ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რია
ჟანრი: პროზა
6 ოქტომბერი, 2014


მთვარის ვახშამი ( ნაწილი III )

თვალისმომჭრელ, ფერად  სივრცეს ლიმონის  მუქი მწვანე  და ზეთისხილის  ვერცხლისფერი მწკრივები კვეთდა. ყველაფერი საოცრად ლამაზი იყო: გორაკზე დიდი, თოვლივით თეთრი სასახლე, კაშკაშა მზე, კრიალა, ლურჯი ზეცა,უცხო  მცენარეები. კოშკზე ალისფერი ალამი ფრიალებდა. აშკარად  მომესმა  ზღვის ხმაური, თოლიების წივილი და ზანზალაკების წკრიალი. მწკრივებს შორის, შავ ბილიკს, ერთმანეთს ჩახვეული ცეცილია და ბიძაჩემი  მიუყვებოდნენ. ცეცილიას ზურგზე მოფრიალე თმა ცეცხლივით ენთო. მერე, საგანგებოდ  გამოწყობილმა, ქოლგიანმა  და გრძელკაბიანმა ქალებმა ჩაიარეს  ლიმონის ყვავილების თოვაში, გზა გადაჭრეს და გაქრნენ...

რა იყო ეს?! სად ვიყავი? როგორ ვხედავდი, რასაც ვხედავდი?

კარადის ორივე მხარეს ხელები ჩავჭიდე. მუხლებით ქვედა თაროზე შევდექი. ჩემს თავს არ ვეკუთვნოდი იმწუთს. მთელი ხმით ვყვიროდი და ვეძახდი ბიძაჩემს. ვეხვეწებოდი ორივეს, უკან დაბრუნებულიყვნენ.თითქოს ვიცოდი, სად მიდიოდნენ. ლიმონის მძაფრმა სუნმა გამაბრუა.  ალბათ მოვკვდი, გავიფიქრე და ტუჩის კუთხეში ჩამოგორებული ცრემლი ჩავყლაპე. ვკანკალებდი. უცბად, ფუტკრების  დიდი გუნდი  ზუზუნით გამოქანდა  ჩემსკენ. დაბნელდა და ჰაერის მძლავრმა, ცივმა ტალღამ  ოთახისკენ გადმომაგდო. კედელს ავეკარი  თვალდახუჭული. . . ისევ  ნაცნობი ხმები  შორიდან: ჭრიჭინების  ჭრიჭინი, ბაყაყების ყიყინი, ტურების ყმუილი...

მამაკაცის ხრინწიანმა ხმამ გამომაფხიზლა.

- ქალიშვილო, მუხლი გაქვთ  დაშავებული.
ფეხებზე დავიხედე. ჭრილობიდან სისხლის ნაკადი წვივზე თბილად მიიკლაკნებოდა და “პრაიმარკში” ნაყიდ იაფფასიან ფეხსაცმელზე წვეთავდა. მეშინოდა სისხლის. კაცს შევხედე. ისეთივე ატლასის, ბოშას სამოსივით განიერი პერანგი ეცვა. ქამარში ძველებური, მოვერცხლილტარიანი დამბაჩა ქონდა გაჩრილი. მაღალი , ძვალმსხვილი, ცეცილიასავით ცეცხლისფერი, კეფაზე შეკრული თმით, ერთდროულად ახალგაზრდაც ჩანდა და ხნიერიც. უხეშად გამწია გვერდზე  და კარადის კარი მიხურა. მოხუცმა შესტირა:
- ჩემი ბრალი არ არის!
- ვიცი, ძვირფასო, ვიცი.

მოჯადოებულივით ვიდექი. ისიც ვიფიქრე,- იქნებ  ფილმს იღებენ, რაც ვნახე,  ალბათ  სპეცეფექტებია და  მე, ამის მინაწილე შემთხვევით გავხდი? კაცმა კარადის თავზე ხელი მოაფათურა და  რომელიღაც მცენარის გასხეპილი ტოტი გადმოიღო. ზედ ვერცხლისფერი მატლები დაფუთფუთებდნენ, იგრიხებოდნენ, რგოლებად იკვრებოდნენ, თავებს იქნევდნენ და ღამის სიჩუმეში ძლივს გასაგონ შრიალს გამოსცემდნენ. მარტო სისხლის არა, მატლების დანახვაზეც მაჟრჟოლებდა. კარისკენ გავქანდი.
- ფეხი არ გაადგა! - დამიღრიალა.
ადგილზე გავქვავდი.
- რა გინდათ ჩემგან, რა?
ფანჯრისკენ წამათრია. ევას დავუძახებ მეთქი, ის იყო გავიფიქრე და თვითონ გასძახა სიბნელეს:
- ევა, ბინძურო კახპა, დაიმშნენ პატარები,სად ხარ აქამდე?

საჩვენებელი  თითით ერთი მატლი აიღო და სახესთან ახლოს მომიტანა. გავგიჟდი, ოფლმა დამასხა. ხელს არ მიშვებდა. ფეხებს ფეხებზე ვურტყამდი, ვტიროდი, ვღმუოდი. მატლი მსხვილი იყო, განიერ პირს აცმაცუნებდა და შავი მარცვლებივით რაღაცეები სცვიოდა ბოლოდან. მოხუცი ჩუმად იდგა და ძაფის ნაწყვეტს გულმოდგინედ იხვევდა თითზე.

შუბლზე ჩამოშლილი  თმა გადამიწია ნეკით.
- აბა, რა დღეში ხარ? დაწყნარდი! ეს აბრეშუმის ჭიაა.- ტოტი ზემოთ ასწია ჩირაღდანივით.- შიათ საწყლებს. საღამოს დაკრეფილ  თუთის ფოთოლს მიირთმევენ მხოლოდ. შეხედე კარგად! ნახე, როგორი ფაფუკები არიან, როგორი უწყინარები, მაგრამ,-თვალებში ცივი მზერა ჩაუდგა.
- მაგრამ?- ხმა ამითრთოლდა.
მოკლედ ამიხსნა:
- თუ საკვები დაუგვიანდათ, თუ ძალიან მოშივდათ, ძალიან, ძალიან მოშივდათ, თითსაც მოგაჭამენ, თვალსაც ამოგთხრიან, ფეხსაც მოგაღრღნიან. . .
- თქვენ, თქვენ, - ენა დამება. - საზიზღარი ბებრები ხართ! არ ვიცი აქ რა ხდება. გავარკვევ და ნახავთ, რაც მოგივათ.
გაიცინეს.
- მასე იყოს!- თქვა კაცმა და მოხუცს გახედა. - რას იტყვი?
მოხუცმა თვალი აარიდა.
- არ ვიცი.
- წესებს ნუ არღვევ, თქვი! თეთრი თუ შავი?
- თეთრი.
- მეც თეთრი, მხოლოდ იმიტომ, რომ. . .

კაცმა ტოტი ისევ კარადაზე შემოდო. ატლასის გროვა ჩექმით წვერით გადაქექა. ბოლო მოძებნა, დაფერთხა.  მტკაველის სიგანეზე  და ერთი მეტრის სიგრძეზე ჩამოახია მოზრდილი ნაჭერი.ორივე წვერით დაიჭირა, რამდენჯერმე გაჭიმა, გაატკაცუნა და მოღუშულმა შემომხედა.
- არ უნდა მელაპარაკა შენთან ამდენი. . .

ძლიერმა შუქმა თვალი მომჭრა. ნაწყვეტ-ნაწყვეტად ჩამესმოდა: ყველა კაცი ერთნაირია. . .ოღონდ ქალი იყოს და. . . ბოლოს ყველა სახლში ბრუნდება. . . კაცი და ძაღლი ერთია. . .

ზეწარი მოვფხოჭნე და გონზე მოსული ადამიანის ტრადიციული კითხვები აღმომხდა:
- სად ვარ? რა მოხდა? რომელი საათია?
გაურკვეველმა სილუეტებმა ფორმა მიიღეს. დეიდაჩემი და ნაზი ერთმანეთს არ აცდიდნენ ლაპარაკს. ვერაფერი გავიგე. თავი მტკიოდა საშინლად. ბოლოს ის გავარკვიე, რომ ადრიანი დილა იყო და ღამით მიპოვა დოდომ ქუჩაში გულწასული. წამოვჯექი.
- ვინ მომიყვანა?
- არ ვიცი.- მხრები აიჩეჩა დოდომ.
- აბა, გარეთ რა გინდოდა შუაღამისას?
- ვიღაც მეძახდა დაჟინებით. ის იყო, შუქიც მოვიდა და გავედი. მეგონა  ზემოთ გეძინა. გავედი და გული რატომ არ გამისკდა, მიკვირს. ჭიშკართან იწექი ცივ ბეტონზე. კატები ფეხზე შემხმარ სისხლს გილოკავდნენ. კაცს მოვკარი თვალი, მოსახვევში გაჩქარებული მიდიოდა. ზურგიდან ვერ გავარჩიე ვინ იყო. სუსტად ვგრძნობდი თავს, რას დავეწეოდი. შენს გვერდით ჩავიკეცე. დავრწმუნდი ცოცხალი იყავი და ტირილი ამივარდა. ჩემს ბედზე ნაზიმ ჩამოიარა და ძლივს შემოგიყვანეთ სახლში. რამე რომ მოგსვლოდა, სარეცხის თოკს მოვხსნიდი, აი, იმ კოჭზე მოვაბამდი და თავს ჩამოვიხრჩობდი. სად იყავი? კაბა რატომ გაქვს დახეული, ან ფეხზე რა მოგივიდა?

მუხლი წითელი ატლასით მქონდა გადახვეული. ტახტთან სისხლიანი ფეხსაცმელები ეყარა. საკუთარი გულისცემა გარკვევით ვიგრძენი.
- შენს ძვირფას ძმას ვეძებდი. დანარჩენი კი მაყვლებში შემემთხვა.
- ეს ნაჭერი სად მონახე?
- იქვე, ხეზე ეკიდა.
- ასეთი, სუფთა და ახალი?
- ჰო!
- გული რატომ წაგივიდა?
- არ მახსოვს.
ნაზი  მეორე მხრიდან ჩამომიჯდა ტახტზე. თვალებში ჩამხედა.
- მართლა არ გახსოვს?
- არა! რა იყო?
- არაფერი.
- ნაზი, ევას  იცნობ?
- ევა?
- შუახნის ქალია, თვალი შავი ნაჭრით აქვს ახვეული.
- მასეთი ქალი ჩვენს უბანში ცხოვრობდა. ორი წლის წინ დაიკარგა.
- მართლა?
- მართლა!-იდუმალი გამომეტყველება მიიღო.- ერთი უპატრონო, ავადმყოფი ადამიანი იყო.  დილიდან საღამომდე დენის კიოსკთან იჯდა უბედური, სიგარეტებს და მზესუმზირას ყიდდა. თუმცა. . . ვინ რა იცის სხვისი წარსულის. შეიძლება რაღაც ქონდა დაფარული და მოკლეს. ისე  ყველა თავის ხვედრს იმსახურებს.
- შეიძლება.
- რატომ მკითხე ევაზე?
დოდოს გავხედე. ჩაფიქრებული ოთახის კუთხეს მიშტერებოდა.   
- მერე გეტყვი. შენ რა გინდოდა ღამე გარეთ?
- გვიან ამოვედი ქალაქიდან. თქვენებმა რაღაცეები გამომატანეს. დილით ვაპირებდი გადმოსვლას, მაგრამ, გულმა არ მომითმინა და გადმოგიტანეთ.

დოდომ პიტნის ჩაი მოადუღა. ნახევარიც არ გვქონდა დალეული და ქალის ხმა მოგვესმა, ნაზის ეძახდა. . .

ნაზი მალე შემობრუნდა , ფერი არ ედო სახეზე. დოდოს პირთან მიტანილი მურაბიანი კივზი გაუშეშდა ხელში.
- ცუდი არაფერი მითხრა, შემოგევლე!
- ვიღაცამ მკვდარი კატა ყურებით მიაჭედა თქვენს მესერზე.
- ჩვენს მესერზე?! რატომ, რისთვის? მხეცები!
- მგონი, გაფრთხილებაა ეს.
- ვისი, ან რისი გაფრთხილება? ნუ მაშინებ რა!
- არ ვიცი. რაღაცაზე გაფრთხილებენ და  სხვა რა გითხრათ?
დოდო აფირიაქდა და გულზე წაივლო ხელი.
- ნაზი, უცნაურია, ჩვენ გვაფრთხილებენ და შენ რატომ დაგიძახეს?
- არც ეგ ვიცი. პარკი მომეცით. მაინც სახლში მივდივარ, კატას გავახვევ და სადმე გადავაგდებ. შუქი გვაქვს.  ტელეფონები დატენილია. გაგიჭირდებათ რამე, დამირეკეთ.

ოცი  წუთის შემდეგ ჭიშკარზე დააკაკუნეს. წამოვხტი. მე გავალ მეთქი, გადავეღობე დოდოს და ფეხგაშეშებული გავედი გარეთ. უცხო ეროვნების ქალი და კაცი იყვნენ, ზედმეტად შავგვრემანები. საშინელი ქართულით ლაპარაკობდნენ. ცეცილიას სახლს ეძებდნენ. თვალში მომხვდა იმათი უცნაური ჩაცმულობა. კაცს  ყველაფერი შავი ეცვა: შარვალი, პერანგი, ფეხსაცმელი. აღელვებული იყო. ახალთახალი კეისი  დროდადრო, ერთი იღლიიდან მეორეში გადაჰქონდა. ქალს -ფერშეცვლილი, ჭრელი კაბა და მოულოდნელად  ახალი, მოდური, ღია ფეხსაცმელი  მტვრიან ფეხებზე. აბა, სოკოსგან შეჭმული და გასქელებული ფრჩხილები როგორ გამომრჩებოდა?

ძლივს გავაგებინე, საით, როგორ და  რომელი გზით უნდა წასულიყვნენ. ჩვენი სამფეხა "ბუბუ"  თავჩაღუნული აედევნა. დამწკრივებულები  მიდიოდნენ. გავყურებდი, სანამ თვალს არ მიეფარნენ. . .


გაგრძელებით



       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები