ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია ჯაფარიძე
ჟანრი: პროზა
8 ივლისი, 2014


ქალი რომელიც... რომელმაც...

ელოდა. ელოდა. გაიგო დავკარგეო და ...
იქნებ შეყვარებულს ელოდა. ან ქმარს. შვილს. დედას. სიყვარულს. ბედნიერებას, პატიებას. ვინმეს ან რამეს.
იქნებ არაფერს ელოდა . იყო ყველაფერი და მხოლოდ არაფერი აკლდა.
იქნებ არც არაფერი დაუკარგავს. უბრალოდ ეგონა რომ ჰქონდა და დაკარგა. ჰყავდა და დაკარგა.
რას გაუგებ ქალის დარდს.
ჩაიცვა თეთრ პერანგზე გრძელზე გრძელი , შავზე შავი კაბა და მდინარეს მოეხვია. მდინარეც მოეხვია და წაიღო. წაიღო და ერთ მორევს ჩაატანა. მორევმა ჩაიხვია და მღვიმეში ჩაიტანა.
დაჯდა ქალი მღვიმეში და დაფიქრდა. იფიქრა და იდარდა. იდარდა და იტირა.
გამოეცხადა კაცი და ... გამოეცხადებოდა, აბა რა იქნებოდა. ჩამოსავლელი არ იყო და ვერ ჩამოივლიდა. ჩამოსასვლელი არ იყო და ვერ ჩამოვიდოდა. ჩამოსაფრენი არ იყო და ვერ ჩამოფრინდებოდა. გამოეცხადა კაცი და უთხრა:
_აქ რას შვრებიო?
_ვდარდობ და ველიო.
_რას ელიო?
_სიკვდილს ველოდი და არ იქნაო.
_ახლა რას ელიო.
_ოდესმე ჩემთვისაც განათდეს იქნებ მზეო. ჩემთვისაც გაზაფხულდეს და გაიშალოს იქნებ იაო.
_დარდისაც მესმის და მოლოდინისაც, მაგრამ სწორი დარდი და სწორი ლოდინი უნდა იცოდეო.
_ეს როგორაო?
_მღვიმეში მზე არ ამოვაო. ცივ ქვაზე ათასი გაზაფხულიც რომ რომ ელოდო, ია არ გაიშლებაო. წადი და იარეო.
_ბევრი ვიაროო?
_თავად მიხვდებიო.მთავარია არ გაჩერდე და იაროო. დარდი გაანიავოო.
ადგა ქალი და მისცა მორევს თავი. მისცა მორევმა ქალი მდინარეს. დაუბრუნა მდინარემ მიწას.
ადგა ქალი და წავიდა. შავი კაბის ბოლო ტალახში დასთრევდა. იმდენი იარა, იმდენი იარა, ტალახი დამიწდა. აიკრო რაც გზაში შეხვდა: ტოტები, ლოდები თესლი. იარა ავდარში, იარა დარში და როდესაც გაზაფხულს წვიმები დასცვივდა , ამწვანდა შავკაბის ბოლო.
ქალის მხრები ერთ იმდენს კიდევ გაუძლებდა. კაბის მხრებმა კი ვეღარ გაუძლო. ჩამოწყდა კაბა და დაეცა მიწაზე. პირდაპირ, ლურჯი ზღვის პირას.
მოხედა ქალმა და :
_ეს რა დარდი მიტარებიაო, ეს რა მიწა მიტარებიაო, რა ლოდები მიტარებიაო, რა ტოტები მიტარებიაო, ეკალ-ბარდი მიტარებიაო.

შავგადაცმული თეთრი, თეთრი ვეღარასდროს იქნება. ჩავიდა ნაცრისფერპერანგიანი ქალი ლურჯ ზღვაში. ამოვიდა ლურჯი ზღვიდან ლილისფერი ქალი .ამოვიდა მთიდან მზე. მიხვდა ქალი რომ ეს მზე მისი მზე იყო. მხოლოდ მისი. შეხედა დარდს ქალმა. შეხედა დარდს მზემ და აყვავდა დარდი. იებად აყვავდა. დაიხარა. მოწყვიტა ია დარდის გორაკზე. ჩაიდო თმაში და განაგრძო გზა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები