ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
18 ოქტომბერი, 2014


გამქრალი ხატება


კაცმა ძილში წამოიკვნესა, შეიშმუშნა და თვალები გაახილა. ზმანებიდან კიდევ ვერ გამორკვეულიყო. ესიზმრა, თითქოს მაჯლაჯუნა აწვა მკერდზე  სუნთქვას უშლიდა, ზეციდან თეთრებში გახვეული ინოლა მოფრინავდა მის დასახმარებლად, მოფრინავდა, მოფრინავდა , მაგრამ მათ შორის მანძილი არ იცვლებოდა...
მარცხენა მკლავი დაბუჟებოდა, ამოძრავება სცადა, მაგრამ მის მხარზე ირას ედო თავი. მოწითალოდ შეღებილი, აჩეჩილი თმა ლომის ფაფარივით ედგა თავზე, ხორცსავსე მკლავი მის მკერდზე ედო, ჩამოქნილი ფეხი კი თითქმის მუცელზე შემოედოდა  და ვანო შებოჭილივით ჰყავდა. კაცმა ფრთხილად გაინთავისუფლა სხეული ამ ბორკილებისგან და გვერდზე გადაბრუნდა. ირამ ძილში იგრძნო საყრდენის გამოცლა, მისკენ მიიწია, მკლავი ისევ გადახვია. ამ მოძრაობამ ვანოს ინოლა გაახსენა. ინოლა, საქართველოში მისი დაბრუნების მოლოდინე მეუღლე, მასაც უყვარდა მის მარცხენა მკლავზე წოლა, “ შენი გულის ხმა მესმისო”, ეტყოდა მკერდზე მიხუტებული, მაგრამ ინოლა ისე მოხერხებულად შეეყუჟებოდა, რომ არც მკერდზე გრძნობდა სიმძმეს და არც მკლავი უბუჟდებოდა ხოლმე. მეუღლე კი ჰქვია, მაგრამ ... ეს როგორი მეუღლეობაა, როცა ორ წელიწადში ერთჯერ ჩადის საქართველოში და დიდი-დიდი, ათი დღეღა თუ დარჩება ხოლმე. უდრტვინველად, უსაყვედყროდ იტანს ყოველივეს ქალი, ცდილობს, მაქსიმალურად კომფორტი შეუქმნას ქმარს. მხოლოდ შარშან წამოსცდა, “ სანამდის ასე შორი-შორს, ცოცხალი ქმრის ქვრივს მეძახიანო ჩუმ-ჩუმად.”
მათი შეუღლების ისტორია გაახსენდა რატომღაც. ინოლას მამა მამამისის სტუდენტობის მეგობარი იყო. მამას ძალიან მოსწონდა გოგონა: “ ჭკვიანია, მოსიყვარულე, ექიმი რძალი მჭირდება, უკვე მოვხუცდიო.”
სულ ძალდატანებით შეახვედრა ახალგაზრდები ერთმანეთს, გაცნობის მერე მეგობართად სტუმრობას მოუხშირა, “გული მაწუხებს, საჭესთან მეშინიაო” იმიზეზებდა და ვანიკო დაჰყავდა ხოლმე. შეეჩვივნენ ერთმანეთს. ინოლა გარეგნობით დიდად არ გამოირჩეოდა, საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი, სიფრიფანა გოგო იყო, მაგრამ თავისებური ხიბლი ჰქონდა. მამაც აგულიანებდა, რა გახდა შენისთანა ბიჭისთვის ამ კაფანდარა გოგოს გულის მოგებაო. ინოლას თავი შორს ეჭირა,სიყვარულზე არც ალაპარაკებდა . ვანიკომ მართლაც დიდი მონდომების ფასად მოიპოვა მისი თანაგრძნობა.
შეუღლდნენ, გაახარეს მშობლები. თავიდან ერთი დღეც ვერ ძლებდა ინოლას გარეშე, ძალიან კარგი მეუღლე გამოდგა იგი, ნაზი, რომანტიული სულის პატრონი. საოცრად მალე მოიპოვა დედამთილ-მამამთილის, ახლობლების, მეზობლების სიყვარული.
მერე-მერე გული გაუცივდა მის მიმართ. იცოდა, რა დროსაც არ უნდა დაბრუნებულიყო სახლში, საყვედურს არ ეტყოდნენ, საჭმელს ახვედრებდნენ, ურეცხავდნენ, უუთავებდნენ. მისი მოვალეობა საჭმელ-სასმელით ოჯახის მომარაგებაღა იყო. ისე გაჩდნენ და წამოიზარდნენ მაიკო და ილია, რომ დიდად არ შეუწუხებია თავი. ინოლა კიდეც პოლიკნინიკაში მუშაობდა, კიდეც ბავშვებსა და ოჯახს უვლიდა.
მალე აირია ქვეყანა, დაკარგა სამსახური, გარდაიცვალნენ ჯერ მამა, შემდეგ სიმამრი და დედა. გადაწყვიტა, რუსეთში ეცადა დასაქმება. ორიოდე წლით წამოსული უკვე მეთორმეტე წელია აქაა. ჩამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ გაიცნო ირა. ფიქრობდა, რომ უბრალოდ ერთობოდა მასთან, მაგრამ ირა ინოლასავით ჩუმი და დამყოლი კი არა, მომთხოვნი და მომნუსხვი აღმოჩნდა. ჯერ შეიჩვია, შემდეგ კი ობობასავით ჩაიჭირა კაცი. მთელი ამ ხნის განმავლობაში თანდათან ახვევდა თავის ბადეში.
ისევ მოიცილა ირას მკლავი. ძილი სადღაც გამქრალიყო, ფიქრები კრაზანებივით დაესია. გაახსენდა, ქორწილის დღის მერე ინოლასთვის ყვავილები არ მიუტანია, არა და როგორ უყვარდა ინოლას. ერთხელ მადლიერ პაციენტს  მიერთმია ვარდების თაიგული და ისეთი ბედნიერი იყო... ირას კი, კვირაში ერთხელ მაინც რომ არ მიართვას ყვავილები....
სინდისის ქეჯნა იგრძნო, რატომღაც ახლა გააცნობიერა, როგორი ბედნიერება არგუნა ღმერთმა ასეთი მეუღლის პოვნით.
ხვალვე დაურეკავ ინოლას, ფულსაც გავუგზავნი, საქმეებს მოვამთავრებ  და წავალ, დავბრუნდები საქართველოში...
ირამ თითქოს მისი ფიქრები იგრძნო, მკლავი გადახვია, ფეხიც შემოაჭდო, მისკენ შემოაბრუნა, ვნებიანად წამოიკვნესა და მკერდზე აუსრიალდა, მოჭუტული თვალებით შეხედა , გაუღიმა და ტუჩებზე დააკვდა.
ინოლას ხატება  ნისლივით გაიფანტა.....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები