ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პროზა
24 ივნისი, 2014


ლაილა

ყოველთვის სჯეროდა, რომ თვალებს შეუძლიათ გაგაცოცხლონ ან მოგკლან...
დღესასწაული იყო, როცა პირველად ჩახედეს ერთმანეთს თვალებში. ხალხი ქუჩაში გამოფენილიყო... ფერადი იყო ყველა და ყველაფერი. მაგრამ ის დღე ხალხის კი არა, მათი პირადი დღესასწაული იყო. იმ თვალებმა გააცოცხლეს, იმ თვალებმა ჩაბერეს სული.
„მოდიოდი ქალღმერთივით, მწვანე კაბას და მუქ შავ თმას გიფრიალებდა ნიავი, შენი ხორბლისფერი კანი კი ისეთი მშვენიერი იყო...  რომ იცოდე, როგორ მომხიბლე თავიდანვე.“ - მერე ტელეფონში ეუბნებოდა ხოლმე ბიჭი.
საუბრობდნენ საათობით, გვიანობამდე. ავიწყდებოდათ, რომ სოფლის სხვადასხვა ბოლოში იყვნენ... ისე ახლოს გრძნობდნენ ერთმანეთის გულისცემას. სოციალურ ქსელზეც საუბრობდნენ ხოლმე, სანამ მთავრობა დაბლოკავდა. შემთხვევით თუ ნახავდნენ ერთმანეთს, ძირითადად დღესასწაულებზე. სოფელში ხომ სახლებსა და ხეებსაც კი თვალები ჰქონდათ.
მისი ხმა, მისი თვალები, გულში ჰქონდა ჩაბეჭდილი. მათზე ლოცულობდა. ეს იყო გრძნობა მსგავსი დიდი ხნის სახლიდან წასული, დაღლილი მგზავრის შინ დაბრუნებისა.
იმ დღეს დედას მიეხმარა სადილის გაკეთებაში. განსაკუთრებით კარგი გამოუვიდა, შეაქო დედამ. „ძალიან მოეწონება მამას, გაუხარდება.  ჩემო გოგო, როგორ დაქალდი.  ისე კარგად ამზადებ საჭმელს, უკვე შეიძლება გაგათხოვოთ კიდეც.“ - ეს სიტყვები ყურში მოხვდა. ნეტა უკვე საქმრო ხომ არ შემირჩიესო, შეეშინდა. კინაღამ გადაწყვიტა, თავის სიყვარულზე მოეყოლა დედისთვის. ჩვენი წრიდან არის და არა მგონია ჩვენი დაქორწინების წინააღმდეგ წავიდნენო, გაიფიქრა. მაინც სამომავლოდ გადადო დედასთან საუბარი. რატომღაც ერიდებოდა... გადაწყვიტა გაესეირნა და მშვიდად მოეფიქრებინა სათქმელი.
მიდიოდა და მასზე ფიქრობდა. ხშირად უსაუბრიათ ქორწილზე. იმაზე, თუ თუ როგორ მოვიდოდა ბიჭი ლაილას მამასთან ქალიშვილის ხელის სათხოვნელად, მამაც დათანხმდებოდა და გადაიხდიდნენ უზარმაზარ, სულ ცოტა ათასკაციან ქორწილს. მთელს სოფელს დაპატიჟებდნენ და ყველაზე შორეულ ნათესავებსაც. ულამაზესი კაბა ეცმებოდა, ოღონდ ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირ კაბას წარმოიდგენდა და მის ფერზე თუ ქორწილის სხვადასხვა დეტალებზე საათობით მსჯელობდნენ ტელეფონზე.
„ლაილა, ულამაზესი, ყველაზე განსაკუთრებული ხარ ჩემს ცხოვრებაში.იშვიათად ხდება, რომ სახელი ასე შეეფერებოდეს ადამიანს.“ მისგან ათასჯერ მოსმენილი სიტყვები ჩაესმოდა ყურში ისევ, დაუსრულებლად. როგორც ყოველთვის, პეპლები დაფარფატებდნენ მუცელში.
ფიქრებში გართულს დიდი გზა გამოევლო, გასცდენოდა სოფლის სკოლას, სახლებს, სოფლის საბჭოს შენობას და ფართოდ გადაშლილ ბრინჯის მინდორში ამოეყო თავი. უკან დაბრუნებას აპირებდა, როცა მისკენ მომავალი კაცები დაინახა. სამნი იქნებოდნენ.

***
თითქმის არაფერი ახსოვდა, გარდა თვალებისა. არაადამიანური, ან იქნებ სულაც, ზედმეტად ადამიანური თვალებისა.
საოცრად ბუნდოვანი იყო იმ დღის მოგონება.ზუსტად ისეთი, როგორიც კოშმარული სიზმრისა:  მხოლოდ შეგრძნება არ გტოვებს, საშინელი, საზიზღარი შეგრძნება, მაგრამ დეტალები თითქმის არ გახსოვს. არ შორდებოდა მაშინ დაუფლებული განცდა, რომ ნივთი იყო, სათამაშო. „იქნებ ჩვენ სწორედ სათამაშოებად გავჩნდით? იქნებ აქამდე ეს უბრალოდ არ ვიცოდი? იქნებ მიმალავდნენ...“
ხალხს გადახედა. წამიერად მოუზღვავდა ცრემლები, მეორე წუთში კი თითქოს აღარაფერს გრძნობდა.  არ ტოვებდა მხოლოდ ერთი განცდა: რომ სულს ართმევდნენ. ხედავდა მხოლოდ თვალებს... დედის თვალები სიბრალულით და ტანჯვით იყო სავსე. დედა ტიროდა და იყო საშინლად უმწეო, უფრო შესაბრალისი, ვიდრე ოდესმე. ლაილა რატომღაც ახლა დაფიქრდა იმაზე, რომ თავის სოფელს არასოდეს გასცდენოდა. წამიერად მოუნდა, ოდესმე ენახა სხვა სოფლები, სხვა ქალაქები, სხვა სამყარო. გვიანი იყო, აქამდე უნდა ეფიქრა ამაზე. ნეტავ იქ როგორ ხდებოდა, სხვაგან? ალბათ არსებობდა ადგილები, სადაც დედებს შვილების დაცვა შეეძლოთ სისასტიკისგან, სხვების სათამაშოდ გახდომისგან. საოცრად მოუნდა ამის დაჯერება. ახლა მხოლოდ ეს რწმენა თუ უშველიდა მის სულს, რომელსაც კარგავდა.
ესმოდა მხოლოდ ჩურჩული, ნიავის მსგავსად რომ გადაურბენდა ხალხის მასას. ნიავმა მოუტანა თითქოს რიტმულად ბევრჯერ გამეორებული ფრაზები: „ალბათ კაბა არ უფარავდა კოჭებს... კაცი ხომ მაინც კაცია. ზედმეტად მხიარული გოგოა...  რა უნდოდა სახლიდან  ისე შორს მარტო რომ მიდიოდა... ალბათ კაბა არ უფარავდა სხეულს... თავსაბურიდან ალბათ თმა უჩანდა. კაცი მაინც კაცია... „
რა მნიშვნელობა ჰქონდა, ვინ იყო პირველი, ან მეორე... ახსოვდა, რომ იყო ბევრი სისხლი, ტკივილი...  ყველაფერს დაკარგვოდა აზრი და სადღაც ნანახ, შორეულ კადრებად გაურბენდა გონებაში ის დღე. იცოდა მხოლოდ, რომ ის არასოდეს შეხებია, ვის პირველობაზე და ერთადერთობაზე უამრავჯერ უოცნებია. ის არც პირველი ყოფილა მისთვის, არც მეორე და არც უკანასკნელი. თავს ძალა დაატანა და შეხედა ძვირფას თვალებს. რას არ გაიღებდა, რომ დაენახა რამე, რაც მათ სხვა თვალებისგან განასხვავებდა. ჯანდაბას, ეს ნუ იქნებოდა სიყვარული, ნურც სიბრალული... ოღონდ ყოფილიყო  რამე სხვა... მაგრამ... ეს იყო სიცივე, მხოლოდ ყინული, გაქვავებული თვალები ადამიანისა, რომელსაც უცხო ძალა დაპატრონებოდა და დავიწყებოდა ყველა და ყველაფერი, რაც ოდესღაც მისთვის ახლობელი იყო. არა, ის აღარასოდეს შეეხებოდა, არც კი შეხედავდა  თბილი, გამაცოცხლებელი თვალებით. რაღაც ჩაწყდა ისე მძაფრად, თითქოს გულმა, რომელიც უზარმაზარ ლოდად ქცეულიყო, მთელი სხეული გაიარა და შიგნეული დაუკეპა.
ყველაფერი იმ წამს მორჩა... იმ ერთ დროს საოცრად ახლობელ, ახლა კი გაუცხოებულ, ყინულნარევ თვალებში ჩახედვისას. ამიტომ არ გაუგონია, როგორ წაიკითხა სოფლის საბჭოს უხუცესმა განაჩენი, რომელიც ამ სიტყვებით სრულდებოდა: „წაბილწული ქალის სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს. წაბილწული ქალის ყოლას მისი სიკვდილი უჯობთ მშობლებს, ოჯახს, ნათესავებს, სოფელს, ქვეყანას. ჩვენი ვალია, დავიცვათ სიწმინდე.“
არ დაუნახავს, როგორ გამოაცალა უხუცესმა სკამი ფეხქვეშ. არც ის უგრძვნია, თოკი როგორ მიებჯინა ყელზე და მაგრად მოუჭირა.
დედამ ვეღარ გაუძლო, ჩაიკეცა.
ვერაფრით დაუხუჭეს თვალები ლაილას.
ყოველთვის სჯეროდა, რომ თვალებს შეუძლიათ გაგაცოცხლონ ან მოგკლან... 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები