ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
15 აპრილი, 2014


=="ლექსების გამოფენა" არის ჩვენი!==

რთულია, ცხოვრობდე ქვეყანაში,სადაც მუდმივი დაძაბულობის ფონზე გიწევს არსებობა. რთულია, გტკიოდეს ყოველი მცირე თუ დიდი ტკივილი შენი ქვეყნისა და არ გეთქმოდეს სიტყვა.
ჩვენ კიდევ რა გვიჭირს, ფურცელთან ვიცლებით და იქნებ, გვგონია და იქნებ სამართლიანადაც, რომ ჩვენი წილი ვალი მოხდილი გვაქვს.
მაგრამ, ხომ არსებობენ ადამიანები, ვინც ცდილობს ჩვენი სიტყვაც თავისი შრომის და თეთრად ნათენები ღამეების ხარჯზე– უფრო დიდ ასპარეზზე გამოიტანოს და სამწუხაროდ, აღარავისთვისაა გასაკვირი, რომ ასეთ ადამიანებს ყოველმხრივ ხელს უშლიან.
დღესაც ასეთი საკითხის წინაშე ვდგავართ.
„ლექსების გამოფენა“ – ეს არის ლიტერატურული კონკურსი, რომელსაც მთელი წელი ველოდებით. ველოდებით იმისთვის, რომ ბათუმში მიღებული პოზიტივი, მერე მთელ წელს გაგვყვეს და ვიკმაროთ. ეს არის დღესასწაული, რომელიც ზაზა ფირცხალაიშვილმა გაგვიკეთა ჩვენ და ბათუმ ქალაქს.
  ზაზა ფირცხალაიშვილი არის ამ პროექტის იდეის ავტორიც, სულის ჩამდგმელიც, ქართული სიტყვის ქომაგი, ჩვენი მასპინძელი.
ცხადია, არასდროს იტყვის და ვერასდროს გავიგებთ – რამხელა ძალისხმევას, დროს და ენერგიას ახმარს ამ პროექტის განხორციელებას. ფაქტი ისაა, რომ ემსახურება ქართულ ლიტერატურას და საბოლოო ჯამში – ქართულ საქმეს.
  ვინც ერთხელ მაინც ყოფილა „ლექსების გამოფენაზე“ – აუცილებლად მიხვდება და გაიგებს, რაზე ვსაუბრობ. რომელ სითბოზე, რომელ ამაღლებულ განწყობაზე და ა.შ
  დღეს ბ–ნმა ზაზამ გააკეთა განცხადება ტელევიზიით. ბათუმის მერიამ მისი და ჩვენი პროექტი ტენდერით გაყიდა. გაასხვისეს ჩვენი პროექტი. გადასცეს სრულიად უცხო ადამიანების ჯგუფს. მორიგი უსამართლობა და მორიგი ბრძოლა ქართული ლიტერატურის წინააღმდეგ.
შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის უცხო ადამიანებიც იგივეს გააკეთებენ და რატომღაა ბრძოლაო?!
ამიტომ, აქვე მოვიტან ზაზა ფირცხალაიშვილის პოსტს და უკეთ გავერკვევით სიტუაციაში:
„ინფორმაცია „ლექსების გამოფენის“ შესახებ:
მოგეხსენებათ „ლექსების გამოფენა“ გახლავთ 10 წლის და არის საავტორო პროექტი, რაზედაც გამაჩნია შესაბამისი დოკუმენტაცია. 2011 წელს აწ უკვე ყოფილმა მერმა ბატონმა ჯერმალ ანანიძემ, კატეგორიულად მომთხოვა ჟიურის წევრად მერიიდან ვინმეს ჩასმა, რაზეც, რა თქმა უნდა, ვერ შევთანხმდით, სხვადასხვა მიზეზთა გამო, კერძოდ:
1. ზემოდან მითითებებით ჟიურის დაკომპლექტება არ მგონია სწორი;
2. ჟიურის უკვე დასრულებული ჰქონდა მუშაობა;
3. წინა წელს გამოვაცხადე ჟიურიში თითო რეგიონიდან თითო ადამიანის ჩასმა და ბათუმიდან 2 ადამიანის ყოფნა (მით უმეტეს ფინალურ ეტაპამდე რამდენიმე დღით ადრე) გამოიწვევდა ეჭვს მონაწილეებში და პროექტს არაობიექტურის სახელს შესძენდა.
ავუხსენი რომ უკვე არსებობდა მაღალი დონის ჟიური და შეცვლა ფიზიკურად არ გამოვიდოდა, რაზედაც პასუხად მივიღე – თუ ჟიურია მაღალი დონე და მერია დაბალი დონე– ამ საბუთებზე მაგათ მოაწერინე ხელი და მე არ ვარ ხელის მომწერიო, ისიც თქვა სხვათაშორის, სილამაზის კონკურსს ვაფინანსებთ და იქ ჟიურიში გვყავს მერიის წარმომადგენელი და ეგ კონკურსი რა გახდაო (!)
მივმართე მწერალთა კავშირს და ბატონი დავით თედორაძის და ბატონი ვახტანგ ღლონტის ჩარევის შემდეგ მივიღეთ შემდეგი შედეგი, წელიწადში ორჯერ აღარ ჩატარდებოდა გამოფენა (აქამდე ასე იყო), თვითონ ბატონმა ჯემალმა შეასრულა თავისი სიტყვა და ხელი მოაწერა პროექტს, რომლის სათაური რატომღაც გახდა „ასი სიტყვა“ (სათაურების ცვლილებები აისახებოდა მხოლოდ და მხოლოდ მერიის დოკუმენტებში, პროექტს მოგეხსენებათ ყველასთვის „ლექსების გამოფენა“ ერქვა).
შარშან, 2013 წ. „ლექსების გამოფენას“ მერიამ ისევ გადაარქვა სახელი და ამჯერად დაარქვა „თანამედროვე პოეტებისა და პროზაიკოსების ლიტერატურული ფორუმი“. მოხდა პროექტის ტენდერზე გამოტანა, პირობებში აღარ იყო ნახსენები ჟიური (მათი მომსახურების ხარჯები მოვიძიე პირადად და შრომა აუნაზღაურდათ კეთილსინდისიერად), რადგან ჟიური აღარ ამოიღეს პირობებიდან შესაბამისად გამარჯვებულისთვის თანხები აღარ ჩაიდებოდა, გახსოვთ ალბათ, ემიგრანტების დახმარებით მოხერხდა საპრიზო ფონდის მობილიზება და აქაც კეთილსინდისიერად შევასრულე ის პირობა, რომელიც გამოვაცხადე კონკურსის გამოცხადებისთანავე.
უნდა მიმეღო თუ არა მონაწილეობა ტენდერში? მე ვფიქრობ კი, უნდა მიმეღო, რადგანაც: მოთხოვნებში დარჩა ისეთი პუნქტები, როგორიცაა ას სიტყვიანი ნამუშევრების მოძიება, მათი წიგნად დაბეჭდვა, 2004-2013 კონკურსების ფოტოგამოფენის მოწყობა, მკითხველის სიმპათიის გამოვლენის მექანიზმი. მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე, თუმცა, მყავდა კონკურენტი,  რომლთან ვაჭრობის შედეგად საერთო თანხა შემცირდა დაახლოებით 10%-ით, ამას თუ დავუმატებთ ჟიურის მომსახურებას და საპრიზო ფონდის თანხას, კი მიხვდებით, რომ პროექტი იდგა ჩავარდნის პირას. საბოლოო ჯამში მოხერხდა და ჩატარდა შარშანდელი პროექტი გამართულად.
წელს მერიამ ისევ გამოიტანა პროექტი და მოთხოვნებიდან ამოიღო ას სიტყვიანი მინიატურები და ფოტოგამოფენა ნაცვლად 2004-2013 წწ. ჩაწერა მხოლოდ 2013 წ. რაზეც განაცხადეს, რომ თავადაც გადაუღიათ შარშან ფოტოები.
ისმის კითხვა: მერიაში რა იცოდნენ: შარშან „ლექსების გამოფენა“ ჩატარდა თუ „თანამედროვე პოეტებისა და პროზაიკოსების ლიტერატურული ფორუმი“ (როგორც თვითონ უწოდებენ)? მე გპასუხობთ, რომ იცოდნენ, რადგან ესწრებოდნენ (ფოტოებიც გადაუღიათ), ჟიურიც ნახეს, გამარჯვებულებსაც უკრავნდენ ტაშს (ეგ ფოტოები მე მაქვს), ყველგან და ყველაფერს ეწერა „ლექსების გამოფენა“ (აფიშებს, ტორტს, სიგელებს და წიგნებს).
წიგნების საკითხი ცალკე სასაუბრო თემაა და აქაც შემოგთავაზებთ მცირე ექსკურსს: შარშანაც და წინა 8 წელსაც იბეჭდება ფინალისტთა წიგნები, სათაურად - :ლექსების გამოფენა /ასი სიტყვა– იცვლება მხოლოდ წლები. მერიამ შარშან ჩაიბარა ჩემგან წიგნები (რომლებიც დავბეჭდე ტენდერის პირობების თანახმად), რომელთა სახელწოდებაცაა რა თქმა უნდა ლექსები გამოფენა/ასი სიტყვა 2013 წ. ანუ არაა მათთვისაც ახალი ამბავი რა პროექტთან ჰქონდათ თუნდაც შარშან საქმე. ბარემ აქვე ვიტყვი მათი წიგნებისადმი დამოკიდებულების შესახებაც. შარშანს მერე ეს წიგნები უწყვიათ საწყობში და წიგნებიც ამაოდ ელოდებიან დღის სინათლეს, ვაითუ, რევიზიამ შეამოწმოს და არ დახვდესო. გარწმუნებთ, მე ერთი ეგზემპლარიც არ გამაჩნია.
წელს რადგან ამოიღეს ჟიური, ასი სიტყვა და მოლბერტებზე ნაწარმოებთა გამოფენა დარჩა „ლექსების გამოფენის“ აბსურდული ვარიანტი: კერძოდ, ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ (სხვათაშორის „ბათუმობის“ ტენდერი მოიგო შარშან) უნდა ჩამოიყვანოს 130 პოეტი და პროზაიკოსი, ათამაშოს ფეხბურთი, ნარდი და გაუშვას სახლებში.
„ლექსების გამოფენის“ პროექტი შედგება 21 პუნქტისაგან, წელს მერიამ ამოიღო 4 პუნქტი, რაც ჩამოვთვალე ზემოთ, გადმოაკოპირა დარჩენილი 17 პუნქტი (სიტყვა-სიტყვით) და მიიღო ფულის გასათეთრებელი პროექტი (სხვათაშორის კვებაა ამოღებული ბიუჯეტიდან, რაც ბათუმელი მასპინძლებისთვის შეურაცხმყოფელია, მერიის სხვა პროექტებშიც ასე თუა საინტერესოა). მე, ჩემი პროექტისადმი ფინანსური ინტერესი რომ არ მაქვს, იქიდანაც სჩანს, რომ რამდენჯერმე თავად, საკუთარი სახსრებით დავაფინანსე პროექტი სრულად და დღემდეც მისი თანადამფინანსებელი გახლავართ.
ინფორმაციისთვიის, წელს, მეათე საიუბილეო გამოფენასთან დაკავშირებით, დაგეგმილი მქონდა წინა წლების კონკურსების ჟიურის წევრების მოწვევა.
მოპარულია პროექტის მხატვრული, იდეური და ტექნიკური დეტალი.
პროექტის ახლანდელ ვარიანტში გაპარულია, ისეთი შეცდომები, რომ სასაცილოს ხდის პროექტს, ვიცინოთ:
საფეხბურთო მატჩზე მოთხოვნაა: გახმოვანების აპარატურა. მე ვაპირებდი მსაჯად დათო ტურაშვილი ყოფილიყო ტრადიციულად და კომენტატორად დიმა ობოლაძე მომეწვია, ამაზე დათო ტურაშვილს შარშანაც მივწერე და ლიგის თამაში დაემთხვა. ესენი რას აპირებენ? ჰიმნი უნდა დაუკრან?
წიგნი აქვთ დასაბეჭდი, 130 მონაწილის , გვერდების რაოდენობა (160 გვერდი) რა თქმა უნდა გადმოწერეს „ლექსების გამოფენის“ პროექტიდან, რაც ას სიტყვიანი ნაწარმოებების ხარჯზე სრულიად საკმარისი იყო, ახლა დასაბეჭდი აქვთ 130 ავტორის რჩეული (ასე წერია ზუსტად) ნაწარმოებები. ლექსი და პროზა, მითითებული ზომების გათვალისწინებით არ ჩაეტევა ამდენი მასალა 160 გვერდში, ნუ თუ გამადიდებელთან ერთად დაარიგებენ არა უშავს. უცოდინარობა!
მოთხოვნაში გადმოიწერეს შიდატრანსპორტით მომსახურება და ჩაწერეს 3 მიკროავტობუსი, რაც 130 ადამიანისთვის არარეალურია, თუ იმით ახსნიან ნაწილ-ნაწილ გადავიყვანთო, მაშინ პირველმა ნაკადმა მეორეს და მესამეს უნდა ელოდოს და ამ შემთხვევაში არასწორ მენეჯმენტთან გვაქვს საქმე.
ასევე წერია, რომ ღონისძიებას უნდა დაესწროს დაახლოებით 200 ადამიანი, აქ შეცვალეს ვაღიარებ, რადგან მე 400 მეწერა, ახლა გამოდის 130 სტუმარი იქნება, რადგან სასტუმროა 130 ადამიანზე, 20 მომსახურე პერსონალი, მე მყავდა ასე, 10 მერიიდან მივა ალბათ და ბათუმელებისთვის დაგვრჩა 40 ადამიანი, საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ და ვისთვის კეთდება ეს პროექტი? ან რას გააკეთებენ თუ ჩამოვლენ, მერიაში მითხრეს ლექსებს წაიკითხავენო...ჰმ!
და ა.შ. და ა.შ.
ვამბობდი თუ არა ამ პრობლემების შესახებ ადრე?! რა თქმა უნდა ვამბობდი, ძალიან ხშირად და ძალიან ბევრჯერ. არსებობს რადიოსა და ტელევიზიებშიც ამის დამადასტურებელი მასალა, რომელიც რა თქმა უნდა მეც გამაჩნია.
დასკვნის სახით:
1. ვაპირებ მერიის წინააღდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას მერიის მიერ საავტორო პროექტის მიზანმიმართულად დამახინჯების და მითვისების შესახებ;
2. მოვუწოდებ სრულიად საქართელოს ნუ მიიღებთ ამ დამახინჯებული სახის პროექტში მონაწილეობას, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ თანხის გათეთრებას;
3. მოვუწოდებ ბიზნესმენებს, დაუბრუნონ ბათუმს და სრულიად საქართველოს „ლექსების გამოფენის“ პროექტი;
4. ჟიურის შრომა ანაზღაურდება ნებისმიერ სემთხვევაში შეთანხმებისამებრ (თითქმის დასრულდა მასალებზე მუშაობა);
5. კონკურსში მონაწილეებს ვთხოვ ნუ გამოაქვეყნებენ საკონკურსო ნაწარმოებებს, მაქსიმუმ გამოფენა გადაიდოს მცირე ხნით;
6. გარწმუნებთ, მერია აუცილებლად ტენდერის გარეშე დააფინანსებს სამომავლოდ „ლექსების გამოფენის“ პროექტს, რადგანაც ეს ჩემი ახირება კი არა, საზოგადოების ნებაა და მოუწევს გათვალისწინება. „

რა უნდა ითქვას ამ უსამართლობაზე, რომელსაც ჩვენს, ყველას წინაშე აკეთებენ ასე უსირცხვილოდ და ბევრი დამერწმუნება, ალბათ, რომ ეს მხოლოდ ზაზას წინააღმდეგ კი არ ხორციელდება, ყოველი ჩვენთაგანის წინააღმდეგ ხორციელდება, რამეთუ, როგორც ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ანუ ადამიანების არსებობის ფაქტორს – ცხადია, არ ითვალისწინებენ. არასდროს მივაჩნივართ ძალად და ყოველთვის გულუბრყვილო სულელებად მიგვიჩნევენ.
პირადად მე, შეურაცხყოფილად ვიგრძნობ თავს ტენდერში „გამარჯვებული“ უცხო ადამიანების მხრიდან რომ მივიღო შემოთავაზება მათ ფსევდო–„ლექსების გამოფენაში“ მივიღო მონაწილეობა. 
  არც იურიდიული და არც მორალური უფლება აქვს ვინმეს, იდეის ავტორს და სულისჩამდგმელს ასე ჩამოართვან პროექტი და ფაქტიურად, გაანადგურონ.
განადგურდება კი ნამდვილად – მხოლოდ ფეხბურთის და ნარდის თამაშიო...მართლაც, ჰმ!
ვფიქრობ, ახლა ყველა უნდა დავდგეთ „ლექსების გამოფენის“ გვერდით და დავიბრუნოთ ჩვენი პროექტი.
ვაჩვენოთ ამ საქმეში ყველას, ვინც ჩვენი არსებობა არაფრად ჩააგდო, რომ დიდი და ანგარიშგასაწევი ძალა ვართ.
პირადად მე არ შევეგუები ამ უსამართლობას!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები