ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
12 ივლისი, 2014


შარშანაც...

მეორე  დილით გამოცდაზე უნდა წავსულიყავი და  დედაჩემმა  დამაძალა, წამალი მიყიდე და ადრე დაიძინეო.
ავითრიე წელი, მაგრამ პეესპემდე მაინც მალე ჩავირბინე  და ის იყო, კარი უნდა შემეღო, ფეხებში რაღაც ამებლანდა. დავხედე, საგამოცდო ბარათი იყო. პირველად ჩემი მეგონა და დედაჩემის ხმამ ყურებში დამიწყო წუილი: რა უპასუხისმგებლო ხარ , ბარათი როგორ დაგეკარგა, რომ ვეღარ გეპოვა, რას აპირებდიო...რომ დავხედე და სხვისი იყო.
ვიღაც ბიჭის...
უი საბრალო--ამეწვა თვალები. გავისიგრძეგანე ყველაფერი და სასწრაფოდ გადავშალე. ბიჭს სამი გამოცდა უკვე ჩაბარებული
ჰქონდა და მეორე დილით , გეოგრაფიას აბარებდა.
გიგა სამხარაძე. საგამოცდო ცენტრიც  მითითებული იყო და ... ჩემსას არ ემთხვეოდა.
ავიტკიე აუტკივებელი თავი და ..შერლოკჰოლმსობა წამოვიწყე.
პეესპეშიც დავტოვე ჩემი მისამართი და სახელი და გვარი, ყველას დავურეკე ახლობელს და
სოციალურ ქსელზეც დავპოსტე. გამოვაქვეყნე, ყველგან, სადაც კი შემეძლო. მხოლოდ დედაჩემს არ გავუმხილე,
ვიცოდი წნევა აუწევდა ისევ...
გადავქექე ყველა სამხარაძე, ვინც კი ფეისბუქზე იყო...არავინ მსგავს პოსტებს არ დებდა, არც ფოტო ემთხვეოდა ვინმესი.
მე მაინც მივწერე ყველას, მაგრამ უპასუხოდ...
  აბა თუ გოგო ხარ, დაიძინე ასეთ ღამეს...
  დილით უთენია წამოვხტი და  ტაქსით იმ საგამოცდო ცენტრს მივაკითხე.
  შიგნით  ვინ შემიშვებდა, ამიტომ გარეთ დაველოდე...

კიდევ კარგი ადრე მოვიდნენ და ...ვიცანი. გვერდით უფროსები ახლდა, მგონი რეგისტრაციაში ცდილობდნენ
გამონაკლისზე  ჩალიჩს...
დაუკითხავად მივედი და ბარათი ხელში  მივაჩეჩე.

ჯერ მე შემომხედა, მერე ბარათს, პირი ყურებამდე ლამის გაეხა სიხარულით  .  გადამეხვია და ჩამიხუტა.
---მადლობა, დიდი მადლობა----სად იპოვე?
სრულიად უადგილო კითხვას მაინც ვერ გაექცა მისი გონება.
--წარმატებები გიგა ---მივაძახე. მეჩქარებოდა, ტაქსი მელოდებოდა.რამდენიმე წუთი და ჩემი რეგისტრაციაც დაიწყებოდა.
---რა გქვია? მაინც წამომეწია.
---მერი---გავიცინე მეც.

საღამოს მე და გიგა უკვე მეგობრები გავხდით, ფეისბუქზე თვითონ მიპოვა.
ასე მგონია ეს აბავი დიდი ხნის წინ მოხდა, რადგან ამ ერთმა  წელიწადმა მე და გიგა სიყვარულამდე დაგვაახლოვა.

ხოდა, წუხელ, "მე ვარ აბიტურიენტზე" დაწერილი პოსტი, ნაპოვნია საგამოცდო ბარათიო,  არ გამკვირვებია, უბრალოდ გამეღიმა და მპოვნელს  ყველაფერი ვასწავლე....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები