ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
21 ივნისი, 2014


სანდრო--- ჩემი პატარა მეგობარი




  ცხრამეტ ივნისს მე და გიგა დილით საჩქაროდ წამოვცვივდით, ფანქრები და სახატავი დაფა ავიხონხლეთ და სამხატვრო  აკადემიისკენ ტაქსით გავიქეცით.
დღეს ხატვის გამოცდა აქვს.
9 საათზე რეგისტრაცია  და ათზე უკვე ხატვა იწყება.
ვიცი რომ 5 -6 საათი უნდა ველოდო, ამიტომ ფსიქოლოგიურად მომზადებული მაქვს ნერვული სისტემა, რომელიც
ყოველ საღამოს წამლებს და ათასგვარ აბებს ისედაც მთხოვს...

მაგრამ,  ათი საათი როგორც კი შესრულდა, უკვე გამიჭირდა....

ჩამოვედი რუსთაველზე. ავიარე, ჩავიარე,მივიარე, მოვიარე, გავიარე, გამოვიარე  და უკან რომ ავედი მხოლოდ ერთი საათი იყო გასული.
ცხელა ცხელა, ბუღი ასდის ყველაფერს.
კიდევ ერთხელ მივიარ-- მოვიარე, შევჭამე რაღაც და პირდაპირ ქვაზე დავჯექი.მგონი  მთაწმინდის გამგეობააოო.
აბიტურიენტებს კანტიკუნტად მშობლებიც ელოდნენ, ალბათ ჩემსავით ჩამოსულები, თორემ თბილისელებს 5 საათს იქ
აბა ვინ დაელოდება.

ასე თორმეტი საათი იქნებოდა ,  პატარა ბიჭი მოვიდა და ახლომახლო დაჯდა.
ბიჭი ხმამაღლა ლაპარაკობდა და თანმხლებ გოგონას რაღაცას ედავებოდა.
გოგონა ლამაზი იყო და უფროსიც ჩანდა, ბიჭი კი სკოლის მოსწავლე, როგორ შემდეგ გამოირკვა მეექვსე კლასელი.
--მაშინაც რატომ არ მითხარი, ჩამოსული რომ იყო, ხომ იცოდი, მისი ნახვა რომ მინდოდაო---ეუბნებოდა გულდაწყვეტით.
ბიჭს გამოველაპარაკე:
---რამდენი წლის ხარ ?
---თერთმეტის
--სახელი მეთქი?
---სანდრო
---რომელ კლასში გადახვედი მეთქი?
---მეშვიდეშიო.
ლამაზი ბავშვი იყო, თვალით უნახავს გავდა.თავზე  კეპი ეხურა და თეთრი პირისახე და თაფლისფერი  თვალები უბრწყინავდა..
მე  გამრთობი ვიშოვე და თავს დავიზოგავდი?
ბიჭს თამამად გამოველაპარაკე.
---აქ რას აკეთებ სანდრო?
---მეგობარს ვბალეშჩიკობო  . ისე "ბალეშჩიკობა" რუსული სიტყვაა და გულშემატკივრობაა სწორიო.
ის  ფეისბუქზე გავიცანი და ძალიან ბევრი გვაქვს საერთო, მასაც კალათბურთი უყვარს და მეცო.
ისიც კარგად ხატავს და მეცო.
---ოჰოოო, აღარ ხუმრობ მეთქი.
---ხოდა ახლა სიურპრიზი უნდა გავუკეთო და როცა გამოვა. აქ დავხვდები, არ იცის თუ მოვიდოდიო.
---სკოლაში როგორ სწავლობ, სანდრო მეთქი--პროფესიული კითხვა მაინც სულ წინ მისწრებს ხოლმე.
---კარგადო-- ლაპარაკს არ მაცდის თვითონაც.ახლა ვასაძის სკოლაში ვაბარებ, გამოცდა უკვე ჩავაბარე  და ამ დილით დამირეკეს, გადასული ხარ მეორე ტურშიო.
ცოტა ადრე მაინც დაერეკათ, არ ვიცი როგორ მოვიქცე, წავიდე თუ არაო--- მპასუხობს დიდივით.
ძველი კლასის და მეგობრების დატოვება ცოტა მეძნელებაო.
მხლებელი გოგონა  მორიდებით ანიშნებს, ამდენს ნუ ლაპარაკობო...
სანდროს გაეღიმება და ისევ ისე რიხიანად იწყებს საუბარს.
---ცხელა ძალიან--ჩავილაპარაკე მე.
ცივი წყალი მომაწოდა და
---მიირთვით, აორთქლებას და გაგრილებას უწყობს ხელსო.
---როგორც ფიზიკაც იცი მეთქი?
---სულ ვკითხულობ, ინტერნეტთან როცა ვზივარო.
---კალათბურთსაც თამაშობ მეთქი?
---კი, სულ ცოტა მინდა და ფარსაც მივწვდებიო...
  არადა ჯერ პატარა იყო.
ამასობაში ბაბუამ დაურეკა.
---არ ვიცი და გავარკევ, ახლა სახლში არ ვარ, აკადემიასთან ველოდები მეგობარსო--ჩასძახა ტელეფონში.
მერე მე მომიბრუნდა:
ხომ არ იცით, კალათბურთის ნამდვილი ფარის ზომებიო.
ჩემდა სამწუხაროდ, არ ვიცი მეთქი---გავუღიმე.
---ბაბუა ფარს შემპირდა და ზომები უნდა გავარკვიო, ნამდვილ ფარს მინდა გავდესო--მერე  დედას დაურეკა, მოიძიე,
რამდენი უნდა იყოს  ნამდვილი ფარის დიამეტრიო.
აბა შაკილ ო'ნელს  რომ ჩამოენგრა ფარი, ისეთი რად მინდა. თუმცა  ახლა მაინც სხვა მასალისგან კეთდება, რომ მსგავსი
ინცინდენტი  აღარ მოხდესო.მაშინდელი ფარი მინის იყო და მინა ხომ მსხვრევადიაო.

---თქვენი შვილიც აბარებსო?
----კი მეთქი.
---ჩემი მეგობარი მაგარია, ასივე  ქულას  მიიღებსო, უამრავ კონკურსშია გამარჯვებული და აქ რა გაუჭირდებაო---მეტრაბახება სანდრო.
---რა კარგია მეთქი--არ "გავუტეხე" მეც.
---ხატვა მიყვარს ძალიან, ბაბუა მხატვარია, ბებია კი მომღერალიო.
გოგონამ ჰამბურგერი მიაწოდა, მოგშივდებოდაო.
---თქვენც ხომ არ მიირთმევთო--შემომთავაზა.მე უარი ვუთხარი, გემრიელად შეექცა და ნახევარიც არ ექნებოდა შეჭმული, ბევრი მომივა, მსუყეაო--გადაახვია და ჩანთაში ჩადო.

---საერთოდ საკვები  ვიტამინებს უფრო უნდა შეიცავდეს, ვიდრე ცხიმებსო--ჩაილაპარაკა.
მე მაინც ,ისედაც  ალერგიული ვარ და ყველაფერს ვერ ვჭამ, მაგალითად კვერცხი ბევრი არ მეჭმებაო.მზეზეც კი
მხოლოდ რამდენიმე საათით გავდივარო.
ისევ მოვიდა ლაპარაკის ხასიათზე:
--ჩემი მეგობარი აბსტრაქციონისტულ  ნახატებს ხატავს და აბსტრაქცია მეც  ყველაზე მეტად მომწონსო.
ზოგი ნახატი თბილია, ზოგიც ცივი და ნახატს თვითონვე რომ შეხედავ, მიხვდები, რა სული დევს მასში, დემონურია თუ კეთილშობილიო.
მერე უკვე ფერებზე და მას თავისებურებაზე  დამიწყო საუბარი.
---ღმერთო, გენიოსთან მაქვს საქმე --გავიფიქრე უცებ.

მე  უკვე არაფერი მისგან აღარ გამკვირვებია, ისე ველაპარაკები, როგორც დიდს.

---აი იმპრესიონისტები კი... ხომ გაგიგონიათ, მეცხრამეტე -მეოცე საუკუნეში როგორ განვითარდა იმპრესიონიზმი და  ყველაზე ცნობილი მაინც ვან გოგია,მათი ნახატები სულ სხვანაირიაო.

--მე ხელები გავასავსავე, მაგ სფეროში არაფერი ვიცი  და ხელები ამიწევია მეთქი...
გაეღიმა, საოცრად ლამაზად იცინოდა...
კიდევ ბევრი ვისაუბრეთ, მეტყველებდა და საოცარ ცოდნას ამჟღავნებდა.ყველა სფეროში განვითარებას ავლენდა.
საათს დავხედე.ამ საუბარში სამი საათიც მოსულა.
-- გაიხარე სანდრო, ასე კარგად დრო არასდროს გამიყვანია მეთქი-- თავზე ვაკოცე.

სამ საათზე ხატვის გამოცდა  მთავრდება, ყველა გამოსასვლელს მივადექით, რომ უფრო მალე დავინახოთ გამომსვლელები.
ვხედავ, ჩემი გიგაც მოდის, დაფას მოათრევს და საშინლად დაღლილია.მე ხელი დავუქნიე და აქეთ ვარ-მეთქი, ვანიშნე.
ჯერ მე შემომხედა  და მერე მოულოდნელად  სანდროსკენ წავიდა, ერთმანეთს გადაეხვივნენ , სანდრო კისერზე შეახტა და
---სიურპრიზიო---ხმამაღლა შესძახა პატარა მეგობარმა.

პ.ს. თუ მიხვდით, კარგია, თუ არადა გეტყვით, რომ სანდრო ჩემს ვაჟს ელოდებოდა თურმე, გოგონა მისი მეგობარი ყოფილა...
გიგამ 95 ქულა აიღო და არც მე და არც სანდროს გული არ დაგვწყვიტა.








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები