ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პროზა
3 აგვისტო, 2014


***

  ზოგჯერ არსებობს ადამიანთა სულში მიკარგული, უთქმელი, ჩუმი საიდუმლო, რომელიც თავად მისი განმკარგავის ნებას აკონტროლებს, თანაც ისე, რომ არც საიდუმლომ და არც მისმა მმალავმა ერთმანეთის არსებობა არ იციან.
    სიცოცხლე ამ საიდუმლოს გამხელის ჟინია და მეტი არაფერი. ეს თანდაყოლილი სურვილი ისე ეტმასნება კანს, როგორც ზაფხულის წვიმით გაჟღენთილი სამოსი და მისი მოგლეჯა აუტანელ, მიუტევებელ მარტოობას შობს, მარტოობას ახალდაბადებული სულისას სამყაროში, რომელიც თავადაა ის წვიმა, რაც კანიანად გაცლის მხურვალე სიცოცხლის სურვილს.
    გული რომ გაჩერდა, თითქოს სამყარო დაპატარავდა, შემცირდა უსასრულოდ და ისე გაიწელა საგნებმა უჩვეულოდ დიდი ფორმა მიიღეს. სამყაროს გაფართოება ტკივილით დახუჭულ თვალებში მოწრიალე ათასფერი რგოლიდან დაიწყო, მერე გასცდა სხეულს და წვიმისფრად შეღებილ ქალაქს გადასწვდა. სამყარო იმდენად სცადა გაზრდა, რომ ლადოს ცნობიერებამ საზღვრები შემოარტყა და რეალობიდან არ გაუშვა.
    ტკივილი არ უგრძვნია. უფრო სწორად, იმდენად დიდი იყო იგი სხეულმა ვერ დაიჯერა და გაკვირვებულ ორგანოებს არაადამიანურმა შიშმა შემოაჭდო ყინულივით ცივი ხელი.
სახლში იყო ლადო. ბოლოს საკუთარ საწოლს გრძნობდა, უჩვეულოდ გრილი ეჩვენა ზაფხულის სიცხით გავარვარებულს ქვეშაგების საამო სიცივე. ჩაეძინა...

-გიყვარვარ?
-მიყვარხარ.
-დაიფიცე!!!
-შენს თვალებს გეფიცები...
-თვალებს?
-თვალებს... ღმერთმა კაცს სული რომ შთაბერა, თვალები იმ სარკმელად დაუტოვა, საიდანაც მის წაღებას შესძლებდა...
-მაშინ, ტყუილზე შეგიძლია დაიფიცო... ეშმაკურად გაიღიმა ქალმა.
-მხოლოდ შენი არა, მხოლოდ შენი თვალები არა. ვნება მოერია ვაჟს, დიდი მამაკაცური ხელები ნაზად შემოხვია მარიამს და მის თმებში ჩაიძირა. მის სუნში ჩაიძირა. ბალახის სუნი არ უგრძვნია. არც ზაფხულის ხვარტის შემდგომი წვიმით ავარდნილი მიწის ოხშივარი. ეს ქალის სუნი იყო, მარიამის, მისი მარიამის და ამ სურნელს შეეძლო მოეკლა იგი. მისი სიშორე მოკლავდა...

  გული რომ გაჩერდა, ერთად ახმაურდა სხეული. უგულოდ ყოფნა პირველად თვალებმა ვერ აიტანეს და ისე მაგრად ჩაეკონენ ერთმანეთს, ირგვლივ სრული სიბნელე ჩამოწვა. "არასოდეს მეშინოდა სიბნელის, ეს ოხერი. ახლა რა ჯანდაბა მემართება"-ლადო გრძნობდა, რომ შიშმა სუსტად მრთთოლვარე სხეულზეც გამორიყა ყინულივით ცივი ოფლი. ეს სიცივე ჯერ ფეხის თითებს მისწვდა, გადმოლახა მუხლები, შემოუყვა მუცელს და გულამდე რომ მივიდა თავადვე შეშინდა, შიშზე ცივი იყო წამების წინ შეჩერებული გული...

- მიყვარხარ.
-ვიცი.
-ძალიან მიყვარხარ.
-ჰოდა, ძალიან ვიცი. ჩაეღიმა ვაჟს.
მარიამი გაჩუმდა. თავი დახარა, ბიჭის მირთმეული გვირილების გვირგვინი დაიდგა, გაიღიმა და ჩუმად თქვა:
-მართლა თვალებიდან მიყავს ღმერთს ადამიანი თავისთან?
-ჰო. უპასუხა ვაჟმა, მოზიდა ქალი. ორივენი იწვნენ. მკერდზე მიიყრდნო მარიამის თავი და ძალიან ფრთხილად, ნაზად აკოცა სურნელოვან თმებზე.
-მაშინ დავხუჭავ ახლა თვალს და აღარ გავახელ არასდროს. დახურული სარკმელიდან ვერ გამექცევა სული...
-თვალდახუჭულ სიცოცხლეს ჯობია ამაყად ჩახედო თვალებში სიკვდილს.
-ჩემთვის სულ ერთია, ოღონდ შენ იყავი ჩემთან. გულწრფელად, ნაღვლიანად, გაბუტული ბავშვივით წაიჩურჩულა მარიამმა და ვაჟმა ისე მოხუჭა თვალები, თითქოს მართლა ცდილობდა სული სხეულიდან გაპარვას.

  წვიმდა. საშინლად, კოკისპირულად წვიმდა. წვიმამ ჩაახშო ქალაქის მოფრთხიალე გული და უზარმაზარ სევდად დააწვა სახლებს.
-არ წახვიდე.
-უნდა. თავი დახარა ბიჭმა.
-დაბრუნდები?
-არ ვიცი.
-უნდა. გაუღიმა მარიამმა.
-ალბათ. ხელის გულში ჩაეტია გოგონა ვაჟს.
-თვალები დახუჭე და ვერ გიპოვნიან.
-ვინ?
-ტყვიები.
-ჰო.
-გიყვარვარ?
-შენ თვალებს გეფიცები. ჩაიჩურჩულა ვაჟმა. ხელი მოხვია მარიამს, აკოცა ისე ნაზად, რომ პეპლის ფრთებად დააჩნდა ბიჭის ტუჩები მას.
-უნდა დაბრუნდე.
-უნდა...
ტიროდა მარიამი. ის კი წავიდა. წავიდა. წავიდა. წავიდააააააააა...

    ოთხმოცის იყო ლადო. გული გაჩერდა, მაგრამ მაინც არ წყენია. ოთხმოცი წლის მანძილზე არ დაუსვენია გულს და რომ დაფიქრდა შეეცოდა კიდეც ერთგული ორგანო პატრონს.
"როგორ მინდა სიცოცხლე, როგორ მინდა სიცოცხლე..." მაგრამ მაინც მორჩა ყველაფერი. დამთავრდა. სულმა გამოაღწია მტკიცედ დახუჭული თვალებიდან და გაფრინდა. საოცარია, სული აღარ იყო. სული წავიდა, ლადო კი მაინც დარჩა. "რა დამრჩენია ამ ოხერ საწოლში,
გამიშვი კაცო"... ითხოვა. თვალის გახელაც კი სცადა. "იქნებ ბოლომდე ვერ გამოეტია სული",...

-არაფერია ახალი?
-არა გოგონა.
-იქნებ კიდევ ნახოთ.
-მერამდენედ ჩემო კარგო. არაა არაფერი, თორე მე ეგ არ მეწყინოს...
-კარგი.
-ჰო.
-იქნებ ცოცხალია?
-ცოცხალია.
-გმადლობთ ამხანაგო.
სამხედრო გადმოიხარა, ყურამდე მიუტანა ტუჩი მარიამს და ჩასჩურჩულა:
-იქნებ იქით გადავიდა?
-სად?
-იქით.
-ის დეზერტირი არაა. ზიზღით შეხედა მამაკაცს.
-ვინ აკადრებს ბატონო. შეიშმუშნა ფორმიანი. ისე ვთქვი.
-გასაგებია. მადლობთ.
-არაფრის გოგონა.
წამოვიდა. მარტო. წვიმდა.

დიდხანს იწრიალა ლადომ უგულო სხეულში. მთელი დარჩენილი ძალა მიამტვრია და ვერ აიძულა თვალებს გახელილიყვნენ. ბოლოს დაიშალა და ათას ნაწილად მოედო სხეულს. "რა უზარმაზარია ადამიანი შიგნიდან და როგორ ამცირებს მას გარესამყარო." ბოლოს დაიღალა ათას ლადოდ ქცეული ქვეცნობიერი და ისევ გულთან მოიყარა თავი. "ერთი წამით აფეთქდი გულო. მომეხმარე, გამაღწევინე თვალებიდან. თუ აქამდე მემსახურე, ნურც ბოლო გაბრძოლებას დამამადლი." დუმდა გული.

-შემდეგი. უაზრო ხმა განმეორდა დერეფანში.
-თქვენ ხართ?
-მე ვარ.
-სახელი?
-მარიამი.
-იცით ახლა რაც მოხდება?
-დიახ. მაგრამ სულ ერთია. ის წავიდა.
-ვინ?
-ის.
-და სად?
-სხვაგან...
-რატომ?
-თვალების დახუჭვა დაავიწყდა.
ექიმი ვერაფერს მიხვდა. სულ ერთი იყო მისთვის.
-ფეხები გაშალეთ გოგონა.
-ჰო.
" ღმერთმა კაცს სული რომ შთაბერა, თვალები იმ სარკმელად დაუტოვა, საიდანაც მის წაღებას შესძლებდა...". " ღმერთმა კაცს სული რომ შთაბერა, თვალები იმ სარკმელად დაუტოვა, საიდანაც მის წაღებას შესძლებდა...".
-არააა!!! იკივლა მარიამმა.
-ჯერ არაფერი მომხდარა გოგონა. გაიკვირვა ექიმმა.
-ეს ჩემი თვალები არაა.
-რა?
-ეს თვალები მე არ მეკუთვნის და არც სულია ჩემი. ქვითინებდა მარიამი. არაა ჩემი. არც მისია. ჩვენია. ორივესია. მე, მე, მე მარტო... რა სულელი ვარ.
წამოვიდა. მარტო. წვიმდა თბილად, საამოდ.

ტკივილი უცებ მოვარდა. არსაიდან გაჩნდა და მთელი სხეული მოიცვა.
-დამშვიდდი.
-სადაა?
-ვინ?
-ის.
-მოვა.
-უნდა...
-დაწყნარდი შვილო. ისუნთქე მთავარია.
ტკივილი არ მიდიოდა. ისე ჩაეკრა მთელს სხეულს, როგორც სიმწრით დახუჭული თვალები ერთურთს.
-მოდის.
-ჰო.
-გრძნობ?
-მკაცრად.
-მშვენიერია. ახლა ჩაისუნთქე.
ღრმად ჩაისუნთქა მარიამმა და იგრძნო როგორ გაიარა სამყარომ მისი ფილტვები, გაიშალა, გაფართოვდა, მთელი სხეული მოიცვა და რომ ვეღარ დაეტია თვალებს მიაწყდა. მიაწყდა და გამოანგრია. სამყარო სამყაროს დაუბრუნდა და ახალი ნაწილი მიიღო. ხმაურიანი, სიცოცხლით სავსე. სამყარო ტიროდა სიყვარულით, მარიამის ბედნიერებით აღსავსე თვალებით.

-დაიღუპა?
-ჰო.
-ალბათ ვერ გაუძლო.
-რა ალბათ, თავიდანვე იცოდა. დიმიტრი ექიმმა მაშინვე უთხრა.
-და არ გაიკეთა?
-არა.
-რატომ?
-აბა რა ვიცი. არ დამავიწყდება, იმ დღეს რაღაც არეულად საუბრობდა, თვალები მე არ მეკუთვნისო.
-გიჟი იყო?
-გიჟები დაუბადებელი შვილის გამო თავს არ იკლავენ.
-ბიჭია?
-ბიჭია.
-ვიცოდი.
-როგორ?
-ვგრძნობდი.
-სახელი?
-დედამ შეურჩია-ლადო.

უცებ ყველაფერი დალაგდა. წამით შეფრთხიალდა გული. წამით გაიხილა მარცხენა თვალმა და გამოაღწია ლადომ. არ იყო ოთხმოცის. ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ბავშვი რომელიც დედასთან მიდიოდა, მარიამთან...

ზოგჯერ არსებობს ადამიანთა სულში მიკარგული, უთქმელი, ჩუმი საიდუმლო, რომელიც თავად მისი განმკარგავის ნებას აკონტროლებს, თანაც ისე, რომ არც საიდუმლომ და არც მისმა მმალავმა ერთმანეთის არსებობა არ იციან.
სიცოცხლე ამ საიდუმლოს ამოხსნის ჟინია და მეტი არაფერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები