ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაგდალენა ბეი
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2014


ქალის ლექსი

მკლავებს შერჩენია
ნაფერები კვალი თითების.
მოგონებები ხელახლა მკლავენ.
მკერდზე მიკრული
მოფარფატე სუნთქვის რითმები
მიფრთხობენ ღამეს
და სავსე მთვარეს
პირმოთბილულს ბამბის ქულაჯით
შენს მაგივრად
ვუკოცნი თვალებს.
ვასვენებ მზერას
და ზღვის ფსკერიდან
ნიჟარებივით ვიღებ გემოს
მარილიანი შენი სხეულის
და პაწაწინა კრისტალებად
დანაწევრებულ ვნების გოროხებს
ცრემლის ბალიშზე დავაგროვებ
ლავიწის ძვლების...
და თეთრ ზეწარზე მოგონებების
დავიწყებ შენი გულ-მკერდის ძებნას.
სულს რომ გიხუთავს,
მაგ ხმელ საკინძეს
შევაწყვეტ სადა ღილების წყებას.
თავსხმა წვიმებად გადავივლებ
სულ მუჭა-მუჭად ნაგროვებ ვნებას
და ცხელი სუნთქვით შევიმშრალებ
დაყრილს წვეთებად... თავდავიწყებას.



ცოლის ლექსი

შენ იმ დღეების ტკივილი გქვია,
მაგრამ ისე, რომ არც კი იცი სახელი შენი...
ჩემთან ზიარი ღამეების წარსულიც გქვია,
მაგრამ ისე, რომ არც კი გახსოვს შენი გენეალოგია.
შეყუჟულხარ თბილ ფსევდონიმში
მხრებზე ლაბადით, დახრილი მზერით.
მჭმუნვარე შუბლით და გრილი ალერსით
აღვიძებ ახალ დღეს და
ნამძინარევ ნაფეხურებს
ნაბახუსევზე ეზოში გააქვთ
წუხანდელი ღამის სიზმრები.
დილა კი მოდის
ყოველდღიური რიტუალით__სახლის ლაგებით,
ენერგიული მკლავებით ცოლის,
აივნიდან რომ გადაფერთხოს
წინადღის სუფრა
და წარსულის უკანასკნელი ნამცეცები
იმ პურის ყუიდან შემორჩენილი,
ერთ დროს ეროსის ცეცხლით გახურებულ
კეცზე რომ ცხვებოდა,
ქარს გაატანოს.
...და ინავლება იმ ნაცარივით ღამე ბუხარში,
ღამესთან ერთად მახსოვრობაც ცხელი დღეების.

2012 წ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები