ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რია
ჟანრი: პროზა
16 სექტემბერი, 2014


შავ-თეთრი

მზეს ვეფიცხებით მე, ჯეიმსი და ლეო. ჯეიმსი წითლად გადაღებილ მერხზე ზის, მე- ბორდიურზე. გამვლელ მომსახურე პერსონალს და ყოფილ სამხედრო პირებს ვათვალიერებთ, ვჭორაობთ. მართალი რომ გითხრათ, მე ვათვალიერებ, ის კი ათას რამეს მიყვება. ამჯერად, ფოლკლენდის კუნძულებთან დაკავშირებულ ამბებს მიმხელს  “სრულიად საიდუმლოდ.”

სერ ჯეიმსი, ოთხმოცდაათს მიტანებული ომის ვეტერანი, ორმეტრიანი ალბინოსი, ჩემი დიდი მეგობარია. ყოველ მესამე დღეს მაღალფარდოვანი სიტყვებით დაწერილ ბარათს მიგზავნის მძღოლის ხელით, სადილად მეპატიჟება და მთხოვს ვაცნობო, დესერტად რას ვინებებ. მერე ,ჩემგან იღებს მრავალჯერ გადაწერილ და გადაკითხულ ბარათს. მადლობას ვუხდი წინა სადილზე მიღებული სიამოვნებისთვის, ამისთვის, იმისთვის და ასე შემდეგ. ჩვენ ერთი რამ გვაქვს საერთო - მალე მოვკვდებით.

ლეო ხბოსხელა, ყურებდაცქვეტილი ძაღლია. საოცრად მეტყველი, ირიბად გაჭრილი წაბლისფერი თვალები და ისეთი ადამიანური მზერა აქვს, მრცხვენია, მისი თანდასწრებით მხარზე ჩამოვარდნილი ბრეტელი გავისწორო. მცირე ხმაურზე გიჟდება, ღრენით გვივლის გარშემო, ფილაქანს ფხაჭნის და სირბილის დროს მაღალი ფეხები სასაცილოდ ეგრიხება.

მზე ნელ-ნელა ინაცვლებს გრანიტის სვეტებში და სავალ ნაწილზე ზოლებად იფრქვევა. კვადრატებად დაყოფილ და გაკრეჭილ გაზონზე ომის ღმერთის ქანდაკება ოქოსფრად ელვარებს. ეს ფრინველების სატრანზიტო ადგილია. გადმოიფრენენ ყვავები ყრანტალით, ჩამოსხდებიან ქანდაკებაზე, დაისვენებენ, მოიქექავენ ფრთებს და ცოტა ხნის შემდეგ, შავ გუნდად შეკრულები სამხრეთისკენ გადაიქროლებენ. მერე, მტრედები გვსტუმრობენ. ღუღუნით იკლებენ იქაურობას, ერთმანეთს კორტნიან და ლეოს ყეფით შეშინებულები სახურავებზე იფანტებიან.

მობილურის ზარი გვირღვევს მყუდროებას. ჯეიმსი ფხიზლდება. ტკაცუნით შლის გამხდარ, ბანჯგვლიან მკლავებს და ლამპასებიან შარვალში მიკარგულ ფეხებს.
- ვინ არის?
- ბებიაჩემი.
- რომელი? 
- იზო.
- ოო, ლედი იზაბელ!

"ლედი იზაბელი" ახლა კაკლის ქვეშ, მეზობლის ქალებთან ერთად ლობიოს არჩევს. კალთაზე ძველი კაბიდან შეკერილი წინსაფარი აქვს გადაფენილი. ფსკერზე ნალექმიმხმარი ყავის ჭიქები შორიშორს აწყვია ბალახებში. მუხლებთან გამოხეული ჩემი ჯინსი ისევ აივანზეა გადაკიდული. ჭიშკართან ატუზული, ყოველთვის გასაქცევად მომზადებული ჭკუასუსტი "გლობუსა" ფეხს ითრევს და მეათასედ ყვება, როგორ იყიდეს ბარჯისხევში  უცხოპლანეტელებმა ლეღვის წვენში გავლებული ჩურჩხელები, ძაფიანად გადასანსლეს და დაიხოცნენ.

ცხელა. ბენდენას ვიხსნი და შიშველ თავს ჩრდილისკენ ვწევ. ბენდენა მეზობლის პატარა შაკომ მაჩუქა წამოსვლის წინ. მუქ ლურჯ ნაჭერს ერთი თავის ქალა და ოთხი ობობა ახატია. შაკო ტირილ-ტირილით დამპირდა,- გაიზრდება, გამოიგონებს წამალს, მომარჩენს და ცოლად მომიყვანს. თუ, ჯერ ცოლად  მომიყვანს  და მერე მომარჩენს?

სევდიანი ხმა ჩამესმის:
- ძალიან ლამაზი თავი გაქვს!
ცხელი ცრემლები მაცვივა. უზარმაზარ, ლაპლაპა ფეხსაცმელებზე ვაშტერდები ჯეიმსს.
- კარგით რაა!
თავს ვერ ერევა. გამალებით ახამხამებს თეთრ წამწამებს და შუბლზე მკოცნის.
- რომ შემეძლოს, ჩემს დარჩენილ სიცოცხლეს შენ გაჩუქებდი შვილო.

დარჩენილ სიცოცხლეს? მაინც, რამდენი დარჩა, ერთი, ორი, სამი წელი? სასწრაფოდ ვინასკვავ ბენდენას. შენობების შემაერთებელ თაღქვეშ თეთრებში ჩაცმული ქალი გამოდის, ხელს გვიქნევს და მდაბიურად გვესალმება შორიდან- ჰაია! ეს ამანდაა, ომის ვეტერანთა სახლის უფროსი მენეჯერი. ჯეიმსს თვალში არ მოსდის ყოველთვის მოწესრიგებული, წელში უზომოდ გამართული, ენაწყლიანი, არამკითხე ქალბატონი. ბუზღუნით დგება და სამზარეულოში მიცუხცუხებს  “დაზვერვაზე.” ყოველი თავი საჭმელი და სასმელი მის მაღალ გემოვნებას უნდა აკმაყოფილებდეს.

ამანდა შემთხვევას არ უშვებს ხელიდან და ფასდაუდებელ რჩევებს მაძლევს:
- ძვირფასო, არასდროს, არასდროს ეჩვენო მეუღლეს მოუწესრიგებელი!
- არ მყავს მეუღლე.
- გეყოლება. დავუშვათ, დილის რვაზე ხარ ასადგომი, ადექი ნახევარი საათით ადრე! ეს დრო შენს თავს დაუთმე.  არავითარი ხალათიდან გამოჩრილი  პერანგი და  პიჟამოს ტოტები! ზოგიერთებივით არ დაგემართოს, გათხოვდებიან და მიავიწყდებათ: კრემი, პომადა, სუნამო. მეუღლეს პირდაუბანელი არ ეჩვენო! არ გადაიხარხარო თავის უკან გადაგდებით! რატომ? იმიტომ, რომ ზედა გამოხრული კბილი გამოგიჩნდება.
პირზე ხელს ვიფარებ.
- მე არ მაქვს გამოხრული კბილი.
- ახლა არ გაქვს, მერე გექნება.
მერე!

გვერდზე ექცევა დახვეული პარიკი. საფეთქელთან უშნოდ გამოჩრილი ჭაღარა თმა, ნიკაპზე ხალი, ხალზე ორი გრძელი ბეწვი, სველი ტუჩები, გაუთავებელი ლაპარაკი და თამბაქოსგან გაყვითლებული თითები მაღიზიანებს, გული მიკანკალებს. ჰაერი არ მყოფნის. მინდა წამოვხტე და მთელი ხმით დავიყვირო, სულერთია რა, ნებისმიერი რაღაც. სადანღაც გამოვარდნილი კატა პირით მიარბენინებს აკნავლებულ კნუტს. თვალს ვაყოლებ საით წავა. ოდნავ ვმშვიდდები. . .

ხელს არ ვიღებ კედლიდან ისე მივყვები ფანჯრების რიგს. ბოლო სამი ჯეიმსის მისაღებისაა. გახურებულ ლოყას გრილ მინას ვადებ და ოთახში ვიხედები ირიბად. კედლებზე ჩემი ნახატები კიდია. თითქოს პირველად ვხედავ, ყელში რაღაც მიჭერს და თვალები მენისლება.

“ რუბი ”- შავი ცხენი იასამნების ფონზე.
“ უმცროსი ჯეიმსი ”- უზარმაზარ ღუმელს მიყრდნობილი ამაყი შოტლანდიელი.
“ ლედი ვეჯვუდი ”- უზომოდ გამხდარი მანდილოსანი შავი პირბადით.
“ ჩინელი ტურისტები ”- დაბლები, გახარებულები, თეთრი ქუდებით.
“ ვორვიკი ”- გადასასვლელზე ერთმანეთის მიყოლებით მიმავალი შავკანიანი, ინდუსი და  თეთრკანიანი. 
       
ელმა და მუჰამედი მიტოვებულ  ელექტროსავარძლებს აგროვებენ და თაღქვეშ სიგრძეზე ამწკრივებენ. ელმამ ფატიმას ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი მაჩუქა გასულ კვირას. ჯანმრთელობის ლოცვებიც წამიკითხა პორტუგალიურად. ისეთი მონდომებით, ისეთი გზნებით და რწმენით გამოთქვავდა თითოულ სიტყვას, თითქმის დავიჯერე სასწაულის. ერთ-ერთ სავარძელში ვჯდები. არა, ვეხეთქები. იდაყვებს სახელურებზე ვაყრდნობ. წინწკლავს. თავი ნელ-ნელა მივარდება საზურგეზე.

. . .სადღაც ვარ, მინდორში. ჭიამაიებიანი სარაფანი მაცვია. მჟაუნას და მარწყვს ვაგროვებ. გარშემო მწვანე ანკარები დასრიალებენ. არ მეშინია. არც იმათ ეშინიათ ჩემი. ერთადერთ ხეს ვხედავ შორიახლოს. ხის ძირში საფლავის თეთრი ქვა მოჩანს. შაოსანი ქალი გრძელტარიანი ცოცხით  ქვაზე დაყრილ მიმჭკნარ ყვავილებს გვის. წარწერას ვერ ვარჩევ.
- ქალბატონო, ვისია ეს საფლავი?
- შენი არ არის.
- გთხოვთ!
- შენი არ არის.
ხევიდან ცხვრები ამოცვივდნენ ბღავილით. მარწყვის კონა ტუჩებთან მიმაქვს. ენით აუწერელი, საოცარი სურნელი აქვს.. .

ლეოს  გულისმომკვლელი ყმუილი მაფხიზლებს. შეშფოთებული  ელმა  თვალებში ჩამცქერის და მხარზე  ოდნავ მეხება.
- ძვირფასო, არ  შეგეშინდეს! ჯეიმსი გარდაიცვალა. . .


 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები