ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
12 მაისი, 2014


არ დავიკარგები...


 
  სამასწავლებლოში მხოლოდ ქალბატონი თამარი, ქართულის  მასწავლებელი, შემორჩენილიყო - საკონტროლო  წერის რვეულებს ასწორებდა.  უცებ გახანგრძლივებული ჯგუფიდან მეორეკლასელი ნინი შემოვიდა. ცოტა დაბნეული და შეშინებული, თან თითქოს ნამტირალევი... 
- თამარ მასწავლებელო, ლიდა  მასწავლებელი მალე მოვა?
- კი, ნინი, მალე მოვა, ბანკში გადავალო...
- ხო, მეც ასე მითხრა...
- ალბათ რიგი იყო და მოვა! …
- რაც დამიტოვა ყველა დავალება დავწერე... საათი მინდოდა გამეგო... ხუთ საათზე დეიდაჩემი უნდა მოვიდეს... ხო მოვა? 
- ვინ,  ნინი?
- დეიდაჩემი?
- მოვა, ხო ყოველთვის ხუთზე მოდის, ჯერ ხუთის ნახევარია. თვალები  რატო გაქვს აწითლებული, იტირე, გოგო?!… - ყასიდად გაუჯავრდა...
- ხო, ვიტირე,  უცებ ვიფიქრე, რომ დეიდაჩემი არ მოვიდოდა, არც ლიდა  მასწავლებელი და ვიტირე...
- შენ მე მაგარი  გოგო მეგონე და  ტირი? 
- მერე რა, ბიჭებიც ტირიან...
- იცი,  ნინი, შენ ძალიან ლამაზი  გოგო ხარ, ხოდა ტირილი არ გიხდება!
- ვიცი რომ ლამაზი ვარ... სოფელში ყველა მეუბნება, რა ლამაზი ნინი ხარო.
- მარტო სოფელში?
- არა თბილისშიც, მაგრამ უფრო სოფელში, იმიტომ რომ თბილისში ბევრი ბავშვებია, სოფელში  კი ცოტა...
- სოფელში ვინ გყავს, ნინი?
- ბებო მყავს, სხვა დეიდა და კიდევ ბიძია და ბიძაშვილები...
- მშობლები?
- დედა გერმანიაშია და მამა ავსტრიაში?  იცი, ახლა ენდურიან ერთმანეთს და მე მინდა შევარიგო და სულ ერთად ვიყოთ... იცი, ერთ ღამით გამეღვიძა და დეიდაჩემი მოსულიყო სტუმრად. დედა კი დიდ ჩანთაში ტანსაცმელს ალაგებდა. მერე მე ვკითხე, დედა სადმე მიდიხარ-მეთქი? არაო, დაიძინეო. მერე მე დავიძინე და დილით დედა წასული დამხვდა... იმის მერე სულ დეიდასთან ვცხოვრობ... იცი, დედამ მომატყუა,  იმიტომ კი არა, რომ ჩემი მოტყუება უნდოდა. იმიტომ,  რომ მე არ მეტირა, რომ მიდიოდა. მაგრამ  დილით დედა რომ არ დამხვდა,  მაინც ბევრი ვიტირე...
- მამა?
- მამას ერთხელ სკაიპით ველაპარაკე, ჩემი ლამაზო ნინიო, ასე  მითხრა...
- დედასაც ელაპარაკები სკაიპით?
- კი, თითქმის ყოველდღე, გაკვეთილებს სკაიპით მიმოწმებს,  იცი მე ვიცი ჩართვა  როგორ უნდა... თამარ მასწავლებელო, თქვენ ბავშვები  გყავთ?
- კი, მყავს, ორი...
- რომელიმე  რომ დაიკარგოს, გული გაგისკდებათ?
- აბა რა მომივა ნინი, რას ამბობ...…
- რა მინდოდა იცი მეთქვა, სანამ გაგისკდებათ, მანამდე არ მოძებნით?
- ნინი, რას ამბობ, კარგად ამიხსენი...
- იცი დეიდაჩემს ვუთხარი,  მოდი დავიკარგები-მეთქი, მერე დედა  და მამა ჩამოვლენ მოსაძებნად და  უცებ გამოვჩნდები-მეთქი,  ხოდა მერე შევარიგებ და დედა და მამა ჩემთან იქნებიან-მეთქი და  ისაო, დედაშენს გული გაუსკდებაო,  მეც გული  გამისკდებაო... 
- ... ხო, ნინი, მართალი უთქვამს... არ დაიკარგო ხო...
- ხო, კარგი, თამარ მასწავლებელო, არ დავიკარგები... 

12 მაისი, 2014 წელი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები