერა,
ვითომ წინმიპყრობილი?

ვინ ნახავს ძილში,
და ვის - ძილი დაეკარგება?

ვინ გაიხედავს გარე-გარე,
ვინ - მხოლოდ შიგნით?

ვინ დაიცლება განშორებით,
ვინ - აივსება?


1980
კრებულიდან ''ახალდედები'',თბ,1987/






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები