ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
9 ოქტომბერი, 2014


ანგელოზი

ეს სიტყვა პირველად მაშინ გაიგო, როცა დაიბადა
--ნამდვილი ანგელოზია!..--თქვა დედამ და თვალები დახუჭა
--ჩემი პატარა  ანგელოზი!..თქვა მამამ და აკოცა
..მართლაც ანგელოზია...რა ლამაზია....---გაიმეორეს ნათესავებმა, მეგობრებმა, მეზობლებმა..უცნობებმა....
და დაწყო!....
        ანგელოზი იზრდებოდა,შესაბამისად ეზრდებოდა ფრთებიც, 16 წლისამ პირველად იგრძნო ეს ძალა , იგრძნო და გაშალა კიდეც.
და ერთხელაც, როცა 18 წლისა გახდა, სადღესასწაულო სუფრიდან გაიპარა, ოთახში შეიკეტა და აფრინდა..
ანგელოზი ვარ!--გაიფიქრა გახარებულმა--მართლაც ანგელოზი ვყოფილვარ!..ოოოოო......
ასე დაქროდა ოთახში და თან საკუთარ თავს სარკეში ათვალიერებდა..აღტაცებული იყო! ის ანგელოზია! ანგელოზი! რა მაგარია! რა ბედნიერებაა!!!..რა სილამაზეა!...
        მერე, როცა  ქუჩაში  მიაბიჯებდა და თაყვანისმცემლები შტაბელებად ეწყობოდნენ ძირს, ის ვითომ ვერც ამჩნევდა,იღიმებოდა და ისე მიაბიჯებდა, ცხვირაწეული მხოლოდ ხის კენწეროებს და ტელევიზიის  ანძას ხედავდა...ჰო, კიდევ საკუთარ თავს, სარკეში.
მამიკომ მანქანა უყიდა....ნომერიც შესაბამისი იყო...  ANG-777
25 წლამდე ასე ფრენდა..ფრენდა...
30 წლისამ რაღაც სიმძიმე იგრძნო თითქოს ,  მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, მაინც არავის კადრულობდა...
35 წლისა უკვე ასე ცხვირაწეული ვეღარ დააბიჯებდა.მაგრამ არ იმჩნევდა...
ახლა არ გვინდა ჩავერიოთ მის  პირად ცხოვრებაში  მაგრამ,არ შეიძლება არ ავღნიშნოთ , როგორც წესი, მაშინ ხვდებიან ხოლმე უბრალო მიწიერ  ჭეშმარიტებას, როცა სახმარ ღირებულებას კარგავენ....ანუ  , როცა გვიანაა...


.......ბუზები დაფრინავდნენ, როგორც ავიოკომპანია  "ლუფტჰანსას" თვითმფრინავები, აუტანელი სიმყრალეს და ხრწნადობას დაესადგურებინა  მის ოთახში, სამზარეულოში პური დაობებულიყო, გაღებული მაცივარი წამლებით იყო სავსე..სააბაზანოც ყარდა...ის კი, ანგელოზს სულაც აღარ გავდა...საწოლზე გადამხობილიყო , გაყვითლებული ქუსლებით იატაკს ეხებოდა.....ჩაცვენილი თვალებით, რომლებიც ღია დარჩენოდა, ბინძურ ჭერს მიშტერებოდა!... წვეტიანი ცხვირით და დაღრეჭილი პირით  ეშმაკს გავდა... მოკრუნჩხული , ჩონჩხადქცეული თითებით კედელი ჩამოეკაწრა....მისი ძაღლი ძირს იწვა და ძალაგამოლეული  ძლივს  ყმუოდა.....
მეზობლები სუნმა შეაწუხა და  ჯერ მაშველები გამოიძახეს, შემდეგ პატრული..სასწრაფო....კარიც შეამტვრიეს....



..............................................................................................................................................................................................



ის კი უკვე დიდი ხანია გარდაცვლილიყო, ზეცაში მიჰქროდა, განსაწმენდელის  ჭიშკართან გაჩერდა და უზარმაზარი რიგი დაინახა.
--მიმიშვით! მე ანგელოზი ვარ! დაიყვირა და კარში შეჭრა სცადა--აი ნახეთ რა ფრთები მაქვს!..ფრთებიიი!... წმინდად ვიცხოვრე!
რიგი შეშფოთდა , არავის უნდოდა დათმობა, ამ ყვირილზე წმინდა პეტრემ გამოიხედა...და ისევ შევიდა შიგნით.
--რა ხდება?..რა ხმაურია?...--იკითხა უფალმა
--კიდევ ერთი ანგელოზი მობრძანდა--ჩაიცინა პეტრემ--ურიგოდ უნდა შემოსვლა...
--რას მელაპარაკები!--თვალები დააბრილა  უფალმა.დაიცადოს, არავითარი პრევილეგია! დედამიწაზე ხომ არ გონია თავი!


........................................................................................................................................................................................................



ბოლოს , მისი რიგიც მოვიდა...
აბა ?...შეეკითხა უფალი--როგორ იცხოვრე? ტყუილი არც გაბედო. ყველა ჩანაწერი მაქვს, ვიდეო, აუდიო, თუ გინდა ფოტო  მასალაც.....
და ყვებოდა , ყვებოდა ჩვენი ანგელოზი გოგონა თუ როგორ წმინდად ცხოვრობდა....უფალი უსმენდა, ხანდახან მონიტორს შეხედავდა და თავს აქნევდა.
აჰაა..თქვა უფალმა ბოლოს...---ესე იგი სამოთხეში  გინდა, ხომ?
ანგელოზი მოიკუნტა.
უფალი ადგა, ცოტა ხანს იარა ოთახში, მერე კი უთხრა:
--უბედურო არსებავ!..აქ რომ გამომეცხადე ამხელა ფრთებით, დედამიწაზე არ ცხოვრობდი?  ადამიანებთან არ ცხოვრობდი?  ადამიანი არ იყავი? გეცხოვრა მერე ადამიანურად! ფრთები აქაც გეყოფა!
მერე წმინდა პეტრეს მიმართა.ინტერნეტში  რომ იქექებოდა:
--ახლავე  დააჭერით ფრთები და უკან დააბრუნეთ!..
პეტრე შეხტა და მოტრიალდა.
---კი მაგრამ უფალო, ეს ქალი უკვე  1654--ედ არის უკან დაბრუნებული!!!!  ..აი ნახეთ..1432 წელს...დაიცა..1740 წელს იყო კიდევ ჩემო ბატონო....1995.....მაშინაც ფრთებით გამოგვეცხადა...და ბოლოს.....
----რაოოო?....საიდანაა?...ხმას აუწია უფალმა.
--საქართველოდან, უფალო....
--გასაგებია.......--ჩაიცინა უფალმა----მომკლა მაგათმა მაზოხიზმმა!....ზომიერების შეგრძნება არ აქვთ!..იმდენად უყვართ საკუთარი თავი რომ სხეული ეზიზღებათ  და ტანჯვისთვის იმეტებენ.....უკან დააბრუნეთ!...მეხსიერება წაუშალეთ  და ისე! მანამ , სანამ არ მიხვდება რომ დედამიწაზეა  და  ადამიანურად უნდა იცხოვროს!



...................................................................................................................................................................................................


---რა ლამაზი გოგონაა!  ნამდვილი ანგელოზია!--თქვა ექიმმა....
სადღაც  შორს, ზეცაში, უფალი და წმინდა პეტრე თავებს აქნევდნენ უკმაყოფილოდ.....
3275 წლის გაზაფხული  იდგა....მაგრამ ამ პაწაწკინტელა ქვეყანაში არაფერი იცვლებოდა....



ს.ნ. 2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები