 | ავტორი: რია ჟანრი: პროზა 31 აგვისტო, 2014 |
კედელს ზურგით მიყრდნობილი ბიჭი უკვე მეათედ ათვალიერებდა სხვადასხვა ზომის ნაცნობ ილუსტრაციებს: ,,ადამიანის ჩონჩხი და სახსრები”, ,,ადამიანის კუნთები-წინ ხედი, უკანა ხედი”, ,,შინაგანი ორგანოების ურთიერთგანლაგება”. თაროებზე ჩამწკრივებულ მინის ქილებს, სადაც მშვიდად განისვენებდნენ დასპირტული და თვალებგადმოცვენილი გველ-ბაყაყები, შარავანდივით ადგა ფანჯრიდან შემოჭრილი მზის სხივი. ერთ ნახვად ღირდა დარვინის შავ-თეთრი პორტრეტი. ვიღაც ოინბაზს ახრჩოლებული ჩიბუხით და მონოკლით შეემკო დიდი მეცნიერი.
ბიჭს ასაკის შესაფერისი ფანტაზიები აწუხებდა: წარმოიდგინა, ვითომ, ერთმა, ცოცხლად დარჩენილმა გველმა ახადა ქილას თავი, ამოძვრა , თაროზე გაიჭიმა ჭრელი და მბზინავი. მისრიალებდა და სველ კვალს იტოვებდა უკან. მერე იატაკზე ჩამოიგრაგნა. ერთდროულად შემოეხვია სკამის ფეხს და ბიოლოგიის მასწავლებლის გამხდარ კანჭს. კუდი რიტმულად აათამაშა, სისინით გადმოაგდო ორკაპი ენა, შარვლის ტოტში თავი შეყო და...
თითქოს, ფიქრებს კითხულობსო, მასწავლებელმა ბიჭს თვალებში გამცრელად ჩახედა. ბიჭს შერცხვა, თავი ჩაღუნა და ფეხსაცმლის გაქუცული წვერით რიგიდან ამოვარდნილი პარკეტის ნაჭერი გაასწორა. ბიჭის დედას გაწითლებული ხელები მერხზე ეწყო და უზომო მოწიწებით შესცქეროდა მასწავლებელს.
- ბატონო ილო, გთხოვთ, ამის მაგივრად მე მაპატიეთ! ვიცი, ვიცი ცელქია, არ სწავლობს და სისხლს გიშრობთ. რა ვქნა?! ყურადღება აკლია, მთელი დღე გარეთ ვარ გასული, ჩემი მეუღლე უსინათლოა. აბა, ამას სად სდიოს? ორიანი რომ გამოაყოლოთ, სულ წავა ხელიდან.
ბატონმა ილომ ამოიოხრა. გაახსენდა, როგორი მორიდებით შემოვიდა ქალი საკლასო ოთახში და კუთხეში მიაყუდა მძიმე ფუთა. რატომ დავიბარეო ,ინანა და ფანჯარაში გაიხედა. ბებერ ალვის ხეზე საიდანღაც ქარის მოტანილი ზოლიანი ზეწარი აფრასავით იბერებოდა და ტკაცუნობდა. შავი პარკები წინა შენობის სახურავზე ყვავებივით ტრიალებდნენ და ირაოს აკეთებდნენ.
არც მასწავლებელი უჩიოდა ასოციაციების ნაკლებობას. უსინათლოს ხსენებაზე ბრაილი ამოუტივტივდა გონებაში. ბრაილი, ლუი ბრაილი! სამი წლის ასაკიდან ბრმამ, შრიფტი შექმნა უსინათთლოთათვის. მუსიკასაც კი ასწავლიდა. დიახ მუსიკასაც! ამ ბიჭს რა ეშველებოდა, თორემ... - რა ბრძანეთ ქალბატონო? უსინათლო მეუღლე გყავთ? - დიახ ბატონო ილო! -ყურადღებად იქცა მშობელი. ბიჭი ჭერში გაჩენილი ბზარებით დაინტერესდა. - ერთი რამ მინდა გთხოვოთ. სახლში რომ მიიყვანთ, არ სცემოთ. - გეკადრებათ! - ვიცი,სცემთ. - ბატონო ილო! - ქალს ხმა აუთრთოლდა. - ორიანს არ ვაყოლებ. ჩათვალეთ რომ ამ სამიანს თქვენს მეუღლეს ვჩუქნი.
ქალმა ცრემლი მოიწმინდა. მასწავლებელმა პიჯაკის ჯიბიდან რაღაც წამალი ამოიღო და წყლის გარეშე გადააყლაპა. - აქ იმისთვის არ ვართ, რომ ამ ვაჟკაცს სასჯელის რაღაც ზომა გამოვუტანოთ, მაგრამ რაღაცის ან ვიღაცის რიდი და შიში ხომ უნდა ჰქონდეს? ,,ვაჟკაცმა” შვებით ამოისუნთქა და მხრებში გაიშალა. - როგორ მოვიქცე?- დაიბნა მშობელი. - მე არ მიმხელს და იქნებ თქვენ გაგენდოთ. თქვას, სად წაიღო ჩონჩხის ხელის მტევანი.
მშობელი ჯერ, კარადებს შორის აყუდებულ, ცალხელა, კბილებდაკრეჭილ ჩონჩხს შეაცქერდა, მერე მთელი ტანით შეტრიალდა შვილისკენ. -- რა უყავი ხელს ნადირო? ,,ნადირმა’’ გაოცებული სახე მიიღო. - მეე?! არაფერი! - მაშ, ეს პატიოსანი ადამიანი ტყუილად გედავება? სად წაიღე მეთქი? ბიჭმა ჩაისრუტუნა და მზერა წლების წინ გაუქმებულ, ქაღალდებით, ნამწვავებით და გამხმარი ,,კორჟიკებით” გამოტენილ რადიატორს გაუშტერა. - გადააგდე?-წარბი ასწია მასწავლებელმა და თითები მაგიდაზე ააკაკუნა. - არა. - დაამტვრიე? ბიჭმა უკან, ქამარში იარაღივით გაჩრილი, ხმარებისგან ბზინვარებამდე გაპრიალებული ხელი დააძრო და მაგიდის კიდეზე დოქივით შემოდგა. - რად გინდოდა შვილო? - გოგოებს ვაშინებდი. - დაუსკდათ გულები? - არა. - რა შეაშინებდათ, პირველად ნახეს თუ? - მოულოდნელობის ეფექტი მინდოდა გამომეყენებინა. _კარგი ბატონო, გოგოები ვერ დააწიოკე. მერე რატომ არ დააბრუნე? - ვიყენებდი. - რაში იყენებდი ბიჭო?! - ზურგზე მიუწვდომელ ადგილებს ვიფხანდი. მასწავლებელს ცხვირის წვერზე ჩამოუვარდა სათვალე. - აი, კიდევ კარგად ვარ ამისთანების ხელში.
ბიჭმა ვითომ დაირცხვინა. ფეხი რიგრიგობით მოინაცვლა და პერანგის დამოკლებული მაჯები ჩამოიქაჩა. დედას სიბრაზემ ქარიშხალივით სწრაფად და მოულოდნელად გადაუარა და გულში დაიფიცა, არ ვცემო.
მასწავლებელმა სახელმძღვანელო გადაშალა და გვერდებს შუაში ფრთხილად დაუსვა ცერა თითი, ბიჭმა კისერი დაიგრძელა და ცალი თვალი ჩაკრა გაკვეთილის სათაურს: ,,პარკოსან მცენარეთა ბიოლოგიური რიტმი”. მკითხოს ეს ხომ ვიციო, გულზე მოეშვა და აქამდე სარგადაყლაპულივით გაჭიმული ნებართვის გარეშე ჩამოჯდა ზურგმოგლეჯილ სკამზე.
ფანჯრის რაფაზე, სველ ბამბებში გაღივებულ და აყლორტილ ლობიოებში ჩავარდნილი მწვანე ბუზი საცეცეებს ამოძრავებდა და ბზუილით ცდილობდა ფრთების გაშლას. მასწავლებელმა სათვალე მოიხსანა, სინათლეზე გახედა, დააორთქლა, გაწმინდა და ისევ გაიკეთა. იგრძნო, რომ აღარაფერი ჰქონდა დედაშვილისთვის სათქმელი.
საკლასო ოთახის კარი მებუფეტე ლუიზამ შემოგლიჯა. ლამაზი ქალი იყო ლუიზა. მაღალი, ჭრელთვალა. უზომოდ აფეთქებული მკერდი ლამის ამოვარდნოდა გახამებული ხალათის უბიდან. კეკლუცი ხმით იკითხა: - ილო მასწავლებელო მაწონი შეგინახოთ? მასწავლებელს ყურები გაუწითლდა. - როგორც გენებოთ ქალბატონო ლუიზა. - შეგინახავთ. ერთი? ორი? - ორი!
ლუიზამ პერისკოპივით მიატრ-მოატრიალა თავი. სწრაფად შეათვალიერა ყველა და ყველაფერი და გაქრა. ბიჭმა ,,ხელი’’ აიღო, სულის შებერვით გადააცალა უხილავი მტვერი და უხერხულობის დასაფარად იმითი მოიქექა კეფა. ოხ, როგორ უყვარდა ბიჭს ლუიზას გაკეთებული კატლეტები, რაშიც შავი პურისა და ხორცის თანაფარდობა დაახლოებით ასეთი იყო,- 80%-პური, 20%-ხორცი.
საავდრო ღრუბელივით ჩამოწვა სიჩუმე. ბიჭის დედამ დაასკვნა, რომ ახლა აუცილებლად უნდა ეთქვა რაღაც, სულერთია რა. - ბატონო ილო, იცით, მე მამაკაცის შარვლებსაც ვკერავ. თუ გნებავთ... ბატონი ილო დუმდა. - თუ სურვილი გექნებათ... არ იფიქროთ რომ.. ისე, უანგაროდ. ბატონ ილოს არც ამჯერად უთქვამს რამე. - დააბარეთ ბიჭს და...
მასწავლებელს ცუდი ფერი ედო სახეზე. სანთელივით ყვითელ ყურის ბიბილოებში შუქი გასდიოდა. გაფართოებული თვალები ჟურნალისთვის ჩაეშტერებინა და ოდნავ ჩამოვარდნილი ქვედა ტუჩი ციებიანივით უკანკალებდა. ქალი წამოხტა და მკლავზე დაეჭიდა. პირდაღებულ ბიჭს საულვაშეზე ოფლმა დაასხა. ბატონმა ილომ ამოიკვნესა, ერთი მძლავრად დაიხროტინა და უცნაურად დაკრუნჩხული გვერდულად დაეცა. ბიჭმა დაიყვირა და დედას მიეკრა. ქალი არ დაიბნა, ზურგზე დააწვინა. ცალი ხელით უახლოეს მერხს მისწვდა, ვიღაცის ბრტყელი ჩანთა გამოიღო და თავქვეშ ამოუდო. ბიჭი ხელისკვრით მოიცილა. - წადი! გაიქეცი სამასწავლებლოში! სასწრაფოს გამოუძახონ. - დე! დე! ჩემი ბრალი ხომ არ არის, ჰა? ხომ არ მოკვდება? --შენ არაფერ შუაში ხარ შვილო. წადი დროზე! თითოული წუთი ახლა ძვირფასია ამისთვის. გაიქეცი! ჩქარა!
ცოტა ხნის შემდეგ, დერეფნიდან ყურისწამღები ბრაგა-ბრუგი და ყვირილი მოისამა: ბიოლოგია მოკვდაა! ბიოლოგია მოკვდაა!
* ერთადერთი მატარებელი გადიოდა იმ დღეს, იმ მიმართულებით სადაც ბიოლოგიის მასწავლებელი აუცილებლად უნდა წასულიყო, მაგრამ არ იცოდა ვისთან და რისთვის მიდიოდა. მიწისქვეშა გადასასვლელის სანახევროდ ბნელ გვირაბში შეაბიჯა.. ჭუჭყიან კედელთან ჩაცუცქულმა მელოტმა კაცმა მოხალული მიწის თხილი შესთავაზა. ჭიქით იყიდა და ჯიბეში ჩაიყარა. სითბომ სასიამოვნოდ დაუარა მარჯვენა ფერდში. მიდიოდა და ზურგს უკან ესმოდა, როგორ ურევდა კაცი ნავთქურაზე შემოდგმულ თუჯის ტაფას და ყრუდ ახველებდა.
კიბის ძირში შექუჩებული მოქალაქეები ცის პატარა ნაჭერს თვალს არ აცილებდნენ. შემაღლებულზე ცალი ფეხით დაყრდნობილი პოლიციელი გულგრილი გამომეტყველებით აბოლებდა სიგარეტს და ბაქანზე არავის უშვებდა.დაბნეულმა მასწავლებელმა რიგში ძველი მეზობელი შენიშნა, კომუნალური მომსახურების ყოფილი უფროსი. ქალს შავი ხავერდის, წელში გამოყვანილი ჟაკეტი ეცვა. თბილი, თაგვისფერი შარფი ორმაგი ნასკვით ჰქონდა კისერზე გაკრული. წინ გადაუდგა ილოს. - სად მიძვრები, სად? აი ასეთები ხართ ქართველები. რიგი თქვენ არ იცით და წესრიგი.- თქვა და ენით პროტეზი შეისწორა ზედა ყბაზე. - გამიშვით რა ქალბატონო შურა! ძალიან, ძალიან მეჩქარება.-ყელი გამოწია ილომ. - გაიგეთ, რა თქვა?! მეჩქარებაო. როგორ , ჩვენ გასართობად ვართ აქ?!
ახალგაზრდები შედარებით მშვიდად იდგნენ. მოხუცები ყვიროდნენ, იმუქრებოდნენ. თავები უცახცახებდათ, წონასწორობის შესანარჩუნებლად ერთმანეთს მკლავებზე ებღაუჭებოდნენ. ილო მასწავლებელი ატირდა. - ახლა რომ არ გამიშვათ, ხვალ ვერაფრით ვერ წავალ. მეოთხედის ნიშნები მაქვს გამოსაყვანი. შემიბრალეთ! მსუქანმა კაცმა დაიყვირა: - მე, მე, შემიბრალეთ! ავადმყოფი კაცი ვარ. ნაღვლის ბუშტი ამომაჭრეს ამის წინ. გაფითრებულმა ქალმა ცინიკურად გადაიხარხარა: - მე ფილტვების ანთება მქონდა. ყველანი გამოცოცხლდნენ და ერთმანეთს არ აცლიდნენ ლაპარაკს. - მე სიყვითლე მქონდა. - მე ბოტულიზმი. - მე მარილებმა შემჭამეს, ძლივს მოვედი აქამდე. - მე კი ინფარქტი გადავიტანე ორჯერ.
ვიწროთეძოებიანი, ქაჩალი ქალი წინ გამოიჭრა. - შენზე ავადმყოფი და დაუძლურებული მე ვარ, მაგრამ რიგში ჩავდექი. იცი რატომ? სინდისი მაქვს, კულტურა და აღზრდა. ვოტ!- თქვა და ამაყად გადახედა დანარჩენებს. - გიხსნით ადამიანურად. ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მეჩქარება. - ჩვენზე წინ ვერ წახვალ. მაგის იმედი არ გქონდეს. - გამიშვით! -ყელზე ძარღვები დაებერა ილოს. ძალიან მაღალმა და გამხდარმა კაცმა გრძელი მკლავები გაშალა. - არ გაუშვათ! ჯაჭვი შეკარით!
ილომ რიგის გარღვევა სცადა. ვიღაცამ ბეჭებში მუშტი ჩაარტყა გამეტებით. ვიღაცამ შუბლში გაულაწუნა. ჩითისკაბიანმა მახინჯმა ქალმა ქოლგის ტარი ხანჯალივით ატაკა მუცელში. დედას გიტირებთო, დაიყვირა და სოლივით შეიჭრა რიგში. მოხუცებმა თავი ვერ შეიკავეს და აქეთ-იქით გადაიქცნენ. პერანგის კალთები შემოაფხრიწეს. ასაკის კვალობაზე შესაშური ღონე გამოიჩინეს. ერთმანეთს მკლავი მკლავში გაუყარეს და დასახვრეტად გაყვანილი პარტიზანებივით ამაყად გაიჭიმნენ. თმაგაწეწილი შურა მთელი ხმით კიოდა: მცოდნოდა ასეთი ველური გაიზრდებოდი, როგორ გაჩუქებდი ჩემი ძვირფასი კოლიას ნაქონ მედლებს და სამკერდე ნიშნებს!
ერთი შენი ლოთი კოლიას დედაცო, გაბრაზდა ილო და უბიდან ამოყარა შურას საჩუქრები: ,,სსრკ შეიარაღებულ ძალებში სამშობლოს სამსახურისათვის’’, ,,კომუნისტური შრომის დამკვრელის ორდენი’’, ,,შრომითი დიდების III ხარისხის ორდენი’’, ,,ორდენი მრავალწლიანი კეთილსინდისიერი შრომისთვის’’ და ა.შ და ა.შ.
გაცრეცილი, ფერგადასული სამკერდე ნიშნები წკრიალით ჩაგორდნენ ჭუჭყიან საფეხურებზე და წყლის საწრეტ ცხაურში გაუჩინარდნენ, საიდანაც ,როგორც სცენაზე, ორთქლი ბოლქვებად ამოდიოდა და ფილაქანზე თეთრად იფრქვეოდა. ილომ ისარგებლა წუთიერი დუმილით, უცებ, გასხლტა რიგში და ბაქანზე ამოყო თავი. ახალგაზრდა გამცილებელმა, ილოს ყოფილმა მოსწავლემ ,მოხუცებს გზა გადაუღობა. - უკან ,უკან დაიხიეთ! - ყმაწვილო, ის მოქალაქე ურიგოდ მიდის. - დამშვიდდით, ნუ ღელავთ! - ყმაწვილმა ქუდი შეისწორა. - ნუ ვღელავთ კარგია. მანდ რისთვის დაგაყენეს? გამოუშვი უკან! - ტყუილად იშლით ნერვებს. იმ მატარებელმა უკვე ჩაიხრიგინა. ადგილები არ ჰქონდათ და არ გააჩერეს. ჩალმიანმა, ლოყებდაწითლებულმა ქალმა უმისამართო წყევლა გააგზავნა სადღაც. - არ გაიხარონ! - რა გვეშველება! - მალე სათადარიგოს გამოუშვებენ, ეს კაცი კი იყოს აქ. რას გიშლით? ადგილები ბლომად იქნება, ყველანი დაეტევით. ოდნავ დაშოშმინებულმა შურამ ზიზღნარევი სიამაყით გადახედა ილოს და ზურგი შეაქცია.
* ბიოლოგიის კაბინეტის კარებთან შექუჩებული, თვალებანთებული მოსწავლეები ძლივს მოიცილა სასწრაფოს ექთანმა. უკან ექიმი მოყვებოდა, ლამაზი, ახალგაზრდა ქალი. ბავშვები ერთმანეთს ხელს კრავდნენ, კლასში შეხედვას ცდილობდნენ. ხმაურობდნენ. ყოველდღე ხომ არ კვდება სკოლაში მასწავლებელი? - გაიწით, რა დაგეტაკათ?! - გაბრაზდა ექთანი და ერთ ბიჭს უკანალზე მიარტყა წამლების მძიმე ყუთი. - ნელა რა ბებო, რა!- თავი შეურაცხყოფილად იგრძნო ბიჭმა და გოგოებს გახედა. - ვინაა ბიჭო შენი ბებო? გაიწით მეთქი, გითხარით. გაგვატარეთ, გაგვატარეთ!
ილო იატაკზე იწვა. ფიზიკის მასწავლებელი სხვებს ამშვიდებდა. - ყველაფერი კარგად იქნება . მთავარია ადგილიდან არ დავძრათ. დედას ამოფარებული ბიჭი სლუკუნებდა. - დედა, დედა, მითხარი ჩვენ ხომ არ დაგვიჭერენ ჰა? ჩვენი ბრალია? - წადი შვილო გარეთ. აბა, აქ რა გინდა? - შენც წამოდი, მარტო ვერ გავალ. - არა. იქნებ რამე მკითხონ.
ექიმმა ყველაფერი გააკეთა რაც საჭირო იყო. მერე,ექთანს რაღაც გადაუჩურჩულა. ილო რაღაც მონაკვეთს მისჩერებოდა კედელზე პირდაღებული და მძიმედ სუნთქავდა. ცოტა ხნის შემდეგ, მძლავრად ამოიქშინა, მარჯვენა ფეხი იატაკზე გააფართხალა, გაიჭიმა და თვალები ღია დარჩა. ექიმმა გული და საძილე არტერია მოუსინჯა. თავი გააქნია , გათავდაო, თქვა ხმადაბლა და ნატიფი გრძელი თითებით თვალები დაუხუჭა. ფიზკულტურის მასწავლებელმა სპოტული ქუდი მოიხადა. - აი ეს არის მთელი ჩვენი ცხოვრება. წუთია და მეტი არაფერი. - მაწონი შემინახეო, მთხოვა... - იხსენებდა ლუიზა და თვალს არ აცილებდა ფიზკულტურის მასწავლებლის მუხლებთან გამობერილ რეიტუზებს. - უბედურო, უბედურო ილო! – ტიროდა რუსულის მასწავლებელი -ასე უბედურად უნდა მომკვდარიყავი ბიჩო? სკოლის დირექტორი პედაგოგებს ბრალმდებლის თვალით შეაცქერდა - ვთქვი, პენსიონერებმა თავი გაანებონ მეთქი სამსახურს. ვინ დამიჯერა? რამის ჩამქოლეთ და სკოლიდან გამაგდეთ. აჰა! შედეგიც სახეზეა!
ექიმმა სანიტარს საკაცის ამოტანა დაავალა. ყველანი ჩურჩულზე გადავიდნენ. მოულოდნელად, ილო ზომბივით წამოჯდა, თვალები დააჭყიტა, საზარლად დაიხრიალა და ექიმს მაჯაში სტაცა ხელი. ექიმი გაშრა და წამოიკივლა. ბიჭმაც დაიყვირა და კედლს აეკრა. ლუიზამ სახეში შემოირტყა ხელი. ინგლისურის მასწავლებელი, ნაზი და მორიდებული არსება სამაჯურების წკარუნით მერხზე გადაესვენა. შედარებით გამბედავები ილოს შემოეხვივნენ. - ბატონო ილო! - ილო მასწ! - პატივცემულო ილო! - ბიჭო, გვითხარი რამე! - გამიშვით! გთხოვთ! დაწყნარდით! - კანკალებდა ექიმი.
ილო ცვილივით ყვითელ თითებს მაგრად უჭერდა მაჯაზე, ამღვრეული თვალებით თვალებში ჩასცქეროდა. -ნორაა! - ამოიკვნესა. ცოლს ახსენებსო, გადაირივნენ კოლეგები. - ნორა, იცი... საკლასო ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. - ნორა... სიორიძე....... ფიზიკა.. მე მკითხულობსო, დაიბნა ფიზიკის მასწავლებელი და პირდაპირ იატაკზე ჩაჯდა ცალმუხლმოკეცილი. კაბის კალთა გადაეწია და ვენების ბანდაჟი გამოუჩნდა წვივზე. - შენი ჭირიმე ილო! აქ ვარ, აქ! მითხარი რა გინდა? ნუ იძაბები, დაწყნარდი! ოღონდ ამ გოგოს ხელი გაუშვი, ექიმია. ილომ მეტი მონდომებით მიითრია თავისკენ ექიმი. - ნორა, ვკვდები ნორა. მელოდებიან.... შენ უნდა გითხრა, შენ გამიგებ მხოლოდ. ვიცი ,დამიჯერებ. ვინ დამიხუჭა თვალები? - მე...მე.- ძლივს ამოთქვა ექიმმა. - ნორა, მე დავინახე, იქიდან დავინახე. ეს გოგო არის ჩემი სიკვდილი. ექიმმა გაიბრძოლა. - დამშვიდდით! ახლავე გადაგიყვანთ საავადმყოფოში. ოღონდ გამიშვით, მომეცით საშუალება დაგეხმაროთ. - ნორა, ამ ქალბატონმა დამიდასტუროს რომ კბილის იმპლანტანტი აქვს ორივე მხარეს და,- ექიმს მუცელზე შეხედა,- სპირალიც. ექიმი მთელი ხმით ატირდა. ექთანმა ირონიით დაბრიცა ტუჩები. ექიმი ხომ გასათხოვარი, პატიოსანი და უმწიკვლო იყო. ექიმმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია და წელში სიმწრით მოიხარა. - სიორიძე, იცი? როგორც რენტგენის სურათზე, მსგავსი საჩრდილობელი გამოსახულება დავინახე, აი, აქ.- შუბლზე თითი მიიდო.- დავინახე ის ხელი, რომელმაც თვალები დამიხუჭა. ხმას ვერ ვიღებდი, ძვლოვან სისტემას ვხედავდი მხოლოდ. ყველაფერი მესმოდა. ჩემსკენ გამოშვერილ მკლავს ცელის ფორმად აღვიქვამდი. სიკვდილი ის ადამიანია, რომელიც თვალებს დაგვიხუჭავს და ჩვენთან ყველაზე ახლოს იქნება ბოლო წუთებში. დამიჯერე, ასეა! ახლა კი უნდა წავიდე... - გავიგე შე უბედურო, გავიგე. სხივების დიფრაქცია კლინიკურ და ბიოლოგიურ სიკვდილს შორის. - დაახლოებით ასე! -თქვა ილომ და ექიმს ხელი გაუშვა.
ექიმმა მაჯა მოისრისა და გარეთ გავარდა. ქართულის მასწავლებელმა რატომღაც ფანჯრები გამოაღო. აცივდა. მომაკვდავმა წარბი შეიკრა, ნელი მოძრაობით უკან გადაიზნიქა და ოროსანი მოსწავლის – თემურ დვალის ჩანთაზე დაუვარდა თავი. ერთი დიდი, გაბმული ფშვენა ამოუშვა და სულიც ამოხდა.ლუიზამ ხალათი გაიძრო და ნიკაპამდე გადააფარა გარდაცვლილს.. ნორა არ ამდგარა იატაკიდან. მეორედ დაუხუჭეს ილო მასწავლებელს თვალები.
ქუჩაში ისევ დათარეშობდა ქარი. გამხმარ ალვის ხეზე გახლართული ზოლიანი ზეწარი ისევ იბერებოდა აფრასავით და ტკაცუნობდა. დერეფნიდან დერეფანში, კლასიდან კლასში, კიბიდან კიბეზე ისევ დარბოდნენ მოსწავლეები.
ბიოლოგია მოკვდაა! ბიოლოგია მოკვდაა!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ეს ძალიან კარგია, ძალიან! ეს ძალიან კარგია, ძალიან!
12. კარგი იყო:) 5 კარგი იყო:) 5
11. სულ მომწონს და მომწონს ეს რია :)
ცოცხალი ნაწერი იყო, ხელშესახებად ცოცხალი. თითქოსდა უმნიშვნელო დეტალები ისე ავსებს ტექსტს, მაგალითად, "კორჟიკებიანი" რადიატორი...
სულ მომწონს და მომწონს ეს რია :)
ცოცხალი ნაწერი იყო, ხელშესახებად ცოცხალი. თითქოსდა უმნიშვნელო დეტალები ისე ავსებს ტექსტს, მაგალითად, "კორჟიკებიანი" რადიატორი...
10. მართლა კარგია ,ძალიან მომეწონა. მართლა კარგია ,ძალიან მომეწონა.
9. ეს ავტორი უდავოდ ნიჭიერია. ეს ავტორი უდავოდ ნიჭიერია.
8. უზომოდ აფეთქებული მკერდი რამის ამოვარდნოდა -- ლამის
საინტერესო იყო მაგრამ რაღაც აკლდა ( მარილი ? )
4 პლიუსით ( პლიუსი ნიჭს ) :)
უზომოდ აფეთქებული მკერდი რამის ამოვარდნოდა -- ლამის
საინტერესო იყო მაგრამ რაღაც აკლდა ( მარილი ? )
4 პლიუსით ( პლიუსი ნიჭს ) :)
7. რა დროული იყო =)
ძალიან კარგია. მშვენიერი სიუჟეტი, ცოცხალი კადრები, უბრალო დიალოგები, იუმორი
რა დროული იყო =)
ძალიან კარგია. მშვენიერი სიუჟეტი, ცოცხალი კადრები, უბრალო დიალოგები, იუმორი
5. არ ვიცი, თუ სწორად მახსოვს...წაკითხული მაქვს თითქოს, ცოტა განსხვავებული ვარიანტით...:)
არ ვიცი, თუ სწორად მახსოვს...წაკითხული მაქვს თითქოს, ცოტა განსხვავებული ვარიანტით...:)
4. კარგი იყო ) კარგი იყო )
3. საინტერესოდ წერთ. ძალიან მომეწონა. საინტერესოდ წერთ. ძალიან მომეწონა.
2. ყოჩაღ, რია, ბოლომდე საინტერესო იყო, შესრულებულიც კარგადაა. ყოჩაღ, რია, ბოლომდე საინტერესო იყო, შესრულებულიც კარგადაა.
1. ვიტყოდი რომ მშვენიერი ნაწერია... ისეთი კადრებია დაჭერილი,ისე უბრალოდ და ლამაზად დაწერილი,რომ აღფრთოვანებული ვარ, ის იშვიათი შემთხვევაა,როცა შინაარსზე მეტად ავტორის სიღრმისეულმა ხედვამ მომხიბლა.
ჩემგან თქვენ დიდი მოწონება და პატივისცემა :) ვიტყოდი რომ მშვენიერი ნაწერია... ისეთი კადრებია დაჭერილი,ისე უბრალოდ და ლამაზად დაწერილი,რომ აღფრთოვანებული ვარ, ის იშვიათი შემთხვევაა,როცა შინაარსზე მეტად ავტორის სიღრმისეულმა ხედვამ მომხიბლა.
ჩემგან თქვენ დიდი მოწონება და პატივისცემა :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|