ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუცი
ჟანრი: პროზა
2 ოქტომბერი, 2014


ანიტა-თავი 2


თავი 2
საინტერესო მეგობრები მყავს.
ამ ქალაქში ვინც შევიძინე, იმათ ზღვის სუნი და ხასიათი აქვთ. გურიაში შეძენილებს გურული ,,არომატი“, იმერეთში- იმერული, კახეთში-კახური, თბილისში -თბილისური, სამეგრელოში- მეგრული და ასე, თითქმის ნახევარი საქართველოს არომატს ვგრძნობ. ხანდახან მგონია ნახევარ საქართველოს ვუსინჯავ ,,პულსს“ მთელი თავისი ჭირ-ვარამით, ტკივილ-სიხარულით, ახლა ჩვენ დროში- თავადური გვარიშვილების, უბრალო გლეხისა თუ  ცხენის ქურდის შთამომავლების სახით და მაინც ის უფრო მეიმედება, ვინც ჩემსავით უბრალოა.
მე წარმოშობით რაჭველი დედით იმერელი, ქუთაისში დავიბადე და იქვე გავიზარდე.
კარგი დრო იყოო და მეც მახსოვს სავსე მაცივარი. ბაბუაჩემის კვირაში ერთხელ სადარბაზოს წინ გაჩერებული ავტომობილიდან გადმოცლილი სურსათ-სანოვაგე, რომლის ნახევარსაც დედაჩემი კვირის ბოლომდე მეზობლებთან მიკითხვით ამოწურავდა.
დავდიოდი და დავმღეროდი. სულ ვმღეროდი. -დაკუკუნებ და დადიხარო ხუმრობით იტყოდა ბებია და ამის მერე -,,კუკუნა“ - შემარქვეს.
-მოვიდა ჩვენი კუკუნა გოგოო- უხაროდათ ჩემი ჩასვლა სოფელში. ხან ერთი ხის კენწეროზე ვიყავი, ხან მეორეზე. საათობით შემეძლო ვმჯდარიყავი ხის მსხვილ ტოტზე, მექნია ფეხები და მემღერა.
ახლა რომ ვიხსენებ, მომავლის გეგმებს ვსახავდი, როგორი უნდა ვყოფილიყავი, ამაზე ვფიქრობდი.
მანამდე ვიქნიე ხის ტოტებზე შემოსკუპებულმა ფეხები და ვიმღერე, სანამ სიყვარული არ მეწვია და ეს ბებოს და ბაბუს კუკუნა გოგო არ დავმუნჯდი.
ჰოდა  ამ სიყვარულმა -,,გიტირა დედა!“- როგორც ჩემი დალო იტყვის- თუმცა მე დღემდე ვთვლი რომ ამ სიყვარულმა მასწავლა ყველაფერი საუკეთესო და შემაძლებინა მეცხოვრა ზუსტად ისე, როგორც ვცხოვრობ.
ჩემი ,,კუკუნი“ რომ შეწყდა, ცხოვრებაც გართულდა და მერე უკვე სევდა იყო, თვითგადარჩენისათვის ბრძოლა და უცებ დეგრადირებული ხალხი. ბევრი ცრემლი და იმედგაცრუება. თუმცა თუ სიცოცხლე გიწერია, იწვალებ, იჯახირებ და ჩემსავით ან  სხვა ბევრივით გამოიტან თავს.
უცნაური დალო მყავს. ჩემზე 20 წლით უფროსი და ჩემი სულის ნაწილი.  ისეთი ენერგიული და ,,ქუსქუსაა“, ჩემს გულში ჩუმად,  ჩემი სულის ვალერიანსაც კი ვეძახი.
მოვა, დაჯდება და უკვე ყველა პრობლემა მავიწყდება. მას რომ ვუყურებ ზუსტად ვიცი, როგორი უნდა ვიყო, რათა არ ,,მოვსპო ჩემი ახალგაზრდობა“ (როგორც თავად იტყვის), ვიცი რა უნდა გავაკეთო იმისათვის რომ სიცოცხლე გავილამაზო და როგორ უნდა დავიკიდო ფეხებზე ყველაფერი, რაც ნერვებს მიშლის.
-რას იზავ, ყველა კაცი ერთნაირია. აღარ არსებობენ ნამდვილი მამაკაცები, მაგრამ როგორებიც არიან, იქედან უნდა შეარჩიო კარგი- თითქოს მე მამაკაცთა სელექციონერი ვიყო და ამ უკანასკნელთაგან საუკეთესოების შერჩევის ლიცენზია სატენდერო წინადადებით მქონდეს მოგებული. 
მისი ფილოსოფიით კაცს გამუდმებით უნდა , ,,ეკუსკუსო“, ეკეკლუცო, მოეფერო და უსმინო. უნდა შეხვიდე მის მდგომარეობაში. არაა საჭირო შენი პრობლემები მოახვიო თავზეო - და ეს უკვე ფინალია, მე აქ სერიოზულად აღშფოთებული პროტესტს გამოვთქვავ მის მოსაზრებასთან დაკავშირებით. ერთ ორს გულიანად ვუკურთხებ კიდეც, არარსებულ ადრესატს - მეტი საქმე არა მაქვს!- ვამბობს და დალოს გაჩერებისაკენ მოვუწოდებ. ის კი შემდეგი შინაარსით ასრულებს თავის მცირეხნიან გამოსვლას.
- რას იზავ ასეთია კაცის ფსიქოლოგია. თუ ამას გააკეთებ არ იქნები მარტო, თუ არადა კი ხარ ახლა და იყავი!
- ჰო შენც! - ვპასუხობ და ორივე ვიცინით. როგორც ირკვევა, ვერც მან იცხოვრა ამ ფილოსოფიით.
საკითხი იმასთან დაკავშირებით რომ ,,ნამდვილი მამაკაცი“ იშვიათია ან საერთოდ არ არსებობს, (თუ არსებობს ყველა ცოლიანია) უკვე ისეთი გაცვეთილი და გადაღეჭილი თემაა, თითქმის ზეპირად ვიცით, მაგრამ ღამის 2 საათზე  მარტოობით ოდნავ შეწუხებულ ქალთა წრეს, სხვა მაინც არაფერი არ გვრჩება სალაპარაკო და  უამრავ სახალისო ამბავს ვიხსენებთ. ჩვენი სიცილი ზარივით გადის ჩემი სახლის ფანჯრებიდან და ძლივს დამშვიდებული იტალიური ეზოს  სივრცეში იღვრება. რატომღაც არ ვგრძნობ სირცხვილს და ნამდვილად მირჩევნია ძილისწინ ეს ჯანსაღი სიცილი ესმოდეს ჩემს მეზობლებს ვიდრე არმენჩიკას სართულიანი გინება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ხურსი, გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს