ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაგდალენა ბეი
ჟანრი: პოეზია
5 მაისი, 2014


ძველი სახლი

იდგა და
შუშისთვალებით მიმზერდა ჩვენი შუშაბანდი.
მზერაში ჰორიზონტი გაშეშებოდა.
ჩვენი მახსოვრობა თითქოს  გუგებიდან ამოუღეს,
ამოაცალეს.
იდგა და
ტერფებმოღრეცილი ხის აივანი
გულში ჩაეკრა.
აბა, ხელს როგორ გაუშვებდა?
ემანდ, ქუჩის ბიჭებს__
ქარსა და წვიმას
რამე შარში არ გაეხვიათ,
თავგზა არ აებნიათ.
თორემ მერე
სადღა დაუწყებდა ძებნას
ქალაქის ხმაურში დაკარგულ სიმშვიდეს,
ჩვენ რომ რიგ-რიგობით მივატოვეთ...
ჯერ შენ აკრიფე შენი მძიმე ნაბიჯები
უსასრულოდ გრძელ დერეფანში.
მერე მე დავტოვე ოთახის ფლოსტები
გაუქმებულ საფოსტო ყუთთან.
ორივე ჩვენს შიშს გავექეცით
სხვადასხვა მხარეს.
ვიცოდი,
უკვე აღარ გაგიჩენდი ყოველ ცხრა თვეში
უსახურ აივნებს სახლის ყრუ კედლებზე.
აღარც გვიანობამდე დაგელოდებოდი
ღია სარკმელთან
მხოლოდ იმისთვის,
რომ შენს თვალებში,
ქვემოდან თუ მომაპყრობდი,
ერთხელ მაინც დამენახა
საკუთარი ჩემი მოლოდინი
და გადაღლილი დღის მოცელილი კადრები
შენი ღამეების არეულ ქვეშაგებში
საგულდაგულოდ დამემალა.
აღარ გეტყოდი,
რომ სხეულზე საქმიანი მკლავები მომიმრავლდა,
მაგრამ შენთვის მათგან ერთიც აღარ შემრჩენოდა,
მხარზე რომ ფრთხილად მომეხვია,
ანდა, დროდადრო
აგვისტოს მზით გახურებული შუბლი
მონაბერი სიოს სუნთქვით მეგრილებინა.
აღარ გეტყოდი.
აღარაფერს გეტყოდი ალბათ,
გარდა იმისა,
რომ მხატვარია დღეს ჩემი ქმარი,
მიტოვებულ ფერებს აცოცხლებს.
მე რომ არ მოვკვდე, წარსულს ხატავს
ჩემსას და შენსას...
და ვეზიდები.
სხვენში მასთან თაფლისფერი თვალებით დამაქვს
ხეიბარი აივნების ესკიზები,
ჩამქრალი მზერა შუშაბანდების,
ბებერი დარაბების სიდუხჭირე შებინდებისას
და ჭრიალი სადარბაზოს ძველი ფიცრების.
მხატვარია ჩემი ქმარი და
ჩემთვის ცრის ფერებს.
მაინც ვერ ხვდება,
(ახლაც უკვირს, უკვირდა ადრეც),
თუკი მიყვარს და მიხარია,
თან რატომ ვტირი,
ან ნახატებზე დათარიღებულ დღეებს როცა
სულში ვუძვრები,
რად ვეფერები
კედლებიდან გადმოსულ ჩრდილებს?
...
ის ალბათ, ახლა მოლბერტთან ზის და მელოდება.
ამაღამ ტილო უნდა დაგვესრულებინა,
"ძველი სახლი".
მე კი ვდგავარ და
ჩვენს შუშაბანდს შიშჩამდგარი თვალებით ვუმზერ...
ახალი პატრონი აივანზე მოაჯირს ღებავს.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები