ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო_93
ჟანრი: პროზა
14 მაისი, 2014


ქვევრი

ყოველთვის მინდოდა მეწერა ცალკეულ ადამიანებზე, მაგრამ ვერასდროს ვბედავდი.
არ ვიცი, რისი მეშინოდა, ალბათ იმედგაცრუების. მეშინოდა, ერთ დღეს არ დამსხვრეულიყო ჩემი ნაშენები სასახლე, რომელშიც ადამიანებს ვატევდი.

ყოველთვის მინდოდა მეწერა გრძნობებზე, რომლებშიც შემეძლო მთელი სამყარო ჩამეტია, მაგრამ მეშინოდა, ერთ დღესაც ეს სამყარო არ გამქრალიყო და ეს სამყაროთი გავსებული გრძნობები თამადის "განსხვავებულივით" არ დაცარიელებულიყვნენ.

მაინც გამოვძერწე ერთ დიდი ქვევრი, რომელშიც ღვინის ნაცვლად ადამიანებზე ფიქრი და მათ მიმართ გრძნობები ჩავატიე. ყოველ დღე მივდიოდი ქვევრის სანახავად, მეშინოდა, არავის ეხლო ხელი ჩემი გამოძერწილი საკუთრებისთვის. ვიცოდი, ღვინოდ ქცეული გრძნობები ოდესმე დაძველდებოდნენ, მაგრამ ღვინო რაც უფრო ძველია, მით უკეთესია. ამიტომ ამაზე არ ვღელავდი, მხოლოდ ვზრუნავდი ჩემს ქვევრზე.


მერე მე გარდავიცვალე და ჩემი ღვინო დაილია. დაიცალა ჩემი ქვევრი და მასში მხოლოდ სიცარიელე დარჩა ისევე, როგორც ჩემს სხეულში. დაილია ყველა გრძნობა, იმედი და ყველა სიყვარული ჩემი ხსოვნის სადღეგრძელოებად.
ამ დროს შემცივდა ყველაზე მეტად.
და მერე სამუდამო სიცივე ვიგრძენი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები