ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინდია არაბული
ჟანრი: პროზა
22 ოქტომბერი, 2014


კატა სანაპიროზე

ბუდა მაიტრეია, დიად კალპაში რიგით ოცდამეხუთე, სამყაროს დასაბამითგან უამრავჯერ დაბადებული, საწყისების გამაერთიანებელი საკუთარ არსში და ყველა მანამდელ ბუდაზე ბრძენი, გორგლად დახვეული იწვა ცისფერი „მოსკვიჩის“ გახუნებულ სახურავზე. უკან, კედლის წითელ ფონზე გამოსახული იყო ლენინის შავ-თეთრი სტენსილი და წარწერა Frodo. კომპოზიციას ლოგიკურად ასრულებდა ქუჩის სახელის აბრა „San Lázaro St.“. ბუდას ჟღალი ბეწვი ფრთხილად მოძრაობდა სინათლის ზეგავლენით. ქუჩაში არავინ ჩანდა გარდა ბელგიელი ფოტოგრაფისა, რომელიც ორიოდე წუთის წინ გაჩერდა და უაღრესად აღჭურვილი ფოტოკამერით ბუდას ბეწვში მოთამაშე სინათლეს ფოტო გადაუღო. ასეთ ფოტოებზე ყველაფერი გაცილებით კოლორიტულად ჩანს, ვიდრე სინამდვილეში. ასეთ ფოტოებზე ჰავანის ყველაზე ჭუჭყიანი ჩიხიც კი, საჭირო განათებისა და სხვა პატარ-პატარა მაგიის წყალობით ვინტაჟურ რომანტიკად იქცევა, რომლის შემყურე ბელგიელი ფოტოგრაფები მიემგზავრებიან წმინდა ლაზარეს ქუჩაზე, პოულობენ მოსკვიჩის სახურავზე მძინარე კატებს, იღებენ ფოტოებს, და საიმედოდ კრავენ ბელგიელი ფოტოგრაფების ბუნებაში ცირკულაციის მანკიერ წრეს. ფოტო კუბური ინდის ყველა წესების დაცვით გამოვიდა. სამწუხაროა, რომ ბუდა მაიტრეიას მხედველობა ვერ აღიქვამდა ფერებს. „რაღაც არასწორად წავიდა“ ფიქრობდა ის. „სადღაც უნდა შემშლოდა“. ყველაფერი შემთხვევის ბრალია. არა დამსახურება, არამედ სწორედ ბრალი, რის გამოც აი უკვე მერამდენედ უწევდა ბუდას მატერიალური სახის მიღება. პირველად ეს 4.32 მილიარდი წლის წინ მოხდა, ბრაჰმის დღის გათენებისას, დღის რომელიც ჯერაც კი არ დასრულებულა. მაშინ უსახელო ერთუჯრედიანის სახით მოვიდა, რამეთუ სხვა უსახელო და უკვე გადაშენებული ერთუჯრედიანები მოძრაობაში მოეყვანა. შემდეგი განხორციელება უკვე მინდვრის თაგვის სხეულში მოხდა და ამგვარად კიდევ უამრავი სახე გამოიცვალა, მდინარის სულისა და მაყვლის ბუჩქის ჩათვლით. ყოველ ჯერზე, როდესაც დედამიწაზე ბიოლოგიური ცხოვრების არსებობა თუ განვითარება საფრთხის ქვეშ დგებოდა, ბუდას დაბრუნება უწევდა, რათა „წყალი გამოეცვალა აკვარიუმში და საკვები ჩაეყარა“. სიმართლე ითქვას, ეს პროცედურა ყველაზე მოსაბეზრებელი რამ იყო, რითიც ოდესმე დაკავებულა მისი შეუცნობელი და ყოვლისმომცველი ბუნება, მაგრამ სხვა არჩევანი არ ჰქონდა, რამეთუ სამყარო სწორედაც რომ მისი შინაური ცხოველი იყო.
ოდესღაც, მაშინ, როდესაც დროც კი ახალგაზრდა იყო, ჯერ კიდევ პატარა ბოდჰისატვა  სივრცისა და უსაზღვრო სიბრძნის აუღელვებელი გუბურის პირას იჯდა. გუბურა, როგორც სხვა, გამოცდილი ბოდჰისატვები ამბობდნენ, არსებობდა მუდამ და ამ არსებობის მანძილზე მის ზედაპირზე ერთი, ყველაზე შეუმჩნეველი რხევაც კი არ წარმოქმნილა. ცენტრში საკუთარი ანარეკლიდანვე ამოზრდილი ლოტისის გვირგვინი ტივტივებდა. გუბურის ზედაპირი მაშინაც კი არ შერხეულა, როდესაც ამ ლოტოსის წიაღიდან ბრაჰმა დაიბადა. პატარა ბოდჰისატვას არ უკვირდა ეს. უფრო ძნელი წარმოსაგდენი იყო, მერე როგორ შეძლო ახალდაბადებულმა ბრაჰმამ გუბურის ცენტრიდან ნაპირზე წყლის აუღელვებლად გადმობობღება. მერე კი ბოდჰისატვამ გააკეთა ის, რამაც განსაზღვრა მთელი მისი არსებობა. რომელ ბავშვს არ უსვრია კენჭი გუბურაში? ეს ონავრობადაც კი არ შეიძლება ჩაითვალოს, აბსოლუტურად უცოდველი ქმედებაა, რა თქმა უნდა, თუ ეს სივრცისა და უსაზღვრო სიბრძნის გუბურა არაა, ხოლო კენჭი - ღვთაებრივ არსებათა ბაღში გაზრდილი საკრალური გარგრის კურკა.
„ყულპ“
ზედაპირზე გაჩნდა ერთი წრე. პატარა წერტილიდან წარმოქმნილი ერთადერთი წრე და გაფართოება დაიწყო.
„გუბურა...“
მოესმა პატარა ბოდჰისატვას ზურგიდან.
„გუბურა არავის უნდა აეღელვებინა. რატომ ჩაიდინე ეს“
ვერც მიხვდა, როგორ ან საიდან გაჩნდა ბაღში ბრაჰმა. მისი ხმა ჰორიზონტიდან მოდიოდა. მისი ოთხი სახე არსებობის ცაში იყო განლაგებული და ოთხივე საკმაოდ შეწუხებული ჩანდა. სივრცისა და უსაზღვრო სიბრძნის აუღელვებელი გუბურის ზედაპირზე წარმოქმნილი წრე შიგნიდან გაურკვეველი სიშავით აივსო, მერე სხვადასხვა ადგილას მოციმციმე ნატეხები გამოჩნდა.
„ახლა რა მოხდება?“ იკითხა ბოდჰისატვამ
„ახლა ეს წრე შენი წრეა. ყველაფერი, რასაც წრე წარმოშობს შენი საზრუნავი იქნება, სანამ საკმარისად გაიზრდება, იმ დონეზე საკმარისად, რომ გაქრეს.“

„რაღაც არასწორად წავიდა“ ფიქრობდა ბუდა მაიტრეა. „სადღაც უნდა შემშლოდა“. თითქოსდა განხორციელების ყველა პრინციპი სწორად დაიცვა, მაგრამ შედეგად ადგილიც არასწორად მიიღო და სხეულიც. განსხეულებისას მეხსიერების მნიშვნელოვანი ნაწილი იკარგება გონებათა სინქრონიზაციის განსხვავების გამო, ამიტომაც ვერ აყალიბებდა გონებაში ხარვეზის თუ ხარვეზების მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. კატას კიდევ არა უშავს, მაგრამ კუბა?! ისიც კი იფიქრა, ბრაჰმის ხელი ურევიაო, რომელიმე ოთხთაგანი, მაგრამ მაშინვე გაითავისუფლა თავი ამ ფიქრისგან. საეჭვოა, ასე მალე აღმოეჩინა უმაღლეს ლოგოსს ტუშიტის ციდან არაგეგმიური მივლინების ამბავი. ყოველი სხვა განსხეულება ერთგვარად მთავრდებოდა - აღიარებული და პატივცემული ბუდა აღწევდა სულის მორიგ სრულყოფილებას და მშვიდობით ბრუნდებოდა, მაგრამ ეს შემთხვევა არ ექვემდებარებოდა კლასიკურ სცენარს. დაბრუნებისთვის მაიტრეას სჭირდებოდა სულიერი განწმენდის მეთოდის აღმოჩენა, ამ მეთოდის გამოყენებით გასხივოსნების მიღწევა, მიმდევრების გაჩენა და საბოლოოდ, დიდებული აღსასრული. ამ ჩამონათვალიდან კუბაში, თან კატის სახით მარიტრეა ვერცერთ პუნქტს ვერ შეასრულებდა. ერთადერთი გამოსავალი უშუალოდ აღსასრულის ლოდინი იყო, მაგრამ ბუდას წარმოდგენა არ ჰქონდა, რა არის კატების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა . განსაკუთრებულად კი იმისი გააზრება უფუჭებდა გუნებას, რომ ამ პერიოდის გავლა ცხრაჯერ მოუწევდა. თანაც თავსაც ხომ ვერ მოიკლავ, ცოცხალი არსებისთვის ზიანის მიყენების აკრძალვის გამო.
„ჯანდაბა“ გაიფიქრა ბუდა მაიტრეიამ.
სანაპირო „Playa Megano“ დღისით ყოველთვის ხალხითაა გადავსებული. საღამოსკენ სანაპიროსგან მოშორებით, გზის გასწვრივ ირთვება ბარებისა და ღამის კლუბების ილუმინაცია და ხალხის ნაკადიც ფარვანებივით არტყავს გარს განათებულ ადგილებს. სანაპირო რჩება სუსტი ქარისა და ოკეანის პერიოდული ტალღების განკარგულებაში. „მე შემიძლია, გავიქცე“ ფიქრობდა ბუდა და უყურებდა წერტილს, სადაც სანაპირო მთავრდებოდა. კატის თვალისთვის ღამე თითქმის არაფერს ნიშნავს, კატის გონებაში არ არსებობს ღამის ცნება. ყველაფერი ექცევა დღის, მოხუცი დღის, საღამოსა და მწვანე საღამოს ფარგლებში. მწვანე საღამო მთავრდებოდა შუქურით, რომელიც თავს ისე ატრიალებდა, თითქოს კოღოებს იგერიებდა შუქით. „მე შემიძლია, გავიქცე, შემიძლია წავიდე იქ, სადაც სამყარო ვეღარ მომწვდება, სადაც შემეძლება ვიყო კატა, რომელზეც არაფერია დამოკიდებული, სადაც მეყოლება პატრონი, იმას კი ძველი, ფერადი ტელევიზორი“. ბუდა მაიატრეას უკან დაბრუნება წარმოუდგენელი იყო და ახლა უკვე იცოდა, რატომაც. წამოსვლისას, არსებობის მანძილზე მეორედ ესტუმრა სივრცისა და უსაზღვრო სიბრძნის აუღელვებელი გუბურის ნაპირს. იჯდა და აკვირდებოდა,  ერთადერთი წრე, რომელიც ამ გუბურის ზედაპირზე ოდესმე გაჩენილა, თითქმის უკვე მისწვდომოდა გუბურის კიდეებს, ხოლო ეს ნიშნავდა, რომ მალე სამუდამოდ ჩაცხრებოდა და ბრაჰმის დღეც სრულ სიწყნარეში დასრულდებოდა. ცოტა ხანი ბუდა თავის ანარეკლს უყურებდა. მერე კი გასწორდა, და გუბურის თავზე, ცაში მუჭით აყარა ხორბალი.
(შენიშვნა)*
ოკეანემ ნიავის ტალღა მოიტანა. მერე კიდევ ერთხელ. მერე კიდევ და უფრო ძლიერი. სანაპიროზე ბარბაცით გაიარა კაცმა. ჟღალ კატას გადახედა და გააგრძელა გზა. გაუგებარია, რა მიზეზით უნდა მისულიყო ღამით მთვრალი ჰავანელი უსაქმური კატასთან, აეყვანა ხელში და თვალებში ჩაეხედა, მაგრამ თუ ასე იზამდა, დაინახავდა იმას, რისი დანახვაც  სამგანზომილებიან სამყაროში შეუძლებელია. ვერავინ შეამჩნია, როგორ გადმოიკეცა ეს სამყარო და თავის მეორე ნახევარს დაედო. გადაკეცის ადგილას შექმნილი კუთხეები კიდევ ერთხელ გადმოიკეცა უკვე ცენტრისკენ. თითქოს ვიღაც ორიგამის ფიგურას ქმნიდა თაბახის ფურცლით. კიდევ რამდენიმე გადაკეცვის შედეგად სამყარომ მიიღო ქაღალდის გემის ფორმა. ბელგიელი ფოტოგრაფი ვერც კი ივარაუდებდა, რომ ახლა, როდესაც ეგონა, რომ ანტვერპენის ინტერნაციონალური აეროპორტიდან მანქანების სადგომზე გამოდიოდა, სინამდვილეში ქაღალდის გემის კიჩოზე იმყოფებოდა. მხოლოდ ჟღალი კატა ხედავდა, როგორ მოსწყდა გემი ლოგოსისა და ქაოსის ურთიერთშეთანხმებულ არსებობას და გაემართა გაურკვეველი მიმართულებით. სივრცისა და უსაზღვრო სიბრძნის აუღელვებელი გუბურის პირასაც არ აღმოჩენილა არავინ, რომ ეხილა როგორ დაცურავდა გუბურაში დაკეცილი სამყარო, შემდეგ კი ზედაპირს ასცდა და გაცურა შორს. და ყველაფერი იყო ცრემლებამდე საოცარი, როცა ბუდამ უშუალოდ ყურის ძირში მუსიკის ხმა გაიგო: „It's a god-awful small affairTo the girl with the mousy hair..“. სანაპიროზე, ბუდას გვერდით იდგა რადიო და ჟღერდა ბოუვი. რადიოს იქით იჯდა ბილ მიურეი.
„მგონი უხდება“ თქვა ბილ მიურეიმ, და ანიშნა ბუდას რადიოზე.
მართლა უხდებოდა

(შენიშვნა)* - ავტორი გირჩევთ დაახლოებით ამ მომენტის კითხვისას დევის ბოუვის Life on Mars?ის მოსმენის დაწყებას

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები