ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რია
ჟანრი: პროზა
25 აგვისტო, 2014


მზიანი შორეთი

" . . .ზის ქოვბოი ბარში. ბოთლიდან  ყლურწავს ვისკის, კარტს თამაშობს. დროდადრო  ქერათმიან კახპას  გაბზეკილ უკანალზე ხელს უთათუნებს. ვიღაც, უზომოდ მთვრალი, ჭერში ტყვიას ტყვიაზე აჯენს. ბარმენი ძლივს ასწრებს ჭიქების შევსებას და ფულის დათვლას. დაქცეული სასმელების გუბე დგას დახლზე. ვიოლინოს ჰანგებზე თავდავიწყებით ცეკვავენ წყვილები. შოტლანდიურ კაბაზე მოვლებული თეთრი მაქმანები ჰაერში ფრიალებს. ხის იატაკს მტვერი ასდის. ქუსლების ბრაგუნს მიაქვს ყურთასმენა. . .

გადის ქოვბოი ბარიდან დეზების წკარუნით. გზადაგზა ყელზე შემოხვეულ ყელსახვევს ისწორებს. ბარის წინ ბოძზე აღვირით გამობმული ცხენები ჭიხვინებენ და ორთქლი გამოსდით ნესტოებიდან. ქოვბოი იარაღს ისინჯავს. ისედაც გაღუნულ ფეხებს განზე ადგავს, სიგარას უკიდებს და თვალებმოჭუტული ეზოს ათვალიერებს. ხიფათის მომასწავლებელი მუსიკით იმუხტება კადრი. ჰორიზონტამდე პრერიაა გადაჭიმული. . ." 

ნატალიამ ფერადი ძაფის გორგლები ხელსაქმის კალათაში ჩაყარა.

- ბიჭო! - დაუძახა შვილიშვილს.
- რა?
- მაგ ადგილს უკვე მესამედ უყურებ. დაბღვერილი ხარ, წარბშეკრული. ისე დაღამდა, სიტყვა არ გითქვამს. რა ხდება?
- არაფერი.
- კარგი ბატონო, ნუ მეტყვი. შენც ნურაფერს  მკითხავ.
- ოო, დაიწყე ახლა გაბუტვა! მოტრიალდი! რა ხდება ქალბატონო ნატალია და დღეს შენი ძვირფასი შვილიშვილი  მიწასთან გაასწორეს.
- კარგი ერთი! ვინ იყო ის საზიზღარი?
- ვინ და შენი დაქალი თალიკო.
- რაო, რა მინდაო?
- რა უნდა და კაცი.
- ნუ უზრდელობ! მომიყევი!

ბიჭმა ვითომ იარაღი დააძრო. თითზე გადაიტრიალა და რაც კი იყო ოთახში,  დაცხრილა და ნამსხვრევებად აქცია.

- პირველი გაკვეთილი მაგისი გვქონდა. შემოვიდა კლასში და მაშინვე დავალება მოგვცა. სათითაოდ უნდა წაგვეკითხა თითო გვერდი  დიდოსტატიდან. ჩემი რიგიც მოვიდა. რამდენიმე აბზაცი წავიკითხე და გავჩერდი. ბავშვებს გავხედე. ზოგი ჭამდა, ზოგი ჭორაობდა. რამდენიმეს ეძინა. მარტო ნინი მისმენდა გაღიმებული. ეს ქალბატონი ზის. ფიცარივით მკერდზე ხელები აქვს დალაგებული. შუქი სათვალის მინებზე ირეკლება და ვერ ხვდები ვის უყურებს, სძინავს თუ გულწასული სკამზეა მიყუდებული. სიჩუმემ გამოაფხიზლა. რატომ არ კითხულობო, მკითხა. თავი ჩავღუნე. რომელ გვერდზე ხარო. 163-ზე მეთქი. თავისი წიგნი გადაშალა. ჯერ სათვალით ჩახედა, მერე უსათვალოდ და იცი რა გააკეთა?
- რა?- ქსოვა შეწყვიტა ნატალიამ.
- წამოდგა. ხელი ზიზღით გამოიშვირა ჩემსკენ, თითქოს რამდენიმეჯერ ნასამართლევი კრიმინალი ვიყავი და დაიწივლა: უბადრუკო!  ლენჩო! გამოტოვე ეგ ადგილი და შემდეგზე გადადი!
- რას კითხულობდი იმისთანას?
- არსაკიძე ძუძუებში ხელებს რომ უყოფს ვარდისახარს. არ წავიკითხავ, არც შემდეგს და არც იმის მომდევნოს მეთქი. გაშმაგებული მომვარდა. მხარზე ფრჩხილები ჩამასო და დამეჯაჯგურა. დაიხარე, ყურები უნდა აგაგლიჯო! ისეთი აყლაყუდა ხარ, კიბე უნდა მოგიდგა, რომ მოგწვდეო. კიბე თქვენს ქმარს მიუდგით მეთქი.
- სად ყავს ბიჭო ქმარი?
- მაგიტომ ვუთხარი. ერთიანად გალურჯდა. გამოცდაზე ვისი აჯობებს ნახავო. ესე იგი, დედას გიტირებო.
- კარგი ერთი! მაგან მასეთი ლაპარაკი იცის. გამოცდამდე დაავიწყდება.
- ნეტა იცოდეს რა დამცველი ყავს.

ბიჭი აივანზე გავიდა, ტახტზე გულაღმა გაწვა და თავქვეშ ხელები ამოიდო.

- ბე! ბე! მოდი ჩქარა, მოდი! შეხედე ჩემს თითს! ნელ-ნელა ავწევ და თვალი მიაყოლე. ხედავ ერთად შეგროვილ წვრილ ვარსკვლავებს? მარცხნივ გაიხედე! ნახე, ერთი რამხელაა და როგორ კაშკაშებს. რატომღაც მგონია, იქ ხალხი ცხოვრობს. ზის ალბათ ჩემი ტოლი ბიჭი სადღაც, ჩამქრალი კრატერის თავზე. გასცქერის უცბად გაელვებულ კომეტებს. ჩემსავით აოცებს ვარსკვლავებით გადაჭედილი ცა და ისიც ჩემსავით ფიქრობს, რომ რომელიღაცაზე შეიძლება სიცოცხლე იყოს.
- ან შენი ტოლი გოგო, მაგრამ კრატერის თავზე არა.
- სადმე, მაგალითად კოსმოდრომზე.
- კოსმოდრომზე რა უნდა პატარა გოგოს? თუმცა იყოს, არც ეგ არის ცუდი.
- ელაპარაკე ჩვენებს?
- ველაპარაკე.
- როდის ჩამოვალთო?
- რა დროს ჩამოსვლაა, ახლახან არ წავიდნენ? დედაშენს ორი მოხუცი მოუკვდა. მამაშენმა სამუშაო ვერ იშოვა. ვერ სწავლობს ამ იტალიურს და მოკალი. 

ბიჭმა ამოიოხრა.

- არ მიყვარს სოფელი. ისე მომწყინდა, რამის ძაღლივით ვიყმუვლო. ქალაქში მინდა. მომენატრა ჩვენი უბანი, კლასელები, სახლი. როგორ მინდა ყველა ერთად ვიყოთ. ერთ მშვენიერ დღეს ჭიშკარი შემოგვიღოს კეთილმა უცხოპლანეტელმა, მოგვხვიოს ხელი და იმ ხალხთან ერთად, ვინც ჩვენ გვიყვარს და ვისაც ჩვენ ვუყვარვართ, წაგვიყვანოს შორს, ძალიან შორს. . .
- რა სადღეგრძელოსავით თქვი.
- შენ რას ფიქრობ, არის კოსმოსში სიცოცხლე?
- არა, რას ამბობ?! - შეიცხადა ნატალიამ და თვლები დაითვალა ნაქსოვზე.
- დავიჯერო უცხოპლანეტელებზე არ გიფიქრია?
- მაგათზე ფიქრი მაკლდა ზუსტად!
- რა პროზაული ქალი ხარ ბებიაჩემო, რა არის?!

ბიჭი  გადაბრუნდა. პატარა ბავშვივით მოიკუნტა, ორივე ხელი ერთად ამოიდო ლოყის ქვეშ, თვალი რაღაცას გაუშტერა და ჩაეძინა. ნატალიამ ჯემპრის ქსოვა მოამთავრა. უკანასკნელი თვალი გაკვანძა და კბილებით მიაკვნიტა ძაფი. სახელოები ერთმანეთს დაატოლა. სიგრძე და სიგანე შეამოწმა. კმაყოფილი დარჩა. არ შესცივდესო და ზურგზე გადააფარა ბიჭს.

ძალიანაც სჯეროდა ნატალიას უცხოპლანეტელების არსებობა. ამხელა სამყაროში მარტო ჩვენ ხომ არ ვიქნებითო. შეურაცხყოფილსა და იმედგაცრუებულს რამდენჯერ უოცნებია, როგორ შემოეყრებოდა ერთ დღეს იქიდან მოსული, ტანადი, წარმოსადეგი, და უზომოდ ჭკვიანი მამაკაცი, რომელიც  ნატალიას ქალობას, ადამიანობას, მოსიყვარულე გულს იგრძნობდა და დააფასებდა. ეს ადრე იყო. ახლა ნატალია აღარ ოცნებობს. დრომ ყველაფერი გაახუნა და გააფერმკრთალა. ყველაფერს მიეჩვია და შეეგუა.

ჟურნალებიდან ამოჭრილი “ამო"-ს სურათები და სტატიები სხვა გალაქტიკიდან მოსულებზე და საკუთარი ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობები მონდომებით  ჰქონდა ჩაკრული ძველ საკანცელარიო ჟურნალში და  კომოდის ქვედა უჯრაში მალავდა, სადაც საკუბოვედ გადადებული კოხტად დაკეცილი ტანსაცმელი, თეთრეული და ფეხსაცმელები ეწყო. ძაფები, მაკრატელი, წინდის ჩხირები წამოკრიფა და საძინებელში გავიდა. სახლში სიჩუმე იდგა. საშინელი სევდა შემოაწვა გულზე. იქნებ გადამიაროსო და დაგროვილი თეთრეული დააუთოვა. შვილიშვილის პერანგები სათითაოდ დაკოცნა, კოხტად დაკეცა და შეინახა. იატაკი მოწმინდა, ახალი ფარდები ჩამოაფარა. ბოლოს, გულმა არ მოუთმინა და კომოდის წინ ჩამოჯდა პატარა სკამზე. ქვედა უჯრა გამოაღო. ნაფტალინის სუნი დატრიალდა ოთახში. ყველაფერი ამოალაგა. ზოგი მარცხნივ დააწყო ხალიჩაზე, ზოგი -მარჯვნივ. შეყვითლებული ფურცლები კალთაში მოაგროვა. თარიღებს და სათაურებს გადახედა. რაღაცეები აღარ მოეწონა, გადაარჩია,გადახია.
     
წარმოიდგინა, რომ მოკვდა. ლოტოს კოჭივით დაბალმა და ჩამრგვალებულმა მადონამ, სოფელში ყველა მიცვალებულს რომ ბანდა და აწესრიგებდა, ნახა ეს მოთხრობები. გვიან საღამოს, როცა ოთახში მხოლოდ ძალიან ახლობელი ჭირისუფლები დარჩნენ, ლიტერატურული საღამო მოაწყო. როგორც მომხსენებელი კათედრას, ცალი ხელით ისე დაეყრდნო კუბოს და მუხლებამდე ყვავილებში  ჩამდგარმა რამდენიმე მოთხრობა დიდი გრძნობით ჩაუკითხა სახტად დარჩენილ ნათესავებს.

სიცილი წასკდა. რა ოხერი ვარ, რას არ მოვიგონებ ხოლმეო. თვალებზე მომდგარი ცრემლი ხელისგულებით ამოიმშრალა. კიდევ ერთხელ გადაიკითხა ყმაწვილქალობაში დაწერილი პატარა მოთხრობის ასჯერ წაკითხული ფინალი, რომელიც ძალიან მოსწონდა:   
     
"შენს წასაყვანად მოვედიო, უთხრა ვერცხლისფერ სამოსში გამოწყობილმა უცხოპლანეტელმა. მოწიწებით გაუწოდა მკლავი და ბორტზე ააცილა. ქალს  რაღაც გაახსენდა. ილუმინატორს აეკრა და ორღობეში გაშეშებულ თავის მუქთახორა, მოღალატე, პირდაღებულ  ქმარს დამშვიდობების ნიშნად უცხო ქვეყნის პრეზიდენტივით თავაზიანად დაუქნია ხელი.

ხომალდი ადგილს მოსწყდა. გამონაბოლქვის ცხელმა ტალღამ ცალ მხარეს გადააწვინა ბალახები. დამფრთხალი ქათმები კრიახით მიიმალნენ ბუჩქებში. თონეს ამოფარებული ძაღლი ყეფდა და ნაცარში ამოგანგლული კუდი საცოდავად უცახცახებდა. მეზობლის გოგო, შერეკილი ლაილა საერთო ღობის გასწვრივ დარბოდა. თასმებდაცლილ მამაკაცის ფეხსაცმელებს მიაფრატუნებდა და მთელი ხმით ივედრებოდა, მეც წამიყვანეთო. ხომალდმა ირიბი მოძრაობით აიღო სიჩქარე. ვენახების ბოლოში უზარმაზარ კაკლებს კენწეროები წაატეხა, ფრენის ტრაექტორია შეცვალა და ჩამავალი მზით განათებულ შორეთში შხუილით გაუჩინარდა. “

ნატალიამ იგივე თანამიმდევრობით ჩაალაგა უჯრაში ნივთები. მუხლებზე ხელები დაიწყო და კომოდის თავზე ბიჭის სურათს გაუღიმა.

- გენაცვალე! ყველაფერში მე როგორ დამემსგავსე?!


                       
 


 

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები