ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ნიკა ჩერქეზიშვილი
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2014


***

***

უცნაურია,
რატომ ვფიქრობ, რომ მთელი ცხოვრება მიმართლებს,
როცა ფსონს ვდებ წითელზე
და მონიტორზე შავი ფერი ციმციმებს.

ალბათ, იმიტომ,
რომ ხელში ფანქარი მიჭირავს
და ვწერ.

სისულელეა.

ჩემი უბნელიც ხატავდა, მაგრამ მკვდარია.

ფეხებზე მკიდია, რომ ძლიერი ვარ.

ვყვირი,
მაგრამ შენ არ გესმის.
ჩემი არავის ესმის, საერთოდ.

სიჩუმე აუტანელია.
სიჩუმეს სიგიჟემდე მივყავარ ამ გამოცარიელებულ კედლებში.

მე იმ სიყვარულის ნაწილი ვარ, რომელიც არ არსებობს.

ჩემი უკანასკნელი შედევრი
ეს რამდენიმეწინადადებიანი ბოდვაა.

ხვალინდელი ამინდის პროგნოზი საზიზღარი იქნება. 

...

არ შეგეშინდეს,
თუ მოულოდნელად სიჩუმის შემზარავ ხმას გაიგონებ,
ყველაფერი რიგზეა.

უბრალოდ,
ჩემი საათის ისრები გაჩერდა.







***

ამ ლექსს იმისთვის არ ვწერ,
ფურცელი ოთხად გავკეცო და უჯრაში შევინახო.

ეს გული იმიტომ არ მიცემს,
ღამით, შუა ქუჩაში,
ძმა ძმის სახელს როგორ ყვირის, არ მესმოდეს.

ფანჯარა ღია შემთხვევით არასოდეს მრჩება.

...

მე არ ვიცი,
სხვანაირად როგორ უნდა თქვა,
რომ გიყვარს.







***

იმ ქუჩაზე ცხოვრობს,
რომელზეც - მე.

დათო ჰქვია, როგორც ჩემს ძმას.

ობოლია,
არც დედა ჰყავს, არც - მამა,
არც და-ძმა,
ბებია უვლის.

7-8 წლის იქნება.

ბიძამისი ციხეშია,
15 წელი აქვს მისჯილი,
ვიღაც რუსი გენერლის მკვლელობისთვის.
მალე გამოუშვებენ
და მალევე მოკვდება,
გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში.

სხვა ბავშვების მშობლები ეუბნებიან,
რომ ცალკე ითამაშოს.

მამაჩემმა ჩვენთან მოიყვანა
და დიდი საზამთრო გავჭერით.
მამაჩემმა დათოს ზუსტად ისეთი ბუცები უყიდა,
როგორიც მე და ჩემს ძმას გვქონდა.

მამაჩემმა გვითხრა,
რომ დათოს სახლს რაღაც ტკივა
და ცოტა ხნით ჩვენთან დარჩება,
ან რამდენი ხანიც თვითონ მოუნდება.

ამ ლექსში ვერ დაეტევა მამაჩემი.

...

ეს ამბავი წარსულში ხდება,
ჩემს ბავშვობაში.
ტოლები ვართ მე და დათო.
ვძმაკაცობთ.

დათომ იმ საღამოს
ჩიტის გალიაში მოგროვილი
სიგარეტის კოლოფები მაჩუქა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები