ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არმენ არუთინოვი
ჟანრი: პოეზია
5 თებერვალი, 2014


* * *


შენი ენა შენი მტერია,-
თვალებით მზრდიდნენ
და ამ მდუმარე შეგონებებში
იმაზე მეტი სიტყვა იყო,
იმაზე მეტი სული იყო,
ვიდრე პოეტის
რომელიმე ლექსი დაიტევს.

მშვიდად იჯექი,
რადგან შფოთვას და ბოლთის ცემას
მერეც მოასწრებ,
როცა სარბენი აღარ გექნება
და შენი ყოფის უძრაობას
გარს შემოუვლი.
მე ასე მზრდიდნენ.

იმეცადინე,
მაგრამ არა ის გაკვეთილი,
ხორცის საზრდოდ რომ
გამოგადგება,-
იმეცადინე სიკვდილი შენი.

ვიმეცადინე,
არა სიტყვებით, არა მზერით,
არა მოსმენით,
სტრიქონებით ვიმეცადინე,
მაგრამ ვერც ერთი ლექსი დავწერე
ჩემი ბავშვობის სიჩუმეზე
აღმატებული.

და როგორც ცეცხლის მწველი ენა
თავის თავს ერჩის,
გამოიწვება სულიც ლექსებში.
რაც მისგან რჩება,
უძრავია, ცივი და მყარი
და სიყვარულსაც აღარ ძალუძს
მასში შეღწევა.

ჩემი ლექსი ჩემი მტერია,-
უნდა მესმინა შეგონებები.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები