ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
10 აპრილი, 2014


ირმისა

უდროოდ დაობლებულო,
გემტერა დედინაცვალი,
წამლად შენს გულ-ღვიძლს ითხოვდა,
ღაწვს ჩამოისვა კაწალი,
თავი აბრალა მამაშენს,
თვალში აყარა ნაცარი
და მამაშენიც, ბედასლი,
გაგიხდა მამინაცვალი!
ზურგზე შეგისვი, იმ ღამეს
გადავიკარგეთ სხვა მხარეს,
შენ ჩემი გახდი მეხრე და
მე - შენი შვინდა სახარე!
ირემმა ძუძუ გაწოვა,
მზემ პირი გბანა სხივ-ცვარით,
ყელს მეხვეოდი, ვიყავი
მე შენი დასაფიცარი!
გზარდე და გეფერებოდი,
გითბობდი მუხლის იოგებს,
ეგ ცრემლიანი თვალები
რამდენჯერ ამოგილოკე!
წამოვიზარდეთ, ვაშენეთ
ჩვენი ციხე და ტაძარი,
ერთად ვაწვიმეთ ოფლი და
ერთად ვაგორეთ ზამთარი!
შენ შემოგწირე, რაც თვალში
შემომრჩა მზე და იმედი,
მე დავუძლურდი და შენ კი -
მხარ-ბეჭით მზეს ასხივებდი!
ნეტავი გულში რა გქონდა,
ყელზე თოკს როცა მაბამდი,
ან სად მიგყავდი იმ ღამეს,
ან უნდა გვევლო სადამდის?
სულ არ მეგონა, თუ ასე
დამთმობდი და გამწირავდი,
მე დამაძინე და შენ კი
ზღაპარში გაუჩინარდი,
გამომეღვიძა, გეძახე,
რქები ვალეწე ცივ ტინებს,
გეძებე, ვერსად გიპოვნე,
დავჯექ და ბევრი ვიტირე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები