ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
29 აპრილი, 2008


თოვლის ბაბუას საჩუქარი(ნაწილი პირველი)

    გამოეღვიძა.ფანჯრებიდან ჯერ კიდევ შავი ღამე იჭყიტებოდა.გვერდზე გადაბრუნდა,გულიანად მფშვინავ დათუნას საბანი შეუსწორა,თვალები დახუჭა,შეეცადა ისევ დაეძინა,მაგრამ ძილის ანგელოზი დამფრთხალიყო .მობილური აიღო. 04.02 აციმციმდა ეკრანზე.
    "უჰ,ჯერ ძალიან ადრეა. რომ ავდგე,რა ვაკეთო? ნაძვის ხე მორთულია,გოზინაყი გაკეთებული,ნამცხვარი გამომცხვარი,ბინა დალაგებული. გათენებამდე დიდი დროა,უნდა დავიძინო."ბალიში შეასწორა,უფრო მოხერხებულად მოეწყო,თვალები დახუჭა. დათუნას მშვიდი სუნთქვა სითბოთი ავსებდა.
    "დედი,თოვლის ბაბუა ჩემთანაც ხომ მოვა? ხომ არ დავავიწყდები? ხომ კარგი ბიჭი ვარ? საჩუქრებს ხომ მომიტანს?"-არ ისვენებდა ის ნაძვის ხის მორთვისას."დე,კარ-ფანჯრები რომ დაკეტილია,როგორ შემოდის? ვის რა უნდა მოუტანოს,როგორ არ ეშლება?"-ლალი სანამ ერთი კითხვის პასუხს მოიფიქრებდა ,დათუნას უკვე მეორე,მესამე,მეოთხე კითხვა უჩნდებოდა.
    -მამა ამ ახალ წელსაც არ ჩამოვა?
  ამ კითხვაზე ყველაზე უფრო გაუჭირდა პასუხის გაცემა:
  -ვერ ახერხებს,არ ცალია-უთხრა და სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი.
    "არა,არ ჩამოვა. ბოლო დარეკვისას ბავშვი მოიკითხა და ესღა მითხრა,ვწუხვარ,რომ ასე გამოვიდა,მარტო ჩემი ბრალი არაა ლალი. მე დათუნას არაფერს დავაკლებ,შენ კი...გაყრისათვის საბუთები გაამზადე და...შენს ბედს ეწიე. მე უკვე აღარ დავბრუნდებიო და...მობილური გათიშა. ეჰ,როგორ უაზროდ დამთავრდა ყველაფერი. როგორ ავუხსნა დათუნას?ან ამ გაბზარულ გულს რა ვუყო? მე ხომ მხოლოდ ოცდაცამეტი წლისა ვარ,როგორ ვიცხოვრო მარტო? დათუნა? კიდევ კარგი,დათუნა მაინც რომ მყავს,მაგრამ...ბავშვს რამდენი რამ სჭირდება. სექტემბრის მერე ფულიც არ გამოუგზავნია. მე იქით არ ვთხოვ.საახალწლოდაც რამდენი სურვილი აქვს...ველოსიპედი,ჭადრაკი,ბურთი,სახალისო მათემატიკის ორტომეული,"კინდერ სიურპრიზები".ჩემი ხელფასი რამდენს გაწვდეს? დღესაც გავალ სამუშაოდ,იქნებ ცოტა ფული კიდევ ვიშოვო".
მობილურმა დაიწკარუნა. ღამის სიჩუმეში ისე ძლიერ გაისმა ის ხმა,გული შეუხტა .აიღო.მესიჯი გახსნა:"თუ გაგაღვიძე მშვენიერო, მაპატიე.თუ არ გძინავს,შენი დარდი მე გადმომაბარე და დაიძინე. ხვალ თოვლის ბაბუა საჩუქრად სიხარულს მოგიტანს."
    გაეღიმა. სამ თვეზე მეტია ვიღაც საოცრად თბილ,ლამაზ,ნაზ მესიჯებს უგზავნის. მხოლოდ პირველზე უპასუხა,შეგეშალათო.საპასუხოდ კი საოცარი ტექსტი მიიღო:
    "გულს არ შეიძლება შეეშალოს,შენ ჩემი ბედისწერა ხარ,საუკუნეებით ნაძებნი და ძლივს ნაპოვნი. შენ ჩემი გულის ცემა ხარ, ლალი." მერე აღარც უპასუხნია. თავიდან კი დაინტერესდა, ვინ იყო უცნობი თაყვანისმცემელი,მაგრამ ვერანაირად დაადგინა მისი ვინაობა. ისე შეეჩვია მის მესიჯებს,რომ უიმითოდ გაუჭირდებოდა ალბათ ყოფნა. ის უცნობიც თითქოს გრძნობდა ამას და დღეში სამ,ოთხ ხანდახან ათ მესიჯსაც კი უგზავნიდა. თან არც ერთი ერთმანეთს არ ჰგავდა,ყველაში სიყვარულის სითბო ტრიალებდა.
    ისევ წაიკითხა მიღებული მესიჯი. "ეჰ,ახალი წელი...როგორ მიყვარდა ეს დღესასწაული. მართლაც სასწაულების დღე იყო იგი ჩვენთვის. თორმეტ წლამდე ნამდვილად მჯეროდა,რომ ჩემი სურვილების ამხდენი თეთრწვერა,კეთილი თოვლის პაპა იყო. დედა სამი დღით ადრე დაგვაწერინებდა  მე და ჩემს ძმას საახალწლო ბარათს თოვლის ბაბუასთვის. მერე სულ გულისფანცქალით გადიოდა ის სამი დღე და ახალწლის დილას სურვილთა ახდენის დრო დგებოდა. ნაძვის ხის ქვეშ აუცილებლად ვპოულობდით ნანატრ ნივთებს. არა,თუ იმ მეოთხედში ოთხები გამოგვერეოდა,მაშინ თოვლის ბაბუც სურვილებს სანახევროდ გვისრულებდა ხოლმე. წამოვიზარდეთ და მამა გახდა ჩვენი სურვილების ამსრულებელი "თოვლის პაპა" . სკოლა,უმაღლესი ისე დავამთავრე,კვლავ ზღაპარში ვიყავი თითქოს. ბოლო კურსზე ყოფნის ახალი წლის ღამე კი..."ლალიმ ამოიოხრა. გვერდი იცვალა. მოგონებები კინო-კადრებივით იცვლებოდნენ გონებაში.
    ახალი წლის შესახვედრად ნანამ სახლში მიიწვია ყველა თანაკურსელი. ისინი რვა საათისთვის შეიკრიბნენ. ნანას მშობლებს ორსართულიანი,ზღაპრული სახლი ჰქონდათ შესანიშნავი ეზოთი,სადაც ულამაზესი ნაძვი ხარობდა,რომელიც საოცარი სინატიფით მოერთოთ. ოთახში,კედელზე მიემაგრებინათ ნაძვის ხის ცოცხალი ტოტი რამოდენიმე სათამაშოთი.
    -თოვლის პაპა საჩუქრებს ეზოში,ნაძვის ხესთან დაგვიტოვებს-წამოიძახა ნანამ .
    მისაღებ ოთახშიმაგიდაზე ხილი,ტკბილეული და სასმისები ელაგა,რათა თორმეტამდე ახალგაზრდებს არ მოშივნოდათ. მუსიკა ჩართული იყო,ბუხარში ცეცხლიც ენთო ეგზოტიკისთვის. ზოგი ცეცხლთან იჯდა,ზოგი ცეკვავდა,ზოგი ალბომს ათვალიერებდა. რამოდენიმე გოგონა დიასახლისს ეხმარებოდა.
    ოჯახის უფროსი ჯერ არ ჩანდა. ნანას მამა კარგ თანამდებობაზე მუშაობდა და ერთადერთ გოგონას ჩიტის რძეს არ აკლებდა. ნანა ხშირად პატიჟებდა თანაკურსელებს სახლში,მაგრამ ასე უკლებლივ არასდროს შეკრებილან. მით უფრო,ეს მათი სტუდენტობის ბოლო ახალი წელი იყო და ამიტომაც განსაკუთრებული განცდით ხვდებოდნენ მას.
    ბიჭები რიგ-რიგობით იწვევდნენ საცეკვაოდ გოგონებს. თვრამეტი გოგონა და შვიდი ვაჟი ცოტა ძნელი დასაწყვილებელი იყო. გოგონათაგან მხოლოდ ერთი იყო გათხოვილი და მისი მეუღლეც მათზე საკმაოდ უფროსი ასაკით,ამიტომ ერიდებოდნენ მასთან შეთამამებას.
    -ჩემი სტუმრები ახალ წელს მოჰყვებიან-განაცხადა ნანამ. გოგონები ახმაურდნენ,რადგან ნანა დაჰპირდა მათ,რომ ბიძაშვილ-მამიდაშვილებს დაჰპატიჟებდა.ე.ი. სამი გოგო და შვიდი ვაჟი შეუერთდებოდა მათ კომპანიას.
    -ზუსტად 12-ზე შამპანურით ხელში ეზოში, ნაძვის ხესთან-გასცა ბრძანება ნანამ.
    ბიჭებმა შამპანურების გახსნა და ლამაზ ჭიქებში ჩასხმა დაიწყეს. გოგონები რიგ-რიგობით იღებდნენ სასმისებს.
    თორმეტამდე ცოტაღა რჩებოდა,რომ კიბეებზე ფეხიც ხმა გაისმა. კარი გაიღო და ოჯახის უფროსი ახალგაზრდათა ჯგუფს შემოუძღვა.
    -გაცნობა მერე!-წამოიძახა ნანამ-ყველანი ეზოში.
    მოსულებმაც ჭიქებს დაავლეს ხელი და ყველანი ეზოში გაცვივდნენ. ნაძვის ხესთან ფერადი პარკების გროვა დამდგარიყო.
    საათის რეკვა და ატყდა ჭიქების ჭახუნი ,შუშხუნების ბათქა-ბუთქი,აქა-იქ თოფის სროლაც გაისმა.  ცაზე ლამაზ-ლამაზი ცისარტყელებივით იშლებოდნენ მაშხალები.
    რამოდენიმე წუთის შემდეგ ნანამ ხელი -ხელს შემოკრა და სიჩუმე მოითხოვა. როგორც იყო,გაჩუმდნენ.
    -გილოცავთ ,გილოცავთ! სულ წარმატებები,ნათელი ზეცა,ღიმილიანი დღეები,ბედნიერი წუთების სიმრავლე,კარგი სამსახური და რაც მთავარია დი-ი-დი,ნამდვილი სიყვარული მოეტანოს ამ წელს!!!
    ახალგაზრდები ახმაურდნენ.
    -ახლა მეც მათქმევინეთ რამოდენიმე სიტყვა!-ნანას მამის წამოძახილზე ყველანი გაჩუმდნენ.
    -მეც გილოცავთ,შვილებო.მართლაც განსაკუთრებულად ბედნიერი წელი დამდგარიყოს. ახლა კი,ნება მომეცით,მე ვიყო თქვენი თოვლის ბაბუა. დავბრუნდეთ ბავშვობის ზღაპარში-გაიცინა ბატონმა გიორგიმ-ვარდისფერ პარკებში გოგონების საჩუქრებია,ცისფერში -ვაჟების.აბა,ვაჟებო! გოგონებს მიართვით,გოგონებო-ვაჟებს.
    ახალგაზრდებმა ჯერ დაიმორცხვეს,მაგრამ როცა ნანამ და მისმა ნათესავებმა პარკებს მიაშურეს,ყველამ ერთად იხუვლა.
    ლალიმაც სიცილით გამოსტაცა ერთი ცისფერი პარკი თინიკოს და მიიხედ-მოიხედა. ყველა ვაჟს უკვე ეჭირა საჩუქარი. ამ დროს ჭიშკარი გაიღო და მაღალი,შავგვრემანი,სიმპატიური ვაჟი შემოვიდა. ლალი არც კი დაფიქრებულა,ისე გაიქცა შესახვედრად.
    -ეს თქვენ,გილოცავთ ახალ წელს-და საჩუქარი გაუწოდა.
    ვაჟს გაეღიმა.
    -გმადლობთ,თოვლის ბებო. მე რაღა გაჩუქო?-მან ჯიბიდან პატარა,ფუმფულა თეთრი ლეკვი ამოიღო:
    -ეს შენ.ძაღლის წელი შემოვიდა და ძაღლივით ერთგული მეგობრები არ მოგკლებოდეს-უთხრა და უცებ ლოყაზე აკოცა.ლალი გაწითლდა.არ იცოდა რა ექნა,რომ ნანამ მოირბინა.
    -ლალი,შენი საჩუქარი...ო! ეს ვინ მოსულა! გეგა,გენაცვალე-შესძახა და ვაჟს გადაეხვია -თუ ჩამოდიოდი,რატომ არ გამაფრთხილე?
    -მოულოდნელად არ ჯობია? თან მეკვლეც ვარ!  გილოცავ ჩემო ახტაჯანავ ! ნატვრათა ახდენას გისურვებ-მოეფერა ვაჟი და ნანასაც ისეთივე,ოღონდ შავი ლეკვი აჩუქა.
    -თქვენ უკვე გაიცანით ერთმანეთი? აბა,სახლისკენ-ორივეს ხელმკლავი გამოდო ნანამ.
    -ჯერ არა-იუარა ვაჟმა.
    -ეს ლალია.ჩემი უახლოესი მეგობარი,ნიჭიერი ფილოლოგი,კარგი პოეტი.
    -კარგი რა,ნანა-დაიმორცხვა ლალიმ.
    -ეს კი გეგაა,ჩემი დეიდაშვილი. ზუგდიდში ცხოვრობს და არ მეგონა,თუ ჩამოვიდოდა.
    მთელი ღამე იმხიარულეს ახალგაზრდებმა. შესანიშნავი სუფრა,ბრწყინვალე მუსიკა,საახალწლო განწყობა,გულთბილი მასპინძლები და რაც მთავარია,ახალგაზრდული გული. მეტი რაღა იყო საჭირო მხიარულებისთვის?
    გეგა თითქმის არ მოშორებია ლალის.ყოველი მეორე თუ არა ,მესამე ცეკვისას ლალის იწვევდა.  მუსიკის რიტმს აყოლილი ჩუმად ელაპარაკებოდა.შიგა და შიგ საოცრად ლამაზი ლექსებიც წაუკითხა შესანიშნავად. დილით უკვე დიდი ხნის ნაცნობებივით საუბრობდნენ.
    ლალის თაყვანისმცემლები არ აკლდა,მაგრამ სიყვარულით არავინ უყვარდა ჯერ. გეგამ შეძლო მისი მოხიბვლა და  შემდეგ თავის შეყვარებაც.გოგო მეცხრე ცაზე დაფრინავდა.გეგა ძალზე ყურადღებიანი ბიჭი აღმოჩნდა.ხშირად აკითხავდა უნივერსიტეტში. ყვავილები,საჩუქრები მოჰქონდა,კომპლიმენტებით ანებივრებდა.
    ერთხელ ნანამ გააფრთხილა: "მე ორივენი მიყვარხართ,მაგრამ გეგა ცოტა უცნაური ტიპია და...კარგად დაფიქრდი,არ იჩქარო." მაგრამ თუ ფიქრის დრო დაგიტოვა,მაშინ იქ სიყვარულია? თანაც ამ ასაკში?
    ის იყო,უნივერსიტეტი დაამთავრა და ბანკეტიდანვე გაჰყვა გეგას.  თავიდან კარგად აეწყვნენ.გეგა კარგ ადგილზე მუშაობდა,ლალიმაც დაიწყო სამსახური. მერე გეგამ უაზრო ეჭვიანობა დაიწყო.ჯერ ტოქსიკური  ორსულობის გამო სამსახურის მიტოვება მოსთხოვა,მერე გართულებული მშობიარობა,პატარა ბავშვი და მართლაც მოუწია სახლში ჯდომამ. მერე მამა გარდაეცვალა,მერე კი ქვეყანაც აირია.  ის დაწესებულება,სადაც გეგა მუშაობდა,გაუქმდა და გეგამ ვერსად იშოვა სამსახური.გაუხეშდა.პრეტენზიული გახდა,მერე ის იყო ,რუსეთში წავიდა ,დათუნა ორი წლის ხდებოდა მაშინ.თავიდან ხშირად ჩამოდიოდა.ფულს ყოველ თვე უგზავნიდა. მერე,ჯერ ჩამოსვლა გააიშვიათა,მერე ფულის გამოგზავნა.
დათუნა ხუთის რომ გახდა,დედის დაჟინებული მოთხოვნით მამამთილმა იქით წაიყვანა გეგასთან.
    გაუფრთხილებლად ,დილაადრიან დაადგნენ თავზე. დღემდე ვერ მოუნელებია ის ტკივილი...კარი სანახევროდ ჩაცმულმა რუსის ქალმა გაუღო და გეგას ცოლად გაეცნო სტუმრებს. ნაცნობი ხმის გაგონებაზე გეგაც გამოვიდა და ცოლ-შვილს რომ მოჰკრა თვალი,აღრიალდა:
    -რატომ ჩამოხვედით? რა დაგაკელით? ცხოვრებას რაზე მინგრევთ?
    გაფითრებულმა,აკანკალებულმა ლალიმ ბავშვს ხელი ჩასჭიდა და უკანვე კიბეებზე სირბილით დაეშვა. მამამთილი დაედევნა,პატიებას,ბავშვის მამასთან მიყვანის ნებას ,დარჩენას თხოვდა მაგრამ...
    ის ღამე სასტუმროში გაატარა და მეორე დღესვე დაბრუნდა უკან.
    დაბრუნებულზე მამამთილმა ბინის საყიდი ფული ჩამოუტანა. მაშინ იყო აქ,ბათუმში რომ იყიდა ბინა. ზღვა საოცრად უყვარდა. სოხუმი,მისი სიყმაწვილის სამოთხე ,უკვე დაკარგული იყო.
    მის მერე ორჯერ ჩამოვიდა გეგა საქართველოში. ერთჯერ მამის დასაფლავებაზე, მეორედ, დათუნა რომ სკოლაში წავიდა. ლალის არაფერი უკითხავს.აზრი არ ქონდა კამათს. მალე წავიდა გეგა. დამშვიდობებისას ესღა დაუბარა: "მე შენ და დათუნა მიყვარხართ,მაგრამ...ასე მოხდა...მარტო მე არ ვარ დამნაშავე...ფულს არ მოგაკლებთ...ჯერ ვერ ჩამოვალ...მერე...ვნახოთ."
    უკვე სამი წელია არ ჩამოსულა. ლალიმ სკოლაში დაიწყო მუშაობა. საღამოობით კერძო სალონშიც მუშაობდა(სტუდენტობისას გაიარა კურსები). შეძლებისდაგვარად არაფერს აკლებდა შვილს და სოფელში მცხოვრებ დედამთილსაც. გეგა შიგა და შიგ დაურეკავდა,დათუნას მოიკითხავდა,ფულადი გზავნილის კოდს ჩააწერინებდა და ტელეფონს თიშავდა.
    გვერდი იცვალა. ვერ იქნა ვერ დააჯერა თავი იმაში,რომ გაქრა ის სიყვარული,რომ მარტო დარჩა .რამდენჯერმე გააგონეს:"ცოცხალი ქმრის ქვრივიო",მაგრამ ისეთ სახეს ღებულობდა,თითქოს მას არ ეხებოდა ეს.
    ხუთი წელია ამ სახლში ცხოვრობს. კარგი მეზობლები დახვდნენ. საღამოს,როცა მუშაობს დათუნას ხან გვერდით მცხოვრებ კატო ბებოსთან ტოვებს,ხან ზედა სართულზე მცხოვრებ თამარ დეიდასთან,ხანაც გვერდით სადარბაზოში ნინოსთან,რომელსაც დათუნას ტოლი გოგონა ჰყავს.
    ექვსიოდე თვეა ქვედა სართულზე სიმპატიური,ჭაღარა შერეული მამაკაცი გადმოვიდა. პირველსავე შეხვერაზე რაღაცნაირი მუხტი იგრძო მისგან და სულ ერიდებოდა მასთან შეხვედრას. დათუნა კი ,საიდანღაც უცებ შეეჩვია მას და დედას ხშირად თხოვდა:"ძია გიორგისთან დამტოვეო",თუმც უშედეგოდ. მარტო დათუნა კი არა,მთელ კორპუსში მცხოვრები ბავშვები გიჟდებოდნენ მასზე. ისიც თითქმის ყოველ შაბათ-კვირას შეკრებდა მათ.ხან ეზოში ათამამაშებდა,ხან სანაპიროზე გაჰყავდა ისინი. დაბრუნებულზე კი დათუნა აღფრთოვანებით ყვებოდა,თუ რამდენი საინტერესო ამბავი,გამოცანა,ზღაპარი თუ თამაში იცოდა ძია გიორგიმ. ლალიმ კატო ბებოსგან შემთხვევით გაიგო,რომ გიორგის ცოლ-შვილი(ექვსი წლის გოგონა),ავარიით დაღუპვოდა ათი წლის წინ და მერე მარტო ცხოვრობდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები