ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პროზა
12 ივლისი, 2014


ჩემი ხე (ავტობიოგრაფიული ჩანახატი)

„მარშუტკა“ მალე ივსება. ოზურგეთიდან ჩემს სოფლამდე მისვლას დაახლოებით 40 წუთი სჭირდება. მძღოლს 50 ლარიანს ვაწოდებ.
-ოჰ, შენ ჩაგიბარებია თხილი! სა მაქ ახლა მაგის ხურდა... - შეიცხადებს მძღოლი.
-ბოდიში, თბილისიდან მოვდივარ და დამავიწყდა დახურდავება. -  ვპასუხობ შეწუხებული.
-კაი, ბენზინკალონკასთან გავაჩერებ და დავახურდავებ.
ერთმანეთს ცვლიან ხეები, ღობეები, ოდები და ნალიები, ჩაის პლანტაციები (ისინი, რომლებიც გადაურჩნენ გაჩეხვას და თავიანთი ადგილის თხილის ხეებისთვის დათმობას). გულისცემა მიხშირდება. ბავშვობიდან, ყოველთვის ეს გრძნობა მეუფლება ამ პეიზაჟის დანახვაზე: რომ მხოლოდ აქ არის ყველაფერი ყველაზე ნამდვილი.
მძღოლს კი მგზავრები უჯანყდებიან.
- რა ნელა დადიხარ, ჩვენ მოცლილები კი არ ვართ, ათასი საქმე გვაქ სახლში!
- ნელა სიარული არ ჯობია შვა ზალაში დაწოლას? - არ ეპუება მგზავრებს მძღოლი.
- ნუ გვწყევლი ერთი, შენი ჭირიმე.
- რაის წყევლა, ზინა, პირიქით, ვზრუნავ ჩემს მგზავრებზე.
მძღოლის უკან მჯდომი ბიჭიც ვერ უძლებს გურული იუმორის შემოტევას და  სიტყვაში გამოდის:
- ისე, რა ჯობია შვა ზალაში რომ ხარ გაჭიმული და მთელი საახლობლო რომ გადგას თავზე, ცივ ნიავს არ გაკარებენ!
- გაჩერდით ერთი, რაცხა კაი თქვით, რაის ზალაში წოლა აგიტყდათ კაცო! - შეწუხებული ზინას ხმა წუთით ყველას აჩუმებს. შემდეგ იწყებენ საუბარს ამინდზე, ყანაზე, ნადზე, თხილზე, და სხვა აქტუალურ თემებზე.
ჩემს მიმართ რომ არ გამოიჩინონ ყურადღება, ისე როგორ იქნება. „კაია, რომ ჩამოი... ხომ რჩები ერხანს? რაფერ გეიხარებს ბებიაშენი...“
...
წიფელს ჩვენში წიფელას ეძახიან. ჩვენი წიფელა ძალიან დიდი ხნისაა. "რაც თავი მახსოვს, ეს წიფელა სულ დგას აქ." - ეს ფრაზა ბებიაჩემამდე კიდევ არაერთ წინაპარს უთქვამს. სახლთან არც ისე ახლოსაა წიფელა. სახლის უკან დიდი ყანაა, ყანის მერე პატარა სათხილე. იმ სათხილის უკან ღელეა,  ღელეს რომ გადახვალ, იქ დგას ჩვენი უზარმაზარი წიფელა. სოფელში სულ რამდენიმე დღით რომ ვიყო ჩამოსული, ერთხელ მაინც მოვინახულებ. მის ძირში თითქოს დრო ჩერდება. ღრმად და ფართოდ გაუდგამს ფესვები, ამ ფესვებზე ჩამოვჯდები ხოლმე და შემიძლია ბევრი ვიფიქრო ან უბრალოდ დავისვენო, ფიქრებისგან და ყველაფრისგან.
...
გურული ბიჭი ცხენზე ამხედრებულა, ოღონდ რაინდობაზე კი არ დებს თავს, უბრალოდ, საქმეს სჭირდება ასე. თუმცა მე კი ვამსგავსებ ხოლმე რაინდს ხანდახან.  სპორტდარბაზში სიარული არ სჭირდება, ისედაც ბევრი მუშაობა უწევს  ფიზიკურად.  შედეგად ჭადი და ლობიო არ აკლდება მრავალსულიან ოჯახს, მისი სხეული კი ჯანმრთელი და დაკუნთულია. ვეუბნები, რომ ოთხი დღით ვარ ჩამოსული, ის კი მსაყვედურობს: „სულ აღარ გინდა შენ სოფელი.“  მერე კი, თითქოს თავის თავს ეკამათებაო, ამატებს: „მარა ისე აქაურობა რა საყვარელია, ვერ გაერთობა ადამიანი“...
მას ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოჯდეს წიფელას ფესვებზე და არც კი იცის, რა ბედნიერია... ან იქნებ იცის, მაგრამ არ იმჩნევს...
...
ბებია თავისი ახალგაზრდობის დროინდელ სურათს მაჩვენებს, დაქალებთან ერთად გადაღებულს. სურათს უკან აწერია:
„როცა მოვკვდე და არ ვიყო, და გადვიქცე მიწის ფერფლად,
მაშინ ამით მომიგონე, რომ ვსწავლობდით კლასში ერთად.“
...
ბებია 24 წლის იყო, ბაბუა მასზე 9 წლით  უფროსი. ომიდან რამდენიმე წლის დაბრუნებული იყო  ბაბუა, ერთმანეთს რომ შეახვედრეს. ჩუმად იჯდა  ბებია. არც იცოდა, რა უნდა ეთქვა ასეთ დროს.
-აბა რას იტყვი, თანახმა ხარ? - ჰკითხა ბიძამისმა. მაინც ვერ იღებდა ხმას.
-დუმილი „კი“-ს ნიშანია. - თქვა ბაბუამ და იმ წუთში გადაწყდა ყველაფერი.
უსინათლო დედამთილს, „თავმონაწიერ“ ოთხ შვილს და მთელს ოჯახს  მარტო უვლიდა. “ჩაის ფურცლით გავზარდე ბაღნები, უმაღლესიც მაგით დავამთავრებიე. სულ ვშრომობდით, ჭადიც გვქონდა კარგათ.”
ახლაც მარტო უვლის თავსაც და ცარიელ სახლსაც.
...
სტალინზე სტატიას ვწერ.  ამიტომ მაინტერესებს ძველი თაობის ადამიანების აზრი „დიდ ბელადზე“.
- ბებია, როგორი კაცი იყო სტალინი?
- რა ვიცი, ჭკვიანი კაცი იყო, განათლებული. ისე ახლა არ მოწონარიენ მგონია სტალინი, და საშიში ხომ არაა, ბებია, ამას რომ ვამბობ,  ხომ არ დაგიჭერენ?
მე რომ არ დამიჭირონ, იმის ეშინია, თორემ თავის თავს რას დაეძებს. მეცინება და ვამშვიდებ: „ნუ გეშინია, ბებია, ახლა სხვა დროა, სტალინის დრო ხომ არაა...“
...
ჩემი ხე კი დგას, ამაყი და ბრძენი მოხუცივით. მას არ ეხება მსოფლიოს კატაკლიზმები, არც ომები, შიმშილობა და ავადმყოფობა, მილიონობით ადამიანს რომ იწირავს. არც საქართველოს დაკარგული ტერიტორიები, არც ვინმე მდიდარი მორწმუნე, ერთ წირვას რომ არ ტოვებს და მშიერ ბავშვს გულგრილად ჩაუვლის გვერდით. არც მის ფესვებზე ჩამომჯდარი მე, ჩემი საშინელი არაპრაგმატულობით. მოკლედ, სულ ტოტებზე ჰკიდია წიფელას ყველაფერი, ფართოდ გაშლილ ტოტებზე, მთელს სათხილეს ზემოდან რომ გადმოჰყურებენ. თავისთვის დგას წიფელა, უშფოთველი, საოცრად მაღალი და დიადი.
...
- კალანდას ხომ ჩამოხვალ, ბებია? - მეკითხება. თან პირჯვარს მწერს, გრძელ გზაზე ჩემს მშვიდობით მგზავრობას სთხოვს ღმერთს.
-კალანდას შენ წაგიყვან თბილისში.
-სა შემიძლია ბებია მე აწი თბილისში წამოსლა, ოთხმოცდამეცხრე წელიწადში ვარ.
...
ავტობუსი ოზურგეთი - თბილისი. ისევ ცვლიან ერთმანეთს ჩაის პლანტაციები, ხეები, ღობეები, მთები, ოდები და ნალიები. ზუსტად ვიცი, კალანდას წელსაც ბებიასთან ერთად შევხვდები, ოღონდ ჩემს მწვანე გურიაში კი არა, თბილისში. მართალია ეს ბიჭი, სულ აღარ მინდა მე სოფელი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები