ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რია
ჟანრი: პროზა
29 სექტემბერი, 2014


მთვარის ვახშამი ( ნაწილი II )

სავარძელში თბილად ჩაცმული მოხუცი ქალი იჯდა. გაჩქარებული ქსოვდა და ზვინივით დახვავებულ იასამნისფერ ნაქსოვში ფეხები არ უჩანდა. მართკუთხა ჩარჩოზე, ვერტიკალურად გაბმულ მსხვილ ძაფებს შორის კუნძულებივით მოჩანდა  ამოქარგული ფერადი  ფრაგმენტები. კუთხეში მიდგმულ უთავო მანეკენს, შიფონის, გრძელი, შლეიფიანი  კაბა ეცვა. ბუხრის წინ, ჟანგისფერ ხალიჩაზე  ჟანგისფერი კატა კრუტუნებდა. ჩავახველე. ქალმა სათვალე მოიხსნა და გულგრილი მზერა შემავლო. მივესალმე. ხმა არ გამცა, ქსოვა განაგრძო. ბალბის  ქოთნებს მორიდებით მოვუნაცვლე ადგილი  და რაფაზე  გადავიხარე.
 
- ქალბატონო! ბიძაჩემს ვეძებ, აქ უნდა მოსულიყო.
- აქ რატომ?
- ცეცილია უნდა ენახა.
- ცეცილია ვინ არის?
- ექიმი.
- ასეთს არავის ვიცნობ.
- მეხუმრებით? აქ მომასწავლეს. იქნებ გაიხსენოთ? ბიძაჩემი მაღალი, ლამაზი, შავგვრემანი კაცია.
- არ გეხუმრები,წადი!
- ჩვენ აქ ახალი გადმოსულები ვართ და. . .
- წადი გოგო,წადი აქედან!
გული ყელში მომებჯინა.
- დეიდაჩემი ცუდად არის.
- არ მაინტერესებს.
- რატომ ბრაზობთ?
- სულაც არ ვბრაზობ.
ზემოთ რაღაც გაბრახუნდა. მოხუცმა საქსოვი ჩხირები გორგალში ჩაარჭო, ტუჩებზე თითები მიიფარა და გაირინადა. რამდენიმე წუთის შემდეგ გამოფხიზლდა, სამნაწილიან შანდალში სანთლები დაანთო და წამოდგა.მთასავით ქალი იყო. სკამზე მიყუდებული ხელჯოხი მოიმარჯვა და კოჭლობით წამოვიდა ჩემსკენ. ერთი ფეხი მოკლე ქონდა.
- შენ კიდევ აქ ხარ?!
- მივდივარ.  ის მაინც მითხარით. . .
ფანჯრები ხმაურით დაკეტა და ფარდა  ჩამოაფარა.

დაღონებულმა გადავჭერი ეზო. მთვარე ამოვიდა. ჩემი საკუთარი ჩრდილი წინ მიმიძღოდა. ასეთი საოცრად ნათელი ღამე არ მახსოვს. ჭრიჭინები  დაუსრულებლად  ჭრიჭინებდნენ. სადღაც, ტყის დასაწყისში ტურები ყმუოდნენ. დროდადრო, თითქოს ვალის მოსახდელად, ყეფდნენ ძაღლები. დაღმართზე დავეშვი.

მეკობრესავით შავი ნაჭრით თვალახვეული, უცნობი ქალი ღობის გასწვრივ იდგა რუსთან. ფშატის  ფოთლებს წყვეტდა, წყალში ყრიდა და  განახევრებულ მზერას აყოლებდა, როგორ ტრიალებდნენ და ნავებივით მიყვებოდნენ დინებას. წინსაფრის კალთაში თუთის ფოთლები ქონდა გამოხვეული. დამიძახა:
- გოგო, მარტო რომ დადიხარ, არ გეშინია?
დამფრთხალმა ბაყაყებმა ყიყინით ისკუპეს  ბუერებში. უკან მოვიხედე.
- უნდა მეშინოდეს?
- არა, ისე გკითხე.
- ჰო, მეშინია.

სამაჯურების წკარუნით მომიახლოვდა. დამაკვირდა და დიდი ხნის ნაცნობივით გამიღიმა. რამდენიმე  კბილი უჩანდა ეშვებივით. ქონის და დამწვარი ძვლის უსიამოვნო სუნი ასდიოდა. თავი განზე გავწიე.
- რა დაბნეული დადიხარ? ვის ეძებ?
- ცეცილია ექიმს.
- ახლა იმისგან არ გამოხვედი?
- იქ, მარტო ერთი მოხუცი ცხოვრობს.
- უყვარს მაგას ბოროტი ხუმრობა. მეორე სართულზე ნახავ შენს ცეცილიას. დაგელოდები. ისე, იცოდე, ევა მქვია.

აივანზე ხვეული კიბით ავედი. დოდო გამახსენდა. ჩემი პუტკუნა, ჩემი დოდოშკა! წევს ალბათ სიბნელეში და ტირის. გული შემეკუმშა. წერილი რატომ არ დავუტოვე? რატომ არ დაველოდე ბიძაჩემს? გრძელი სკამის ქვეშ რაღაცამ გაიფართხალა. მომეჩვენა, რომ დაისისინა კიდეც. ხელი ვკარი კარს და ოთახში შევვარდი. გული საშინლად მიცემდა. სული ძლივს მოვითქვი. არავინ დამხვდა, მაგრამ მაინც დავიყვირე - არის აქ ვინმე? ღრმად ჩავისუნთქე რამდენჯერმე. მთვარე მუხების თავზე იდგა და იატაკზე ჟელესავით მძიმე, ყვითელ შუქს აფრქვევდა. აუხსნელმა შიშმა შემიპყრო. ორად ორი ნივთი იდგა ერთმანეთის პირისპირ კედელთან. ძველებური, სარკიანი კარადა  და კარადასავით დიდი საათი. საათის ქანქარა უძრავად ეკიდა. ფანჯრიდან გადავიხედე. ევა დადიოდა  მოუვლელ, გაველურებულ  ბაღში  და საკუთარ თავს ელაპარაკებოდა ხმამაღლა. დავუძახე. ვერ გაიგო. უცნაური შეგრძნებები და ფიქრები მაფორიაქებდნენ:

მოხუცი კოჭლია,
ევა ცალთვალაა,
ჩვენს ეზოში საიდანღაც მოსული ძაღლი სამფეხაა,
იმ კაცს, ხეივანი ვინც გაგვისხლა, მარცხენა ხელზე ორი თითი აკლია.

ქანქარას ხელი გავკარი. შიგნით კბილანები ამოძრავდნენ, ზამბარამ დაიტკაცუნა, გაიჭიმა და ქანქარა რამდენიმე წამში რიტმულად ამოძრავდა. ძლივს გავარჩიე წარწერა საათის ცენტრში -1777წელი. ვენა -”ისააკ ბრონშტეინი და ძმები”. სველი, ცივი თითების შეხება ვიგრძენი მხარზე. ჟრუანტელმა დამიარა. ნელა მოვტრიალდი. თმაგაწეწილი მოხუცი მძიმედ სუნთქავდა. ერთი თავით ჩემზე მაღალი, გაქვავებული მზერით დამცქეროდა ზემოდან.
- ეს რა ჩაიდინე წყეულო? ეს როგორ გაბედე?! ახლა როგორ დაბრუნდებიან უკან?
ნერწყვი ძლივს ჩავყლაპე.
- ვინ როგორ დაბრუნდება? რას ამბობთ?!
- მიწამ შეგჭამოს, მიწამ! რატომ აამუშავე საათი?
კაბის საყელოზე ჩამეჭიდა. თავისკენ მეწეოდა და მანჯღრევდა მთელი ძალით.
- გამიშვით! რა დავაშავე?

მხარი დამიბუჟდა. გამაოგნა მოხუცის საოცარმა ღონემ. გაქცევა ვცადე. გავიბრძოლე. ჩემი კაბის საყელო ნაკუწებად შერჩა ლაქებიან  მაჯაზე. ცუდი სანახავი იყო თმაგაწეწილი და გაცოფებული. ბროშით შეკრული გიპიურის თეთრი საყელო გვერდზე მოექცა. ალქაჯი! ჯიბიდან ყაისნაღი ამოიღო.
- საით? დამაცა, თვალები უნდა დაგთხარო!
კატა ხაოდა და წელში მორკალური გარშემო გვივლიდა.

მივხვდი, არ ხუმრობდა. სახეზე მკლავი ავიფარე. მომატყუა, ხელჯოხი მოიქნია და იდაყვში ჩამცხო. საშინელი ტკივილი ვიგრძენი. ნახევარი მხარე მომიდუნდა. უკან  გადავიწიე. თავი ვერ შევიკავე და კარადას მივეჯახე ზურგით . სარკემ ყრუ ჭახანი გაიღო და რამდენიმე წამის შემდეგ წვრილ ნატეხებად დაიფანტა. კარადის კარი  ჭრიალით  მიეხეთქა კედელს. ატლასის წითელი  ნაჭერი ლივლივით გადმოსრიალდა. მოდიოდა და მოდიოდა, დასასრული არ უჩანდა. თითქმის იატაკის ნახევარი დაფარა. ფეხი დამისხლტა პრიალა ქსოვილზე. თავი ვერ შევიკავე და წავიქეცი. საათმა ათჯერ  დარეკა. . .

მოხუცი წამებში გარდაიქმნა. საცოდავად მოიკუნტა და აქვითინდა.თავი დამნაშავედ ვიგრძენი. წამოვხტი. კუთხიდან კუთხეში დავრბოდი. ვცდილობდი, ერთ ადგილზე მომექუჩებინა ქსოვილი. ბებოც დავუძახე, დეიდაც, ქალბატონიც. ათას სისულელეს ვიძახდი, რაღაცას ვუხსნიდი. სარკის ნატეხებზე  უამრავი მთვარე აირეკლა. სად არის ბიძაჩემი? ევას ხომ არ დავუძახო? რატომ მეცოდება ახლა ეს ქალი? ატლასის უზარმაზარი გროვა გულზე ავიკარი და კარადაში შევრგე თავი. . .



    გაგრძელებით

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები