ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
28 აპრილი, 2008


ერთი სიყვარულის ისტორია

                                                                (ესეც ნამდვილი ამბავია.მიხარია,დაგვიანებით მაინც რომ შესრულდა მთავარი გმირის სურვილი)
                                                                 

    ჩვეულებრივად ხუთ საათზე გამეღვიძა. თენდებოდა. ჩიტები ერთმანეთს ესალმებოდნენ,მოიკითხავდნენ,ეფერებოდნენ და საოცარი ხმებით ავსებდნენ გარემოს. დღეს ჩემი დაბადების დღეა. 55 წელი უკან დამრჩა. მეტი?თითქმის არაფერი. ძმიშვილები,დიშვილები,და,ძმები,დედა და...სანახევროდ აშენებული სახლი. ადგომა მეზარება,რატომ ნეტა? უკვე მოვხუცდი? თუმც,რომც არ ავდგე,ამით არაფერი არ დაშავდება. ძროხებს დედაც მოწველის და გადადენის ეზოს გარეთ,უჩემოდაც გააგნებენ გზას საძოვრისკენ,თხებს მაინც მოგვიანებით ვუშვებ.რატომღაც მომინდა ჩემს ცხოვრებას გადავავლო თვალი.  რაში შევცდი,რა შევცოდე,რას ვერ მივხვდი,რომ ასეთი ცარიელი წლები არ შემრჩენოდა ხელში?
    ვის გაახსენდება ჩემი დაბადების დღე? დაიკო თინას სულ ახსოვდა ხოლმე...რა უცებ გამოგვეცალა ხელიდან...ყველას პატრონი,ყველას გვერდში მდგომი ის იყო და ჩვენ კი ვერ მივუხვდით,რამხელა ტკივილს მალავდა თურმე. სწრაფმავალი,ავთვისებიანი სიმსივნეო...გაგვანდო და ერთ თვეში მორჩა ყველაფერი. როგორ გვითხრა:
    “მე მაინც არაფერი მიშველის და ზედმეტად რატომ გენერვიულათო.“მის მერე მოტყდა დედაჩემი. 80 წლისაა და რამდენს შრომობს. ახლა დაუჩემებია,თინას ხათუნა მე უნდა გავამზითვოო და ფულს აგროვებს .ალბათ დღესაც ბაზარში წავა. ალუჩა და საადრეო ბალი მომაკრეფინა გუშინ. მას,ჩემზე ამდენი წლით უფროსს აქვს მიზანი:შვილიშვილი უნდა გაამზითვოს,სიძეს საჩუქარი უყიდოს,მე კი...ყველას სიკეთე მიხარია,მაგრამ...ვის მოვუთხრო ჩემს ცხოვრებაზე? მინდა სხვებმაც გაიგონ. იქნებ ვინმეს მაგალითად გამოვადგე...აა,ცირას. ის ხომ ჩვენი მწერალია. წიგნიც ხომ მაჩუქა:“რეზო ძია,კითხვა გიყვართ.წაიკითხეთ და შენიშვნები მითხარითო.“კარგად წერს,გულში ჩამწვდომად. დღესვე ვესტუმრები და...ჩემს ცხოვრებას თვალი უნდა გადავავლო,კრიტიკული თვალი. ეს იქნება საჩუქარი საკუთარი თავისადმი მიძღვნილი. აბა,ჰე,რეზ,ადგომის დროა !
    ცირას გაუხარდა ჩემი სტუმრობა. ეზოძი მდგარ ძელსკამზე ჩამოვჯექით. რომ გაიგო,ჩემი დაბადების დღე იყო,წამოხტა,გადამკოცნა. პატარა მაგიდა გამოიტანა.ხილი,ტკბილეული,ალუბლის არაყიანი ნაყენი მოაყოლა.დედას ხაჭაპურიც გამოაცხობინა.ჩემი თხოვნა რომ მოისმინა,შეიშმუშნა;“აბა,მე რა მწერალი ვარ,მაგრამ სიამოვნებით მოგისმენო“.ჭიქები შევავსე. ცირამ დამლოცა,ცოტა მოსვა და სმენად იქცა.
    მაშ,ასე:მე ოჯახში მეორე შვილი ვიყავი.პატიოსანი,შრომისმოყვარე მშობლები ხუთივე შვილს ასევე გვზრდიდნენ .უფროსი ძმა ძალიან კარგად სწავლობდა ყველა საგანს,მე უფრო ლიტერატურა,ისტორია და გეოგრაფია მიზიდავდა. ძალიან მიყვარდა ცხოველები და სწავლა ზოოვეტერინალურ ტექნიკუმში გავაგრძელე. იქ გავიცანი სლავა. დავძმაკაცდით,უერთმანეთოდ ლუკმა არ გადაგვდიოდა ყელში. მეორე კურსზე ვიყავით კატო რომ გავიცანით. პირველივე ნახვისას მოვიხიბლე. ქერა,გრძელი თმები,ლურჯი,ღრმა თვალები,მაღალი მკერდი ანგელოზს ამსგავსებდა. მალე დავვახლოვდით.თავდავიწყებით შემიყვარდა .არც ის იყო გულგრილი ჩემს მიმართ. სლავას არაფერს ვუმალავდი.ერთხელ სიმთვრალეში მითხრა:შენ რომ არა,კატოს არავის დავუთმობდიო,მაგრამ ამისთვის ყურადღება არც მიმიქცევია.
    მესამე კურსზე რომ ვიყავი ისე,სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამიწვიეს. მაშინ ასეთი კანონი იყო. გინდოდა,არ გინდოდა,უნდა წასულიყავი. ყველაზე მეტად კატოსთან განშორება მიჭირდა. წასვლის წინა დღეს ეკლესიის ეზოში ვიყავით.
    –ხომ არ დამივიწყებ,რეზო?-მკითხა ცრემლჩამდგარმა.
    –რას სულელობ კატო?-გამიკვირდა მე.
    –აი,ჩემს მეზობელს აქ საცოლე ყავდა,წავიდა ჯარში და იქ მეთაურის გოგო შეურთავს. დედისერთაა  და ყველაფერი იმ გოგოსია თურმე.
    -მერე,ვგავარ მე იმ შენს მეზობელს?
    -ჩემმა ბიძაშვილმაც,აქ შეყვარებული ყავდა,მაგრამ ცოლი ჯარში ყოფნისას შეირთო და რუსის ქალი ჩამოიყვანა.
    გამეცინა:
    -ნუ გეშინია,მე შენ არავისში გაგცვლი,ოღონდ შენ არ დამივიწყო.-ხელი გადავხვიე.
    -არ გრცხვენია?მე არა,მაგრამ...შენი მეშინია-ისევ გამიმეორა აკანკალებული ხმით.
    გაოცებით შევხედე. ლურჯი თვალები ცრემლებით ავსებოდა,ლამაზი ტუჩები უკანკალებდა.
    წამოვდექი,ხელი ჩავავლე და ეკლესიისკენ სირბილით გავიყოლე. კარები,რა თქმა უნდა,დაკეტილი იყო,მაშინ კრძალავდნენ რელიგიას. პატარა ,დასაკეცი დანა ამოვიღე,თითზე დავისვი.
    –ღმერთის წინაშე გეფიცები,ან შენ იქნები ჩემი ცოლი,ან ეს მიწა და სისხლიანი თითით მიწაზე ჯვარი გამოვსახე.
    -ეს რა ჰქენი,რეზო?-წამოიძახა მან.თავისი ცხვირსახოცი გახია,თითი გამიწმინდა,შემდეგ კი შემიხვია.
    წავედი .ცხვირსახოცის ის ნახევი და მისი სურათი ავგაროზად მიმქონდა. წასვლისას სლავას ვთხოვე,მიეხედა მისთვის და ჩემს ჩამოსვლამდე დაეცვა.
  ბედის ირონიით სამწლიანში მოვხვდი. თავიდან,სანამ ზღვაში გავიდოდით,ყოველ დღე ვწერდი წერილებს,თვითონაც მპასუხობდა. შემდეგ კი,ჩვენი გემი ოთხი-ხუთი თვით გადიოდა ზღვაში. დაბრუნებისას წერილების დასტას ვაგზავნიდი ხოლმე. საპასუხოდაც საკმაოდ მხვდებოდა,მერე კი...თანდათან იკლო და შემდგომი გასვლიდან დაბრუნებულს არც ერთი წერილი აღარ დამხვედრია. ვის არ მივწერე,რა ხდება-მეთი,მაგრამ  არავინ მიპასუხა,თვით სლავამაც კი.
    ძლივს ჩავამთავრე ის სამი წელი. დავბრუნდი თუ არა,სადგურიდან პირდაპირ სლავასთან სახლში გავემგზავრე. მას ყველაზე უკეთ უნდა სცოდნოდა კატოს ამბავი. მერე მინდოდა,ერთად წავსულიყავით კატოსთან.
    ტაქსით მივადექი ჭიშკარს და მძღოლს მოცდა ვთხოვე,რომ უცებვე კატოსთან წავსულიყავით. მანქანის ხმაზე სლავას დედამ გამოიხედა.ხელში პატარა ბავშვი ეჭირა.
    -რეზო,შვილო! ჩამოხვედი? მოდი,მოდი. სლავა არაა,მაგრამ სტუმრის დახვედრა ჩვენც შეგვიძლია-მომესიყვარულა მარო ბიცოლა.
    -დედი,ვინაა?-გაისმა ნაცნობი ხმა და სანამ გავიაზრებდი,ვის ეკუთვნოდა იგი,კარიდან კატომ გამოიხედა.
    მეგონა,თავზე მეხი დამეცა. იქით ის გაშეშდა,გაფითრდა და...
    -რეზო?!-თითქმის იკივლა.
    მე ხმაამოუღებლივ შევტრიალდი,ტაქსში ჩავჯექი-უკანვე-ძლივს მივუგდე სიტყვა მძღოლს.
  მეგონა,ქვეყანა თავზე დამემხო.ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემთვის. საუკეთესო მეგობარმა და შეყვარებულმა მიღალატეს. თითქოს სასტიკად მეწვოდა ის თითი,მაშინ რომ გავიჭერი...
    სლავას ნახვა არ მიცდია. კატომ,თავისი მეგობრის ხელით წერილი გამომიგზავნა. მინდოდა,უკანვე დამებრუნებინა,მაგრამ მაკამ ისეთი საყვედურით შემომხედა...
    -მე რამოდენა მანძილი გამოვიარე,რომ კატოს ტკივილი შენამდე მომეტანა,შენ კი...-სახლშიც არ შემომყვა,იმავე მანქანით უცებვე გაბრუნდა უკან.
    კარგა ხანს ვერ გავხსენი წერილი.“კატოს ტკივილი შენამდე მომეტანა...“ჩამესმოდა ყურში.
    ნაწერი ალაგ-ალაგ ცრემლებით იყო გადადღაბნილი.
    „რეზო!შენი დანახვა ჩემთვის მეხის დაცემა იყო. მე ხომ შენ ...გამოგიტირე,როგორც მოღალატე,ფიცის გამტეხი,ორპირი...ნუ გიკვირს,ასეთი გახდი ჩემს თვალში ჯარში წასვლიდან ერთ წელიწადში. ჯერ წერილების მოწერა შეწყვიტე,მერე ტელეგრამა გამომიგზავნე;“მაპატიე,სხვა შემიყვარდა“,შემდეგ კი,რამდენიმე სიტყვიანი წერილი(გიგზავნი უკანვე). თავის მოკვლა მინდოდა. სლავა ამომიდგა მაშინ მხარში. მან გადამატანია ის ტკივილი. ვხედავდი მის თავდადებას,სიყვარულს და...მიუხედავად იმისა,ვერაფრით დაგივიწყე,მას გავყევი ცოლად.
    მხოლოდ იმ დღეს მივხვდი,ეს სლავას ოინი იყო,მივხვდი,მაგრამ...უკვე გვიანია...მაპატიე...მშვიდობით...ცუდად ნუ მომიგონებ...“
    მეორე ფურცელი გავშალე და...ჰოი,საოცრებავ,ჩემი ნაწერი:“კატო!რამდენჯერმე ვცადე მომეწერა,მაგრამ ვერ გავბედე. სანამდე დავმალო?ახდა შენი წინასწარმეტყველება. მოხდა ის,რისიც გეშინოდა.  გემის კაპიტნის გოგო შემიყვარდა.ერთი თვეა დავქორწინდით.
    მაპატიე.ბედნიერებას გისურვებ.
                                          რეზო“
    გაოგნებული დავყურებდი ნაწერს. ალბათ კარგი ექსპერტის მეტი ვერავინ დაამტკიცებდა,რომ ის ჩემი ნაწერი არ იყო. ტუჩები დავიკვნიტე.
    სლავა!!!გამახსენდა,როგორ ვვარჯიშობდით,რომ ერთმანეთის კალიგრაფია გაგვეთავისებინა. მე ვერ შევძელი,მან კი სამ თვეში ისე დაიწყო წერა,მეც კი ვერ ვარჩევდი,რომ ჩემი ნაწერი არ იყო...
    რა უნდა მექნა? მომეკლა სლავა?(ისე,ღირსი კი იყო)კატოს უფრო გავაუბედურებდი. მომეტაცნა კატო? ქართველი დედა ამ ნაბიჯს არ გადადგამდა.
    ვცადე,შევგუებოდი ბედს. როგორ არ ცდილობდნენ ჩემები,მაგრამ ვერავინ შევიყვარე. თითქოს მომეწონებოდა გოგო,თითქოს გადავწყვეტდი,რომ...ისევ უარზე ვიყავი. ალბათ ჩემმა ფიცმა შემკრა ასე.
    შვიდი წლის მერე გავიგე,სლავა ავარიაში მოყოლოდა და გარდაცვლილიყო. გადავწყვიტე,კატო შვილებიანად(უკვე სამი ყავდა)წამომეყვანა.
    დედას განვუცხადე:
    -თუ გინდა ჩემი ცოლი ნახო,მომყავს ხვალვე,ოღონდ სამშვილიანი ქალი.
    დედა კინაღან გაგიჟდა,მაგრამ იცოდა,ვერ გადამათქმევინებდა და დილით,ტირილისგან დასიებული თვალებით ნაღვლიანად შემომხედა და მითხრა;
  -მოიყვანე,მოიყვანე.ოღონდ შენ იყავი ბედნიერი და...
    მანქანა სლავას კარებთან დავამუხრუჭე. საყვირის ხმაზე კატო გამოვიდა. შავებში,შავწაკრული. დამინახა და შეტორტმანდა. მე ჭიშკარი შევაღე;
    -კატო,შენთან მოვედი. წამოდი,წამოდი ჩემთან შენი შვილებიანად.
  მას ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. თავი გადააქნია.
  -კატო,სლავას არ ეკუთვნის შენგან თავგანწირვა. გთხოვ,წამოდი. მე შენ ისევ მიყვარხარ.
    უცებ სახლის კარები გაიღო და სამივე ბავშვი გამოჩნდა. პატარა უფროს გოგონას აეტატებინა ხელში.
    კატომ უკან მიიხედა და ისევ თავი გადააქნია.
  კარებში მარო ბიცოლა გამოიხედა.
    -რეზო,შვილო! ნუ დამღუპავ!-განწირული ხმით ამოიქვითინა მან.
    ტყვიანაკრავივით შემოვბრუნდი და...მორჩა.
    ვიცი,კატოს შვილები გაიზარდნენ. მარო ბიცოლა გარდაიცვალა. კატო უკვე ბებიაა,მე კი...არა,ქალები არ მაკლდნენ,მაგრამ...ცოლად ვერავინ მოვიყვანე,გული ვერავის გავუღე. სასმელს მივეძალე,შევეჩვიე...დედა გავაწამე...
    ცირა ცრემლჩამდგარი თვალებით მიყურებდა.
    მერე ჭიქები შეავსო,თავისი აიღო და ათრთოლებული ხმით მითხრა:
  -რეზო ძია,თქვენს ვაჟკაცურ სულს,კეთილ გულს და უჭკნობ სიყვარულს გაუმარჯოს!
    ცოტა ხანს კიდევ ვისაუბრეთ.დამპირდა,მოთხრობას დავწერო. მოსაღამოვდა. წამოვედი. თითქოს სული შემიმსუბუქდა.
    სასიამოვნო ნიავი ქროდა. ისევ ჭიკჭიკებდნენ ჩიტები.
............................................................................................................................
    დილაადრიან კივილმა გამომაღვიძა. დედ-მამა აჩქარებით იცვამდნენ.
  -ნადიას ხმაა,რა მოხდა ნეტავ?-ჩაილაპარაკა მამამ.
  -ღმერთო,აკმარე იმ მოხუც ქალს ერთი შვილის ტკივილი-შესთხოვა დედამ.
  მე დავიზაფრე. ვერ ავდექი.
  მამა მალე დაბრუნდა.
  -რეზო გარდაცვლილა.
  ხმა ვერ ამოვიღე. ტირილი წამსკდა.
  რატომ?რატომ?რატომ?-ეს კითხვა ამეკვიატა. რა ტბილი კაცი იყო. ერთგული,ალალი,ყველას დამხმარე...ან გუშინდელი დღე...თითქოს გრძნობდა აღსასრულს...
  დედა მოგვიანებით თვალებდასიებული დაბრუნდა.
  -ნადიას საცოდაობით აღარა ვარ. ამ უბედურმა ქალმა მეორე შვილი უნდა მიაბაროს მიწას .რა გულით უნდა იცხოვროს? ძილში გაპარულა. ბალიშის ქვეშ გოგოს სურათი უპოვნიათ. ნადიამ,ეს გოგო უყვარდაო. კოსტუმის ჯიბეში კი ,იმ გოგოსთან გადაღებული სურათი და გაცრეცილი წერილი,თითქმის ვერ ამოვიკითხეთ ვერაფერი. ეჰ, რა უკვალოდ ჩაიარა მისმა ცხოვრებამ.
  მე ცრემლები მახრჩობდა. ძალიან,ძალიან შემეცოდა იგი. კაცი,რომელიც სიყვარულის ფიცის ერთგული დარჩა. რომელმაც გულით ამხელა ტკივილი ატარა, რომლის ნდობაც ბოლომდე შეიძლებოდა.
  ახლა მხოლოდ ერთი ფიქრი ამეკვიატა. როგორმე მომეძებნა კატო. მომეთხრო ყველაფერი,დასაფლავებაზე ჩამომეყვანა,რათა მის ცრემლებს უკანასკნელად მაინც გაეთბო რეზო ძიას გული...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები