 | ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 18 ოქტომბერი, 2014 |
ნახევარი საათია, დიდ ჩანთას ხვნეშით უვლის გარშემო, მაგიდაზე შეგროვებულ სანოვაგეს ჩანთაში აწყობს, მაგრამ ვერაფრით ჩაატია. არ უნდა რამე დარჩეს . კარალიოკები , მწიფე ბროწეულები და ყურძნის აკიდოები ძალიან აწვალებს. ვერაფერი მოუხერხა. მაცივრიდან წინა საღამოს გამზადებული ქათამი გამოიღო, წინასწარ რომ გაყინა, გზაში არ გაფუჭებულიყო....ნეტავ მოეხარშა და ისე გაეგზავნა, მაგრამ ხანდახან შემწვარი ურჩევნია და ...ასე ამჯობინა, თვითონ გადაწყვიტოს.უჰ ისეთია, ყვითელი , ქარვასავით. ერთხელს "შეღებილი " ქათამი უყიდია და მის მერე ნაყიდს ვერ იტანს. ან რა ასატანია, გაშავებული აქვს ძვლები,რამდენი ხნის დაკლულია, ვინ იცის... --ჩემმა ბიჭმა ჩემი გაზრდილი ქათამი მინდა ჭამოს--უხარია მოხუცს. ღვინოც უნდა რომ შეახვედროს. სუფთა წვენია, წყალმაჭარა კი არა, ასეთი ღვინო ყოველდღე ერთი ჭიქა სასარგებლოცაა. კი იცის, ამას სულმოუთქმელად დალევენ მისი მეგობრები და შეიძლება მისი სადღეგრძელოც დალიონ, მაგრამ განა ამისთვის უგზავნის? რაღა დროს ჩემი სადღეგრძელოა, მალე იმ ქვეყნად მომიწევს დღეგრძელობა--ჩაეცინა მწარედ , ისე, ჯერ არაფერს უჩივის, ეგაა სახსრები ტკივა და მოძრაობა უჭირს ცოტა, ---ჩემს ბიჭს, ღმერთმა თუ დამაცადა, კიდევ დიდხანს უნდა ვუგზავნო ჩემი ხელით გაკეთებული ჩურჩხელა და ტკბილიკვერი. სხვა ვინ ყავს, მაგას შემოევლოს ბებია, დედა მაგას არ ყავს და მამა, მიწა გოუწყრეს მამამისს, მისი მიტოვებისთვის... ცელოფანში საგანგებოდი დამცხვარი ხაჭაპურები ჩადო და ჩანთაში ზემოდან ფრთხილად დაადო, რომ არ დაისრისოს, თუ არა, აბა მოგრეხილ ხაჭაპურს რაღა გემო აქვსო. ჯიბიდან ქმრის უჩუმრად პენსიის ნახევარს იღებს, წინასწარ ქაღალდში გამოკრულს , ჩუმად დებს აჯიკის ბოთლის გვერდით, მერე საჩქაროდ ზმეიკას კრავს და ხვნეშით სწორდება.ფული ვის მოჭარბებია, თუ არა, კი არ უთხოვია, ბებია ენაცვალოს. უბრალოდ, უნდა და უგზავნის, თუ არა მისიც ბევრი აქვს, აბა კი არ უჭირს . ცოლშვილს მშვენივრად ინახავს, შემოევლოს ბებოს სიცოცხლეო.
---ქალო, ჩამეივლის აწი და კიდო არ გაქ მზად?---გამოსძახის ქმარი. ---ჩემთვის გოუჩენია დედამისს თემური, როცა არ უნდა თხოვო, უარს არასდროს მეუბნება, თუ გინდა ორი ჩანთა გამატანეო. ---ორის გასავსები რაღა მაქვს, შვილო, მაგოდენი კი აღარ შემიძლია-თქვა, რომ ვუთხარი, გაეცინა და ----ჯერ ჭირდები ყველას, მარო ბებოოო, ჯანზეც კაათ ხარო--ვითომ გამახალისა და გამახარა, თვარა, რომ აღარ შემიძლია, ჩემზე კარგად იცის მაგან?ღამე რომ დავწვები, სახსრები დილამდე რომ მჭამს და არ მაძინებს და საცხა, დილით რომ ჩამეძინება, ეგაა კარგად ყოფნა? მარა რა თემურის ბრალაა, ავად რომ ვარ, რომ პირში მივახალო, კაი ბიჭია, ღმერთმა კარგად უმყოფოს მის მშობლებს.
თემურისთვისაც ცალკე გადააწყო ჩურჩხელა და ტკბილკვერი, ჯერ ცელოფანში და მერე გაზეთში გადახვეული.
თემომ ეს "ტვირთი" მარტომ უნდა ზიდოს და სანოვაგე საავადმყოფოში უნდა შეუგზავნოს. იცის ბაბუამ.... არ იცის ბებომ... ამ ბოლო დროს ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს და ...გულშემატკივარიც აღარავინაა. ისედაც ბოლო დროს ფეხები ისევ დაუსივდა და ვერც თავისუფლად მოძრაობს, მეზობელმა უთხრა, მაგი არაა სახუმარო,მარო ბებია, გულის ბრალი იქნებაო... ---გულისო? არ გაკვირვებია ქალს--აქამდე რომ ამ მტკიოდა, ეგ უფროა გასაკვირიო. ახლა შემოდგომაა და, ბიჭს შემოდგომის ნობათი რომ არ შეახვედროს, დედამისს რანაირად შეხედოს იმ ქვეყნად თვალებში, თუ კიდევ შეხვდებიან ერთმანეთს, გულნაკლული რომ წავიდა ანგელოზივით გოგო იმ ქვეყნად და ერთი კინკილა ბიჭი ღვთისანაბარა დატოვა, ვიდრე მარო არ დააპყრობდა ხელს და გაზრდიდა. აპირებს, კი აპირებს ექიმთან წასვლას, როცა ცოტა ხელს მოიწყობს. აბა ასე საჩქაროდ სად ცალია ექიმისა და წამლისათვის.
---შენ როცა მოიცლი, მერე ჭაბუკმთაზე მოგიწევს წამოწოლა, ორი მეტრით დაბლაო--ქილიკით უთხრა კაცმა. ---ნეტავ შენც რომ არ მოგწყინდა ეგრე ლაპარაკიო,მომიწევს და მომიწიოს, ჩემი შვილის მერე კაი ხანია იქ უნდა ვიწვე, სამართალი რომ ყოფილიყოო--სიბერეში მაინც ათქმევინა ღმერთის აუგი.
სითბოები ჩაალაგა, მისი ხელით გაზრდილი ბიჭისთვის რომ არ ენანება, ისეთები ..ბებიის ხელის მადლი გააყოლა და ხვნეშით გაატანა მანქანას. დარდობს ბაბუა, მაგრამ არ იმჩნევს. კიდევ რამდენიმე თვე აქვს დარჩენილი და...იქნებ მოუსწროს. გულით ავადმყოფი ადამიანი ისედაც ცალი თვალითაა საყურებელი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მადლობა, ჩემ ბიჭზე დავწერე :) მადლობა, ჩემ ბიჭზე დავწერე :)
2. რა თბილია და სევდიანი... ეჰ, ბებოები... რა თბილია და სევდიანი... ეჰ, ბებოები...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|