ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნენენენე
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2014


"ჩემო"

მე ავად ვარ,სიცხეს შუბლზე ხელით ვიზომავ...როცა ვხვდები რომ მხოლოდ ასეთ დროს მეშინია სიკვდილის,ყელში ბურთი მეჩხირება და ქუჩაში გავრბივარ,არ მიყვარს როცა ვტირი...
ქალაქს თოვლის სუნი ექნება ხვალაც...ვზივარ ოთახში,რომელსაც აივანი აქვს და ვიყურები გარეთ,სადაც ლამპიონის შუქზე თოვლის ფანტელები სხვადასხვა მიმართულებით ეჯახებიან ერთმანეთს.ღრმა ჩასუნთქვით და ამოსუნთქვით ვუსმენ სიჩუმეს,ვფიქრობ,თუმცა რას ეს არავისთვის მომიყოლია...მაგიდაზე მხოლოდ გახუნებული ფოტოები,ჩემი მოუწერელი წერილები და ათასგვარი სულელური რამ დევს...თავი საუკუნოდ მარტო რომ არ მეგრძნო,გამოგიგონე "შენ",რადგან საკუთარმა თავმა ბევრჯერ მიღალატა,რადგან ეგოისტი ვარ...დღეიდან შენზე დავწერ,წერას ყოველთვის ასე დავიწყებ: "ჩემო"...
ვუყურებ სარკეში საკუთარ თავს,ისე, როგორც მხატვრის ძვირადღირებულ,ჩემთვის გაუგებარ ნახატს და მეშინია ჭკუიდან არ შევიშალო..."ჩემო",მე შენ დაგაჯერებ,რომ არაფერია აკრძალული რაც კანონში წერია...დღეს მე გარეთ გამოვიტან და მოგაყრი რაც ჩავყლაპე,წაგართვი,უნებლიეთ რაც ხელს გავაყოლე ან თვითონ გამატანე...მოგონებაში ტივტივებენ ვერჩაკიდებული ხელები,ვადაგასული სურვილები...მე,გამჭვირვალე შუშის კოლბაში ჩაკეტილი ვარ "ჩემო" (აქ ვიღაც მაინც გამოერევა,რომელიც იტყვის, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ)...
ქალაქს თოვლის სუნი ექნება ხვალაც...პარანოია გრძნობების,რომლებიც თითქოს იყო და თითქოს აღარ...იმ დღეს ქუჩაში ვიდექით,ჩემს შავ პალტოს ფიფქები ასველებდა,შენ არ გეხურა ქუდი.ვლაპარაკობდი იმაზე,თუ როგორი სრულყოფილი იქნებოდა სამყარო ჩემს გარეშე ,შენ კი ვერ წარმოგედგინა სრულყოფილი სამყარო ჩემი აზრებისა და მსგავსი საუბრების გარეშე...იცოდი,როგორ მეზიზღებოდა ადამიანები და მჯეროდა რომ ისინი უკანასკნელი დინოზავრებივით გადაშენდებოდნენ...იდექი და მისმენდი,გული გტკიოდა რომ გადაშენების პირას მყოფთაგანში მხოლოდ მე მომიაზრებდი..."ჩემო",გააღე დარაბები და ამოაფურთხე ყელში მომდგარი ტკივილები...
ქალაქს თოვლის სუნი ექნება ხვალაც...ვერ დაგპირდები გადარჩენას,დაგპირდები რომ თავისუფლება მხოლოდ სიკვდილის მერე მოდის და მარტოობაც სიკვდილის შემდეგ სრულდება. წერის დროს ყველა გახსენებულ ტკივილზე ისტერიულად მეცინება და ამ სიცილზე ვიძაბები,ვხვდები რომ გაქცევას არასოდეს ჰქონია აზრი და მაინც დიდი ხნის წინ უნდა გავქცეულიყავი...შენ მე გჭირდები ისეთი როგორიც არასოდეს ვყოფილვარ და ვიქნები,"ჩემო",თვალები ფართოდ გაახილე,ამოისუნთქე და წადი...
ქალაქს თოვლის სუნი ექნება ხვალაც...გამძაფრებულად ვგრძნობ სულის სიმარტოვეს,არ ჩაერიო ჩემს ცხოვრებაში ქირურგიულად,მაცადე,იქნებ ჩემით გამოვჯანმრთელდე,არავის მოუყვე ჩვენზე,განსაკუთრებით ჩემზე,ადამიანებს ლუკმადაც არ ვეყოფი ისე შემჭამენ,გამომხრავენ,ჩემი ნეკნებიც კი არ გაეჩხირებათ ყელში,რომ ნარჩენებად მაინც ამომახველონ..."ჩემო",აბაზანაში შედი და ამოირეცხე ჩემი უგემური,მომწამლავი სიყვარული,წყალს გაატანე,მე კი ქინძისთავებით მივიმაგრებ სხეულზე ტკივილს...მე,ამ ყველაფერს შენ გიწერ.
თავის მარჯვნივ მიბრუნებით ლამპიონების შუქზე ფიფქების დაჯახება გადავამოწმე,საოცარია...ყველა მტვერი,ფიქრი და ემოცია ამოვისუნთქე...
ქალაქს თოვლის სუნი ექნება ხვალაც...გავბანალურდი,იმიტომ რომ დეკემბერია,შენ კი ნუ იქცევ ჰობად ჩემზე ფიქრში გათენებულ ღამეებს,ნუ დგეხარ ემოციებგამომშრალი თვალებით,ვიცი,ყოველთვის გრძნობდი ჩემს მაგივრად გვერდით რომ  სიცარიელე გედგა,მაგრამ მაინც გიყვარდი..."ჩემო",დახიე ჩვენი ერთად გატარებული დრო შენი კედლის კალენდარზე,იბრძოლე სიზმრებში რომლებშიც მხედავ,იბრძოლე რაც შეიძლება მალე გამოგეღვიძოს ...
ქალაქს თოვლის სუნი ექნება ხვალაც...
გემშვიდობები იმ იმედით რომ დედამიწაზე კატაკლიზმები დაიწყება,შენ კი დამპირდი გადარჩენას,დამპირდი რომ,როცა ღამით ციდან პირველი თოვლი წამოვა მე გამიხსენებ. "ჩემო",მე გწერ რომ ერთი სული მაქვს როდის აცივდება,როდის გადაფარავს თეთრი ფერი მთლიანად ქალაქს,ამ ღამეს კი მე ჩამეძინება და სიზმარს ვნახავ სადაც გადავრჩით,მე და შენ თოვლით დაფარულ მხარეში ვცხოვრობთ,გვყავს პატარა თეთრი გოგონა,სახელად ნილუ,აქვს ოქროსფერი თმები,მწვანე თვალები...
მე და ნილუმ დავიხურეთ თბილი  ქუდი და გარეთ გავედით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები