***
– რაც არ უნდა თქვა, უშიშარი მოხუცი ყოფილხარ, – ეუბნებოდა ბებიკო ნაილს ახლადშეძენილი თანამგზავრი, რომელმაც იგი მზრუნველად ამოაძრო ტალახიდან და ქალაქისკენ მიმავალ გზაზე გაიყვანა.
– ახლა კი, – გაეცინა მას, – მაგრამ იყო დრო, კურდღელზე უფრო მშიშარა ვიყავი.
– მერე?
– მერე? მერე ეშმაკობა ვიხმარე, ავდექი და რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა, სწორედ იმ რაღაცების კეთება დავიწყე. შიშსაც, სხვა რაღა დარჩენოდა, რაკი ხელს ვეღარაფერში შემიშლიდა, ადგა და თავი გამანება. “ხერხი სჯობია ღონესაო...” გაგიგონია? ბებიკო ნაილი დიდი ხერხიანი ვინმეა, რომ იცოდე.
– ბებიკო ნაილი ალბათ შენ ხარ.
– გამოიცანი... და შენ?
– მზეჭაბუკი. გინდ დაიჯერე, გინდ არა და, მზეჭაბუკი მქვია.
– მაინც რატომ არ უნდა დავიჯერო? – გაოცებით შეხედა ბებიკო ნაილმა.
– რა ვიცი, ვისაც ჩემს სახელს ვეუბნები, თავიდან ყველას ხუმრობა ჰგონია, რა ჩემი ბრალია, თუ ბებიაჩემს ზღაპრები უყვარდა.
– მართლა? – თვალები ძვირფასი ქვებივით გაუბრწყინდა ბებიკო ნაილს. – ეგ სახელი ბებიამ დაგარქვა?
– აბა, ვის უნდა დაერქმია, დედა ჩემზე მშობიარობას გადაჰყვა, მამა კი – მასზე დარდს.
– სევდიანი ისტორია გამოვიდოდა, რომ არა, ბებიაშენი, რომელსაც, შენდა ბედად, ზღაპრები ჰყვარებია...
– ეჰ, ბებია... არაჩვეულებრივი ქალი იყო, მაგრამ ზედმეტად მიამიტი. ამ ცხოვრებისა არაფერი გაეგებოდა. მეც ასე გამზარდა. სულ იმას მარიგებდა, მეგობარს გაჭირვებაში ზურგი არ შეაქციო, სხვისთვის ხელის გამართვა არასოდეს დაგეზაროსო. ნეტავი, რას იტყოდა, რომ გაეგო, მეგობარმა რა საქმე მიქნა...
– მოიცა, მოიცა, მაგას იმ ჰალსტუხიანზე ამბობ?
– არა-ა, – მწარედ ჩაიცინა ახალგაზრდამ. – კეთილ მეგობრებს რა გამოლევს! მაგას მეორეზე მოგახსენებ, თუმცა ამ ისტორიაში შეიძლება პირველი დავარქვათ, უფრო ზედგამოჭრილი კი ქოსატყუილა იქნება.
და მზეჭაბუკმა, აი, ასეთი რამ უამბო ბებიკო ნაილს:
– სწავლის დასასრულებლად სხვა ქვეყანაში ვიყავი წასული, თან ვმუშაობდი, ბებიას აქ ტვირთად რომ არ დავწოლოდი. ცოდნასთან ერთად, ცოტა ფულიც ჩამოვიტანე. რომ დავბრუნდი, ქოსატყუილა იმ ღამესვე მომადგა სახლში. მითხრა, შენს აქ არყოფნაში ცოლი მოვიყვანე, ახლა კი მძიმედ გამიხდა ავად, სასწრაფო ოპერაცია დაუნიშნეს და ფული მჭირდება. შენზე ახლობელი ვინ მყავს, იქნება რამე მიშველო, საქმეები კარგად მიმდის და ფულს ერთ-ორ თვეში უსიკვდილოდ დაგიბრუნებო. უარს როგორ ვეტყოდი, მაგრამ აღმოჩნდა, ჩემი ფული საქმეს არ ჰყოფნიდა. ჰალსტუხიანთან სწორედ მაშინ მივედი. ვუთხარი, ფული მასესხე და ერთ თვეში დაგიბრუნებ-მეთქი. უარი არ უთქვამს, თუმცა ხელი რაღაც ქაღალდებზე მომაწერინა, საქმე საქმეაო და ფულიც სარგებლით მასესხა. ძალიან ცოტა ხანში კი გაირკვა, რომ პირველს ანუ ქოსატყუილას ცოლი საერთოდ არ ჰყოლია, არც ავადმყოფი, არც ჯანმრთელი – ფული წაიღო და იმ ფულიანად სადღაც გაქრა. მე კი მეორის, ესე იგი, ჰალსტუხიანის, ვალის გასტუმრება არ შემეძლო იმიტომ, რომ ჯიბეში გახვრეტილი გროშიც აღარ მიჭყაოდა. ვალს გადახდა უნდაო, რომ შემახსენა, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და, ბებიის დანატოვარი სახლის გაყიდვა გადავწყვიტე, რაც, უნდა გითხრა, დღემდე ვერ მოვახერხე. უძრავი ქონების აგენტებმა ზედაც არ შეხედეს, აბა, ამ ქოხს ვინ იყიდისო?! სხვათა შორის, თვითონ შეგიძლია შეაფასო, ცოტა დაგვრჩა და მივედით კიდეც. ფინჯან ყავაზე გეპატიჟები.
***
მზეჭაბუკი სასახლეში ნამდვილად არ ცხოვრობდა. ქალაქის განაპირა უბანში მდგარ მის სახლს ის განსაკუთრებული იერი დასდებოდა, დიდი ხნის მიტოვებულ საცხოვრისს რომ აქვს ხოლმე. ძლივს იმაგრებდა ქარისა და წვიმისაგან შელანძულ სახურავს, ალაგ-ალაგ ჩამტვრეული კრამიტი ამოღებული კბილებივით რომ მოუჩანდა. პატარა ეზო მუხლებამდე მიშვებულ, გადახუნებულ ბალახს დაეფარა. კედლებზე გაკრული შპალერი სიძველისგან ჩამუქებულიყო, ერთიანად დარყეული იატაკის ფიცრები კი ფეხის ყოველ გადადგმაზე კვნესა-ჭრაჭუნით ითხოვდა შველას.
– მართლაც გვარიანად მობერებულა, – თქვა ბებიკო ნაილმა და ხელი ძველი ნაცნობივით გადაუსვა ფერგადასული ფანჯრის რაფას.
– ბებია რომ ცოცხალი იყო, აქაურობა სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. ფანჯრის მინებიც სიხარულისგან ბრწყინავდა თითქოს, – ამოიოხრა მზეჭაბუკმა. – სიცივეში ღუმელი გიზგიზებდა, სიცხეში კი სასიამოვნო სიგრილე იდგა. პარასკეობით, სკოლიდან დაბრუნებულს, ახლადგამომცხვარი ღვეზელის და ვანილის სურნელი მეგებებოდა. მაგიდაზე ბებიის ხელით მოქარგული გახამებული სუფრა ეფარა. რამდენი ბედნიერი დღე გაგვიტარებია ერთად. მაშინ ამ ქოხს სასახლეზეც არ გავცვლიდი. აი, იმ ფანჯარასთან უყვარდა ჯდომა. საღამოობით ქსოვდა, თან მხიარულ ამბებს მიყვებოდა. მხოლოდ და მხოლოდ მხიარულ ამბებს. ცუდი ამბები გახსენების ღირსი არ არისო, მეუბნებოდა. აი, ბებიაც, – მზეჭაბუკმა საოჯახო ალბომიდან სათნოსახიანი მოხუცი ქალის სურათი გამოაძრო და ძველებური ბუფეტის თაროზე შემოდო. მერე უჯრიდან სქელი კონვერტი ამოიღო, რომელშიც წერილი და რამდენიმე საფოსტო მარკა იდო. – ეს აქ ვიპოვე. ალბათ გამოგზავნა უნდოდა და ვერ მოასწრო. მწერს, შეიძლება ჩემს თვალებს საყვარელი შვილიშვილის ნახვა აღარ უწერია და ამ წერილთან ერთად ყოველივე ძვირფასსა და საუკეთესოს, რაც გამაჩნია, შენ გიტოვებო. საწყალი, საყვარელი ბებია, ჩემზე ზრუნვით არასოდეს იღლებოდა, მე კი ვერ მოვასწარი, მისთვის ამაგი გადამეხადა. ჩემს არყოფნაში გარდაიცვალა. რომ ჩამოვედი, ისე მეგონა, თითქოს შემთხვევით უცხო სახლში მოვხვდი. ჩამტვრეულ ფანჯრებში ქარი წიოდა, ქოთნებში ყვავილები ჩამხმარიყო, ჭერზე ობობებს მოეწყოთ ბინა და უცებ მივხვდი იმას, რისი დაჯერებაც არაფრით მინდოდა – ბებია აღარ იყო. თითქოს ჯადოსნობა გაქრაო – მის გარეშე ეს სახლი მხოლოდ და მხოლოდ ღარიბული ქოხმახია, რომლის ყიდვაც კი არავის უნდა.
– მოგიწევს, ზღპარული ჯინი გააღვიძო და მზეჭაბუკის შესაფერი სასახლის აგება დაავალო. ბებიაშენს ძალიან გაეხარდებოდა.
– ჯინი რომ ახსენე, რაღაცის შექმნის დაუძლეველ სურვილს გულისხმობდი? – იკითხა მზეჭაბუკმა.
– ოჰო, – გაიხარა ბებიკო ნაილმა. – შეიძლება ამასაც ვგულისხმობდი. ზღაპრებში არცთუ ისე ცუდად ერკვევი. როგორც ჩანს, ბებიაშენის თავდადებას მთლად ამაოდ არ ჩაუვლია.
– რაღაც-რაღაცებში მართლა ვერკვევი, მხოლოდ ახლა ნამდვილად ჩიხში მოვექეცი. ლამის არის, დარდისა და ბოღმისაგან გული გამისკდეს.
– ოოო, ეგ ძალიან სახიფათო გზაა. დარდი და ბოღმა მეტისმეტად ვნებს ჯანმრთელობას. აუცილებლად ბოლოს მოგიღებს, თუ, რა თქმა უნდა, ყვითელჰასტუხიანს გადაურჩი.
– ვერაფერს იტყვი, ნუგეშისცემა კარგად გამოგდის, – ბებიკო ნაილის სიტყვებზე მწარედ გაიცინა მზეჭაბუკმა.
– ნუგეშის საცემი, ნეტავ, რა გჭირს? – გულწრფელად გაიოცა ბებიკო ნაილმა. – არავინ მოგიტყუებია, არც ვისიმე დაშინება ან მოკვლა გიცდია. მეგობარს დაეხმარე, ეგ იყო და ეგ. დარდით, სადაც წესი და რიგია, ეგენი უნდა იკლავდნენ თავს, შენ კი არა.
– რა გზას დავადგე, მართლა არ ვიცი. ხანდახან ბრაზი მერევა და შურისძიების სურვილი მტანჯავს. იქნებ მეც იარაღი ავიღო და სასტიკად დავსაჯო “მეგობრები”: პირველი იმიტომ, რომ მომატყუა და მიღალატა, მეორე კი იმისთვის, რომ ჩემი გაგება არ მოინდომა?
– მგონი, იცი, ეგ გზა სად მთავრდება, – ამრეზით წარმოთქვა ბებიკო ნაილმა. – დიდი-დიდი ციხეში მოხვდე. თანაც მთლად სამართლიანიც არ იქნება. ყველას აქვს უფლება, ისეთი არჩევანი გააკეთოს, როგორიც შეუძლია. ზოგი იტყუება და ჰგონია, რომ ასე უფრო გაუადვილდება ცხოვრება, ზოგი კი დარწმუნებულია, თუ ძალას იხმარს, ყოველთვის მოგებული დარჩება. დასაჯო ადამიანები მხოლოდ იმისთვის, რომ ცუდი გემოვნება აქვთ?! ამას ნამდვილად ვერ მოგიწონებ.
– არ ვიცი, არ ვიცი. გამოსავალს მართლა ვერ ვხედავ!
– მმმ... პირდაპირ წადი, პირდაპირ ზღაპრის ბოლოსაკენ! მზეჭაბუკები, როგორც წესი, მხოლოდ მაგ გზას ირჩევენ ხოლმე. ხომ გახსოვს: წახვალ, ინანებ, არ წახვალ და მაინც ინანებ, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ ამბის კეთილ დასასრულამდე მხოლოდ ეგ ერთადერთი გზა მიგიყვანს.
– აბა, რატომღა უნდა ვინანო? – გაიკვირვა მზეჭაბუკმა.
– რა ვიცი, ზოგს მოთმინება არ ჰყოფნის ხოლმე. ცხელ გულზე ვიღაცის მოკვლა ან ალქაჯივით გაბოროტება ბევრად უფრო მარტივი და მოსახერხებელი ეჩვენება. ჰოდა, ახია მაგათზე, ვერც ზღაპრის ბოლოში გავლენ და ვერც სასწაულებს გადაეყრებიან.
– საინტერესოა... გამოდის, სასწაულსაც შეიძლება გადავეყარო?
– კარგი, რა, ისე იქცევი, თითქოს ბავშვობაში შენთვის ზღაპარი საერთოდაც არ მოეყოლოთ. ეგ სწორედ ის გზაა, სასწაულებს გვერდს რომ ვერ აუქცევ.
– რა უნდა გავაკეთო, მაგ გზაზე რომ მოვხვდე?
– მაგას რა კითხვა უნდა? – გადაწყვეტილება უნდა მიიღო!
– ვთქვათ და მივიღე.
– ვთქვათ თუ მიიღე? – ეშმაკურად მიაჩერდა ბებიკო ნაილი.
– კარგი, მივიღე...
– მშვენიერია! მაქვს პატივი გაცნობო, რომ... – ბებიკო ნაილმა საზეიმო ჟესტი გააკეთა, – ჩვენ უკვე ერთადერთ სწორ გზას მივუყვებით. ასე რომ, წინ – ბედნიერი დასასრულისაკენ! ჰო, მართლა სად არის შეპირებული ყავა?
***
მზეჭაბუკმა, როგორც ერთი ბრძენკაცი იტყოდა, ღამესავით შავი, ჯოჯოხეთივით ცხელი და სიყვარულივით ტკბილი ყავა მოართვა ბებიკო ნაილს. მან თვალები დახუჭა და ნეტარებით შეისუნთქა გამამხნევებელი არომატი.
– ყავის მოდუღებაც ბებიამ გასწავლა?
მზეჭაბუკს ჩაეცინა და მრავლისმეტყველი გამომეტყველება მიიღო:
– არა, ეს ერთმა აღმოსავლელმა პრინცესამ მასწავლა.
– აჰა-ა, – გააგრძელა ბებიკო ნაილმა. – სილამაზით მზეს ეცილება, ტანი ალვას მიუგავს, თვალები – ნაკვერჩხალს, სალამურივით ტკბილი ხმა აქვს და ახლა იმგვარად გენატრება, როგორც უდაბნოს – წყაროს წყალი, ასეა, არა?
– ზუსტად ასეა, – თქვა მზეჭაბუკმა და სახე დაუსევდიანდა.
– ნუ გეშინია, შენი გახდება, – თვალის ჩაკვრით გაამხნევა ბებიკო ნაილმა და ყავა მოსვა.
– საიდან იცი? – ურწმუნოდ, მაგრამ აშკარა იმედით, ჩაეძია მზეჭაბუკი.
– არ-სა-ი-დან! – გაიცინა მოხუცმა. – ჰო, სწორედ იქიდან, არც მეტი, არც ნაკლები. შენ ის მითხარი, წეღან გზის თაობაზე ასე რატომ გადაწყვიტე?
– რაკი არც ციხეში მოხვედრა მინდა, არც ბოღმისგან სიკვდილი მხიბლავს, ამბის კეთილად დასრულებაზე კი უარს არ ვიტყოდი, გამოდის ასარჩევიც არაფერი მქონია, მხოლოდ... ვერ ვხვდები, ახლა რა უნდა გავაკეთო.
– ვინ გითხრა, რომ რაიმე უნდა გააკეთო? უბრალოდ, ამ გზას ბოლომდე უნდა მიჰყვე, ეგ არის და ეგ.
– ზეგ რომ ჰალსტუხიანი თავისი კუნთმაგარი თანაშემწეებით მომადგება, რა ვუთხრა, ფული არა მაქვს და ჩემი არჩევანით დაკმაყოფილდი-მეთქი?
– ჰა, ჰა, ჰა, ერთი მაგ დროს შემახედა, – თავისივე წარმოსახვამ გაამხიარულა ბებიკო ნაილი. – არა, მაგის თქმას გამძვინვარებული ლომის ხახაში მოხვედრა გირჩევნია. ჯობს, ისევ ფული მისცე.
– ჰა, ჰა, ჰა – ახლა მზეჭაბუკის სიცილის ჯერი დადგა. – ამაში ხელს მხოლოდ ერთი უმნიშვნელო წვრილმანი შემიშლის, რატომღაც მხედველობიდან რომ გამოგრჩა – ფული არა მაქვს! ძალიან სასაცილოა, არა?
– კარგი ერთი, მანამდე დიდი დროა, – ხელი უზრუნველად გაიქნია ბებიკო ნაილმა, – ათასი რამ შეიძლება მოხდეს.
– მაგალითად?
– მაგალითად? – თვალები აუციმციმდა მოხუცს. – შეიძლება, მიწაში ჩამარხული განძი იპოვო, მოულოდნელად გამდიდრდე, მადლობის ნიშნად გაჩუქოს ვინმემ, ნატვრისთვალს გადააწყდე, დევები დააფრთხო და მათი ქონება ხელში ჩაგივარდეს... გავაგრძელო?
– საკმარისია, საკმარისი, – უცბად ძალიან ცუდ ხასიათზე დადგა მზეჭაბუკი. – ნამდვილად გავგიჟდი. ვზივარ აქ და იმის მაგივრად, რამე ვიღონო, ათასნაირ სისულელეზე ვლაპარაკობ. სასიამოვნო იყო, მოწყალეო ქალბატონო, თქვენი სტუმრობა, ახლა კი უნდა დავჯდე და სერიოზულად დავფიქრდე, რა მოვიმოქმედო საკუთარი, არცთუ მარტივი, პრობლემების მოსაგვარებლად. ასე რომ, დიდი მადლობა თანაგრძნობისთვის და იძულებული ვარ, დაგემშვიდობოთ.
– უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, კარისკენ მითითებ, რადგან ჩემი რჩევები სულელურად გეჩვენება, არა? ცოდვა გამხელილი ჯობს და უფრო ჭკვიანი მეგონე, მზეჭაბუკო! – ბებიკო ნაილი სკამიდან წამოდგა და მზეჭაბუკის ბებიის სურათს მიუახლოვდა.
– იმედია, ხედავ, რაც ხდება და არაფერში დამადანაშაულებ. შენი შვილიშვილი, მზეჭაბუკი რომ გეგონა, სინამდვილეში ერთი გაუზრდელი ბიჭია და მეტი არაფერი. მე ჯანდაბაში მიშვებს, თავად კი ალბათ პოლიციის განყოფილებას მიაკითხავს. არა მგონია, უფრო ჭკვიანური მოიფიქროს რამე. გულწრფელად ვწუხვარ, მაგრამ მის დახმარებას, ალბათ, ვერ შევძლებ. არა, არა, ნუ მთხოვ... სულერთია, აზრი არ აქვს. ვიცნობ ასეთებს... – ბებიკო ნაილი წუთით შეყოვნდა, თითქოს თანამოსაუბრის აზრის გაგება სურსო.
მზეჭაბუკი თვალმოუშორებლად შეჰყურებდა მის დიალოგს ბებიის ფოტოსთან და ცდილობდა გამოეცნო, ახლა რაღა ჩაიფიქრა მოხუცმა.
– არ ვიცი, არ ვიცი, ძალიან მინდა დაგიჯერო, მაგრამ... – განაგრძო დედაბერმა ცოტა ხნის შემდეგ. – თუმცა, რაც არის, არის, ამ ერთხელ ვცდი... მხოლოდ შენი ხათრით... ჰო, ჰო, რაკი ასე ძალიან გინდა... თუმცა... დარწმუნებული არა ვარ, რომ სწორად ვიქცევი.
ბებიკო ნაილმა სურათს თავი ანება, დოინჯი შემოიყარა და ახლა უკვე მზეჭაბუკს მიმართა:
– დახმარებას შეგპირდი და, რა ვქნა, პირობას ვერ გადავალ... მოკლედ, მინდა გითხრა... ბებიაშენს უნდა, გითხრა, რომ... ფული იმაზე მეტი გაქვს, ვიდრე წარმოგიდგენია. ამის შესახებ შავით თეთრზე და სრულიად გარკვევით მოგწერეს, მაგრამ რა არის, იცი? – გამჭრიახობა გაკლია, მზეჭაბუკო, გამ-ჭრი-ა-ხო-ბა, ზღაპრებსაც დიდი ხანია, არავინ გიკითხავს და... მაჩვენე ერთი ის წერილი...
– წერილი? – სულ დაიბნა მზეჭაბუკი. – რომელი წერილი?
– ბებიაშენმა სიკვდილის წინ რომ მოგწერა.
მზეჭაბუკი ერთხანს შეყოყმანდა, მერე ბუფეტის უჯრა გამოაღო და კონვერტი ამოიღო.
– გახსენი, – მოკლედ და კატეგორიულად გასცა მორიგი მითითება ბებიკო ნაილმა.
მზეჭაბუკმა კონვერტს თავი ახადა და წერილი ამოაძვრინა. წერილს გამოუყენებელი საფოსტო მარკებიც ამოჰყვა და ძირს დაცვივდა.
– ეეე, ფრთხილად... – შესძახა მოხუცმა და მარკები წამოკრიფა, – ეს სწორედ ისაა, ყოველივე ძვირფასს შენ გიტოვებო, ბებიაშენი რომ გწერდა, ხოლო საუკეთესო... საუკეთესოს ალბათ ცოტა უფრო საზრიანი რომ შეიქნები, მაშინ აღმოაჩენ... ყოველ შემთხვევაში, ბებიაშენს ნამდვილად ჰქონდა ამის იმედი.
– მოიცა, მოიცა... შენ გინდა თქვა, რომ...
– სიმართლე გითხრა, არაფრის თქმა აღარ მინდა... იმდენად მიუხვედრელი ხარ, კაცს ლაპარაკის სურვილს დაუკარგავ, მაგრამ ბებიაშენმა ისე მთხოვა... ეს მარკები კი ისე ძვირი ღირს... მოკლედ, შეგიძლია ამით ვალი გაისტუმრო. თუ, რა თქმა უნდა, ეს რჩევაც სულელურად არ მოგეჩვენება.
მზეჭაბუკს მარკები ხელში ეჭირა, გაოცებული დაჰყურებდა, თითები კი შესამჩნევად უკანკალებდა.
– სასწაულია, ნამდვილი სასწაული... – ლუღლუღებდა შიგადაშიგ გაოცებული.
– სასწაული? – თავი დანანებით გააქნია ბებიკო ნაილმა, – აბა, რას ამბობ! სასწაულთან რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამ ქაღალდის მარკებს! ნამდვილი სასწაული მხოლოდ ადამიანის გულში ხდება... ვთქვათ, მოხუცი ბებიის ასეთივე მოხუც გულში... დანარჩენი კი უბრალო ფორმალობაა, მეტი არაფერი! ვინ-ვინ და ბებიაშენმა კარგად იცოდა ამის შესახებ.
მზეჭაბუკს ბოლო სიტყვები არ გაუგონია. თვალმოუშორებლად შეჰყურებდა ბებიის ფოტოს. ხმას არ იღებდა.
გონს რომ მოვიდა, ოთახში მის გარდა აღარავინ იყო. მხოლოდ ჩამავალი მზის სხივები იჭყიტებოდნენ მოღებული კარიდან, თითქოს მისი მარტო დატოვება არ უნდათო.
(ახალ ამბავში კვლავ შევხვდებით)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. გმადლობ, ჩემო კარგო... თუთი, მართლა, ამ სიმპატიურ ღიმილაკებს რანაირად წერ? მასწავლე, რა :)
გმადლობ, ჩემო კარგო... თუთი, მართლა, ამ სიმპატიურ ღიმილაკებს რანაირად წერ? მასწავლე, რა :)
11. რა კარგი არის... (◠‿◠)! რა კარგი არის... (◠‿◠)!
10. დიდი მადლობა - თეოს :) <3 დიდი მადლობა - თეოს :) <3
9. რა კარგია, მიხარია ასეთი კარგი ავტორი რომ შემოემატა ამ საიტს. წარმატებები დეას.5+ რა კარგია, მიხარია ასეთი კარგი ავტორი რომ შემოემატა ამ საიტს. წარმატებები დეას.5+
8. რა ბედნიერებაა, ამ მუხტის მიმღები ადამიანები რომ არსებობთ ამ გვერდზე, ამ საიტზე, ამ ქვეყანაზე! :)
გმადლობ, მაგდა... რა ბედნიერებაა, ამ მუხტის მიმღები ადამიანები რომ არსებობთ ამ გვერდზე, ამ საიტზე, ამ ქვეყანაზე! :)
გმადლობ, მაგდა...
7. უჩვეულოდ რეალურ-ზღაპრული ჰარმონიაა აქ! ხელით ვერცერთ გმირს" შეეხები", მაგრამ ამ ჯადოსნური ველის წყალობით, ავტორი რომ ქმნის, რაღაც სასწაულად დადებითი მუხტი მოდის!
უჩვეულოდ რეალურ-ზღაპრული ჰარმონიაა აქ! ხელით ვერცერთ გმირს" შეეხები", მაგრამ ამ ჯადოსნური ველის წყალობით, ავტორი რომ ქმნის, რაღაც სასწაულად დადებითი მუხტი მოდის!
6. მე თანახმა ვიქნებოდი, მაგრამ რა არის, იცი... ყველა ბავშვს ასეთი მადა არა აქვს აქ - ბევრ-ბევრი არ გამოაქვეყნო, წაკითხვას და მონელებას ვერ ვასწრებთო, მთხოვეს :)). დაძალებაც არ მიყვარს და... :) მე თანახმა ვიქნებოდი, მაგრამ რა არის, იცი... ყველა ბავშვს ასეთი მადა არა აქვს აქ - ბევრ-ბევრი არ გამოაქვეყნო, წაკითხვას და მონელებას ვერ ვასწრებთო, მთხოვეს :)). დაძალებაც არ მიყვარს და... :)
5. თუ ორ დღეში იქნება,მაშინ ორი თავი იყოს. :))) ერთი არ მეყოფა,ფაფაზე უფრო მიყვარს ზღაპრები. :))) თუ ორ დღეში იქნება,მაშინ ორი თავი იყოს. :))) ერთი არ მეყოფა,ფაფაზე უფრო მიყვარს ზღაპრები. :)))
4. ივდო... :)) ვერ წარმოიდგენ, რამხელა სტიმული მომეცი ამ ბავშვური "ფეხის დაბაკუნებით" :) მალე იქნება, ძალიან მალე... ორიოდე დღეში. გპირდები.
ივდო... :)) ვერ წარმოიდგენ, რამხელა სტიმული მომეცი ამ ბავშვური "ფეხის დაბაკუნებით" :) მალე იქნება, ძალიან მალე... ორიოდე დღეში. გპირდები.
3. როდის იქნება გაგრძელება?მინდა,მინდა,მინდააააა :)) როდის იქნება გაგრძელება?მინდა,მინდა,მინდააააა :))
2. ალბათ ავტორს იმის თქმა უნდა, რომ ჯადოსნური ამბები ძალიანაც რეალურია... ან რეალობაა ჯადოსნური... :) რას გაიგებ? ხანდახან მეც არ მესმის ხოლმე მისი :))
რა უღალატო და პროფესიონალი მკითხველი ხარ, ჯონათან (მწერლობაზე აქ არ ვისაუბრებ). მგონი, შენს კომენტარებზე "შევჯექი" :)) ალბათ ავტორს იმის თქმა უნდა, რომ ჯადოსნური ამბები ძალიანაც რეალურია... ან რეალობაა ჯადოსნური... :) რას გაიგებ? ხანდახან მეც არ მესმის ხოლმე მისი :))
რა უღალატო და პროფესიონალი მკითხველი ხარ, ჯონათან (მწერლობაზე აქ არ ვისაუბრებ). მგონი, შენს კომენტარებზე "შევჯექი" :))
1. რა კარგად და ზომიერად არის ამ ზღაპრებში შეზავებული ჯადოსნური და რეალური ამბები, თუნდაც მარკების შემთხვევა- რამდენ ცნობილ ნაწარმოებში შეგვხვედრია ძვირფას მარკებს რომ გადაურჩენიათ ვინმე. ბებიკო ნაილიმაც რა მშვენივრად გამოიყენა ეს მომენტი :)
დაგხვდებით ახალ ამბავშიც :)
რა კარგად და ზომიერად არის ამ ზღაპრებში შეზავებული ჯადოსნური და რეალური ამბები, თუნდაც მარკების შემთხვევა- რამდენ ცნობილ ნაწარმოებში შეგვხვედრია ძვირფას მარკებს რომ გადაურჩენიათ ვინმე. ბებიკო ნაილიმაც რა მშვენივრად გამოიყენა ეს მომენტი :)
დაგხვდებით ახალ ამბავშიც :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|