ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: jaden
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2014


მე არასოდეს


მე არასოდეს არ გავხდები ოთახის კატა
და შენი ღამის არ მერქმევა ერთგული ცოლი
და მყუდრო, ტკბილი ყავის ნაცვლად ტუჩებზე მატეს
ექნება გემო სიმწარის და ლიმონის... ოდნავ...

მე აჩქარებულ სილუეტებს გავატან ელდას,
მტვრიან თაროზე შემონახულ იმ მუნჯი ფილმის,
გადახუნებულ ეპიზოდში რომ ხატავს მელნით,
მივიწყებული ისტორიის უნიჭო ფინალს

და მოთმინება -
დაჭიმული შავი ავაზა,
განწირულ მსხვერპლზე გამოთვლილი ზუსტი კამარით,
ბოლოს მოუღებს მოლოდინით სულელურ დაღლას
და მე შიშველი ხელების და
ღმერთის ამარა

გაზაფხულამდე ყველა იმედს წავათრევ მდორედ-
რომ სხვა ამინდი გადაფარავს დათოვლილ ცოდვას
და ცა არასდროს გამახსენებს ამღვრეულ თვალებს,
ღამის ფანჯრებთან მომლოდინე ერთგული ცოლის.

...

მეგობარს

.
ბედნიერება სიმშვიდეა,
შეგრძნება, რომ მარტო არ ხარ,
ლოდინი, რომ ერთხელ ვინმეს გაახსენდები,
ერთხელ ვინმე მოგისაკლისებს.-
თქვა მან, ჩემმა უცნაურმა მეგობარმა.

ბედნიერება სიმშვიდიდან სიმშვიდემდე გადარბენაა-
ვთქვი მე და გავიფიქრე-
ალბათ ძნელია, იჯდე შენთვის, რკინის კედლებში,
არც სიცხე იყოს, არც სიცივე
და არც არავის ელოდებოდე.

...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები