ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო_93
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2014


საჩუქარი

  ჩვენ ძალიან გვიყვარს გარშემომყოფთათვის საჩუქრების გაკეთება. ბევრი ჩვენგანი ხშირად ჩუქნის ერთმანეთს სხვადასხვა საჩუქარს, ზოგჯერ უმნიშვნელოს, ზოგჯერ მნიშვნელოვანს, თუმცა ამბობენ, მთავარია გულით იყოს ნაჩუქარი,  ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო. მოკლედ, ასეა თუ ისე, ყველას მოგვწონს საჩუქრები და გვახარებს, როდესაც რამეს გვჩუქნიან.
 
  მე 20 წლის ვარ და მთელი ცხოვრების განმავლობაში ბევრი სხვადასხვა საჩუქარი მიმიღია, მაგრამ არის ერთი იმდენად ფასდაუდებელი საჩუქარი, რომელსაც ერთადერთხელ ვიღებთ ერთადერთი ადამიანისგან. ამ საჩუქარს ყველა ერთხელ იღებს ცხოვრებაში. ზოგს მოსწონს ის, ზოგს არა და ბევრიც უარს ამბობს მასზე. ძალიან უცნაურია ეს საჩუქარი, თავიდან ვერ ხვდები რაში უნდა გამოიყენო, ზოგიერთი ჩვენგანი ვერც ვერასდროს ხვდება და ზოგიც უბრალოდ ნაგავში აგდებს მას. თუმცა ის ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, მასზე ძვირადღირებული რამ დედამიწაზე არ არსებობს და მას ვერანაირი ფული ვერ იყიდის.
 
  მეც მივიღე ასეთი ძვირფასი საჩუქარი დაბადების დღეზე, დედამ მაჩუქა. თავიდან დავიბენი ეს რა მაჩუქეს, რაში გამოვყენო-მეთქი გავიფიქრე, მაგრამ მერე დედამ მასწავლა როგორ გამომეყენებინა ის. ახლა უკვე ჩემითაც ვსწავლობ. მე ვცდილობ გავუფრთხილდე ჩემს საჩუქარს, რადგან თუ მას დავკარგავ, ყველაფერს დავკარგავ მასთან ერთად. მე ვიცი, რომ ეს ყველაზე ძვირფასია, რაც კი ოდესმე ვინმეს უჩუქნია ჩემთვის. მე არასდროს ვიტყვი მასზე უარს, იმიტომ, რომ ის მე დედამ მაჩუქა.

ჩემს საჩუქარს სიცოცხლე ჰქვია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები