ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამ ბეროძე
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2014


სახლი

უარტახო აკვანს და
ნესტიან ნეგატივებს
დასცქერიან აჩრდილები.
სხვენში აღარავინ ემალება
დახუჭულ მშობლებს.
ტანზე წითლად აყრის
სიმარტოვეს.
(ია და ვარდი, ბატონებო,
თაფლი და კვერი, ბატონებო).


წლებმა ეკლები ჩათესეს
ორღობეში,
ხელებზე ძეძვი შემოიცვეს
ბილიკებმა.


ღამღამობით,
განუწყვეტლივ ხრიალებს იატაკი,
ვეღარ სუნთქავენ ოთახები
და სავსეა ცარიელი კარადები,
ხმაურიანია მდუმარე შენობები.

გარდასული დღეები არ მიჰყვებიან
სხეულებს,
რჩებიან და თავისკენ ექაჩებიან
ადამიანებს.
ამიტომ,
გეუბნებით თქვენ,
ნუ მიატოვებთ სახლებს,
ახსენით შესასვლელს ჯაჭვები,
ცისფერი ნაჭრებით
შემოსეთ კედლები და
ფართოდ დააღეთ ფანჯრები -
დაე, ქარმა ახვეტოს
ჭაღიდან მტვერი,
დაე, ქარმა განდევნოს
ფუძიდან ეშმაკნი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები