ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2014


ცაცხვი

სოფელში ცაცხვი წაქცეულა,
სახლს დასცემია,
ჩვენი მაღალი, ფრთაგაშლილი, ბებერი ცაცხვი,
ბებიას კი, მარტო მცხოვრებ ჩემს ტკბილ ბებიას,
დასცემია ამ დროს თავზარი...
ეზოში, სადაც ახლაც დარბის
ჩემი ბავშვობა.

მოვარდნილა მომხდურივით უცაბედად,
მუხთალი ქარი...
ცაცხვის ძირში ჩაუღწევია, სიღრმეში, გულში,
დაუხეთქავს სისხლძარღვები, დაუგლეჯია
წინაპრების სუნთქვით გამთბარ
მიწას უსაზღვროდ მოდებული
მისი ფესვები.

ჰო, თვალწინ მიდგას...
ღობე, ჭურები, ცაცხვი, სახლი, ნალია, ბაღჩა
და დიდი ეზო, სიხასხასე მწვანე ბალახის...
ამ ყველაფერს კი შენ იფარავ ტოტებით, ტანით,
შენ, ჩემო ცაცხვო,
თუ უკვე აღარ...

ბებია კი ისე ტიროდა....
არ მსმენია მე ასეთი ტირილი მისი
მას შემდეგ, რაც ერთ თვეში მიწამ
მოსტაცა ერთად ორი კაცი -
ქმარი და შვილი...
სწორედ ამ მიწას,
ახლა ქარმა მოსტაცა ცაცხვი,
ბებიაჩემის ოთხმოცდაცხრა ტკბილ-მწარე წლის
გუშაგი, მოწმე.

რამდენი დილა, საღამო და ღამე მახსოვს,
რამდენი აზრი, სიხარული, ოცნება, დარდი,
ცაცხვო, შენთან
ნაფიქრი და ნასაუბრები.
ტოტებგაშლილო, ფრთებგაშლილო,
გალაღებულო,
ყურადღებით მსმენელო და
მზრუნველო ცამდე.
წვიმაში ქოლგავ,
მზეში ჩრდილო,
ერთგულო ცაცხვო.

ჩადექი ქარო...
ქარიშხალო, ნუ უნგრევ კედლებს,
სიმწრით ნაშენებ,
ბზარებიან და მაინც უტკბეს
ბავშვობას ჩემსას.
ადექი ცაცხვო, დამიბრუნდი...
ჩადექი ქარო...
ადექი ცაცხვო, დამიბრუნდი...
ჩადექი ქარო...







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები