ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რია
ჟანრი: პროზა
22 სექტემბერი, 2014


მთვარის ვახშამი ( ნაწილი I )

არც ჩაშუშული კომბოსტოს,
არც დამპალი  კარტოფილის,
არც ნესტის და ობის,
გარეუბნის ამ  სახლში, ცვილის, ვაშლის ჩირის და გასახმობად გაკიდული პიტნის სურნელი დგას. ირიბად დასერილი ფიჭიდან მაისის თაფლი ოქროსფრად იღვენთება  თიხის ქოთანში. ფუტკრები ზუზუნით აწყდებიან მინებს და დარეტიანებულები რაფაზე ცვივიან. ქარი ჭიშკარზე არახუნებს  ლურსმანზე ჩამოკონწიალებულ აბრას - “სახაზავი სამუშაოები”.

ორი  დღე გადაუღებლად წვიმდა. დენი გაითიშა და დაგვრჩა მობილურები დასატენი. სახლის ყოფილი პატრონი, კაცივით დაკუნთული, მეფუტკრე ნაზი კიბის ბოლო საფეხურზე ზის ჩემთან ერთად. ნაფოტით ისუფთავებს  ტალახიან  ფეხსაცმელებს და მოთმინებით მიცდის. წერილი უნდა გავატანო თბილისში მშობლებთან.

მეორე სართულიდან ყრუდ ისმის ბიძაჩემის განრისხებული ხმა:
- არ გამაგიჟო ბიჭო! ერთსანტიმეტრიან ჭანჭიკს ნახევარმეტრიანი ქლიბით როგორ უნდა მოაცილო ნამეტები? გაატოკე ტვინი! სტანდარტების ცხრილი პირდაპირ კიდია კედელზე. რა ოპერაცია გვაქვს შემდეგ? არ იციი?! მე ნუ მიყურებ, ნუ, ჩახედე ნახაზს! რა არის ეს? დახრა არა, კონუსია. ჩვენ ახლა კონუსური შემოჩარხვა უნდა შევასრულოთ. რა ოპერაცია იქნება? რას გეკითხები, ძაან არ იცოდე. დაწერე და მერე გამოხაზე! ოპერაცია მეოთხე- სახარატო. . .

სანამ, ის უბედური, ერთ კურსზე მეორედ ჩარჩენილი ბიჭი რაღაცას ცოდვილობს, ბიძაჩემი ჩემთვის იცლის.
- რაში გამოგცადო? ამოირჩიე: მათემატიკა, გეოგრაფია,ისტორია . . .
- შემეშვი რა! ასანთი გადმომოგდე, ნაგავი უნდა დავწვა.
გადმომიგდო. დავიჭირე.
- ყოჩაღ! კარგი რეაქცია გაქვს. ზედ რა ახატია?
- აქლემი.
- იცი, სად ცხოვრობენ ორკუზიანი აქლემები?
- ოცხელზე!
- ხე,ხე! ქალბატონო  ნაზიბროლა, კითხეთ ერთი  თქვენს ნორჩ მეგობარს, თუ ახსოვს,ვისი ცხენი იყო აველანტი?
ნაზიმ, მეხიც იმას დაეცეს, რაში გვაინტერესებსო.

დეიდაჩემი დოდო, აქამდე სრუტუნით და ხველებით რომ მაწუხებდა და აზრს მაკარგვინებდა, სამზარეულოდან გამოვარდა ცხვირსახოცის ფრიალით.
- კუზი ამოგივიდეს მაგ ენაზე, კუზი! რატომ არ იღლები ამდენი ლაპარაკით?! დაანებე გოგოს თავი! პირში რადიო გიდგას თუ ტელევიზორი? ნახევარი საათია ყავის ჭიქას ჩავცქერი და ვერაფრით ჩავუღრმავდი. ჩვენ აქ დასასვენებლად ვართ. ჩასწვდი? ცოლი მოიყვანე დროზე, შენც დაისვენე და ჩვენც დაგვასვენე!

მესამე ფინჯანი ყავის შემდეგ დოდომ გულზე წაივლო ხელი და ფარდაგგადაფარებულ ვიწრო ტახტს დაემხო. მეზობელმა ექიმი მოიყვანა, საოცარი გარეგნობის და გაურკვეველი ასაკის ქალი. ცეცხლისფერი, ხვეული თმა, თეთრი, სუფთა სახის კანი და დიდი ალუჩისფერი, მეტყველი თვალები ქონდა. ვიწრო, ბოლოში ზარივით გაშლილი  კაბა ეცვა. სახელიც უცნაური ერქვა - ცეცილია. შემოვიდა და ლიმონის ყვავილის გრილი სურნელი შემოიყოლა. საწოლზე ჩამოუჯდა დოდოს. კითხა რა აწუხებდა. დოდომ თვალები ჭერში მოატარა. მზერა აივნის კოჭზე ჩამწკრივებულ მერცხლის ბუდეებზე შეაჩერა და  მიმქრალი ხმით მოახსენა:
- გული საშინლად  მითახთახებს და მიდადგუნებს.

ექიმი გაშტერდა. (აბა, მე და ბიძაჩემს რა გაგვაკვირვებდა?) უსიტყვოდ გასინჯა. გამოუწერა წამლები და დაგვემშვიდობა. ხვალ, მთვარის ვახშმობისას მოვალო. ეგ როდის არისო, ამოიკვნესა დოდომ. ცეცილიამ ნატიფი ხელით სერისკენ მიგვანიშნა.
- როცა მთვარე მუხის კენწეროებს გაუსწორდება.
ბიძაჩემმა პატარა ტრანსპორტირი, გამუდმებით ჯიბით რომ დაჰქონდა, სალესი ქვასავით გაისვა მაჯაზე.
- ქალბატონო, საათი თუ გაგიფუჭდათ, ჩემსას გათხოვებთ.
ცეცილიამ ნაზად გაუღიმა.
- არა, მუშაობს, მაგრამ მეორე სართულზე ასვლა მეზარება.
ვერ მივხვდით, რა შუაში იყო მეორე სართული და საათი?

რომ გვეგონა, დოდო ორი დღე ვერ ადგებოდა ლოგინიდან, დილით ადრე წამოხტა და ბუღი დააყენა სამზარეულოში. უწესრიგოდ მიმოფანტული  ქილების, ხილით სავსე  კალათების, ნაირ ნაირი ტაშტების და  ქვაბებების ლაბირინთებში ძლივს ვიკვლევდით გზას. მთელი დღე ჩაიზე და კარაქიან პურზე გადაგვატარა.უამრავი მურაბა და ჯემი მოხარშა, ქილებში ჩაასხა, მოხუფა. სახაზავი ფურცელი დაჭრა წვრილ ზოლებად,  ქილებს მიაკრა და წააწერა- რა რისა იყო და როდის გააკეთა. ყველაფერი  მიალაგა, მოალაგა, დარეცხა და ისევ ცუდად გახდა.

ტახტზე მისვენებული ოხრავდა, ვკვდებიო. მესამედ დაგვიბარა სად უნდა დაგვესაფლავებინა, რა უნდა სცმოდა. ჩემთან განსაკუთრებული თხოვნა ჰქონდა. შუბლზე გადაწეული თმა არ მიხდება და შენ იცი “ჩოლკა” დამიყენე არ დაგავიწყდესო. ბიძაჩემს ცეცილიას მოყვანა ვთხოვე. გასვლისას  გააფრთხილა დოდო- სიკვდილი არ გაბედო, გუშინ ყავის ჭიქაში კაცი რომ დაინახე, გზაშია უკვე. სადაცაა კარებს შემოაღებს და ცოცხალი რომ არ დახვდე, რა პასუხი გავცეთო. დოდოს  ასპირინი დავალევინე, გვერდით წამოვუწექი და ჩავეხუტე.

გახდა  ექვსი, შვიდი საათი. არც ბიძაჩემი ჩანდა და არც ცეცილია. დოდოს ეძინა. ათი დაიწყო, ბინდდებოდა. გავგიჟდი. გარეთ გამოვვარდი. ვიღაც ბიჭს დავეწიე,ნახირს მიერეკებოდა შარაზე. ტირილით გავაგებინე რა მინდოდა. იცოდა ცეცილიას სახლი. ძროხები  მიატოვა  და  სირბილით გამიყვანა უზარმაზარი მუხებით შემოჯარულ მდელოზე.

სიმწვანეში ორსართულიანი სახლი შევნიშნე. დარაბები და ფანჯრები ბოლომდე იყო გამოღებული. კედლის  ძირში ხვიარა მცენარეები ხარობდნენ და ბწკარებით ებღაუჭებოდნენ აგურებს. საკვამურიდან კვამლი ბოლქვებად ამოდიოდა. კრამიტებზე მტრედები დაბაჯბაჯებდნენ, ფრთებს იქექავდნენ და ღუღუნით იკლებდნენ იქაურობას. თეთრი ბუმბული ფიფქივით ცვიოდა ბალახებში. უკან მოვიხედე. ის ბიჭი აღარ ჩანდა. კარზე დავაკაკუნე. არავინ გამიღო. ფანჯარაზე ფარდა  გადავწიე და ოთახში შევიხედე. პატარა ბუხარში ცეცხლი ენთო. ბუხრის თავზე მელოტი, წვერებიანი კაცის სურათი ეკიდა. შეშა ტკაცუნით იწვოდა. გარეთ თბილოდა. რად უნდოდათ ბუხარი? თუ სციოდათ, რატომ ქონდათ ფანჯრები ღია?

გაგრძელებით
                     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები