ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რია
ჟანრი: პროზა
28 აგვისტო, 2014


თხის რქა

ქარი ქრის.
ზურგიდან საკუთარი თმის და საკონდიტროდან გამოვარდნილი ვანილის  სურნელი მცემს. გაჩერებაზე მარტო ვარ. უპატრონო, შავი ძაღლი ჩემს სიახლოვეს წვება. ლამაზ, ჯიშიან თავს თათებზე ასვენებს და ძაღლურ, სევდიან თვალებს არ მაცილებს. მოუსვენრობს, ენას მონდომებით აწკლაპუნებს. შია. მეც მშია.

მარცხენა ხელი თაბაშირში მაქვს. ზედ მკურნალი ექიმის სახელი და მობილურის ნომერი მაწერია. ხვალ ჩემი დაბადების დღეა. მე, როგორც ტრავმირებული იუბილარი საოჯახო საქმეებს ჩამოცილებული ვარ. ჩემი ორი ბებია, ერთი დეიდა და ერთიც მამიდა ახლა დიდ სამზადისში არიან. წვავენ, აცხობენ, ხრაკავენ, ხარშავენ. მამას დიდი ბოციდან ღვინო პატარა ჭურჭელში გადააქვს  და ჩემზე ლაპარაკობენ.- მარტო რატომ გავუშვით პოლიკნინიკაში? წაყოლოდა ვინმე, რამე არ მოიწიოს. თარს რიცხვშია დაბადებული და არამკითხეც ხომ არის და არის. უტარო კოვზივით ყველგან უნდა ჩაეჩაროს. სახლში მშვიდობით მოვიდეს და. . . რაო? არ დავარიგეთ? როგორ არა, კაცო!

ჩამტვრეული მინის ლაწანი მომესმა და მერე ზურგში რაღაც მომხვდა.  მამაკაცის ფეხსაცმელი აღმოჩნდა. იმ ჯარისკაცივით, მოიერიშე თვითმფრინავს რომ ემალება, ნაგვის ბუნკერთან ჩავიცუცქე და თავი მუხლებში ჩავმალე. პირველი სართულის ფანჯრიდან წყევლა-კრულვა, მუდარა და გინება ერთმანეთს ენაცვლებოდა:
- შე დეგენერატო! შე არაკაცო! ახლა გინდა მიმატოვო?
- მანჩო,შენი ბერწი დედა ვატირე! შვილი რომ მინდა ახლა გაიგე?   
- ბავშვი ავიყვანოთ მეთქი რამდენჯერ გთხოვე?
- სხვის  ნაბიჭვარს ვერც გავზრდი და ვერც შევიყვარებ, ვერა! გაიწი იქით, ნუ მეჯაჯგურები! გადაწყვეტილია, მივდივარ. გაიწი, თორემ, მთელს არაფერს  დავტოვებ ამ დამპალ სახლში.

ჯანმრთელი ხელით გისოსებს მოვეჭიდე და ოთახში შევიხედე. ვარდისფერხალათიანი, ოდრი ხეპბერნის მსგავსი, მშვენიერი, საყვარელი, უმწეო, გამხდარი არსება ცრემლებს აღვარღვარებდა. კაცი - გაუპარსავი, მკერდზე და მხრებზე უხვად დაყრილი ბანჯგვლებით, თმაგაბურძგნული, მუხლამდე ტრუსებში ტანსაცმელს აგროვებდა და უზარმაზარ ჩემოდანში ტენიდა. ვცადე გისოსებში თავის შეყოფა. არ გამომივიდა. სამაგიეროდ სხვა რამ მოვახერხე.

- ქალბატონო! აი, ამ გორილასთან თავს როგორ იმცირებთ? სარკეში მაინც ჩაიხედეთ! სად თქვენ, სად ეს. გაუშვით, სადაც უნდა იქ წავიდეს! დიდი- დიდი ერთი კვირა გაძლოს უთქვენოდ. მერე მოხოხდება, დაგიჩოქებთ და ბოდიშს მოგიხდით. ამას როგორ გაყევით ცოლად? დარწმუნებული ვარ, მოგიტაცათ.
მანჩომ ტირილი შეწყვიტა და პირი დააღო.
- მე თქვენ გიცნობთ?
კაცი  დაიბნა და მერე:
- ვინა ხარ, რას ბოდავ? შენი დედა! არ წახვიდე, მანდ დამიცადე! ახლავე გამოვალ . . .

სავარძლებს შორის ჩავარდნილი დაჭმუჭნილი შარვალი ამოგლიჯა და ჩაცმა სცადა. ტოტებში ფეხები გაებლანდა. ჯერ მარცხენა გაყო მარჯვენაში, მერე მარჯვენა მარცხენაში. აშკარად ნასვამი იყო. ცალ ფეხზე დახტოდა, იფურთხებოდა. ხურდა ამოუცვივდა ჯიბიდან. წაიკუზა და ხალიჩაზე დაიწყო თითების ფათური. გავიცინე. ძაღლმა ყურები დაცქვიტა. წამოხტა და ყეფა-ყეფით მიახტა ფანჯარას. ღმუოდა, თათებით ფხოჭნიდა აგურებს და ჩამოსდიოდა დორბლები. ნეტა ამას რა აცოფებდა? კაცმა მეორე ფეხსაცმელი გამომიქანა. ფეხსაცმელი ჩარჩოზე ზუზუნით ასხლტა,უკან შექანდა  და მაგიდაზე დაეცა.
- ბოზო! გამოვალ, მართლა გამოვალ და გაჩვენებ, როგორ უნდა სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა.  მერე, მეორე ხელს წაგატეხავ და ტაქსით გაგიშვებ სახლში.

ამ დაპირებებით ვერ მოვიხიბლე. უკანასკნელად გავხედე მანჩოს. აშკარად შეეტყო მოწკურულ თვალებზე, ჩემი რჩევა ჭკუაში დაუჯდა. დიდი ძალა აქვს სიტყვას! როგორ ავღმოჩნდი მუსიკალური სკოლის ეზოში, ვერ გავიგე. მოხერხებულად გავძვერი მრგვლად გამოჭრილ რკინის ბადეში. მავთულს გამოდებული თვალწასული წინდა მუხლზე ავქაჩე, კაბიდან გამხმარი წიწვები ჩამოვიბერტყე, ის იყო, შვებით ამოვისუნთქე და  ახალგაზრდა ქალმა ხელი გამომიწოდა.

- მოგიკვდეს ჩემი თავი! რა დღეში ხარ, რა მოხდა, რა შეგემთხვა შემოგევლე?

ვერ გავიხსენე ვინ იყო. გულის სიღრმეში შევშფოთდი. ნუთუ ავარიაში ტვინი დამიზიანდა და მეხსიერებაში ჩავარდნები დამეწყო? ყოველი შემთხვევისთვის მოკლედ მოვუყევი, როგორ დაეჯახა ჩემს სამარშრუტო ტაქსს ავტობუსი. სად მოხდა ეს ამბავი და ისიც მოვახსენე, თაბაშირს როდის მომხსნიდნენ. ქალმა გულში ჩამიკრა. თავი მხარზე ჩამომადო და გამვლელ-გამოვლელის გასაგონად ხმამაღლა დამაიმედა:

- ნუ გეშინია ჩემო სულიერო დაო! იცოდე, ღმერთი ზემოდან დაგყურებს და მალე მოგირჩენს მტკივან ხელს. აჰა, წაიკითხე ეს და მიხვდები ვინ იხსნის ჩვენ ცოდვილ სულებს, ვისი წყალობით მოვხვდებით სამოთხეში და ვეზიარებით უკვდავებას. აქედან შეიტყობ ჭეშმარიტი უზენაესის ნამდვილ სახელს.

თაბაშირიდან გამოშვერილ ფერგამკრთალ თითებში რაღაც ფურცლები ჩამიდო და გაქრა.
ძაღლი დაცვასავით დამყვებოდა.

მერე ემა კაზარიანი პურის საცხობის “ფორთოჩკაში”. . .
- გოგოჯან, ისევ გასათხოვარი დადიხარ?! რატომ არ გაყევი ოფელიას იურას? როგორ უყვარდი, გიჟდებოდა შენზე. იქნებოდი ახლა ამერიკაში. დედოფალივით გაცხოვრებდა. სომეხი არ გვინდა სომეხიო, რო გაგიჟდნენ თქვენები. შენს გვარზე გადაიყვანდი და იქნებოდა ისიც ქართველი. რომ იცოდე როგორ ცხოვრობს! ( აქ ფუმფულა მკერდზე დაიდო ხელი. ჰიმნის მოსმენისას რომ იციან ისე ) მაგარი  ბიზნესი აქვს. სამი ბიჭი ყავს და არის ბედნიერი. 

სურათების  პატარა ალბომი. მესამე გვერდზე იურა. მწვანეთვალება, ხუჭუჭთმიანი იურა გაღიმებული დგას “ბენტლის” გამოღებულ კართან. პლანტატორივით მთლად თეთრებშია გამოწყობილი.- პიჯაკზე გადაფენილი პერანგის საყელო, წვეტიანი ფეხსაცმელები, გულისჯიბეში ცხვირსახოცი. კისერზე და მაჯებზე მსხვილი ოქროს ჯაჭვები “ცეპოჩკები”, ნეკზე მასიური ოქროს ბეჭედი.
- ემა დეიდა. . .
- მოიცა, არ დამავიწყდეს! არ იცი, რა შეემთხა ჩვენს მარტინჩიკას?
- არა!
- ახალი ჩასულია ნიუ-იორკში და გზა აებნა. დაიკარგა კაცი. ენა არ იცის, არც ტელეფონი აქვს. მოკლედ, გააჩერა ერთი ახმახი ზანგი და სომხურად ეკიხება, ნეგროჯან, აქა და აქ როგორ უნდა გავიდეო. იმ ზანგმა მარტო ერთი სიტყვა “ნეგრო” გაიგო და გაგიჟდა. დააძრო დანა. გამოეკიდა იმ უბედურ მარტინას და არბენინა ქუჩებში. მხარში დაჭრა. პოლიციამ შეუშალა ხელი, თორემ ყელს გამოჭრიდა.
- წავალ ახლა, მეჩქარება.
- შენი ძაღლია?
- ჩემია.
- პურს ხომ შეჭამს?
- გიჟდება ცხელ შოთზე.
- მაგარი ძაღლი ჩანს. გოგოა?
- კი.
- ლეკვებს რომ დაყრის ერთი მაჩუქე!
- ორს გაჩუქებ. ამდენ ძაღლებს ვერ მოვუვლი.

შორიდან შევნიშნე, ვიღაც ლაწირაკი ჩვენი აივნის ფასადზე რაღაცას ჯღაბნიდა. მივეპარე, პანტურა ყურზე მაგრად ჩავავლე ხელი და დავჭყივლე:
- აჰა, დაგიჭირე?
ფუნჯიანად აეკრა კედელს.
- გამიშვი  რა დეიდა!
- ჯერ პატრულს გამოვიძახებ და მერე გაგიშვებ. რას აკეთებ?
- ცუდს არაფერს.
- რა გქვია?
- თორნიკე.
- თორნიკე, მაჩვენე  რა დაწერე და მე თვითონ დავასკვნი ცუდი გააკეთე თუ კარგი.

ბიჭმა თავი ჩაღუნა და განზე გადგა. ოდესღაც იურას მოძღვნილ, უკვე გახუნებულ წარწერას “ მარი მიყვარხარ“ ერთი ასო შეემატა -“ომარი მიყვარხარ”.
- ვინ დაგარიგა?- სიცილი ძლივს შევიკავე და თაბაშირს ხელი გადავუსვი.
- არავინ.
- მაინც?
- არავინ დედას გეფიცები. მე მოვიფიქრე.
- საღებავი დაგრჩა?
- საღებავი?- დაიბნა და ქილაში ჩაყო ცხვირი.- დამრჩა.
- ეს წარწერა მთლიანად გადაღებე!
- მართლა?
- მართლა.

სადარბაზოში შევედი. ძაღლმა წინ გამისწრო, კიბეები აირბინა და ჩემი ბინის კართან შეჩერდა მოკრძალებული წკმუტუნით.

უი! როგორ მიხვდა სად ვცხოვრობ?
           
                                                     
 


 



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები