ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამ ბეროძე
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2014


არ თხოვდებიან ადამიანები

მე გავთხოვდები -
ოთახის კუთხიდან ავკრეფ საკუთარ თეძოებს,
სხეულში ჩავიბრუნებ დამტვერილ თვალებს,
ჩირივით გამომშრალ ხელებს მივიბამ მხრებზე და
მოგონილი რისხვით დავტუქსავ
ჩემს მოუსვენარ,
თანდაყოლილ ფრთებს.

ჩემი ქმარი არ იქნება გამჭირვალე მეზღვაური,
თეთრი რაში და ბროლის სასახლე დაატყდება
ჩემს მოუმწიფებელ თავს.
საქორწილო პროცესეა ჩატარდება ეკლესიაში,
მეფარება აბრეშუმის თავშალი და
ბეჭდების გაცვლისას არ ვიგრძნობ სისუსტეს.
(ჩემი მუხლები გაუკერპდებიან ცახცახს).
ორკესტრი დაუკრავს რეკვიემს და
ვიდგები მეუღლის მარჯვნივ.
მე ვიქნები ყველაზე ულამაზო,
შეუხედავი დედოფალი
აკინძული ხერხემლითა და
კისერთან ჩამოყრილი
კულულაჭრილი თმებით.

მე არ მექნება პირველი ღამე,
არც სირცხვილის კვირტები დამაყრის ტანზე და
ვერ გამოვისხამ ნაყოფს.
მე არ მეყოლება შვილები, რაგან გავთხოვდი,
საკუთართავმოძულებული,
დაბზარული და გაცრეცილი მიმათხოვეს
მწკლარტე კაცს და
მარტივად შეიძლება, ხელებთან ერთად
გამომიშრეს მკერდი,
გამომიშრეს საკუთარი თავი,
ისევ მომიწიოს ნაწილებად დაშლა და
ამგვარად დამაბრუნონ უკან,
ჩემს დამტვერილ,
ხახადაღებულ სახლში.

დიახ,
მე გავთხოვდები,
გავთხოვდები, როგორც აკვანი,
როგორც წვნიანის თეფში,
სათითე ან საქსოვი ჩხირი...
ყოველ ჯერზე დავიმტვრევ თითებს,
ნაწიბურებზე ავიხსნი ნაკერებს,
ნაბიჯ-ნაბიჯ ჩავიღვრები გუგებში,
ჩამომშრალ ცრემლებს გადავყრი სარკმლიდან და
ჯიუტად გავუმეორებ საკუთარ თავს,
რომ არ თხოვდებიან ადამიანები,
არ თხოვდებიან მთვარის ქალები -
ისინი სხედან ხეებზე და
მიჰყვებიან ფარვანებს,
ისინი იშლიან თმებს და
მიჰყვებიან საკუთარ მეზღვაურებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები