ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2014


  ჩამოტვირთვა

== ჰ ი პ ე რ თ ე რ მ ი ა ==

სიცხე მაქვს და მეც არ ვიცი, რას ვბოდავ-მეთქი.
არადა,
ვიცოდი, თავიდანვე, ავადმყოფობას  დავაბრალებდი -
დავდექი და ყველაფერზე ვილაპარაკე.
ღიად,
თავისუფლად,
ხელგაშლილმა,
ან, მუშტმოკუმულმა.
დავდექი და ყველაფრის ჯავრი ამოვყარე.

-არ გინახავს-მეთქი, როგორ კლავენ ზღვის ლომებს?
- არ შეგკუმშვია-მეთქი გული, ცეცხლმოდებული ტყეების დანახვისას?
-მიწაში დაფლულ ქალაქებზე რას ფიქრობ-თქო?!
-მეწყერისგან ძირგამოთხრილ სოფლის მცველებს რას ურჩევ-მეთქი?!
- ბირთვულ იარაღზე რას იტყვი?!
- ყინულების დნობაზე?
- გოლფსტიმის დინებაზე-მეთქი?
-მთიან ყარაბაღში რა ხდება?
-ძმათამკვლელ ომებზე რა აზრის ხარ-თქო?
- წითელ წიგნს რომ ფურცლები აღარ კმარა,
იმდენ სახეობას ვანადგურებთ, მაგაზე რა გაქვს-მეთქი, სათქმელი?
- ტაძრებში, მხოლოდ გუმბათებში რომ შეიბუდა-მეთქი, ღმერთმა,
იქიდანაც რომ იშვიათად ვაძლევთ გადმოსვლის ნებას,
მაგაზე თუ გიფიქრია-მეთქი,საერთოდ?
-ჰიროსიმაზე?
-ნაგასაკზე?
- ავღანეთზე?
- იჩქერიაზე?
-ერაყზე?
სხვა და სხვა გენოციდზე?
ათასგვარ გენოციდზე ფიქრობ?
გიფიქრია ოდესმე-თქო?
-ჭაბურღილებიდან რომ დედამიწას სული სძვრება
ნელ-ნელა, არ გაწუხებს-მეთქი, საერთოდ?
-საოპიუმე ყაყაჩო რომ სისხლის ლაქებად აჩნია-თქო, ხმელეთს -
ვის აწყობს და ვის უნდა-თქო, ეგრე რომაა?
-აფრიკის მშიერ ბავშვებზე,
-აფრიკის დაუძლურებულ ბავშვებზე,
უწყლო, დაინფიცირებულ ბავშვებზე
თუ გეფიქრება-მეთქი, მითხარი.
-მსოფლიო ბანკის ფანდებზე.
-ეკონომიურ მკვლელ პროგრამებზე.
- გლობალისტებზე.
-მასონებზე.
- ათეისტებზე.
-ფანატიკურად მორწმუნეებზე...
ან, ფანატიკურად ურწმუნოებზე.
- ვაჰაბისტებზე.
-ტერორისტებზე.
- ეზოთერიკებზე.
- შავი და თეთრი მაგების ბრძოლებზე.
- უჩინარი ადამიანების ჩუმ სიკვდილებზე.
-გამოჩენილი ადამიანების გახმაურებულ გარდაცვალებებზე,
რომლებიც ძირითადად დოზის გადამეტებით კვდებიან,
ან, თავებს იკლავენ. –
გიფიქრია-მეთქი, ოდესმე?

მერე, მოვყევი და ყველა ის ადამიანი შევახსენე,
ვინც სიმართლისთვის მოკლეს,
ვინც სხვათა ბედის გამო მოკლეს,
ვისთვისაც ყველაფერი ეს სულერთი არ იყო.
მერე, მშვიდობისთვის და ადამიანებისთვის
მშრომელი და მოღვაწე ხალხი შევახსენე.
ნობელის პრემიებიც ვახსენე.
ყველაფერი ვთქვი. ყველაფერზე ვილაპარაკე.
თავიდანვე ვიცოდი, - ავადმყოფობას დავაბრალებდი -
სიცხე მაქვს და მეც არ ვიცი, რას ვბოდავ - მეთქი.
თითქოს უნდა ამომესუნთქა,
თითქოს, მართლაც ყველაფერი ვთქვი.
არ მომეხსნა გულზე სიმძიმე.
არ მომეხსნა გულზე სიმძიმე.
მომემატა გულზე სიმძიმე, როცა,
მივხვდი, რომ,
ჩემს სამშობლოზე
ა რ ა ფ ე რ ი  მითქვამს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები