ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2014


მგზავრული...

მიდიხარ, მიგაქვს ტალახიც, ჭუჭყიც
გზების, აკრული ნაცვეთ ლანჩებზე.
ჯერ კიდევ დრო გაქვს, დრო ხარჯო ფუჭად,
სადაც არა სჯობს, იქაც გაჩერდე...
მიდიხარ გზებით მოკლე თუ გრძელი,
არც გრძედი იცი და არც განედი.
შეგიკრავს წლები გზადაგზა ძნებად,
მიმოჩალულებს ჰგვანან გარედან...
ერთი მგზავრი ხარ ზღვის და ხმელეთის,
იყოს გზავნილი მიგაქვს არასთან...
იღბალს თვითონ სჭირს ელეთ-მელეთი,
შენ აბა, როგორ დაგიფარავდა...
მიგაქვს ცხოვრება ზურგზე სახლივით,
წასულ-წამოსულ ყველა ბინადრით.
იცის ტკივილმა თვალის ახელა
მას შემდეგ, ნაცარს როცა მიაყრი...
მიდიხარ პირში ქარებნაცემი,
ზურგსუკან ორმო გრჩება ნაწბილი.
მიმარტოსულობ, ნატვრის ნამცეცებს
შენს ფიქრებს უფშვნი მარტოკაცივით...
ყოფა კი გეშით მოგდევს მტაცებლის,
იქნებ, როგორმე გამოგკრას კბილი...
დრომ ჩამოგიცრა უკვე საცერში,
საქარედ - ქატო, საგზლად კი ფქვილი...
გზა შენზე ადრე იკვალავს სავალს,
შენს გარდა, ბევრი სხვაც რომ გაივლის...
შენ რომ უჩრდილო გეგონა ალვა,
მასაც ჩრდილი აქვს რაღაცნაირი...
მიდიხარ შენი დუმილ-ხმაურით,
და კარგად იცი, ერთი და ის, რომ,
ვერცერთი გზიდან გვერდს ვერ აუვლი
იმ ბედისწერას, შენზე რომ ფიქრობს...
            24.07.14 (ცაციით ნაწერი)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები