ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
28 ოქტომბერი, 2014


მარიამს...

ალბათ არ იცი, რა განცდაა დილით რომ ვიცვამ
სიზმრის მოტანილ შენი თმების მსუბუქ მანტიას.
ვსაუზმობ უცებ... შენზე ფიქრით მითბება ყავა
და რომ იცოდე, გარეთ მგონი ისევ მარტია...
ეს ყველაფერი სულ არაა ისე მარტივი,
როგორც ბავშვობის დასაწყისში ზოგჯერ მეგონა...
ჩემი განწყობა დავარიგე ხალხში კარტივით
და ახლა ვხედავ ვიღაც გოგო როგორ ერთობა
მზერით, რომელიც მის თვალებში აირეკლება...
მან კი არ იცის, ჯერ ყველაში შენ რომ დაგეძებ.
მე კი ვაჩერებ მუდამ  მორჩილ მიკროავტობუსს
და მინდა ქუჩის ატმოსფეროს სადმე გავექცე...
მოვდივარ შენთან... ფიქრები მაქვს ისევ გამთბარი
შენი თვალების აუხსნელი სევდის სითბოთი.
როგორც ლექსშია, ოღონდ სხვაგან... თოვლი რომ ვიყო,
ღრუბლიდან მხოლოდ შენს წამწამზე ჩამოვიდოდი.
არადა მე ვარ... და ეს დილაც ისევ შენია...
ჩემი ნერვები მერამდენე ლექსში გავცვალე
და ახლა ვხვდები, რომ შენ ჩემი ერთი ლექსი ხარ
რომლის დაწერაც დავიწყე და ვერ დავამთავრე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები