ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რია
ჟანრი: პროზა
19 აგვისტო, 2014


პატარა საოცრებები

- მიკვირს, როგორ გაჩნდით ასე საოცრად ერთნაირი ოთხი ტყუპი? როგორ დაგატარებდათ დედათქვენი ცხრა თვე მუცლით? განსხვავებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მაინც გეცვათ. ვერ ვხვდები, რომელი რომელი ხართ. მატყუებთ, ერთმანეთს რაღაცეებს აბრალებთ, დამცინით. ბიჭებივით ერთნაირად ილანძღებით. მოკლედ, ქაღალდის რგოლები გამოჭერით, სახელები დააწერეთ და მკერდზე დაიმაგრეთ! აღარ მაქვს ნერვები ამდენი მკითხაობით. ერთ დღესაც გული გამისკდება და დარჩებით უპატრონოდ. რას ჩურჩულებთ მანდ? ვინ თქვა ბოიშვილი?
- აი, ამან, მაკუნამ.
- ვინ გითხრა გოგო ეგ სიტყვა?
- ოო, შენც კიდევ! ემზარამ, ბოიშვილი ვიყო ერთმანეთისგან თუ გარჩევდეთო.
- ეგ ვინღაა?
- მოკლე ლოლას შვილიშვილია.

ემზარას დედა მართლა ბოზი იყო. მოსკოვის გამზირზე, ხორცკომბინატის წინ ქონდა ადგილი მონიშნული. იჯდა ბეტონის მოაჯირზე შავ წინდებსა და წითელ პალტოში გამოწკეპილი და კლიენტების მოლოდინში  უმადოდ მიირთმევდა ნავთლუღის ბაზართან ნაყიდ ხაჭაპურს. კისერი ტეხდა თავის ხშირი ტრიალით და თვალები ქონდა დაელმებული მანქანების თვალიერებით.
- არ დაგინახოთ მაგ ემზარასთან!
- გასაგებია! ( ოთხჯერ )
- ყველა ერთად ნუ ლაპარაკობთ!
- არ მინდა საჭმელი, ტკბილი არაფერი გვაქვს?
- მეზიზღება ფაფა.
- ნამცხვრებს რატომ არ გვიცხობ?
- კარაქს მარტო თაფლთან ერთად ვჭამ, არ იცი?

- მუცელზე იფიქრეთ, სხვა არაფერზე. ჩემი ოცნებაა, ისე არ მოვკვდე, დაზრდილები და ნორმალურ ადამიანებად ქცეულები არ გნახოთ. როცა გიყურებთ, თავი უაზრო, უშინაარსო სიზმარში მგონია. მეტირება. რატომ ხართ ასეთები? არაფერი  გაინტერესებთ: არც ცეკვა, არც მუსიკა, არც სპორტი. სწავლაზე აღარაფერს ვამბობ. რატომ არ გამიხმა ენა, თქვენი პატრონობა ჩემს მოვალეობად რომ ჩავთვალე. გული ამიდუღდა, როცა დედათქვენი ქვითინით გადამეხვია, ჩემს ანგელოზებს შენ გაბარებო. რაში სჭირდებათ თქვენს მშობლებს “გრინ ქარდა”? როგორი ტუტუცები, გაუზრდელები და უტვინოები აქ ხართ, ამერიკაშიც ისინი იქნებით. ჩესტერფილდიც ცდილობდა საკადრისი აღზრდა-განათლება მიეცა შვილისთვის, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. იმ ბიჭმა ვერ გაუმართლა მამას იმედები.

- ბლინები მინდა !
- ზრდილობისთვის მაინც იკითხეთ, ვინ იყო ჩესტერფილდი და მის შვილს რა დაეტაკა.
- ვინ იყო? ( ორჯერ )
- მკიდია!
- რაში მაინტერესებს ვიღაცა სირი.
- გამოდით აქეთ, ფანჯრიდან არ გადაცვივდეთ!
- ვაიმეეე!
- ახლა რაღა ხდება?
- ბექას ბებიამ ტრუსიკები გამოფინა.
- მერე?
- იცი რამხელებია?! ბექას რცხვენია და ჩამოხსენიო, ეხვეწება ბებიამისს.
- როგორ მიხვდით რომ რცხვენია?
- ყელს იწევს და მკლავზე ებღაუჭება.
- პარაშუტებიიი!
- ბექააა!
- ავოეე!
- ბებოო!

ლოთ, ქურდბაცაცა და აფერისტ ბორია პივნევს,  გულჩვილი და გულუბრყვილო დიასახლისებისთვის თავის შეცოდების სამი ვარიანტი ჰქონდა მომზადებული:

1. მის დისშვილს თორმეტი წლის ნინო ჯინჭარაძეს სარკომა აქვს და სასწრაფოდ ჭირდება გარკვეული თანხა ოპერაციისთვის. დედა თავზე ადგას. მამა სხვა უბანში დადის დახმარების სათხოვნელად. ( აუცილებელი დეტალი – თვალში ხელის ამოსმა არარსებული ცრემლის მოსაწმენდად.)

2. ავღანეთის ომის მონაწილეა. პენსიას არ იღებს. ურთულესი ოპერაცია აქვს გაკეთებული ხერხემალზე და თეძოზე. თუ გსურთ ნაიარევს გიჩვენებთ. ( ქამრის ვითომდა შეხსნის მცდელობა და პერანგის კალთის ამოჩაჩვა. ) ყველაფერს იღებს: ბოთლებს, ქილებს, პროდუქტებს, ფულს, ნახმარ ტანსაცმელს და ა. შ.

3. სამების ეკლესიისთვის შემოწირულობას აგროვებს. ( პირჯვრის გადაწერა თვალების ჭერში აპყრობით.)

ქალის ხმა:
- ბაზარში მივდივარ. არ მინდა თქვენი წამოყოლა. კარი დაკეტეთ, არავის გაუღოთ! ფარდები არ გადაწიოთ, ბუზები შემოფრინდებიან! ონკანი მოშვებული არ დატოვოთ გუშინდელივით. უკვე მერამდენეთ ჩარეცხეთ ბენდელიანები? გაზი შეამოწმეთ! ტელეფონს ყველა ერთად ნუ მისცვივდებით! ჩემს კრემებს და პომადას ხელი არ დააკაროთ. თქვენ ესენი არ გჭირდებათ, ისედაც ლამაზები ხართ. სამთა თათბირი დაწერილი დამახვედრეთ. არ უნდა გადათეთრება, შევამოწმებ და მერე. არა, არ დარეცხოთ ჭურჭელი. კარგად გიცნობთ, ნახევარს ნამსხვრევებად აქცევთ. სახლიდან ფეხი არ გაადგათ!

ბორიამ კარის სახელური ფრთხილად ჩამოწია. ჯერ თავი შეყო დერეფანში, მერე მთლიანად შევიდა. ბავშვების ხმა ყრუდ ისმოდა მისაღები ოთახიდან. საძინებელში შესვლა არ ღირდა. შეიძლება რომელიმე გამოსულიყო და ქვეყანას შეყრიდა. ალბათ ვაჭრობენო, ნიკაპი მოიქექა და ხარბად შეათვალიერა საკიდზე -ქურთუკები, ჩანთები. ნაქსოვი, ჭრელი ქუდები. უწესრიგოდ მიყრილი ყელიანი ფეხსაცმელები.კარგ ფასად ჩააბარებდა “ბარახლოვკაზე”. მოულოდნელად გოგო გამოვიდა ოთახიდან. ყვითელი ზოლიანი კაბა ეცვა და კრაზანას წააგავდა.

ბორია გაიბადრა:
- ჭუკრი, პატრა გოგო! არ შეგეშინდეს გენაცვალე!
- შემეშინდეს არა! სად მიგაქვს ჩემი კურტკა?
- სამების ეკლესიის მრევლი ვარ, რაღაცეებს ვაგროვებ გაჭირვებულებისთვის. გეძახდით, ვერ გაგაგონეთ. თუ არ გჭირდება მომეცი, რომელიმე უბედურს მაინც გავახარებ.
- მჭირდება. დადე ადგილზე და წადი აქედან!
ბორია დაიბნა. უყურე ამ ლაწირაკს! არავითარი ტირილი, ყვირილი, მეზობლების საშველად მოხმობა. აკანკალებული ხელით შეისწორა მეორადებში ნაყიდი პლაშის საყელო.
- ჰოო, გჭირდება და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს. აჰა, აი, ჩამოვკიდე.
- ფეხსაცმელები? - თავი გაიქნია გოგომ.
- ესენიც, ჩემო კუდრაჭავ, ესენიც.

უბიდან სათითაოდ ამოიღო ფეხსაცმელები. დაიხარა და მოწიწებით მიაწყო კარნიზის ძირში. წელში ოხვრით გაიმართა და თვალს არ დაუჯერა. თეთრი ცხელება ახალი გადატანილი ქონდა. ადრე თუ ორად ეჩვენებოდა ყველაფერი, ახლა ჰალუცინაციები გაუოთხმაგდა. სისხლმა თავში აასხა. ჩემი აღსასრული დადგაო, გაიფიქრა და აქვითინდა. მელოტის დასაფარად საფეთქლებიდან კინკრიხოზე გადმოტანილი თმები გადმოეშალა და კურდღლის ყურებივით დაეკიდა აქეთ-იქით. გოგონები კვდებოდნენ სიცილით. ხელებს მისკენ იშვერდნენ, ერთმანეთს აწყდებოდნენ, კიოდნენ, ფეხებს იქნევდნენ.

იგრძნო როგორ დაებურძგლა ერთი კვირის გაუპარსავი წვერი. ცხვირწინ ქაოტურად დარბოდნენ შავი წერტილები. კარის ჩარჩოს მოეჭიდა ძალაგამოცლილი. ნელა ჩამოცურდა კედელზე. ჩაიკეცა და გულწასული პირაღმა დაეცა. . .

თვალი რომ გაახილა, ჯერ რძისფერი ჭაღი დაინახა, მერე თმაგაჩეჩილი გოგონები. დაჩოქილები სახეში ჩასცქეროდნენ, ვარდისფერ პირებს ფართოდ აფჩენდნენ და წიკვინებდნენ:
- ბიძიაა!
- არ მოკვდე ბიძია!
- ვაიმე ბიძია!
- არ მოკვდე რა ბიძია!!

ბორიამ ძალა მოიკრიბა. გმინვით წამოიწია იდაყვებზე და გადატრიალდა. ღრმად ჩაისუნთქა ნოხიდან ავარდნილი მტვერი. მტრის ზურგში შეპარული მზვერავივით გახოხდა დერეფნიდან ზიგზაგური სვლით.რამდენიმე ღილი  დირეზე დატოვა. კიბის ბაქანზე დაყრილი მზესუმზირას ჩენჩო თან გაიხვეტა და  ძაღლის ბეწვით გამოტენილ ლიფტში გაუჩინარდა.
- ბიძიაა! ( ოთხჯერ ) 

კარზე მიკრული წერილი:
მარიშა ველისაპეტი ეზოში ჩავიტანეთ. გასაღები ფეხის საწმენდის ქვეშ დევს. ჩვენთან მაგარი ამბავი მოხდა დაეცემი. მერე მოგიყვებით. მპა! მპა! მპა! მპა! შენი  გოგოშკები.
             





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები