ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რია
ჟანრი: პროზა
11 სექტემბერი, 2014


მეგველია

აეროპორტის ფოიეში მიიქცია ჩემი ყურადღება. შუახნის ქალის კვალობაზე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. მოდიდან გასული "კარაკულის" შავი ქურქი ეცვა, მუქი  სათვალე ეკეთა და სუვენირების მაღაზიაში შავ ღვინოს ყიდულობდა. გეითში ერთი საათი დავყავით. ქალი წელში ამაყად გამართული დადიოდა რიგებს შორის და მთელი ის დრო ტელეფონზე საუბარს მოანდომა. თვითმფრინავში ჩემს გვერდით მოხვდა. არ მესიამოვნა. ვიფიქრე, როგორც ხნიერ ქალებს სჩვევიათ, გულს გადამიშლიდა.- დაწვრილებით გამაცნობდა ოჯახის წევრებს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვისთან მიდიოდა, საჩუქრად რა მიჰქონდა, ჩურჩხელები რა ფასად იყიდა და ასე შემდეგ.

ჩემი მოლოდინი არ გამართლდა. წნევა აწუხებდა და თითქმის მთელი გზა თვალდახუჭულმა გაატარა. ლანჩის დროს გამოფხიზლდა და საათს დახედა. პირი არაფერს დააკარა. წვენი მოსვა მხოლოდ. დაფრენამდე ნახევარი საათით ადრე ნაქსოვი ქუდი მოიხადა. ხშირი ხვეული თმა შუბლზე ჩამოეშალა. ფეხებთან დაგდებული მოზრდილი ჩანთიდან პატარა შავი ჩანთა ამოიღო. ტკაცუნით გახსნა. იქიდან სარკე, სავარცხელი და ორი სხვადასხვა ფერის პომადა ამოაყოლა ხელს. ჯერ ერთი გადაისვა ლამაზ სავსე ტუჩებზე, მერე- მეორე. თმა გადაივარცხნა, წარბები გადაისწორა. როცა საფუძვლიანად მოწესრიგდა, შემომხედა და გამიღიმა. მოცისფრო, მომწვანო ნუშის ფორმის თვალები ჰქონდა. მეუცნაურა. უზომოდ ზრდილობიანმა სტიუარდესამ “ლენდინგ ქარდები” დაარიგა შესავსებად. ორი მომაწოდა. ერთი თქვენ, მეორე თქვენს  ლამაზ ბებიასო. ქალმა ინგლისური არ იცოდა და იმისი ბარათიც მე შევავსე. ლონდონში მიდიოდა ახლობლებთან საშობაო არდადეგებზე. გვარი და სახელი რომ ვკითხე, მივხვდი ვინც იყო.
           
. . . ძალიან თეთრი სახე. ძალიან წითელი, მსხვილი ტუჩები. ძალიან შავი, ხვეული თმა. წელში გამოყვანილი კაბა და ღრმად ამოღებულ გულისპირზე მძივებით გაწყობილი ვარდი.

ასე გამოიყურებოდა ქალი, რომელსაც ღიად დატოვებული კარიდან ოთახში შევძახოდი. ის კი, ყურადღებას არ მაქცევდა და გულმოდგინედ ილამაზებდა გრძელ ფრჩხილებს. გადაისვამდა ერთ თითზე წითელ ლაქს, უკან გადახრიდა თავს, დახედავდა, შეამოწმებდა ნახელავს. გადავიდოდა მეორე თითზე, მერე მესამეზე და ასე შემდეგ. ნიავი დაქარგულ ჩალისფერ ფარდებს აფრიალებდა ფანჯრებზე.

- მეგველია დეიდა!-მეხუთედ დავუძახე.
წვრილი, გამოქნილი წარბები აწკიპა.
- მესმის, ყრუ არ ვარ. შემოდი და აი, იქ დაჯექი!
შევედი და მითითებულ ადგილზე დავჯექი. ჩემი კედების მტვრიანი ნაკვალევი სამარცხვინოდ აჩნდა  იატაკს. გაოცებული შევცქეროდი ტახტის თავზე გაკრულ ფოჩებიან გობელენს. წითელსამოსიან ჭაბუკს წასვლა უნდოდა. თითქმის ტიტველი ქალი ეხვეოდა, არ უშვებდა, მკლავზე ეკიდებოდა.

მეგველიამ ჩაახველა.
- ქალი ვენერაა. ბიჭი ადონისი. დიდი იტალიელი მხატვრის ტიციანის შედევრია.
არ მოუხედავს, ისე მითხრა.
ჩემთვის უცხო იყო სიტყვები: ადონისი, იტალიელი, ტიციანი, შედევრი.
- მეგველია დეიდა!-ამოვიკნავლე.
- რა გინდა?
- მამიდამ ვანილი და მიხაკ დარიჩინიოო.
- სხვა რამესაც დაგაბარებდა.
- ტორტის ფორმა გვათხოოსო.
- აჰა, გვათხოოსო არა? მამიდაშენს გადაეცი, გამომიგზავნოს ფქვილი, კვერცხი და მე თვითონ გამოვუცხობ ნამცხვარს.

თავი  შეურაცხყოფილად ვიგრძენი. სკამიდან ჩამოვსრიალდი. წასვლა დავაპირე. მეგველია კაბის შრიალით წამოხტა და კეფაზე სიცილით წამომარტყა.

- უყურე ამ ჭიას, რამხელა გული აქვს! დაჯექი ადგილზე! ისე, იცოდე, ელენე მქვია, ელეონორა. მეგველია გვარია ჩემი. შენი რა მიკვირს, მთელი სოფელი მეგველიას მეძახის. ზოგიერთები მეგველოსაც. ეუცხოვებათ ჩემი სახელი. ამათ ყველას მამაპაპური სახელები აქვთ: გოდერძი, ფოთოლა, ელგუჯა, ჟუჟუნა, მაყვალა. . . რა ვქნა, ამ ტეტიების გამო გვარს და სახელს ვერ გამოვიცვლი. როცა სჭირდებათ, ყველას ექიმი, ადვოკატი და ბანკირი ვარ. ჩემს მანქანას ხომ სოფლის ავტობუსივით დააქროლებენ. ვისაც კი ქალაქში ფეხი ჩამოუცდება, ყველა ჩემთან ათენებს და აღამებს. ამის სამაგიეროდ რას ვიმკი?- უმადურობას. ყველაფერი საჭორაოდ აქვთ გადაქცეული: ჩემი ყოფილი ქმრები, ჩემი კაბები, საუბრის მანერა და წარმოიდგინე, ჩემი წარბებიც კი. ისე უნდა დავდიოდე, როგორც ესენი დადიან. - ჭაღარა თმას ერთი სარჭით ვიმაგრებდე, ტალახიანი კალოშიდან თითი მიჩანდეს და კვირაში ერთხელ მაინც მცემდეს ლოთი ქმარი.

ჩემი პირველი ქმარი თვითონ წავიდა ჩემგან. მიღალატა. ვიღაც ფეხებდაგრეხილ გომბიოში გამცვალა. მეორე -ამხანაგებთან ერთად მთვრალი ბანაობდა მტკვარზე და დაიხრჩო. რუსთავში იპოვეს ქვიშაზე გამორიყული. მესამე -ერთ საწარმოში მუშაობდა მთავარ ბუხჰალტრად. დიდი თანხა გაფლანგა. სადაც საჭირო იყო იქ მიაბრძანეს. მეორე წყება ცოლ-შვილი  ყავდა თურმე და იმათ აჭმევდა. გავეყარე.

ხმაგაკმენდილი ვუსმენდი. ის ჩემთვის საოცრება, სასწაული და ყველაზე ლამაზი ქალი იყო მათ შორის, ვისაც ვიცნობდი. ვიგრძენი, როგორ მომძვრა და გადამეყლაპა მორყეული კბილი, დილიდან ენით რომ ვაწვალებდი. მეგველია  აქეთ-იქით დადიოდა ხელების ქნევით. ლაპარაკობდა, ბობოქრობდა. ცხვირში მისი სუნამოს მსუმბუქი სურნელი მცემდა.

- ვფიქრობ ჩენს განვლილ ცხოვრებაზე და ერთ დასკვნას ვაკეთებ. ღირსი ვარ ამდენი გულისტკივილის. მგონი, რაღაც ცოდვისთვის ვისჯები. დიახ, ღირსი ვარ! ჭკუა მაქვს ახლა,  შენისთანა ნამცეცას ასეთ რაღაცეებს რომ ვუყვები? ეჰ, როგორ მინდა ბავშვი ავიყვანო. შენსავით ლამაზი, საყვარელი, პატარა გოგო. გავზრდი, ვასწავლი, არაფერს მოვაკლებ. ამაგს არ დამიკარგავს. მოვკვდები და ცრემლს არ დაინანებს, ხმით დამიტირებს. მინდა, მაგრამ ის ბავშვი მეცოდება, ვინც შეიძლება, რომ ვიშვილო. იცი რატომ? რაც არ უნდა ერქვას, ვინც არ უნდა გამოვიდეს, ვისაც არ უნდა გაყვეს ცოლად, ამათთვის  და ამათი შვილებისთვის მაინც მეგველია და მეგველიას გოგო იქნება. შორს რატომ მივდივართ? მატრაკვეცა მამიდაშენმა რაღაცის სათხოვნელად გამოგაგზავნა და არ დაგარიგა ჩემთვის სახელით მოგემართა.

ვიფიქრე და ბოლოს მოვიფიქრე:
- მეგველია დეიდა, ბოდიში! ასე აღარ დაგიძახებთ.
- კარგი, რაც იყო იყო, დავივიწყოთ! შენზე თქვეს, ჯერ სკოლაში არ დადის და უკვე მშვენივრად წერს და კითხულობსო. მართალია?
- დიახ! - თავი მორცხვად ჩავღუნე და კაბის ბოლო გადავიგრიხე თითზე.
- როგორ გამოგცადო, რა წაგაკითხო ახლა? საბავშვო არაფერი მაქვს.
თაროდან  სქელტანიანი წიგნი ჩამოიღო.
- შეგიძლია ეს ადგილი წამიკითხო? მე ხშირად ვკითხულობ და მეტირება. მსხვილი ასოებით წერია. აბა, ნახე! შეძლებ?
- უჰუ!
- უჰუ და მიდი, დაიწყე!

სავარძელში მოკალათდა. თმები ამაყი მოძრაობით გადაიყარა მხრებზე და გრძელი სიგარეტი გააბოლა. მე ჩალის სკამზე ვიჯექი ფეხებჩამოკიდებული. საკუთარი გულისცემა მესმოდა. თვით მეგველიას სურდა ჩემი გამოცდა! წიგნი მუცელზე მივიბჯინე, მაყვლით გაშავებული საჩვენებელი თითი ნელა გავაყოლე სიტყვებს და ბორძიკით წავიკითხე:

"ცოტა ხნის შემდეგ შხუნა ოკეანეში გავიდა. როდესაც ურსუსი გონს მოვიდა და თავი წამოსწია, გუიმპლენი აღარსად ჩანდა. ჰომო ბაქნის ზედაპირს მისდგომოდა, ზღვას გასცქეროდა და შესაბრალისად ყმუოდა სიბნელეში.”

მეგველიას ხმა აუთრთოლდა. თავზე დამადგა, ხელები ლოყებზე შემოიწყო და ძალიან ჩუმი ხმით მითხრა:
- შენ შემოგევლე, ნიჭიერო!
დიდხანს მკოცნიდა და გულში მიხუტებდა. . .

მშვიდობით დავეშვით ჰიტროუში. რეგისტრაცია გავიარეთ.  ათჯერ მაინც დავაპირე მეთქვა, რომ ვიცნობდი, მაგრამ ათჯერვე გადავიფიქრე. არ ვიცი რატომ. კბილებჩანგრეულმა ინდუსმა რეგისტრატორმა, იასამნისფერი თითები რომ უჩანდა სანდლებიდან, ძალიან გაიკვირვა, მადამმა ინგლისური  არ იცის  და ინგლისში რას მოდიოდაო. შემეცოდა. მეგველია არა, ინდუსი.

ბარგი ავიღეთ. გასასვლელში უამრავი ხალხი ირეოდა. ნაცრისფერ ხალიჩაზე უსიტყვოდ მოვაგორებდით ჩემოდნებს და თვალებით ჩვენს მასპინძლებს ვეძებდით. უცებ, ბარიერს მელოტი, მსუქანი კაცი გადმოეყუდა და ხელების ქნევა დაიწყო.
- მეგველია! აქეთ, მეგველია!

მეგველია  გაწითლდა და  გაიღიმა.
მივხვდი რატომ გაიღიმა.
მეგველია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები