ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რია
ჟანრი: პროზა
8 სექტემბერი, 2014


დერეკ რეინას შემოდგომა

                                                                                         
                                                                                                                                                                                                                                                                                     
დერეკ რეინამ მასპინძლები მიატოვა და ენაგადმოგდებული ნაგაზის თანხლებით წარაფებს დაუყვა. უამრავი რამ ეკიდა გამხდარ კისერზე: სათვალე, მობილური, ფოტოაპარატი, დურბინდი. ახლა როგორ ეცვა! - წარწერებიანი ყვითელი შორტები, მუხლამდე გეტრები და თასმებიანი ტყავის შავი ბათინკები. ისეთები, პირველი მსოფლიო ომის ამსახველ ქრონიკებში, რომ აცვიათ გერმანელ ჯარისკაცებს. ჭრელი, ყველა ღილზე შეკრული პერანგი და სპორტული ქუდი.
         
- სად არის რეინა?
- თხილს აგროვებს.
- სამაგისო კბილები თუ აქვს, კი ბატონო! რისთვის ჩამოიყვანე, არ გეზარება მაგის დევნა?
- შემჭამა, ჯორჯია მაჩვენეო. დავალებული ვარ, უარი ვერ ვუთხარი. ბინის ქირა გამინახევრა. ცოლი შარშან გარდაეცვალა. ერთი შვილი ყავს, შტატებში ცხოვრობს. მამა არ ახსენდება. სხვაგან მინდოდა გადასვლა, არ მიშვებს. მეცოდება.

აჩიკომ ფერები აურია პალიტრაზე. რაღაც  წაიღიღინა და თემოს გახედა.
- მომიყევი რა, როგორ მომნათლე.
- რამდენჯერ უნდა მოგიყვე?
- გენანება? იქნებ როგორ მიხარია მაგის ხელმეორედ მოსმენა.
- ძლივს მეკავე ხელში. მსუქანი ბავშვი იყავი, კოტორა, მძიმე. ტიროდი, ფეხებს იქნევდი. ვერ გაგაჩერეს. კბილები ამოგდიოდა.
- კბილების ამბავი პირველად მესმის.
- როცა მამაომ მირონი წაგცხო, მაშინ შეირცხვინე თავი. გაგაკანკალა და  ანაფორაზე მიაფსი.
- არაა!
- ჰო!
- რაში გამაბანეს?
-- ემბაზში. იცი როგორი იყო? უძველესი, მაღალფეხიანი, ვერცხლის. იმის ელვარება სანთლების შუქს ჩრდილავდა.
- როგორ გიყვარს გაზვიადება. არ ამაყენო, ორი ფერი გადმომიგდე! ვერცხლისფერი და შავი.
- რა ფერი უნდა გამოიყვანო?
- ვერ აგიხსნი, უნდა შეხედო. ამას რომ დავასრულებ, შენ დაგხატავ.
- არ მინდა.
- რატომ?
- ვიცი რასაც დაარქმევ სურათს.
- რას?
- “ ჩემი სევდიანი ნათლია.”
- როგორ მიხვდი?
- მივხვდი. გული მიგრძნობს, ცნობილი მხატვარი გახდები. ვივლით მე და ჩემი სალო შენს გამოფენებზე. შენი წარმატებებით ვიამაყებთ. თუ ცეცხლის ფასს არ დაადებ, რამდენიმე სურათსაც შევიძენთ.
- ისე გაჩუქებთ კაცო!
- ერთხელ, ორჯერ და ყოველთვის ხომ ვერ გვაჩუქებ?

ქალები გამოვიდნენ ტყიდან. შვინდი მიჰქონდათ ვედროებით. დამწკრივებულები მიდიოდნენ ბილიკზე. რეინამ ყველას გადაუსწრო, შეჩერდითო, ანიშნა და ფოტოაპარატი ააჩხაკუნა. ბამბაზიის ხალათიანი და კალოშებიანი ქალები ადგილზე გაშეშდნენ და  დაჭყეტილები შეაცქერდნენ უცხო ადამიანს. ასე ჩაცმული კაცი ცხოვრებაში არ ენახათ.

რეინა  გამხდარ ქალს თეძოზე შემოდებულ მკლავზე დაეჭიდა. ეტყობა მოეწონა. ლედიო, მიმართა. თვალი თვალში გაუყარა, მოწიწებით დახარა თავი და ხელზე ეამბორა. იყო ცოტა ხანს ასე, წაკუზული, მერე, წელში კრუსუნით გაიმართა და ბაი, ბაის ძახილით ბუჩქებს შეერია. ვინ ოხერია, ვინ არისო, გაგიჟდნენ ქალები და გზა განაგრძეს. ოცი თუ არა, ათი წუთი მაინც იდგა გაუნძრევლად რეინას ყურადღების ობიექტი მხარზე მოგდებული ვედროთი. ქმარსაც კი არ ეკოცნა მისთვის ხელზე! რატო შვინდი არ გადააყარა იმ ქაჩალ თავზე? ეს მიწადასაყრელები შეყრიან ქვეყანას. რა თქვა იმ ბებერმა, ლედიო? ნეტა ლედი რა ჯანდაბაა? ხელზე დაიხედა. ამან უნდა თქვას, ქალი ვარო?
დაშაშრული ხელისგული,
დაკოჟრებული სახსრები,
აყვავებული  და წამოზრდილი ფრჩხილები.
ასეა, ასე, როცა ქალს საკუთარი თავი არ უყვარს.
იყავი რა მოწესრიგებული, რა იცი რა ხდება!

ფოთლებში ირიბად ატანდა მზის სხივი. თემომ სათვალე გაიკეთა. სითბოთი მოთენთილს მალე ჩაეძინა.
 
“. . .ფართო და ნათელ დარბაზში იჯდა სამ მამაკაცთან ერთად. სიგარებს ეწეოდნენ და დაგემოვნებით მიირთმევდნენ ბორდოსფერ ღვინოს. როიალზე ძალიან ლამაზი, წაბლისფერთმიანი ქალი გატაცებით უკრავდა.დროდადრო ტრიალდებოდა და თემოს უღიმოდა. კედელზე დიდი ტილო ეკიდა. შემოდგომის ფერად, ქარვისფერით გაჯერებულ ტყის ფონზე ზურგით იდგა ცალ ფეხს დაყრდნობილი, სიმწიფეში შესული შიშველი ქალი.
საზღვაო ოფოცრის ფორმიან რეინას თემოს მხარზე ედო ხელი და მკაცრი ხმით ეკითხებოდა:
- მითხარი, როგორი შემოდგომაა ეს?
- არ ვიცი.
- გვიანი?
- არ ვიცი.
- ადრეული?
- არ ვიცი, არა! აჩიკომ იცის.
რეინა იარაღს ატრიალებდა და ყვიროდა:
- მაშ, არ იცით არა, როგორი შემოდგომაა? გვიანია, გვიანი. . . “

წმიდა გიორგის ტყეში გადაინაცვლეს. უზარმაზარი მუხის ქვეშ შარშანდელი რკოები, შებოლილი ქვები და ფრინველის ბუმბული ეყარა. ფუღუროს ძირში მიკრულ სანთლის ნარჩენებს ისევ ასდიოდათ ცვილის სურნელი. სიღრმეში ფერგადასული ხატი იყო დაბრძანებული. ცხენის ფლოქვებქვეშ მოქცეული, შუბით განგმირული, წითელწაღებიანი ურჯულო ისე იწვა, როგორც ყანიდან ახლად დაბრუნებული და დასასვენებლად ტახტზე მიწოლილი გლეხი. იწვა და დაჭრილისთვის შეუფერებელი მშვიდი გამომეტყველებით გასცქეროდა სივრცეს.

ხავსმოდებულ ფესვებში გაჩხერილ ჟანგისგან შეჭმულ ჩაის ყუთში უხვად ეყარა საბჭოური ხურდა ფული. ქართული თეთრები,  ბერძნული ხუთდრაჰმიანი არისტოტელეს პროფილით და ნაკეცებზე გახუნებული, ფუნიკულიორის ხედებიანი კუპონები.
- დოლარები მაინც ჩაედოთ.- გული დაწყდა აჩიკოს.
- დადე ადგილზე და წავიდეთ!
- დავათვალიერებ, რა გვეჩქარება.
- მოდი, მოვძებნოთ რეინა. ძაან აცუნდრუკებულია, რამე არ მოიწიოს.
- ყველაფერზე როგორ დარდობ და ნერვიულობ. რა უნდა მოიწიოს, არ გამაგიჟო!
       
რეინა გადასახედის თავზე შეყვითლებულ ბალახებში ჩაჯდა. ზურგით ხეს მიეყრდნო. თხილით სავსე ქუდი მუხლებზე დაუვარდა. ეჰ, დაიღალა! წლებს მაინც თავისი მიაქვს. დაისვენებს და ბიჭებს შეეხმიანება. რა ლამაზია აქაურობა! ქვემოთ, მონასტრის ეზოში ბერები ტრიალებდნენ. ვერცხლისფერი მდინარის თავზე ვერცხლისფრად იძენძებოდნენ ღრუბლები. გაღმა სოფელი ჩანდა. ზემოთ და ზემოთ ჭრელი ტყეები, რძისფერი ნისლი, ქლიავისფერი მთები და ძალიან ლურჯი ზეცა. ფრინველები სამხრეთისკენ მიფრინავდნენ გუნდ-გუნდად. შრიალით სცვიოდათ ხეებს ფერადი ფოთლები. . .

- დერეკ!
შერლი ამოდიოდა აღმართზე. ის კაბა ეცვა, ჩელსის ყვავილების გამოფენისთვის რომ უყიდა.
- შერლი!- გაიხარა დერეკმა და წამოდგომა სცადა.
- აქ რატომ წევხარ ძვირფასო? გაცივდები. -შეიცხადა შერლიმ. ქუდიდან თხილი ამოყარა და დერეკს თავზე დაახურა.- ადექი!
- ვიქნები ცოტა ხანს ასე. ფეხებზე მცივა. აი, მზეს მივეფიცხები და დამთბება.
- არა, რას ამბობ! სახლში წავიდეთ! რომ იცოდე, რა დღეშია ჩვენი ეზო. ქარიშხალი იყო გუშინ. ჰემიშას ბებერი ვაშლის ხეები ჩვენს გაზონებზე გადმოამტვრია. მესერი გადაიქცა.კურდღლები ჩამოდიან ტყიდან. ბოსტნეული და ყვავილები  გადაჭამეს. შენი ხელი აკლია იქაურობას. ადექი, წავიდეთ! მოგეხმარები.
- ახლავე, შერლი, ახლავე! ერთი კადრი დამრჩა. ეს რა დასატოვებელია? ამასაც გადავიღებ და წამოვალ. კარგი საყვარელო?
- კარგი!

დერეკმა ობიექტივში გაიხედა და დააფიქსირა - უზარმაზარი შავი არწივი მოფრინავდა აქეთ. . .     

         
                                                           

 



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები