ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭურიპირი
ჟანრი: პოეზია
10 აპრილი, 2014


წაშლილები

ავტოპორტრეტი

ღამე დუმილით მოინელებს მწარე სტრიქონებს,
არაფერია - ჩასჩურჩულებს ფანჯრებს ნიავი,
ზიხარ და ისევ უსარგებლო წარსულს იგონებ,
უღიმი იღბალს და სულელზე უფრო მიამიტ

მზერას ატარებ, შემოგაცვდა ყველა ნიღაბი,
შენი წარსული შენს ხასიათს აღარ ედრება,
ყველა ოცნება გამორიყე, ნაპირს მიაბი,
დანარჩენი კი აღარ გიღირს უკვე ვედრებად;

რადგან არ იცი რა შესთხოვო აწი ხვალისთვის,
წუთისოფელი უკვე ბინად აღარ გყოფნის და
კვლავ მუხლმოყრილი აუტანელ ტკივილს განიცდი,
მხოლოდ და მხოლოდ პატიებას ითხოვ უფლისგან.



ემიგრანტული (საქართველოს)

ჩვენ ისევ ერთმანეთს მოველით მდუმარედ,
შენ უკვე ცივად და მე უფრო ეჭვებით,
ბავშვობის ოცნება, მასას რომ ვუმალეთ,
ჩამალპა სულში და რეალიზმს ვეჩვევი.

შენ ჩემთვის პატარა სამოთხე აღარ ხარ
და ხვდები - არც მე ვარ გმირობის ჩამდენი,
რამდენი იარა უსისხლოდ შემახმა
და სისხლად იცლება ჯერ კიდევ რამდენი.

ნასისხლი თვალებით გიყურებ შორიდან
და ისევ ერთმანეთს მოველით მდუმარედ,
მე შენთვის - კაენის მოკლული შვილი და
შენ ჩემთვის - ყვავების გათხრილი სამარე.



###

ყოველი დილა იწყებოდა ბებიას ლოცვით,
მერე ბოსელში გაისმოდა წყევლა მისივე;
პატარა ბიჭი მიდენიდა საქონელს ბორცვზე
და სოფლისაკენ მოდენიდა პირველ მზის სხივებს.

და ისე ნელა მიდიოდა დღეები მაშინ,
როგორც კამეჩი საღამოს და პატარა ბიჭი...
და ისე სწრაფად გაიელვა ბავშვობამ მთაში,
რომ საუბარი კი არა და აღდგენა მიჭირს.

ახლა დღეები კვლავ იწყება ბებიას ლოცვით,
მაგრამ ხმაური აღარ ისმის დაკეტილ სახლთან
და იმ დღესავით მეძალება ცრემლები, როცა
ძროხები ადრე მოვიდნენ და "დოვლეთა" აკლდა.



ეგოისტური

არაფრით გავხარ ჩემს წარსულს და მით უფრო აწმყოს,
არა და ვატყობ - მომავალსაც არ უჩანს პირი,
მე მაინც გულში იმედებზე იმედებს ვაწყობ,
სიზმარში ისევ ბოლო ხმაზე შენს სახელს ვყვირი.

ეს მოთმინებაც როგორ უცებ ამაღლდა სულში,
შენს გულგრილობას მერამდენედ დუმილით ვიტან,
ყველა დიალოგს გადავხედე ფიქრებში გუშინ
და მივხვდი, ისევ მე გაქციე სანუკვარ მითად.

რახან ასეა და ეს “ასე”-ც ეჭვქვეშ დგას რახან,
ყველაფერი რომ გამხდომია საანგარიშო,
შემხედე შენც და თუ კი რამე მიზეზს მონახავ
ჩემთან დარჩენის, ისევ თავად უნდა მანიშნო.



მონანიება

გადავიფიქრე ოცნებები, შემინდე ღმერთო,
ასე უაზრო ფიქრები რომ მომქონდა შენთან,
ცაზე რამდენი მოწყვეტილი ვარსკვლავი ენთო
და მე უგნურმა არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა,

ო, მაპატიე უსაფუძვლო შეშფოთებანი,
ის უნდობლობა მაპატიე - სასოწარკვეთა,
ყალბი ლოცვების ყველა მუხლი, ყველა ლებანი,
სიყვარულები მაპატიე სულის მტანჯველთა.

ყველა ვედრება მაპატიე, ყოველი სიტყვა,
კვლავ მუხლმოყრილი შენს წინაშე ვდგავარ, ხსნას ველი
და მარტო შენი უწმინდესი სახელი მიყვარს,
დანარჩენი კი მიყვარს მხოლოდ შენი სახელით.



ისე, ჩემთვის...

გაცვეთილ ფრაზებს იმეორებ უკვე ყოველდღე,
ვერც კი შენიშნე, რომ არავის აღარ აოცებს;
წარსულიანად, ლექსიანად ყველას მობეზრდი
და განისვენებ ჩამქრალ ჭორთა სასაფლაოზე.

წლები გავიდა, შენ კი ისევ იფხან იარებს,
ჯერ პატარა ვარ - კვლავ ამშვიდებ ნაღვლიან დედას
და ხვდები, თუმცა ერთხელაც კი ვერ აღიარე,
რომ ვერ პატიობ თავს მაშინდელ დაგვიანებას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები