ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რია
ჟანრი: პროზა
16 ოქტომბერი, 2014


მთვარის ვახშამი ( ნაწილი IV )

თავზე რომ დაგვადგა მოულოდნელად, დაგვაბნია, გაგვახარა, რიგრიგობით რომ ვეხვევით, ვკოცნით, ჩემი ნახევარი საათით უფროსი და არის. ეს ორი გოგო და ერთი ბიჭი კი, ვითომ, მორიდებით რომ გადმოლაგდნენ მანქანიდან, მეზობლის ბავშვები არიან. - მხეცები, ნადირები, გადარეულები.

გარეგნულად, თითქმის ერთი ერთში, ჩემი და ლინდსი მორგანის გმირს -კლარკის გავს სერიალიდან “ასეული.” ის სერიალი ვინც ნახა, მისი ნამდვილი სახელი თითქმის ყველამ მიივიწყა. ოჯახის წევრებმაც კი. დაძახებაზე ისე რეაგირებს, თითქოს კლარკი ერქვას დაბადებიდან. ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და უკვე ოჯახის ავტორიტეტია. აქვს რაღაც - იდუმალი და ამოუცნობი. ამაყია, ლამაზი, ჭკვიანი, თავდაჯერებული, გაბედული. ეზოში გავლისას ბიჭები ფეხზე წამოდგომით ესალმებიან. სამი წელი ცურვაზე დადიოდა. ორი - კარატეზე. სიკეთის და ადამიანობის განსახიერებაა. ყველაფერი ეხერხება, ყელაფერი გამოსდის. მის გვერდით საიმედოდ ვგრძნობთ თავს. უიმისოდ არაფერს ვაკეთებთ - მოდი, კლარკის ვკითხოთ? კლარკი რას იტყვის? კლარკის თუ მოეწონება?  მეც კლარკად მოვიხსენიებ.

დოდო ნაწყვეტ-ნაწყვეტად უყვება ჩვენი ორი დღის თავგადასავალს თან ბავშვებს დასდევს.
ლამის წერილი წაიღო საიქიოში. . .
მაშინვე შევატყო იმ ქალბატონს, რა ძუკნაც იყო. . .
ვაჟბატონი ისე შესცქეროდა, მიხვდა, კარგი არაფერი მოხდებოდა. . .
ეს გოგოც რა დღეშია. . .
მკვდარმა კატამ ხომ  ბოლო მოუღო . . .
მერე გაიხსენა, როგორ გაეკიდა ბიძაჩვენი ერთხელ ბალტიისპირელ ტურისტს და ერთი თვის შემდეგ ჩამოვიდა, ჯიბეგაფხეკილი, გამხდარი და გაუბედურებული. (სულაც არ იყო გაუბედურებული) მაშინ პოლიციაში განვაცხადეთ.

თავზე დაიმხეს ყველაფერი ბავშვებმა. ხე არ დატოვეს, ზედ რომ არ ასულიყვნენ. ხეივანში ადრეულა ყურძენი გასვლიპეს. ჭყიოდნენ. ტკბებოდნენ თავისუფლებით. მკვახე, გაკბეჩილ ვაშლებს ესროდნენ ერთმანეთს. გადადგეს სახლი. ორივე სართულის ოთახები შემოიარეს. სხვენში ავიდნენ, სარდაფში ჩავიდნენ. ამოათრიეს ნაზის და იმისი მშობლების, ბებია-ბაბუის ძველი ნივთები. ბიჭმა მტვერსა და ობობას ქსელში გახვეული ფირსაკრავი და ფირფიტები გამოიტანა აივანზე. ერთი ფირფიტა დაუდეს. ტრიალებდა დაჟანგული ნემსი, ძლივს მიიკვლევდა მტვრიან ხაზებში გზას. ვიღაც კაცის ხმა დანაწევრებულად და ყრუდ ჟღრიალებდა  ქუჩის გასაგონად – “ გაიარე, გაიარე, უტომატო სუფი ჭამე. . .”

- რა მაღალი სახლია, წვეტიანი. მოდი, ვილა “ყიყლიყო”დავარქვათ.
- ყიყლიყო არა ერბოკვერცხი!
- ამაღამ აქ ვრჩებით თუ მივდივართ?
- კლარკიიი! ცუდია უტომატო სუფი?
- დედაშენი გაგიკეთებს  და ნახავ.
- ჩვენ რომელ ოთაში დავიძინებთ?
- აქ მინდა ვიცხოვრო!

როგორც იყო, ამოისუნთქა კლარკიმ და პარკები გადმოალაგა მანქანიდან. იმ მანქანიდან, ლოტოში მოგებული ფულით რომ ვიყიდე და დღემდე ვერ ავიღე მართვის მოწმობა. კლარკიმ პირველივე გასვლაზე იყოჩაღა. ჩემი ჭკვიანი! როგორ მომენატრა! გვერდიდან შევყურებ. 

პირველად დიდი ხნით მაშინ დავცილდით ერთმანეთს, პარიზში სასწავლებლად რომ წავიდა. ძლივს გადავიტანე უიმისობა. გადავიფარებდი მის ნაქონ პიჟამოს ბალიშზე და ერთი თვე, სანამ ძალით არ ამაცალეს, ცრემლებს ვაყრიდი. ყველაფერს ეჩვევა და ეგუება ადამიანი. ინტერნეტიდან შევიტყვეთ მისი თავგანწირვის ამბავი.- “ქართველი სტუდენტი  გოგონას გმირობა.” სენას მარჯვენა სანაპიროზე, სადაც კლარკი სწავლობდა, ჩინელ  ცოლქმარს გრანიტის მოაჯირიდან ბავშვი გადაუვარდათ მდინარეში. იქ უამრავი ხალხი იყო. დაცვაც ყავდა ოჯახს. ვის დააცადა კლარკიმ? ჩანთა გვერდზე მოისროლა და დაუფიქრებლად გადაეშვა მდინარეში. ადრეული გაზაფხული იყო. ტალღებში ჯერკიდევ ცურავდნენ ყინულები. ბავშვი დიდ მანძილზე ატარა, მერე მაშველებმაც მოუსწრეს. სიცხიანი ერთი კვირა იწვა საავადმყოფოში. ბავშვის მშობლები გვერდიდან არ მოსცილებიან. გადარჩენილის მამა ჩინელი ბიზნესმენი და ბაიხოს პროვინციის მმართველი აღმოჩნდა. კვარტალში ერთხელ ამანათს იღებს კლარკი ჩინეთიდან. თითქმის მთელი სადარბაზო, სანათესაო და სამეგობრო, ჩვენს მიცემულ ბაიხოს შავ ჩაის მიირთმევს.

ვიღაც კრიმინალი გადამეკიდა. ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდი იმის ყურადღებას. შევიდოდი  სადარბაზოში და მეორე შესასვლელიდან ამოირბენდა, დადგებოდა კიბის თავზე. არ მიშვებდა ლიფტთან. სახლში ვერ ვიძახდი. მეშინოდა, ჩემებისთვის არაფერი დაეშავებინა. ერთ დღეს საზაფხულოდ გამოწყობილი, თეთრი მაისურით გამომეცხადა. იმისი ოდეკოლონის მძაფრი სუნი ორპირ ნიავს მომწამლავი გაზივით გაჰქონდა ეზოში. მხრიდან  ცერამდე ფერადი ტატუები ჰქონდა. თავიდან ვერ გავერკვიე, ვიფიქრე, კომბინირებული მაისური ეცვა. ჩემი ნუ გეშინია, სხვებისგან გიცავო. ბოხი ხმა ჰქონდა, ჩახლეჩილი. მოვიკრიბე გამბედაობა, - ნაკოლკებიანო დეგენერატო, თავს თუ არ დამანებებ, პატრულს გამოვიძახებ  და ჩანთას თავში ჩაგათხლეშავ მეთქი. მუხლებზე დაეცა თვალებგაბრწყინებული. შემეხვეწა, მასეთი რაღაცეები კიდევ მითხარიო. როგორ ავაწყდი კიბეებს და სახლში როგორ ავღმოჩნდი, ახლაც ვერ ვიხსენებ. საღამოს მეზობელი ამოვიდა კლარკისთან. ცალკე გაიყვანა, რაღაცას ელაპარაკებოდა სერიოზული სახით. იმ დღის შემდეგ, ის ბიჭი თვალით არ მინახავს.

ზოგჯერ, შიში მიფორიაქებს სულს. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ასეთი ძალიან სხვანაირი, ჩვენი სისხლი და ხორცი არ არის. ღმერთის საჩუქარია, ციდან ჩამოფრინდა  და ჩვენს ოჯახში შემთხვევით მოხვდა. აქ უნდა იყოს განსაზღვრული დროით, ჩვენი ცხოვრება გაალამაზოს, გაახალისოს და მერე მიგვატოვოს.

დაღლილმა ბავშვებმა და შუბლგაკრულმა დოდომ როგორც იქნა, დაიძინეს. დაწვრილებით მოვუყევი კლარკის ცეცილიას სახლში რაც ვნახე. ანერვიულდა. მეორედ მომაყოლა, დეტალებში: კაცს რაიმე ნიშანი ხომ არ ქონდა ამოსვირინგებული ხელზე, ოთახში რა იდგა კიდევ, კედელზე რა ეკიდა, შპალერზე როგორი ნახატები იყო და ასე შემდეგ. ღამე რამდენჯერმე გამაღვიძა.
- მთვარე მუხებს რომ გაუსწორდებაო?
- ჰო, მთვარის ვახშმობისასო.
- აბრეშუმის ჭია, ერთი ტოტი, რა ჯანდაბათ უნდათ?
- არ ვიცი.
- ხვალ ვაპირებდი წასვლას. გადავიფიქრე.
- ბავშვები?
- ტაქსით გავუშვებ სახლში. იმ შავმა ხალხმა რაო?
- ისეთი არაფერი, გზა მივასწავლე.
ხელებზე კრემი წაისვა.
- უჩემოდ ფეხი არ გაადგა არსად! არ დაგიმალავ და, არ მომწონს ჩვენი სახლი, ცუდი აურა აქვს. მოდი გავყიდოთ. ახლა არა, სწავლას რომ მოვრჩები, ჩამოვალ და მერე. ერთად შევარჩიოთ. ჰო, კიდევ, ეგ შავები ვენის აეროპორტში შევნიშნე. ერთი რეისით ვიმგზავრეთ. ბარგის გარეშე იყვნენ. მაშინვე გასასვლელს მიაშურეს. კეისი ხომ არ ეჭირა კაცს.
- კი.
- არ მეშლება, ნამდვილად ეგენი იყვნენ.

დოდომ ყურები გამოგვიჭედა უკვე გადაღეჭილი ამბების გამეორებით. ხელებს იქნევდა, დიდი მკერდით მაგიდას აზანზარებდა და უკვე მობეზრებული ბაიხოს ჩაი გადაიქცია მკლავზე. კლარკი გაგვიბრაზდა: ვის რეცხავს ახლა ჭურჭელს ხელთათმანების გარეშე? როგორ ხმარობთ ბლაგვ დანებს? ყველი ვერ ჩამოვჭერი! ჩვენ თავს ვიმართლებდით: გუშინ დაგვეხა ხელთათმანები. აქ, მაღაზიაში არ ქონდათ. არ ვიცით,სად არის სალესი. ბიძაშენს სად ეცალა ამისთვის?

დოლაბივით მოზრდილი სალესი ქვა გამოაგორა მარნიდან. მოხვეტა სამზარეულოს დანები და საგულდაგულოდ დაუწყო ლესვა. ლესავდა და ბუზღუნებდა ყველაზე და ყველაფერზე. დროდადრო ქვაზე წყალს აპკურებდა. დანას წკაპუნი გაუდიოდა და ნაპერწკლები ციცინათელებივით სცვიოდა. უსაფრთხოების მიზნით ცოტა მოშორებით ვიდექით. თავს აქნევდა, ოხრავდა. უკანმოუხედავათ გვესროდა ბრძანებებს: ეს წაიღეთ, ეს გარეცხეთ, ეს გადააგდეთ. თავს ვიკავებდით ასეთი შეძახილებისგან: “დიახ, დედოფალო!”, “ ჰოი, დიდო ბრძანებელო!” ბოლო დანაზე იყო მისული და მარცხენა საჩვენებელი თითი გაიჭრა. . .

ბიძაჩემის ოთახში სრული ქაოსი და უწესრიგობა სუფევდა. აქა-იქ მიყრილი ქაღალდები, ტექნიკური წიგნები. ათასჯერ გადაფურცლული და დაძენძილი –“ სამანქანათმშენებლო ხაზვა” “საღარავი სამუშაოები” “მხაზველობითი გეომეტრია” . . სახაზავები, მაგიდის ფეხთან დაყრილი გალეული საშლელები. ფანქრები -ლამაზად წათლილი წვერებით. დაფაზე სახაზავი ქაღალდი. გაკრული ხელით მიწერილი რომელიღაც დეტალის ოპერაცია და ესკიზი. შენიშვნა – გოგამ არ იცის,-“ გეომეტრიული სხეულების სამ გეგმილთა სიბრტყეზე დაგეგმილება და მათ ზედაპირებზე წერტილების გამოხაზვა.” უი, დედა, რა საშინელებაა! ეჰ, ნეტა აქ იყოს ჩემი ლამაზი, ჭკვიანი და რაც უნდა, ის მკითხოს.

ვიღაცამ პირზე ხელი ამაფარა, როგორც ფილმებშია და ჩამჩურჩულა:
- ახლა, ხელს ავიღებ და არ დაიყვირო. გაქცევას თუ შეეცდები, დაბლა ჩავალ და იმ მსუქან ქალს ყელს გამოვჭრი. გასაგებია?

ლიმონის სუნი მეცა. მივხვდი ვინც იყო. კლარკი სარდაფს ალაგებდა. რას დაინახავდა? იფიქრა, ორნი ვიყავით. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.  ძლივს ვიცანი. სხვა ტანსაცმელი ეცვა. ცოტა უფრო თანამედროვე, თმა აფრიანი ქუდის ქვეშ ქონდა შემალული. ჯიბიდან ცალი საყურე ამოიღო და დაფაზე ჩამოკიდა.
- შენია, ჩვენთან ვიზიტის დროს მოგძვრა. 
- არ მჭირდება, მე მაგას აღარ გავიკეთებ. 
- არც არის საჭირო. შენისთანა გოგო იაფფასიან სამკაულებს არ უნდა ატარებდეს.
გრეგორი მქვია. მოკლედ გეტყვი. საქმიანი შემოთავაზება მაქვს შენს ოჯახთან.  სახლი უნდა მოგვყიდოთ. იმაზე მეტს გადაგიხდით, რა ფასადაც შეიძინეთ.
თანხა დაასახელა.
- ვინ გითხრათ, როგორ შევიძინეთ?
- გვითხრეს.
- არ ვყიდით.
- ორ იმდენს დაგიმატებთ
- სახლი არ გაქვთ?
- გვაქვს.
- აქ უამრავი სახლია, მაინცდამაინც ჩვენი რად გინდათ?
- გვინდა.. რაც მალე მივიღებ დადებით პასუხს, მით უკეთესი ყველასთვის.
- არც იოცნებოთ!
- ჯერ გთხოვთ. . .
ბილიარდის ჯოხს ხელი წამოვავლე. საკუთარ ტერიტორიაზე გაბედული ვიყავი.
- გვემუქრებით?
- ჰო, გემუქრებით.
- თქვენთან რაც ვნახე, არ მომლანდებია. არ დაგვიბრუნდება ბიძაჩემი და თქვენს ბებერთან  ერთად სახლში გამოგწვავთ.
- ძალიან, ძალიან შემეშინდა!
- მოშორდით აქედან!
ჯოხი რამდენჯერმე გავიქნიე ჯვარედინად სამურაის ხმალივით

სასაცილო გოგო ხარო, მითხრა და ფანჯრიდან გადაძვრა. კიბე ქონდა მოყუდებული. გადავხედე. ამომხედა და გამიღიმა. თითქოს, ის სასტიკი კაცი არ იყო, მატლებით რომ მაშინებდა. შუა თითი ვუჩვენე. კიბე თან გაიყოლა, მესერს მიადგა, ახალგაზრდული სიმარდით აირბინა საფეხურები და მეორე მხარეს გაუჩინარდა.

კლარკი მეძახდა.
ხელი ჩამკიდა და დებილი ბავშვები რომ დაყავთ, ისე ჩამიყვანა კიბეზე. ღმერთო, რა ენერგია აქვს! ნახევარი სარდაფი მიელაგებინა. მძიმე ნივთები გადაეადგილებინა, გაეხოხებინა, ცალ მხარეს მიეგროვებინა. დიდი პარკები გაევსო გადასაყრელი და დასაწვავი ძველმანებით.

ნათურა სუსტად ანათებდა. კლარკიმ ფარანი ჩართო და ბოლოში, ბრეზენტგადაფარებულ ნივთებზე მიმინათა.
- გადახადე!
გადავხადე. ზუსტად ისეთი საათი და კარადა ცეცილიას სახლში რომ ვნახე. თვალს არ დავუჯერე.  ცხვირსახოცი გადავუსვი დაბინდულ მინას. ხმამაღლა წავიკითხე წარწერა - 1777 წელი. ვენა. ისააკ ბრონშტეინი და ძმები.

დამფრთხალი ბუსუსებიანი ობობები და მორიელის მსგავსი მრავალფეხიანი საზიზღრობები ხვრელებში მიიმალნენ. ცხვირსახოცი არ მეყო და ჩრჩილისგან შეჭმული კაშნეთი კარადის სარკე გავწმინდე. მე მაკანკალებდა თუ სარდაფში ციოდა, ვერ გავერკვიე. კლარკიმ ხელი ჩამჭიდა, ერთმანეთს მხრებით მივეკარით და სარკეში ჩვენს გამოსახულებას თვალებში ჩავხედეთ. . .


გაგრძელებით




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები