ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პოეზია
6 მარტი, 2014


ღია წერილი საქართველოს

მოგმართავ, მაგრამ არა ხოტბით, ან სიამაყით,
ამჯერად უნდა მაპატიო ეს სითამამე,
რადგანაც შენი გაბრწყინება არის არაკი
და მითი, რომლის დაჯერებით უბრალოდ ავნე

შენს თავს, აწმყოს და სამწუხაროდ, მომავალს უფრო,
ახლა კი წარსულ დიდებაზე ბალადებს მღერი,
და ვდგავარ შენს წინ დაბნეული, მარტო და უფრთო,
ნუთუ არ გახსოვს, ფრთები თვითონ რომ  დამაჭერი...

მეფიცებიან შენს თავს დიდი მორალისტები,
ვიღაცისტები და რაზმები ფანატიკოსთა,
მე მეჩვენება, რომ მათ ხელში თანდათან ქრები,
რადგან სიყვარულს აპატენტებს ზიზღი და მტრობა.

რამდენი შვილი მოიკვეთე, როგორც სიმსივნე,
მათ დაკარგვაში შენ ყოველ დღე იდებ ლომის წილს,
იცი? მათ ვეღარ დააბრუნებს შენი სიწმინდე,
რადგან გაწირე, გაიმეტე მარტოობისთვის

და დაივიწყე... სულ ასე ხარ, წრეზე ტრიალებ,
ძვირფასო, მგონი დამიბერდი, დაგედო მტვერი,
და იქნებ დროა, აღიარო, რომ დაიღალე,
რომ გაგიხუნდა ტანზე ყველა ცოცხალი ფერი.

არავის სწყალობ, შემოგკადრებს საყვედურს ვინც კი,
დიდი ხანია, ერთ გადაკრულ სიტყვას არ გუობ,
იქმნება შენთან ყველა დოგმა სიყვარულისთვის,
მაგრამ ყოველ დღე ვიღაც კვდება - უსიყვარულოდ.

ჩემო წალკოტო, და სამოთხევ, ნუთუ ვერ ხედავ,
ფუჭი სიტყვებით გადაივსე, სუნთქვა ჭირს შენში,
გადაგდებული ბავშვებისთვის აღარ ხარ დედა,
ვინც გადაურჩა ყინვებს, შენი სიცივე შეშლის.

ხმას რატომ არ მცემ, მიპასუხე, ნეტა სადა ხარ,
ნუ მიბრაზდები, თუკი გხედავ ფასადებს მიღმა,
რა იქნებოდა, რომ გეკითხა ჩემთვის ხანდახან,
შენი მოჭრილი კიდურები მეც ხომ არ მტკივა.

საქართველოო, ლამაზო და ბევრჯერ ვნებულო,
მითი ყოფილა, რომ რჩეული გაზარდე მოდგმა,
ნუთუ დახშული გაქვს ეგ გული და ვერ გებულობ,
ცას სწვდება შენი განწირული შვილების მოთქმა.











კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები