წერას ვყავარ ატანილი, ამ გამოთქმის პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით. მეწერება, მაგრამ ვერ ვწერ. ან რას დავწერ, ჩემი სამუშაო ოთახი არა მარტო ჩემია, - თხუთმეტამდე თანამშრომელი საკუთარ სტიქიაშია. არის ერთი გადაძახილ-გადმოძახილი, შემორბენა და გარბენა. ისეთი ზუზუნია, უნებურად ვნატრობ, მქონდეს სადმე ტყის პირას სახლი, რომლის სასტუმრო ოთახში იქნება დიდი ბუხარი, რბილი ხალიჩა, რომელზეც ფეხმორთხმით დავჯდები და შავი ღვინით სავსე ბოკალს მივუჭახუნებ საყვარელ ადამიანს. ამ სახლს ექნება მყუდრო, ნათელი ოთახები, ფანჯრებიდან ტყის ხედით. ეზოში ისეირნებენ ირმები და ახალამოსულ ბალახს მოწიწკნიან. საფიქრალს არაფერი დამირღვევს, მაგიდაზე არავინ დამიხვავებს საღამომდე მოსასწრებ საქმეებს და არც ტელეფონის ზარი შემახტუნებს.
ოცნებას კაცი არ მოუკლავსო, გაიფიქრებს პირველივე მკითხველი, მაგრამ მისი უსუსური აზრის გასაქარწყლებლად უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია, თუმცა მეჩქარება, რომ მოცალეობის ჟამსა შინა რამის დაწერა მოვასწრო. სად მცალია არაფრისმომცემი კამათისთვის ან თვალსაჩინოებისთვის რომელიმე ოცნებისგან მიცვალებული სულის შეწუხება.
მახსოვს, სკოლაში, ქიმიის გაკვეთილზე, ლითონებსა და არალითონებს რომ გვიხსნიდნენ, უნებურად აქეთ-იქეთ ვიწყებდი ყურებას და ჩემს კლასელებს მენდელეევის სისტემის ამა თუ იმ ელემენტთან ვაიგივებდი. ოღონდ ოქრო და სხვა ძვირფასი ლითონები ცოტა თუ მოგვეპოვებოდა, რკინა, ალუმინი და დედმამიშვილნი მათნი - რამდენიც გნებავთ. ჭარბობდნენ ლიტონი სიტყვის მქონე ლითონები, იოდის, დარიშხანის ან რომელიმე სხვა მომწამვლელი ნივთიერების მაღალი კონცენტარციით, მაგრამ ერთი საერთო ნიშან-თვისება ნამდვილად ჰქონდათ, - უმრავლესობა მათგანის რეალური წონა იმდენად დიდი იყო, რომ მათი წარმოსახვა მიწას ვერასოდეს ასცდებოდა, ჰაერთან ვერ შევიდოდა რეაქციაში და ვერასოდეს გაფრინდებოდა. მოკლედ ჩვენი სამთამადნო კარიერიდან მხოლოდ რიგითი მოხელეები და ბარაქიანი დედები გამოდნენ, მე კი მყარი კონცენტრაციის ვერ გამოვდექი, მიუხედავად იმისა, რომ მეც იურიდიული ფირმის ერთი წვრილმანი მოხელე ვარ. ვერც მიწაზე მყარად დგომა ვისწავლე და ამხელა კაცს ოცნებები ხან აქეთ დამაფარფატებენ, ხან - იქეთ.
რეაქციაში ისე ღრმად შევდივარ, რომ სამუშაო ოთახიდან აორთქლება მინდება, მაგრამ არც იმდენად პატარა ვარ, თავისი კაბინეტიდან გამოსულმა გენერალურმა დირექტორმა ვერ შემამჩნიოს. ჰოდა, ხან გაფუჭებულ საათს ვუყურებ, ხან უაზროდ ვაშტერდები კომპიუტერის ეკრანს, უფრო ხანდახან კი თავის დაბლა დახრა მიწევს, რომ სამუშაოძლივსმოლეული თანამშრომლების ერთმანეთისთვის ნასროლი ქაღალდის გორგლები ავიცილო.
ოცნებები კი თანდათანობით უფრო მიწიერი ხდება. მოჩვენებითი სიმშვიდით ვაკვირდები დეგრადაციის გაწელილ პროცესს, ვბჭობ, რომ გამოსავალი ვიპოვო, მაგრამ ბოლოს მხოლოდ გენერალური დირექტორი იცინის ისეთი ხმით, რომ მისი კაბინეტის მინები ზრიალს იწყებენ. სამაგიეროდ დღითი დღე მეტად ჭრიალებენ ჩემი ძველი მანქანის ნაწილები და სახლის კარი, მაგრამ მათ შესაცვლელად ან შესაკეთებლად ფული არასოდეს მყოფნის. აი, დირექტორის საწოლი რომ ამეჭრიალებინა მისი ცოლის აქტიური თანამონაწილეობით, ყველაფერი ალბათ სასიკეთოდ შეიცვლებოდა, მაგრამ მაგასაც ბედი უნდა, - ჩვენი ფირმის ყველაზე უნიჭო თანამშრომელმა, რომელმაც სტაჟიორობით დაიწყო, საქმის დაუფლებაში დიდი გამბედაობა და ნიჭიერება გამოიჩინა, - უფროსის ცოლი შეაბა, ხოლო თვითონ დირექტორს, ჩემი ოცნების ეზოში მორბენალი ირმებივით, უზარმაზარი რქები დაადგა თავზე. მერე მოადგილის კაბინეტის კარზე აბრა ჩამოკიდა თავისი სახელი-გვარით და ახლა ისიც კორიდისთვის გამზადებული ხარივით ბრდღვინავს და თვალებს გვიბრიალებს დროდადრო.
რქოსანი პირუტყვი, როგორც წესი, ძალიან თვინიერია და მის პატრონს ხანდახან მოსაფერებლადაც განაწყობს, მაგრამ ჩვენი რქოსნები ძალიან საშიშნი არიან და ის თანამშრომელი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მათ დაზმუვლებას გადაურჩება, საღამოს ბედნიერად გრძნობს თავს.
ჩემზე რა ვთქვა, სამსახურის გადამკიდეს პირადი ცხოვრებისთვის დრო თითქმის არასოდეს მრჩება, რადგან არასამუშაო საათებშიც სახლში მივაიღლიავებ საქმეებს, რომ იქნებ მეორე დღეს მაინც ამოვისუნთქო, მაგრამ ოფისში დილიდანვე ჰაერი უფრო დამძიმებული მხვდება და ფაქტიურად მხოლოდ აყრილ-დაყრილი ქაღალდების ჩასუნთქვა მიწევს, ამოსუნთქვა კი - თითქმის არასოდეს.
პირადი ცხოვრებისთვის დრო თითქმის არ მრჩება-მეთქი, მაგრამ ხანდახან მაინც წავიცუღლუტებ და რომელიმე ისეთ ბარს ვაკითხავ, სადაც ჩემისთანა უიღბლოები შემოუსხდებიან ბარმენს, არშემდგარ ცხოვრებაზე უყვებიან და თავს მაგარი სასმელების ყულფში გაყოფით იხრჩობენ. მე დიდი გულახდილობითა და გახსნილობით ვერ დავიკვეხნი და ამიტომ სხვა სამიზნეს ვირჩევ: რომელიმე გოგოს, რომელიც, როგორც წესი, ძალიან გამომწვევად იცვამს და პირდაპირ თვალებში მიყურებს, მივუჯდები და იმაზე ვუყვები, როგორი მაგარი ბიჭი ვარ და ჩემი ხელქვეითები ჩემს დანახვაზე როგორ კანკალებენ. გოგომ იცის, რომ ვატყუებ, ჩუმ-ჩუმად ეღიმება და უინტერესოდ მისმენს, მაგრამ რაღაცაზე მაინც ხომ უნდა ვილაპარაკოთ უფრო სასიამოვნო საქმით დაკავებამდე და დიდსულოვნად მპატიობს.
ოდესმე თუ გამიმართლებს და ჩემს საკუთარ ბარს გავხსნი, ბარმენს ერთ აუცილებელ საკვალიფიკაციო მოთხოვნას წავუყენებ: წარმოადგინოს ფსიქოლოგის დიპლომი ან არამდგრადი ფსიქიკის მქონე პაციენტებთან მუშაობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, ხოლო გოგოები, - გოგოები თავისით გაჩნდებიან, მთავარია, მე როგორმე ბარი გავხსნა.
მარტოხელა ბიჭების თვისებაა, ნუგეში დროებით ურთიერთობებში ვეძებოთ, რადგან ხანგრძლივად საკუთარ სამსახურებზე მიჯაჭვულობაც გვყოფნის სასჯელად, ამიტომ ჩვენი თანდასწრებით ოჯახის შექმნასა და მსგავს ვალდებულებებზე ლაპარაკი სასტიკად არასასურველია და თემის სწრაფი შეცვლით ისჯება. ასე რომ ძალიანაც ნუ მოგიბრუნდებათ ენა, შენიშვნებით აგვავსოთ და მორალი გვიკითხოთ, ისიც გვეყოფა, რომ კითხვისთვის დრო ისეც აღარ გვრჩება და მხოლოდ საკანცელარიო ჟურნალების ჭიებად ვრჩებით.
ჩვენი ბრძოლის წესი მეტწილად პარტიზანულია, ვმაგრდებით ხელიდან ხელში გარდამავალი ქალების სანგრებში, ვაანალიზებთ მოწინააღმდეგეს და ისე გადავდივართ შეტევაზე. შემდეგ კვლავ მათ მიღმა ვიმალებით და ძალებს ვიკრებთ, რომ მეორე დღის ბრძოლებისთვის მოვემზადოთ.
მეორე დღის ბრძოლა კი ჩემთვის ყოველთვის უსიამოვნოა, რადგან ამჯერად უკვე ბრძოლის ველიცა და მოწინააღმდეგეც შეცვლილია. მართალია არახალია, მაგრამ გასული ღამის მოწინააღმდეგეს თუნდაც იმით ჩამოუვარდება, რომ ბორცვების ნაცვლად ხელში ახოხოლავებული საქმეების დასტას ეფარება, რომელსაც გადამწყვეტი შეტევის დროს ჩემს სამუშაო მაგიდაზე დაახეთქებს და თითქმის სასიკვდილო დარტყმას მომაყენებს.
სამსახური რაღაცით საკონცენტრაციო ბანაკს მაგონებს: ცხოვრებასთან ბრძოლაწაგებული მეომრები მკაცრი ზედამხედველების მეთვალყურეობის ქვეშ შრომობენ. ძალაუფლების იარაღმომარჯვებული უფროსები კი მუდმივად უკმაყოფილოები არიან, Schweine-Schweine-ს ძახილით ამხნევებენ თანამშრომლებს, მუშტს მაგიდაზე უბრახუნებენ, წარა-მარა ახსენებენ, რომ არარაობები არიან და ხელფასს ყავის სმასა და ლაქლაქში უხდიან.
თუ ძალიან არ გაგიმართლებს და უფროსის მდივანი ხმააკანკალებული გეუბნება, კაბინეტში გეძახისო, თან ხელს თავის ზურგს უკან, გენერალური დირექტორის კაბინეტისკენ იშვერს, ისე ფეხათრევით მიდიხარ, ისეთ რაღაცებზე ფიქრობ, რომ დანარჩენი თანამშრომლები თანაგრძნობით გაყოლებენ თვალს. მიდიხარ ნაბიჯარეული და თანამშრომელების კიდევკარგიმეარდამიძახა-ამოსუნთქვა ზურგს ცხელი ოხშივარივით გწვავს.
რაღა უფროსის კაბინეტი და რაღა გაზის კამერა! ცოცხალმკვდარი გამოდიხარ, რადგან ყველა სიკეთესთან ერთად შენს უფროსს შებერილობაც აწუხებს და მომწამვლელ აირებს ყველა შესაძლო ნახვრეტიდან უშვებს.
ჰოდა, ასეთ რეჟიმში რა გასაკვირია, ცოტა დროს მაინც ტყისპირა სახლზე ოცნებაში თუ გავატარებ. ეზოში მოქანავე ჰამაკში ჩავეშვები, ცალ ხელს ჩემს მხარზე თავმოყრდნობილ მზეთუნახავს თმებში შევუცურებ, მეორით საყვარელ კოქტეილს მოვწრუპავ და კმაყოფილი სახით გადავხედავ უზარმაზარ აუზში მოჭყუმპალავე ნიმფებს. ერთი სული მექნება, ამ ნიმფებს როდის მივფენ და მითიურ სიამტკბილობაში გადავეშვები.
არის რაღაც ზეპოეტური ოცნებაში, მაგრამ როდესაც გვერდით მჯდომი პროზაული თანამშრომელი უფროსის გამოჩენაზე ფეხს წაგკრავს და მიწაზე დაგაბრუნებს, ჩვენი ოფისის საათივით გაფუჭებულ ხასიათს აღარაფერი ეშველება. ის-ღა გრჩება, დაგროვილი საქმეები მოითავო ან შეამცირო როგორმე და საღამოს შინ წალასლასდე. სხვა რა გზა გაქვს, სახლში ტელევიზორს უნდა მიაჩერდე, რადგან შენმა მეგობრებმა უკვე გამოუტანეს თავებს განაჩენი - ჭირსა თუ ლხინში, ბედნიერებასა თუ უბედურებაში, ბედისწერის ძაფებით და არა მარტო, - გადაებნენ თავიანთ თანამეცხედრეებს და ოჯახურ სამარეში ჩაესვენნენ. ახლა ერთ ხელში ბავშვი უკავიათ, მეორით - ფაფას უხარშავენ ამ ბავშვს, ფეხით მაცივრის კარებს ხურავენ და ენით ცოლს ახურებენ თავზე ყველაფერს.
არა, ოჯახის შექმნა ნამდვილად არაა ჩემი საქმე. ამდენს ნამდვილად ვერ გავუძლებ. შინდაბრუნებულს სიმშვიდე მჭირდება, რომ ფიქრთა მდინარება არავინ ამიმღვრიოს და ისეც მოშლილი განწყობა კიდევ უფრო არ გამიუარესოს. რა აიტანს ბავშვების ტატყანს, ცოლის გაუთავებელ საყვედურებს, ყველას წინაშე მოვალეობის გრძნობას. ამას მირჩევნია ჭეშმარიტი იდეალისტის პრინციპებს არასოდეს ვუღალატო და იმ მეოცნებე ბიჭად დავრჩე, რომელმაც ზუსტად იცის, სად გადის საზღვარი თავისუფლებასა და მონობას შორის.
ოცნება გარდატეხის ასაკში ძილის წინ წარმოდგენილ მეზობლის ქალს ჰგავს. სრულყოფლია, მაგრად იცვამს, ჩამოქნილი და იდეალური ტანი აქვს, ზომიერად და ალაგ-ალაგ მომრგვალებული, მერე როგორ გამოიყურება, - გაგაშეშებს ადგილზე! მასზე ფიქრით ღამეებს ათევ, შფოთავ, მაგრამ როგორც კი მიზანს მიუახლოვდები, მის გულს მოინადირებ, მკლავებში მოიმწყვდევ, აღარაფერი შეგრჩება ხელში. თურმე ამდენ ნერვიულობად და მცდელობად არც ღირდა. მერე თანდათან თავს ანებებ ოცნებას, რადგან სხვა საქმეები, სხვა გზები გიხმობენ, სხვა მოვალეობები გეკისრება.
ასე იდგამს კაცი ელექტროგადამცემი ხაზის ბოძივით მიწაში ფესვებს. მისი ოცნებები კი იმ ჩიტებივით მიფრინავენ, პერიოდულად რომ ჩამოსხდებიან ხოლმე ელექტროსადენებზე. მუდმივი სტრესისგან თმები ყალყზე უდგას, ზუზუნებს და უსიამოვნო სიურპრიზები ტვინში დენივით უვლის. პერიოდულად უფროსიც მეხივით ეცემა, მაგრამ მაინც აგრძელებს მუშაობას, ნერვებიც სადენებივით აქვს დაჭიმული და ვიდრე არ გადაიჩეხება, მის არსებობასაც ვერავინ ამჩნევს. ხოლო არარსებობა გინდ შეუმჩნევიათ, გინდ არა, - გადაბრუნებული კაცისთვის ამას უკვე საერთოდ აღარ აქვს მნიშვნელობა. მწყობრიდან გამოსულ ან გადაყირავებულ თანამშრომელს კი გენერალური დირექტორი ბებერი მონტიორივით აუცილებლად მოუხერხებს რამეს, ჩამოწერს და სხვა თანამშრომლის ექსპლუატაციას შეუდგება.
ბევრი რომ არ ვიწუწუნო, ცოტა უფრო საინტერესო ამბებსაც მოგიყვებით ჩემი ცხოვრებიდან. დიდი არაფერია მოსაყოლი, მაგრამ პატარ-პატარა სიხარულები ნამდვილად გამოანათებენ ხოლმე, ოღონდ ციცინათელასავით შორი-შორს და პერიოდულად. რომელი ერთი გავიხსენო, გასახსენებელი ჯერ კიდევ ბევრია.
როცა თვიმფრინავის ბილეთი ჯერ კიდევ კაპიკები ღირდა, საქართველოში მივფრინავდით დროის სატარებლად და მოსალხენად. კურსელები ვიკრიბებოდით, დიდი მზადებისა და დაგეგმვის გარეშე ვიღებდით ბილეთებს და თუნდაც მხოლოდ შაბათ-კვირას, ამ შორეულ და ზღაპრულ ქვეყანას ვეწვეოდით ხოლმე.
მერე რა სილამაზე, რა ხალხი, რა სამზარეულო! იქ გატარებულ ორ დღეში ისეთი დადებითი ენერგიით ვიმუხტებოდით, რომ უკან დაბრუნებულებს თვეების განმავლობაში გაგვყვებოდა იქაური შთაბეჭდილებები.
არავისთვის საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, როგორი მაღალგანვითარებული ქვეყანაა საქართველო, ნოვაციების ფლაგმანი და კულტურის აკვანია ნამდვილი. ისეთი მმართველი ჰყავთ, არც ერთი აუსრულებელი ოცნება აღარ დაუტოვა თავის მოქალაქეებს. აღარავინ მუშაობს, ყველაფერი კომპიუტერიზებულია და ფიზიკურ სამუშაოსაც კი რობოტები ასრულებენ. ხალხი ნებივრობს, ყოველთვიურად იღებენ გასამრჯელოს იმაში, რომ არ გაისარჯონ და ზედმეტი თავსატეხი არ ჰქონდეთ. მათი საფიქრალიც კი კომპიუტერებმა იტვირთეს და თუ მაინცდამაინც რაიმე ხელით გასაკეთებელი საქმე გამოუჩნდებათ, ჩვენგან ჩასული დევნილები და ოჯახის სარჩენად გადახვეწილი მუშახელი ემსახურებათ.
დაიმსახურეს და ნებივრობენ! ისეთი შრომისმოყვარეობა, პატიოსნება და ნიჭიერება გამოავლინეს მამულის შენებაში, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვესწავლება მათგან. წარმოგიდგენიათ, სამშობლოს სადღეგრძელოს თვალცრემლიანები განსხვავებული სასმისებით ბოლომდე სვამენ და მხოლოდ ამის შემდეგ ახეთქებენ ცარიელ ჭიქას მაგიდაზე. ჩვენსავით უგულოდ კი არ წრუპავენ. ტყუილად კი არ გაგვიმკაცრეს სავიზო რეჟიმი. რატომ უნდა შეუშვან ჩვენისთანა უსაქმურები თავიანთ კურთხეულ მიწაზე?!
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი საუკეთესო მოგონებები საქართველოს უკავშირდება. თუ რამე ლამაზი მახსენდება, იქ გადამხდა თავს და დღეს უკვე იმ დროის წარმოდგენაზე ჟრუანტელი მივლის ტანში.
ერთი ეპიზოდი განსაკუთრებით სასიამოვნოდ მაგონდება: რამდენიმე ჯგუფელი გავფრინდით საქართველოში და მათ შორის ჩემი პირველი სიყვარულიც იყო. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი მონდომებით ვცდილობდი ანას გულის მოგებას: რესტორანთან მივედით თუ არა, ტაქსის მძღოლს ხურდა არ გამოვართვი; შენობაში რომ შევედით, მენეჯერი გამოვიძახე და დაწესებულების დახურვა მოვთხოვე, - იმ საღამოს მხოლოდ ჩვენი უნდა ყოფილიყო იქაურობა. მუსიკოსებს გაუჩერებლად დაკვრა ვუბრძანე და არც ოფიციანტებს ვაკლებდი წყალობას.
ანა ჩემსკენ აპარებდა თვალებს და აშკარად ნასიამოვნები იყო ჩემი ასეთი ხელგაშლილობით. რა იცოდა, რომ თანხა, რომელსაც ასე ხელგაშლილად ვხარჯავდი, ჩემი სწავლის გადასახადისგან მქონდა (მერე რამდენიმე თვე ფულს კაპიკ-კაპიკ ვაგროვებდი, რომ ხელახლა შემეკოწიწებინა).
იმ ღამეს ანას მეგობრული ამბორი დავიმსახურე ლოყაზე და უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი. არასოდეს დამავიწყდება იმ სუნამოს სურნელი, მისი ღაწვებიდან რომ მოდიოდა და ჩემს დაბინდულ წარმოსახვას კიდევ უფრო რომ აბრუებდა. მონუსხული ვეცეკვებოდი და მასში უფრო და უფრო მეტად ვიძირებოდი.
მოგვიანებით გავარკვიე, სუნამოს ,,ალქიმია” ერქვა. მერე შევიძინე კიდეც და ჩემს ბალიშს დროგამოშვებით ვაპკურებდი, რომ რაღაცით მაინც უსაყვარლეს ადამიანთან ვყოფილვიყავი დაკავშირებული. თვალდახუჭული ვიწექი ლოგინში და წარმოვიდგენდი, რომ ანაც გვერდით მეწვა, თავი ჩემს მკერდზე ჰქონდა მოდებული, ჩემს გულისცემას უსმენდა და თავისი თლილი თითებით მუცელზე სოლოს მისრულებდა. წარმოსახვაში ბედნიერი ვიყავი და ესეც სავსებით საკმარისი იყო, რომ ჩემს რეალურ ცხოვრებას მეტი ხიბლი და აზრი ჰქონოდა.
მიწაზე ჩემმა ძმაკაცმა დამაბრუნა, რომელმაც ერთ დღეს გვერდით გამიყვანა და ურცხვად გზიდან ჩამოშორება მომთხოვა. თურმე უკვე ერთმანეთი უყვარდათ და მალე დაქორწინდებოდნენ. სხვა რა გზა მქონდა, ტკივილი გულში ჩავიკალი, მაგრამ უნივერსიტეტში მათი ბედნიერი თვალებით ჟღურტულის თუ ერთმანეთთან ყოველი შეხების, ყოველი კოცნის ყურება ტკივილს მაყენებდა. სხვა სასწავლებელში გადავიტანე საბუთები და დიდი დრო დამჭირდა, ეს ყველაფერი რომ დამევიწყებინა.
მაგრამ ,,ალქიმიის” სურნელი მაინც დიდ ხანს შემორჩა ჩემი ყნოსვის რეცეპტორებს. მისი დავიწყება ვერაფრით შევძელი და საქმე იქამდე მივიდა, რომ ეს სუნამო ჩემი მუდმივი მეგზური გახდა. ცხოვრების შემთხვევით ქალებსაც კი ვთხოვდი, რომ სექსით დაკავებამდე დაესხათ. ერთხელ, სასტუმროში, როცა მორიგ ქალს მისი დასხმა მოვთხოვე, გადაჭრით უარი გამომიცხადა. ალკოჰოლით გონებადაბინდული არც მე ვიხევდი უკან. ქალიც შეუვალი იყო, - არ მოსწონდა ,,ალქიმიის” სურნელი. ისე გავჯიუტდი, რომ თავზე გადავასხი. გაცეცხლებულმა ქალმა ფლაკონი ხელიდან გამომტაცა და ისეთი ძალით გამომიქანა, რომ გონზე საავადმყოფოში მოვედი. შუბლზე ნაკერები მედო და მთელ პალატაში ასე ნაცნობი და ამოჩემებული სუნი იდგა. ამჯერად ისეთი მძაფრი მეჩვენა, რომ თავი შემზიზღდა და სხვა პალატაში გადაყვანა მოვითხოვე, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ შევძელი მისი აუტანელი სუნისგან თავის დაღწევა.
მხოლოდ ,,ალქიმიის” ჯადოსგან გათავისუფლების შემდეგ მოვახერხე, რომ ანა სამუდამოდ დამევიწყებინა და ჩემი მოგონებებიდანაც საბოლოოდ ამომეშალა. მოკლედ მისი და მისი სუნამოს გარეშეც გასახსენებელი ჯერ კიდევ ბევრია.
მოგონებები მშრალი კანონის დროს წყლიდან ამოტივტივებულ იმ ღვინის ბოთლებს ჰგვანან, რომლებიც ერთ ფილმში კონტრაბანდისტებმა პორტში მარილიანი ტომრებით გადაყარეს და რამდენიმე საათის შემდეგ, მარილი რომ გადნა და სასაზღვრო პოლიციაც თვალს მიეფარა, წყლის ზედაპირზე ამოტივტივდნენ.
უსიამოვნო მოგონებებს მეც ვფუთავ და სამუდამოდ ვცდილობ, ნაგავსაყრელზე მივუჩინო ადგილი, არც არასოდეს მოვიძიო და მოვქექო, მაგრამ კონტექსტი და სიტუაცია გამოადნობენ ხოლმე ხანდახან და მაინც მათ პირისპირ მიწევს დარჩენა ადრე თუ გვიან.
სულ სხვა მდგომარეობაა სასიამოვნო მოვლენებთან დაკავშირებით. ისინი ყოველთვის მეხსიერების ზედაპირზე ტივტივებენ და როგორც მაშველ რგოლს შუა ზღვაში ჩავარდნილი ძალაგამოცლილი მოცურავე, ისე ვებღაუჭები.
უცნაურია, მაგრამ ყოველი კონკრეტული მოგონება ჩემთვის რომელიმე მელოდიასთან ასოცირდება. მნიშვნელობა არა აქვს, ჟღერდა თუ არა იმ წუთას მუსიკა, ჩემი ტვინის ნეირონები რხევას როცა იწყებენ, ერთ-ერთი თვლემამორეული ისტორია ფხიზლდება და გამოწვევას იღებს. მეც ის-ღა დამრჩენია, ფეხი ავუწყო და ფანტაზიის დარბაზები სულ ცეკვა-ცეკვით შემოვატარო.
მე მიყვარს მუსიკა, მაგრამ მუსიკას არ ვუყვარვარ მე. იმას რა ჯობია, როცა ამოჩემებულ ბარში მომღერალი საყვარელ სიმღერას ასრულებს, ნაცნობი მელოდია ბურანში გხვევს, ამა თუ იმ მოხდენილ გოგოს შენი ოცნების სახლში წარმოიდგენ, შენს სასარგებლოდ განვითარებულ მოვლენებს მოიხდენ, შეიფერებ და მოეფერები ლამაზმანს. მერე მოულოდნელად ზმანებიდან გამოდიხარ, ხვდები, რომ თუ არ იმოქმედე, ამ გოგოს შენს წინ ქუჩაში დავარდნილი ფულივით აგაცლიან. ჰოდა, მოქმედებას იწყებ: მიდიხარ მოხდენილ არსებასთან, მის გვერდით შემთხვევით ჩამოჯდები, თვალებში აუცილებლად სასოწარკვეთას გამოიხატავ და ბარმენს მის გასაგონად რაიმე ისეთ ფრაზას ეტყვი, რომელზეც ანკესს წამოეგება, შენით დაინტერესდება და თანაგრძნობა გაუჩნდება, რადგან ქალებს გენეტიკურ კოდში უდევთ დედობრივი ინსტინქტი და შანსი მიეცემათ თუ არა, აუცილებლად ავლენენ. ცხადია, ისევ შემთხვევით, მასაც გამოელაპარაკები, რამდენიმე ბანალური ფრაზის მერე არაბანალურ კომპლიმენტს ეტყვი, რითიც შენს განსაკუთრებულობას და ერთადერთობას გაუსვამ ხაზს. მერე კი ისე, ყოველგვარი ცუდი განზრახვის გარეშე, საცეკვაოდ დაპატიჟებ.
ამ დროს გიყვარს ყველაზე მეტად მუსიკა! მოკავშირედ მიგაჩნია, რომელმაც ზურგი უნდა გაგიმაგროს, რომ თავდაჯერებულად ჩაერთო ფარულ ომში, მოწინააღმდეგე შენი კლანჭებიდან აღარ გაუშვა, პირიქით, მის სივრცეში შეაღწიო და ვიდრე მისი მკერდის შეხებას არ იგრძნობ, ვიდრე ეს შეხება სასურველ შედეგს არ გამოიღებს, ბრძოლის წესების მიხედვით მუსიკამაც არ უნდა დაგაღალატოს. მაგრამ მოულოდნელად სიმღერის შემსრულებელი გღალატობს, ყველაზე არასაჭირო და მოულოდნელ მომენტში ჩუმდება და შენს მიერ ასე სიფრთხილით შერჩეულ მელოდიას რაიმე ტაშ-ფანდურით ჩაანაცვლებს. ჰოდა, როგორც იულიუს კეისარი შეცვალა მარკუს ანტონიუსმა კლეოპატრას გულში, შენი დედოფალიც მაშინვე დაივიწყებს ნუგეშსაცემ ერიშვილს და იმ ვირიშვილს აყვება მოხდენილი და გამომწვევი მოძრაობებით, ენერგიულ მუსიკაზე შენი დაბნეულობითა და უადგილობის განცდით რომ ისარგებლა და ცხვირწინ აგაცალა ნადავლი. ასეთებიც ხდება, - ყველა სტრატეგი ადრე თუ გვიან მარცხდება.
მაგრამ ბევრი ისეთი შემთხვევაც მქონდა, მუსიკა რომ მოკავშირედ მომევლინა და ჩვენმა კოალიციამ გამარჯვება დედოფლის სარეცელზე იზეიმა. ყოველი ასეთი ტრიუმფის გახსენებაზე მალულად დაბლა ვიყურები, რომ არავინ დაინტერესდეს იმ პიკანტური დეტალებით, რომლებიც გამჟღავნების შემთხვევაში ფასს დაკარგავენ, რადგან სასიამოვნო მოგონებასაც ისევე ჭირდება მოფრთხილება და არგათქმა, როგორც ორიგინალურ მეტაფორას, რომელიც სადმე წამოსროლამდე ჯერ შენს მოთხრობაში უნდა გამოიყენო, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენი აღარ იქნება და რომელიმე არამკითხე აუცილებლად აგაცლის.
ჰოდა, მეც ვუფრთხილდები ჩემს ისტორიებს და მხოლოდ იმას გიწილადებთ, რაც არ მენანება; ვწერ, რადგან საკანონმდებლო აქტები იმ სექსუალურ აქტებს ჰგვანან, ერექცია რომ თვითმიზნად ექცევა კაცს და ბოლოში მაინც ვერ გავა; ვწერ, რადგან ჩემს გენერალურ დირექტორს ისეთი ცოლი ჰყავს, მისი სადმე მოუხსენიებლობა მორალური კოდექსის მიხედვით სასჯელს იმსახურებს; ვწერ, რადგან ვწერ და მორჩა. ვწერ, ჩემს თავს ველაპარაკები და ვხვდები, რომ ვიგუდები, მეტი აღარ შემიძლია. აღარც ახალგაღვიძებულზე შიშველი, ბიგუდებიანი გოგოსთვის თვალის მოკვრა მიმაღლებს განწყობას, აღარც სულ უფრო გაიშვიათებული ლამაზი მოგონებები. მხოლოდ იმ ჯერ არაშენებული ტყისპირა სახლის წარმოდგენა მაკავებს, სადღაც საქართველოში რომ უნდა აიგოს. არ მინდა თავი წავაგო, ამიტომ ვწერ, ამიტომ ვოცნებობ, ამიტომ ვიშუშებ ხოლმე ნაბახუსევის ჭრილობებს წერით.
თავს ვიტყუებ, რადგან გულის სიღრმეში არ ვარ ბერბიჭა, რომელსაც ეცოდება დაოჯახებული მეგობრები, უბრალოდ გული მწყდება, ისეთი გოგო რომ ვერ ვიპოვე, რომელიც გარდატეხას შემოიტანს ჩემს ცხოვრებაში; რუტინული სამსახურის კლანჭებიდან დამიხსნის, სხვა ცოლებივით ქმრის სულიერ სიმშვიდეზე იზრუნებს, საქართველოში გაემგზავრება სამუშაოდ და ტყის პირას ინვალიდი მოხუცის გასეირნებისას ისეთ მიწის ნაკვეთსაც დაიგულებს იაფად, სადაც მომავალში ჩემი ოცნების სახლს ავაშენებთ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მადლობა, ტატო, რომ წაიკითხე!
ისე გამიხარდა კომენტარი ამ მივიწყებულ მოთხრობაზე, რომ მეც ხელახლა წავიკითხე და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ უფრო საჩინო გახდა, მაინც გავმხიარულდი და გავუღიმე ჩემს უინტერესო ცხოვრებას :) არის რამდენიმე ისეთი ადგილი ამ მოთხრობაში, ავტორის კმაყოფილებას რომ იწვევს და თუნდაც ამიტომ უტოვებს არსებობის უფლებას.
სმიტის შენიშვნებიც სამართლიანია და შენიც, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ვერაფერს შევცვლიდი, ფაქტიურად ხელახლა დასაწერია და იმიტომ.
ჰო, ჩემს შემდგარ ავტორობაზე რა გითხრა, მე უფრო გადამდგარი ავტორი ვარ, უამრავი დაწყებულ-დაუმთავრებელი ლექსითა თუ მოთხრობით. აი, როცა მექნება სახლი ტყის პირას, იქნებ გავაგრძელო კიდეც წერა. ან იქნებ... ან...ან... :)
რა ვიცი, ვამბობ ხოლმე, რომ დავამთავრე; ამის, ამის, ამის მერე რა საჭიროა წერა, მაგრამ რაღაცებს მაინც ვინიშნავ. წერა და უფრო მეტად კითხვა ჩემი ცხოვრების ის სიყვარულია, რომელზეც ვერ ვიტყვი ალბათ ვერასოდეს უარს.
ცხოვრებაში კი თურმე ისე ცოტაა სიუჟეტი, მარტო შეგრძნებებზე წერა აღარ მინდა. ახლაც ვწერ ერთ საკუთარი თავის მოფსიქოანალიზო რაღაცას, მაგრამ არასოდეს გამოვაქვეყნებ. ძნელია გულახდილი ავტორობა, მკითხველს ურჩევნია ეთამაშო, დააინტრიგო, დააინტერესო. ამას კი ვერ მოახერხებ მაშინ, როცა შენც კი აღარ გაინტერესებს შენი ცხოვრება და მასში ხელმოსაჭიდსა და საინტერესოს ვეღარაფერს ხედავ :) ჰოდა, დაახლოებით ასეთია ეს მოთხრობაც. საკუთარი თავის გასართობად მოგროვებული ძვირფასი და სხვადასხვანაირი სათამაშოების უინტერესო გროვა. :)
ამას წინათ ირიბად, მაგრამ მაინც მიმანიშნეს, რომ ლუზერი ვარ. უცნაურია, მაგრამ არ მწყენია, არც გულზე მომხვედრია. თითქოს ვიცოდი, რომ ეს ასეცაა, უბრალოდ დადასტურება მჭირდებოდა.
ასე რომ, მეგობარო, ჩემგან უფრო მკითხველი დარჩა და იმ ფაქტს, რომ ვეღარ ვწერ, ამასაც აღარ განვიცდი დიდად. მაგრამ მაინც სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა ჯერ კიდევ გკითხულობენ და შენიშვნებსაც გაძლევენ. ჰოდა, ისე გამიხარდა შენი კომენტარი, რომ ამდენი რაღაცები, ალბათ უადგილოები, ალბათ ზედმეტად გულახდილებიც ვიბოდიალე. :)
დიდი მადლობა!
მადლობა, ტატო, რომ წაიკითხე!
ისე გამიხარდა კომენტარი ამ მივიწყებულ მოთხრობაზე, რომ მეც ხელახლა წავიკითხე და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ უფრო საჩინო გახდა, მაინც გავმხიარულდი და გავუღიმე ჩემს უინტერესო ცხოვრებას :) არის რამდენიმე ისეთი ადგილი ამ მოთხრობაში, ავტორის კმაყოფილებას რომ იწვევს და თუნდაც ამიტომ უტოვებს არსებობის უფლებას.
სმიტის შენიშვნებიც სამართლიანია და შენიც, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ვერაფერს შევცვლიდი, ფაქტიურად ხელახლა დასაწერია და იმიტომ.
ჰო, ჩემს შემდგარ ავტორობაზე რა გითხრა, მე უფრო გადამდგარი ავტორი ვარ, უამრავი დაწყებულ-დაუმთავრებელი ლექსითა თუ მოთხრობით. აი, როცა მექნება სახლი ტყის პირას, იქნებ გავაგრძელო კიდეც წერა. ან იქნებ... ან...ან... :)
რა ვიცი, ვამბობ ხოლმე, რომ დავამთავრე; ამის, ამის, ამის მერე რა საჭიროა წერა, მაგრამ რაღაცებს მაინც ვინიშნავ. წერა და უფრო მეტად კითხვა ჩემი ცხოვრების ის სიყვარულია, რომელზეც ვერ ვიტყვი ალბათ ვერასოდეს უარს.
ცხოვრებაში კი თურმე ისე ცოტაა სიუჟეტი, მარტო შეგრძნებებზე წერა აღარ მინდა. ახლაც ვწერ ერთ საკუთარი თავის მოფსიქოანალიზო რაღაცას, მაგრამ არასოდეს გამოვაქვეყნებ. ძნელია გულახდილი ავტორობა, მკითხველს ურჩევნია ეთამაშო, დააინტრიგო, დააინტერესო. ამას კი ვერ მოახერხებ მაშინ, როცა შენც კი აღარ გაინტერესებს შენი ცხოვრება და მასში ხელმოსაჭიდსა და საინტერესოს ვეღარაფერს ხედავ :) ჰოდა, დაახლოებით ასეთია ეს მოთხრობაც. საკუთარი თავის გასართობად მოგროვებული ძვირფასი და სხვადასხვანაირი სათამაშოების უინტერესო გროვა. :)
ამას წინათ ირიბად, მაგრამ მაინც მიმანიშნეს, რომ ლუზერი ვარ. უცნაურია, მაგრამ არ მწყენია, არც გულზე მომხვედრია. თითქოს ვიცოდი, რომ ეს ასეცაა, უბრალოდ დადასტურება მჭირდებოდა.
ასე რომ, მეგობარო, ჩემგან უფრო მკითხველი დარჩა და იმ ფაქტს, რომ ვეღარ ვწერ, ამასაც აღარ განვიცდი დიდად. მაგრამ მაინც სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა ჯერ კიდევ გკითხულობენ და შენიშვნებსაც გაძლევენ. ჰოდა, ისე გამიხარდა შენი კომენტარი, რომ ამდენი რაღაცები, ალბათ უადგილოები, ალბათ ზედმეტად გულახდილებიც ვიბოდიალე. :)
დიდი მადლობა!
10. არმენ რა თქმა უნდა პროზით დავიწყე. მეცნობა ეს სკოლა, ჩვენი თაობის შემდგარი ავტორები წერენ ასე.) ძალიან მნიშვნელოვანია ამ ჟანრის მოთხრობაში ავტორი მხოლოდ ფანტაზიაზე არ აფუძნებდეს მთლიან იდეას და საკუთარი ცხოვრებიდან გაუზიაროს შეგრძნებები და დაკვირვების შედეგები მკითხველს, რაც ძალიან კარგად გამოგდის. ყველაფერთან ერთად ისეთი განწყობით მოყოლილია თითქოს მართლა ბარში ზიხარ ავტორთან ერთად და ვისკის, ან რომელიმე სწრაფადაორთქლებად სასმელს მიირთმევ გულწრფრლი საუბრის ფონზე.
არმენ რა თქმა უნდა პროზით დავიწყე. მეცნობა ეს სკოლა, ჩვენი თაობის შემდგარი ავტორები წერენ ასე.) ძალიან მნიშვნელოვანია ამ ჟანრის მოთხრობაში ავტორი მხოლოდ ფანტაზიაზე არ აფუძნებდეს მთლიან იდეას და საკუთარი ცხოვრებიდან გაუზიაროს შეგრძნებები და დაკვირვების შედეგები მკითხველს, რაც ძალიან კარგად გამოგდის. ყველაფერთან ერთად ისეთი განწყობით მოყოლილია თითქოს მართლა ბარში ზიხარ ავტორთან ერთად და ვისკის, ან რომელიმე სწრაფადაორთქლებად სასმელს მიირთმევ გულწრფრლი საუბრის ფონზე.
9. აი, ეს უკვე სულ სხვაა, ნამდვილი საქმიანი კომენტარი :) მოკლედ იმდენი კაი რამე ჩავყარე, რომ ცოტა უცნაური კერძი გამოვიდა, აი მარილი რომ დააკლდა, მაგაში გეთანხმები მეც :) და ახლა საჯარო აღიარება: ვეღარ მეწერება. სამსახურს მიაქვს ყველაფერი. ესეც გაზაფხულზე დაწერილია. ჰოდა თავის მართლებასავით რომ არ გამომივიდეს, ,,წეროს" რამდენიმე ფინალისტ მოთხრობას ასეთიც ჯობია :) :) მადლოუბა, ფრენდ :* აი, ეს უკვე სულ სხვაა, ნამდვილი საქმიანი კომენტარი :) მოკლედ იმდენი კაი რამე ჩავყარე, რომ ცოტა უცნაური კერძი გამოვიდა, აი მარილი რომ დააკლდა, მაგაში გეთანხმები მეც :) და ახლა საჯარო აღიარება: ვეღარ მეწერება. სამსახურს მიაქვს ყველაფერი. ესეც გაზაფხულზე დაწერილია. ჰოდა თავის მართლებასავით რომ არ გამომივიდეს, ,,წეროს" რამდენიმე ფინალისტ მოთხრობას ასეთიც ჯობია :) :) მადლოუბა, ფრენდ :*
8. ვაი იუ დონ`თ ლაიკ ფასტ ენისინგ ენი თაიმ<<ეს ვერ გავიგე =)
ნოუ, ნოუ, ნოუ
საიდან დაასკვენი, რომ მხოლოდ ნაკლებად მნიშვნელოვანი დეტალები დავინახე? (იქნებ, სათაურზე რომ ვთქვი, იქიდან). მოკლედ, დიდად ცდები =) წვრილმანიც დავინახე და მსხვილმანიც. უბრალოდ, ზოგადი შეფასება გითხარი
როცა იწყებ იმით, რომ გეწერება, მაგრამ ვეღარ წერ , ეგრევე ,,კეტავ" მკითხველს და ან აინტერესებ, მოლოდინს უქმნი, ან საერთოდ უქრობ. ჩემთან პირველი იყო. თუმცა ველოდი, ველოდი და ჩემთვის საინტერესოდ არ განვითარდა მოვლენები. შემიძლია უფრო კონკრეტულადაც:
ბარის სცენები. განწყობა შეიქმნა, მეთქი ახლა გადავა რაღაც მთავარ თემაზე, მაგრამ არა =) მერე მარტოხელა ბიჭებზე. აი, ახლა ,,ჩაეჭიდა" რამეს-მეთქი და ისევ არა. მოკლედ, ერთმანეთზე გადაბმულ, სხვადასხვა ისტორიად მომეჩვენა, რომელიც არცთუ კარგად იყო შეკრული
ჰო, ერთ-ერთი ყველაზე ,,რაში სჭირდებოდა" სცენა საქართველოზე სადაც საუბრობ, ის მეჩვენა
საბოლოოდ იმის თქმა მინდოდა, რომ რასაც ვკითხულობ, ვკითხულობ =) და ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი აზრია, მა Fრენდ =)
ვაი იუ დონ`თ ლაიკ ფასტ ენისინგ ენი თაიმ<<ეს ვერ გავიგე =)
ნოუ, ნოუ, ნოუ
საიდან დაასკვენი, რომ მხოლოდ ნაკლებად მნიშვნელოვანი დეტალები დავინახე? (იქნებ, სათაურზე რომ ვთქვი, იქიდან). მოკლედ, დიდად ცდები =) წვრილმანიც დავინახე და მსხვილმანიც. უბრალოდ, ზოგადი შეფასება გითხარი
როცა იწყებ იმით, რომ გეწერება, მაგრამ ვეღარ წერ , ეგრევე ,,კეტავ" მკითხველს და ან აინტერესებ, მოლოდინს უქმნი, ან საერთოდ უქრობ. ჩემთან პირველი იყო. თუმცა ველოდი, ველოდი და ჩემთვის საინტერესოდ არ განვითარდა მოვლენები. შემიძლია უფრო კონკრეტულადაც:
ბარის სცენები. განწყობა შეიქმნა, მეთქი ახლა გადავა რაღაც მთავარ თემაზე, მაგრამ არა =) მერე მარტოხელა ბიჭებზე. აი, ახლა ,,ჩაეჭიდა" რამეს-მეთქი და ისევ არა. მოკლედ, ერთმანეთზე გადაბმულ, სხვადასხვა ისტორიად მომეჩვენა, რომელიც არცთუ კარგად იყო შეკრული
ჰო, ერთ-ერთი ყველაზე ,,რაში სჭირდებოდა" სცენა საქართველოზე სადაც საუბრობ, ის მეჩვენა
საბოლოოდ იმის თქმა მინდოდა, რომ რასაც ვკითხულობ, ვკითხულობ =) და ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი აზრია, მა Fრენდ =)
7. აი ანდერსთენდ სმით, ბათ აი ვანდერ ვაი იუ დონ'თ ლაიკ ფასტ ენისინგ ენი თაიმ :) იოურ ქონქლუჟნ ის ნი რიბა ნი მიასო :) :) აი სინქ ზერე აარ ე ლოთ ოფ ორიჯინალ ფლეისიზ ანდ იუ ვილ ნოთ სიი ზემ, ფრენდ :) ვაი იუ სიი ონლი ლესს იმპოოთანთ დითალს ინ დის ნოველ? :) :) აი ანდერსთენდ სმით, ბათ აი ვანდერ ვაი იუ დონ`თ ლაიკ ფასტ ენისინგ ენი თაიმ :) იოურ ქონქლუჟნ ის ნი რიბა ნი მიასო :) :) აი სინქ ზერე აარ ე ლოთ ოფ ორიჯინალ ფლეისიზ ანდ იუ ვილ ნოთ სიი ზემ, ფრენდ :) ვაი იუ სიი ონლი ლესს იმპოოთანთ დითალს ინ დის ნოველ? :) :)
6. ვიქნები სიტყვაუხვი და გეტყვი:
სათაურს სხვაგან რომ მიჰყავხარ და ნაწერს სხვაგან, ეს კარგიცაა და ცუდიც.
სათაურს საითაც მიჰყავხარ, ის რომ უფრო მოგწონს, ვიდრე ნაწერის მიმართულება, ეს ცუდია
უბრალო იყო, ყოველდღიური, ჩვეულებრივი. ესეც კარგიცაა და ცუდიც
მოკლედ, ისეთი ნაწერია, თვალები ოდნავ რომ უნდა მოჭუტო და ცერა და ნეკა თითები რომ უნდა აათამაშო (იF იუ ნოუ ვოთ აი მინ =) ) ვიქნები სიტყვაუხვი და გეტყვი:
სათაურს სხვაგან რომ მიჰყავხარ და ნაწერს სხვაგან, ეს კარგიცაა და ცუდიც.
სათაურს საითაც მიჰყავხარ, ის რომ უფრო მოგწონს, ვიდრე ნაწერის მიმართულება, ეს ცუდია
უბრალო იყო, ყოველდღიური, ჩვეულებრივი. ესეც კარგიცაა და ცუდიც
მოკლედ, ისეთი ნაწერია, თვალები ოდნავ რომ უნდა მოჭუტო და ცერა და ნეკა თითები რომ უნდა აათამაშო (იF იუ ნოუ ვოთ აი მინ =) )
5. რადგან გულის სიღრმეში არ ვარ ბერბიჭა, რომელსაც ეცოდება დაოჯახებული მეგობრები, უბრალოდ გული მწყდება, ისეთი გოგო რომ ვერ ვიპოვე, რომელიც გარდატეხას შემოიტანს ჩემს ცხოვრებაში; აუცილებლად იპოვის ) რადგან გულის სიღრმეში არ ვარ ბერბიჭა, რომელსაც ეცოდება დაოჯახებული მეგობრები, უბრალოდ გული მწყდება, ისეთი გოგო რომ ვერ ვიპოვე, რომელიც გარდატეხას შემოიტანს ჩემს ცხოვრებაში; აუცილებლად იპოვის )
4. დიდი მადლობა, მეგობრებო! თუ უფრო სიტყვაუხვები იქნებით და შენიშვნებს არ დაიშურებთ, უფრო მადლობელი დაგრჩებით.
დიდი მადლობა, მეგობრებო! თუ უფრო სიტყვაუხვები იქნებით და შენიშვნებს არ დაიშურებთ, უფრო მადლობელი დაგრჩებით.
3. ძალიან მომეწონა. ჩემი პატივისცემა ნიჭიერ ავტორს. :)
ძალიან მომეწონა. ჩემი პატივისცემა ნიჭიერ ავტორს. :)
1. ვიცოდი, რომ შენი იყო :) ბოლო კი მგონია რომ გულწრფელადაა დაწერილი და მგონი მარებელმა უნდა წაკითხოს ვინმემ : ვიცოდი, რომ შენი იყო :) ბოლო კი მგონია რომ გულწრფელადაა დაწერილი და მგონი მარებელმა უნდა წაკითხოს ვინმემ :
|
|
მონაცემები არ არის |
|
|