ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არმენ არუთინოვი
ჟანრი: პროზა
21 აპრილი, 2014


მ ი წ ი ს ძ ვ რ ა (II თავი)

                      II
არ ვიცი, რამდენი ხნის მერე მოვეგე გონს. თავი გაბრუებული მქონდა, ალბათ დავარდნისას დავარტყი იატაკს. ზურგზე და ფეხებზე სახურავისა და კედლის ნანგრევები მეყარა. საერთოდ არ შემეძლო განძრევა. ყველაფერი აუტანლად მტკიოდა და სული მეხუთებოდა, ჰაერი არ მყოფნიდა. რამდენჯერაც ვცადე წამოწევა ან ხელ-ფეხის გამოძრავება, იმდენჯერ ვიგრძენი ტკივილი. თან ვგრძნობდი, რომ ძალა მეცლებოდა. ვცდილობდი, კონტროლი არ დამეკარგა, ემოციები მომეთოკა და ძალები გამომეზოგა, მაგრამ არც თუ ისე წარმატებით ვართმევდი თავს. ყელში რაღაც მეჩხირებოდა, ალბათ სული, მაგრამ კბილს კბილზე გამწარებით ვაჭერდი და ამოსვლის საშუალებას არ ვაძლევდი. ვინ იცის, იქნებ ეს მხოლოდ ყრუ ტკივილი იყო, რომელიც გათავისუფლებას ლამობდა, რომ მეყვირა, მეტირა, რამე მეღონა. ასე იყო თუ ისე, არაფერი შემეძლო. ვიხუთებოდი და პირსაც კი ვერ ვაღებდი, რადგან ზურგზე დაყრილი მთელი სიმძიმე ფილტვებს აწვებოდა. თვალები მებინდებოდა და თავთან დახვავებული ნანგრევები ისეთ შთაბეჭდილებას მიქმნიდნენ, რომ ცოცხლად ვიყავი კუბოში ჩამარხული. ალბათ დავიჯერებდი კიდეც, რომ უკვე დამთავრდა ყველაფერი, მხოლოდ ეს იყო სიკვდილი, არანაირი სულის სხეულიდან ამოსვლა, არანაირი გვირაბები, არამედ გაშეშებული წოლა, უჰაერობა და ტკივილი, მაგრამ საიდანღაც ხმები მესმოდა, რომლებიც სადღაც უკვე გამეგონა, რაღაცით სიცოცხლესთან მაკავშირებდნენ. როგორც იქნა, გავარჩიე, - შორიდან ძაღლების ყმუილი აღწევდა.
შიშის გრძნობამ ძარღვებში დამიარა, ეს კარგის მომასწავლებელი ვერ იქნებოდა. როგორც წესი, ძაღლები მხოლოდ მაშინ ყმუიან, როცა პატრონი ეღუპებათ ან რაღაც ცუდი უნდა მოხდეს. მხოლოდ მაშინ-ღა გამახსენდა, რომ ვიდრე საპირფარეშოში შემოვიდოდი, ეზოში ჯაჭვზე მიბმული ჩემი არგუსი საწყლად წკავწკავებდა, აქეთ-იქით აწყდებოდა, თითქოს აწყვეტა უნდოდა. რათქმაუნდა ამისთვის საერთოდ არ მიმიქცევია ყურადღება. ვის უკვირს შინაური ცხოველების ჭირვეულობა, ჩვენ ხომ მათი საერთოდ არ გვესმის და სხვების ჯავრს მათზე ვიყრით ხოლმე.
გამახსენდა სადღაც მოსმენილი თუ წაკითხული ამბავი, რომ მიწისძვრის მოახლოებას შინაური თუ გარეული ცხოველები შეუცდომლად პროგნოზირებენ, თევზები აკვარიუმებში ხტუნაობას იწყებენ, ძროხები ბღავიან, ძაღლები და კატები აქეთ-იქით აწყდებიან, ცდილობენ, რომ დატოვონ შენობა-ნაგებობები და თავს უშველონ. ჩემი არგუსიც ალბათ ამიტომ ცქმუტავდა მოუსვენრად, მე კი მეგონა, რომ ეს მისი მორიგი ჭირვეულობა იყო. ჩემ თავს შევპირდი, თავის დაღწევას როგორმე თუ მოვახერხებდი, აღარასოდეს დავაბამდი. რას არ მივცემდი, რომ ახლა უფრო ახლოს ყოფილიყო, ჩემთვის სახე გაელოკა, აქეთ-იქეთ ერბინა და ვინმესთვის მიენიშნებინა, რომ ამ დაწყევლილ ნანგრევებში ცოცხალი ადამიანი იყო. გაუჩერებლად ეყეფა და საშველად დედაჩემისთვის ან მამაჩემისთვის...
ჩემი ოჯახი!.. იმ დროის განმავლობაში, რაც ნანგრევებში გაუნძრევლად ვეგდე, არც ერთი ოჯახის წევრი გამხსენებია.
ნერვიულობისგან სული უფრო მომებჯინა ყელში. ცუდი წინათგრძნობა შემომაწვა. საპიფარეშოში შესვლისას, მახსოვს, დედაჩემი სამზარეულოში ფუსფუსებდა, სადილს ამზადებდა მგონი.
ერთიანად ავცახცახდი და ხროტინის მსგავსი ხმა ამოვუშვი. ოფლმა დამასხა და უსუსურობის შეგრძნებისგან ცრემლები წამომცვივდა. თანდათან დაბნელდა ყველაფერი და გონება დავკარგე.
არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდა ჩემი უგონო მდგომარეობაში ყოფნა, მაგრამ თვალები ძლივსძლივობით რომ გავახილე, სრული წყვდიადი იდგა. ალბათ შუაღამე იყო, ან იქნებ ახალი დაღამებულიც.
დროის შეგრძნება საერთოდ დავკარგე. ვცდილობდი, გამომეცნო, რამდენ ხანს ვიყავი ნანგრევებში, მაშველები შეძლებდნენ თუ არა ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების გადარჩენას, ან რატომ არ ჩანდნენ ამდენ ხანს, რატომ იგვიანებდნენ. მიწისძრის მსხვერპლთა რაოდენობაზე ვფიქრობდი, ჩემებზე, ელლეზე, რომლისთვისაც არაფერს დავიშურებდი, დასახიჩრებულ ადამიანებზე,  უჩინარი და სასტიკი ხელის ერთი მოსმით დამახინჯებულ სურათზე. რაც უფრო ვძაბავდი გონებას, იმდენად აუტანელი ხდებოდა ჩემი უმოძრაოდ გდება. რამე მინდოდა მეღონა, მაგრამ სრულიად ძალაგამოცლილი ვიყავი. ძაღლების ყმუილი ხან საიდან მესმოდა, ხან საიდან და უფრო და უფრო დამთრგუნველად მოქმედებდა.
აუტანელი ტკივილი გაბრუებაში გადაიზარდა. ვგრძნობდი, რომ უმოძრაობიგან თანდათან მიბუჟდებოდა მთელი სხეული, ვენებში გზის გაკვალვა უჭირდა სისხლს. როგორმე თავი ხელში უნდა ამეყვანა. ვცდილობდი, დავწყნარებულვიყავი და რომელიმე კიდური ამემოძრავებინა. თვალები დავხუჭე. ვცადე, რომ ძალები მომეკრიბა და გამებრძოლა, რამე მეღონა. მთელი ყურადღება ფეხებზე გადავიტანე და კუნთების დაჭიმვა ვცადე. ვერაფერს ვგრძნობდი. რამდენჯერმე გავიმეორე ეს ყველაფერი. რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომ მარცხენა ფეხის თითები გავამოძრავე. ეს უკვე სასიკეთო ნიშანი იყო, ყოველ შემთხვევაში ერთი ფეხი მაინც არ მქონდა მოტეხილი, დანარჩენებს კი ვერ ვგრძნობდი. იმედი გამიჩნდა, რომ არც ხელებზე მჭირდა რამე, უბრალოდ ჩამოქცეული ჭერის სიმძიმე მიშლიდა, რომ გამემოძრავებინა. თავი უკეთ ვიგრძენი.
სინათლე ყველგანაა, უკუნეთ წყვდიადშიც კი. იმედი, მით უმეტეს, არასოდეს კვდება. შეიძლება მიინავლოს, გაილიოს, მაგრამ ადამიანი თუ გადაწყვეტს, აუცილებლად იპოვის მის უმცირეს ბოლოს მაინც, რომ მოეჭიდოს და ხელი აღარ გაუშვას.
ფეხის თითებს სულ უფრო მეტად ვამოძრავებდი. თანდათან ქუსლიც ვიგრძენი. მერე მუხლი. მთელი ძალა მოვიკრიბე და მარცხენა ფეხზე გადავიტანე ყურადღება. ცოტა შევძელი გამეხოხებინა და რაღაც არც თუ ისე მყარს მივაყრდენი ქუსლი. ხმა მომესმა, ჭრაჭუნის თუ ჭრიალის მსგავსი. გავიმეორე მოძრაობა. მერე გარკვევით გავარჩიე, რაც იყო. პლასტიკატის ბოთლი აღმოჩნდა. დიდი ძალისხმევის შედეგად რამდენჯერმე მივაჭირე და ავუშვი ბოთლს ფეხი. ხმას აშკარად გამოსცემდა.
ზღვაში დაკარგული და უკაცრიელ კუნძულზე გარიყული მეზღვაურივით მეც ბოთლის იმედზე ვიყავი დარჩენილი. ოღონდ მას წერილს ვერ გავატანდი, მხოლოდ მისი გამოცემული ჭრიალი თუ გამამხნევებდა, დამარწმუნებდა, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვიყავი. უნდა მებრძოლა, არ მქონდა უფლება, ფარ-ხმალი დამეყარა და სიკვდილს ან მაშველებს დავლოდებოდი, მით უმეტეს, რომ არც მქონდა იმის გარანტია, რომ დამხმარე ძალა საერთოდ მოვიდოდა.
გაურკვევლობის გრძნობა ყველაზე აუტანელი იყო. ჩემი ოჯახის ასავალ-დასავალი მაინტერესებდა, მოსვენებას არ მაძლევდა. ჩემი ელლე რას შვრებოდა, სად იმყოფებოდა მიწისძვრის დროს? იქნებ სამშვიდობოს იყო, ან იქნებ ყველაზე მეტად იმ წუთებში ვჭირდებოდი? თუკი სასწაული მოხდა, ცოცხალი გადავრჩი, რატომ არ შეიძლებოდა ეს სასწაული სხვებისთვისაც მომხდარიყო? იქნებ ჩემებიც ცოცხლები იყვნენ, ჩემსავით ნანგრევების ქვეშ კვნესოდნენ და დროულად ჭირდებოდათ მიშველება? აუცილებლად უნდა მეღონა რამე, პლასტიკატის ბოთლს ხავსივით უნდა მოვჭიდებოდი, ვიდრე მის ჭრაჭუნზე ვინმე არ გამოჩნდებოდა და ამ გროვიდან არ გამათავისუფლებდა.
კიდევ რამდენჯერმე მივაჭირე ბოთლს ფეხი. მისი ჭრიალი ძლივსგასაგონად და სუსტად არღვევდა ჩაბნელებულ სივრცეს. მოულოდნელად ძაღლებმა ყმუილი შეწყვიტეს. სადღაც არც ისე შორს თითქოს ნაბიჯების ხმაც გაისმა. მივაყურადე. აშკარა იყო, ვიღაც დადიოდა შორი-ახლოს. გულისცემა ამიჩქარდა და ამ მოულოდნელმა სიხარულმა ძალა შემმატა. უფრო მონდომებით დავუწყე ბოთლს ფეხის დაჭერა, რადგან კვნესა შემეძლო მხოლოდ, ხმას კი ვერ ვიღებდი. მერე ნაბიჯების ხმა მიწყდა, მაგრამ არგუსმა დაიწყო ღრენა და რამდენიმე წამში წკმუტუნზე გადავიდა. უცნობი სავარაუდოდ მასთან მივიდა და აუშვა, რადგან სადღაც ზემოდან ხმა შემომესმა, სავარაუდოდ ნანგრევებზე დარბოდა ჩემი ძაღლი. თათებქეშ ქვების ეშლებოდა და სახეზე მტვერი მეყრებოდა.
მარტო აღარ ვიყავი, უცნობი კი წავიდა, მაგრამ ერთ არსებას მაინც გავაგებინე ჩემი ადგილსამყოფელი და ამან დიდი შვება მომგვარა. შეძლებისდაგვარად ღრმად ჩავისუნთქე, ჰაერის უმნიშვნელო ნაკადს მტვერიც შეერია და სუსტი, ჩახველების მსგავსი ხმა გამოვეცი. ზურგზე დაყრილი ნანგრევები ფილტვებს აწვებოდა, მეტი ბგერების გამოცემა არ შემეძლო, მაგრამ ამ ხმადაბალმა ჩახველებამ ძაღლს საბოლოოდ გააგებინა, რომ პატრონი ცოცხალი ჰყავდა და ხმამაღალი ყეფა და სირბილი დაიწყო სადღაც ჩემ ზემოთ. სიხარულით აღელვებულმა დავკარგე გონება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები