ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2014


ნახატი

ვიხსენებ ხოლმე,
ბავშვობაში დავხატე ერთხელ -
გოგო იდგა და ზღვას უყურებდა...
სწორი, გრძელი თმა,
ზღვა, მზე და ზურგი.
თუმცა გოგოს სახე არ ჩანდა,
მაინც იგრძნობდით,
მისთვის ის ზღვა - უბრალოდ ზღვა
სულაც არ იყო.

დრო გავიდა და
ის ნახატი (მამაჩემს რომ ასე უყვარდა)...
ვეღარ ვიპოვეთ,
დევნილი გახდა ჩვენსავე სახლში,
გადაიკარგა, ჩემი სულივით,
დიდ, გადატვირთულ ქალაქში რომ
დაეკარგება ხოლმე სადღაც ადამიანებს...
მე კარგად მახსოვს,
მისი ზურგი, ზღვა, გრძელი თმა და
სახე, რომელიც არ დამიხატავს.

უსაზღვროდ შორს რომ გავემგზავრო
გადავივიწყო სამუდამოდ
უძვირფასესი კადრებიც კი
ჩემი ბავშვობის,
ერთი რამ მაინც ზუსტად ვიცი:
იმ ძველ ნახატზე (სადაც არ უნდა იყოს ახლა),
ის გოგონა არასოდეს შემობრუნდება
მათკენ,  ვინც ცდილობს
მისი სახე წარმოიდგინოს...
მუდამ იდგება სახით ზღვისკენ,
მშვიდი, უძრავი და ზღვასავით
მარადიული.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები