ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რია
ჟანრი: პროზა
16 ნოემბერი, 2014


მთვარის ვახშამი ( ნაწილი V )

ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი კარადა იყო, ძალიან ძველი, ლაქგადაცლილი. ყურადღებით დავათვალიერეთ გვერდიდან, ზურგიდან, შიგნიდან. არაფერი საინტერესო და იდუმალი. ხის ყუთი მივიდგი და კარადის თავი მოვათვალიერე. გამხმარი ტოტი, ფიცარზე უხვად დაყრილი, მიწისფერი მარცვლები და გახვრეტილი, მტვრიანი აბრეშუმის პარკები დამხვდა. კლარკი ტანსაცმლის საკიდს ჩაეჭიდა.
- მაცოდინა, რა დანიშნულება აქვს მცირე რაოდენობის ჭიებს და მერე, თუნდაც მოვკვდე.

საათიც ჩვეულებრივი იყო თითქოს, როგორც უმოქმედო, ჩაჟანგული, ზედმეტად დიდი ზომის და გადასაგდებად განწირული ნივთი. ზურგი მოვხსენით. არავითარი სასწაული. ყველა საათის მსგავსი ისრები, ზამბარები, კბილანები, ქანქარა, მანქანის ზეთის და მტვრის სუნი. კლარკიმ სარდაფის კედლები მოსინჯა. უკაკუნებდა, აყურადებდა. საძირკვლის ოდნავ გამოწეულ ქვებს ეჯაჯგურებოდა, გამოღებას ცდილობდა. იატაკის ფილებიც მოათვალიერა. თავისთვის ფიქრობდა, რაღაც დასკვნებს აკეთებდა. იარაღების ყუთში მეტრიანი მოძებნა. კარადის სარკე და საათის შუშა გადაზომა. ერთი ზომის აღმოჩნდა ორივე. თვალები გაუბრწყინდა.

- მერე რა? - სიხარულის მიზეზს ვერ მივხვდი.
- ეს ორი ნივთი ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია. რახან, თავში ამათი გაზომვა მომივიდა. ესე იგი, რაღაც უნდა ქონდეთ საერთო. მარტო საათი რომ მენახა ან მარტო კარადა, არაფერს ვიფიქრებდი. ზუსტია, მილიმეტრშიც არ არის განსხვავება. მოზაიკასავით ავაწყობთ ყველაფერს. მთავარია, არაფრის არ შეგვეშინდეს. მბურძგლავს ცნობისმოყვარეობით. შენ ხომ არ გეშინია?
- ჰო, რა ვიცი. . .
- ნაზიმ უამრავი ნივთი დატოვა აქ, რატომ არ წაიღო?
- ალბათ არ სჭირდება.
- ვითომ? ადექი, გამოცოცხლდი! არ გაინტერესებს?

კარადა და საათი ძველ ტუმბოზე გვერდულად გადავაყირავეთ. კლარკიმ გულმოდგინეთ მოუთვალიერა ძირი. ვერაფერი ნახა აბლაბუდების და ყურბელების გარდა. ყველაფერი გავსინჯეთ, რის გასინჯვაც შეიძლებოდა. კონკრეტულად რას ვეძებდით, არ ვიცოდით. ასეთი არასდროს მენახა ჩემი და - მოღუშულ სახეზე ნაკვერჩხლებივით  უვარვარებდა თვალები. ამ დროს, ძალიან გავდა ბიძაჩვენს. რამდენჯერმე გაიარა სარდაფის ერთი თავიდან მეორეში, თითქოს რაღაცას ამოწმებდა. ხელი დამიქნია.
- ნელა წამოდი, დააკვირდი, რომელ მონაკვეთში იგრძნობ ტემპერატურის სხვაობას.
გამოვყევი ძველმანების რიგს და ხის თაროებთან შევჩერდი. აშკარად გრილოდა ამ ადგილზე. . .

ყრუდ ისმოდა სამზარეულოდან ქვაბების და ქილების ერთმანეთზე მიჯახების ხმა, ნესტოები შემითრთოლდა. ვანილის სუნმა აქამდე ჩამოაღწია. სამოთხის ვაშლების მოხარშვა დაასრულა დოდომ. მისი  მრავალწლიანი კულინარიული გამოცდილებიდან დასკვნა-ღია ფერის მურაბებს ვანილი უხდება. . .

ცეცილიას სახლში გადავწყვიტეთ წასვლა. მოფიქრებული არ გვქონდა, რას გავაკეთებდით, როგორ მოვიქცეოდით იქ მისვლისას. ბავშვობა გავიხსენეთ და ერთნაირად ჩავიცვით. კლარკიმ თმა ცხენის კუდივით შეიკრა. ჯიბეში წვერზე კორპწამოცმული დანა ჩაიდო, გალესილი დანებიდან ერთ-ერთი. როდის ამოიტანა ზევით, არ მახსოვს. შევშფოთდი.
- ნუ მაშინებ რაა!
- ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

დიდი სიფრთხილით ჩამოვედით კიბეზე. დოდოს სამზარეულოს ფანჯრიდან შევხედეთ. გაბრაზებული იყო ჩვენზე. უმადური გოგოები ვიყავით. დავივიწყეთ მისი ამაგი. დილიდან მოყოლებული რაღაცაზე ვჩურჩულებთ, უბედურ დოდოს კი ყველაფერს ვუმალავთ, არაფრად ვაგდებთ. საკუთარი შვილები რომ ყოლოდა, ასე გულდაწყვეტილი არ იქნებოდა. მაგიდასთან იჯდა, ორივე მხარეს, ბარიკადებივით აღმართულ ქილებს შორის. სურათების ალბომს ათვალიერებდა.  დროდადრო თვალებს იმშრალებდა ქათქათა ცხვირსახოცით. დარწმუნებული ვარ ბიძაჩვენის სურათებს დასტიროდა. კი იძახდა, გამოჩნდეს ერთი, თავზე გადავახევ და გადავამტვრევ, რაც ხელში მომხვდებაო. ყველა სურათზე კომენტარს აკეთებდა. ხან ემუქრებოდა, ხან ეფერებოდა. ყოველ ამოტირებაზე, უზარმაზარი მკერდით მაგიდას ირიბად უცვლიდა მდებარეობას. დოდოშა! განა ასეთი იყო?

ცეცილიას ეზოს ჭიშკარი დაკეტილი დაგვხვდა. ჩვენც გვეხერხებოდა მესერზე გადაძვრომა. შუქი პირველი სართულის ფანჯრიდან გამოდიოდა. ფეხი რაღაც რბილს დავადგი. მკვდარი მტრედი იყო. სანამ ფანჯრისკენ მივიპარებოდით, რამდენიმეს კიდევ გადავაწყდით. კატამ გადაგვირბინა, რაფაზე შეხტა, ფარადს მიაწყდა და შიგნით ისკუპა. ფარდის კუთხე აწეული დარჩა. ჯერ კლარკი შევახედე. მერე, მე მივაკვდი კედლის კუთხეს. ასი თვალი და ასი ყური  გამოვიბი. კლარკი ზურგს უკან გაყუჩდა. კეფაზე ვგრძნობდი იმის ცხელ სუნთქვას. ოთახი დავზვერე. 

ბუხრის წინ ისხდნენ: ბებერი, გრეგორი, შავი ქალი და შავი კაცი. შანდლებში წითელი სანთლები ენთო. ცხელოდა, ნიავი არ იძვროდა. ესენი ლამის ბუხარში ძვრებოდნენ. შეშას შეშაზე უმატებდნენ.  გრეგორი შავ ქალს ფრაუ ანგელათი მიმართავდა. ეს, ბებრის მოქსოვილ შალში შეფუთნული ფრაუ მაღალფეხიანი ბოკალიდან შავ ღვინოს მიირთმევდა და ყველას ბრძანების კილოთი ესროდა რეპლიკებს. შეიძლება ითქვას, ამაყადაც. რა ჰქონდა საამაყო? თითქოს მე მქონდა სოკოსგან დაჭმული ფრჩხილები. ბებერს ახალი, წენგოსფერი, მძივებით გაწყობილი კაბა ეცვა. გრეგორი ისევ კეპით იყო. ვინ იყვნენ, საიდან მოვიდნენ, ერთმანეთთან რა კავშირი ქონდათ? ის მელოტი კაცი სურათზე ვინ იყო? ისე გაგვიტაცა ამათმა საიდუმლოებამ, ბიძაჩემი და ცეცილია, თითქოს მიგვავიწყდნენ. 

კლარკიმ შემაწუხა მუჯლუგუნის კვრით.
- რაო, რას ამბობენ?
- არ ვიცი, გერმანულად ლაპარაკობენ.
- მერე?
- რა მერე? რამდენიმე სიტყვა გავიგე: ფრაუ, ერთი და ღორი.

შავმა კაცმა კისრიდან  გასაღები მოიხსნა და კეისი გახსნა. თითქოს უბრძანესო, დანარჩენმა სამმა ერთდროულად ხარბი მზერით  დაიგრძელა კისერი. კაცმა ერთმანეთზე გადაბმული შეყვითლებული ქაღალდები მოწიწებით ამოიღო და სიფრთხილით გაშალა. რაღაცას უხსნიდა გრეგორის, ხან ერთ გვერდზე ანიშნებდა, ხან მეორეზე. რიგრიგობით ლაპარაკობდნენ. გრეგორი რაღაცაზე არ ეთანხმებოდა. ბოლოს, ფრაუ ანგელამ ვრცელი სიტყვა წარმოსთქვა. ბებერს პირი უშრებოდა მღელვარებისგან, რამდენჯერმე დალია წყალი. მუხლები დაგვიბუჟდა ჩაკუზულებს. კაცმა ქაღალდები უკან ჩააბრუნა და კეისიანად გაეშურა კარისკენ.  ჩვენ გავხოხდით და რომელიღაც ბუჩქს ამოვეფარეთ. გარეთ გამოცვივდნენ. სახლს მოუარეს და კიბეზე აიჭრნენ. ბებერი ბოლოში მიაკაკუნებდა ყავარჯენს. ის ავბედითი ოთახი განათდა. გრეგორიმ გადმოიხედა ერთხელ, გადააფურთხა და ფანჯრები ხმაურით დაკეტა. ვიყავით ასე ჩასაფრებულები ნახევარი საათი მაინც. ბოლოს, ეღირსათ და ჩამოვიდნენ. შედარებით დაწყნარებულები და დაშოშმინებულები შევიდნენ სახლში. ბუხრიანი ოთახის გასწვრივ სხვა ოთახებში აინთო შუქი. დასაწოლად ემზადებოდნენ ალბათ.

გავბედეთ და გამოვედით საფარიდან. კლარკიმ ბიჭივით შეიგინა და ერთი სიტყვა თქვა მხოლოდ – მახინჯები!

სადღაც ნაღვლიანი ხმით ყმუოდა ძაღლი. ასეთი ხმა ვიღაცის სიკვდილის მოახლოებას გვამცნობს. არ ვიცი, მართალი არის თუ არა, ასე ამბობენ. ხელიხელჩაკიდულები მივდიოდით. ჩვენს გარდა არავინ იყო ქუჩაში. დროდადრო თუ გაიქროლებდა მსუმბუქი მანქანა. ისე ვიყავით უკვე, შიშს ვეღარ ვგრძნობდით. გზაჯვარედინთან რომ მივედით, კლარკმა  გამაჩერა.
- კეისი უნდა მოვიპაროთ, შენი გრეგორი აუცილებლად მოგაკითხავს და სანამ არ გეტყვის. ჩვენი სახლი რაში სჭირდება, ყიდვაზე არც იოცნებოს.
- ის წითური გრეგორი შენი იყოს, მე არ მჭირდება.
სიცილი აგვიტყდა. ისევ აყმუვლდა ძაღლი, ახლა უკვე ახლოს. ბოსტნეულის ჯიხურიდან ოც მეტრში ვიყავით და ძაღლი ჩვენსკენ გამოქანდა. გაქცევა დავაპირეთ, კოჭლობით რომ გამოირბინა, მივხვდით, ბუბუ იყო.  მოგვარდა, შეგვიყეფა და ისევ უკან გაბრუნდა

ვიღაც ეგდო ბეტონის კედელთან, ზურგით ჩვენსკენ. ქალი იყო. კლარკიმ, ცუდათ არის ალბათო, მივარდა და პირაღმა გადმოატრიალა. ვითომ ძალიან უშიშარი იყო! წამოიყვირა და სახეზე ხელები აიფარა. გაუბედავად გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი. მობილური მივანათე. ყელგამოჭრილი ნაზი ღიად დარჩენილი თვალებით თითქოს მე მიყურებდა. ძარღვებში სისხლი გამეყინა. ბარბაცით მივედი ღობესთან. რაღაც ეკლიანს მოვეჭიდე და მაღებინა. ბუბუმ კისერი დაიგრძელა, ზეცას ახედა და ისევ აყმუვლდა. სანახევროდ ღრუბლებს ამოფარებული მთვარე მუხების თავზე იდგა. ორი მოსახლე იყო იმ გზაზე. ჭიშკარზე დავაბრახუნეთ. არავინ გამოგვხედა. ჯიხურიც დაკეტილი იყო. პატრული გამოვიძახეთ და იქვე, ლამპიონის ქვეშ, ქვაზე ჩამოვსხედით. ვტიროდით.

საშინლად უცნაური და შემზარავი იყო ყველაფერი: სიკვდილი, სისხლის გუბეზე არეკლილი მთვარე, ქუჩას მოდებული გარგარის სურნელი, ბუბუს გულისმომკვლელი ყმუილი, ვიღაცის აგარაკიდან მოღწეული მუსიკის ხმა, დაგრძელებული ჩრდილები. ნაზის ბალახაკრული, შიშველი ტერფი. რატომ ეხდებათ მოკლულებს და ავარიაში გარდაცვლილებს ფეხსაცმელი? მაინცდამაინც ჩვენ რატომ ვიპოვეთ საცოდავი ქალი?

გამახსენდა, როგორ გავიცანით ნაზი.

კორპუსში დადიოდა რაღაცეების გასაყიდათ. ერთ დღეს, ჩვენს კარზეც დარეკა. დიდი, ბრიალა თვალებით შემომხედა დამორცხვებულმა. მძიმე ჩანთა წინ დაიდგა. გულზე ქილა ქონდა მიკრული, საუკეთესო თაფლს გვთავაზობდა იაფად. მოგვეწონა, ვიყიდეთ. მოგვიანებით მშობლების დანატოვარი სახლიც მოგვყიდა. ისიც იაფად. სამი სკა გვაჩუქა. დანარჩენი ოცი, მეუღლის სახლში გადაიტანა. რამდენიმე ბროშურა დაგვიტოვა მეფუტკრეობაზე. იქიდან ვერაფერი გავიგეთ და ჩვენს ფუტკრებსაც ის უვლიდა. გვიხაროდა, რომ გაგვიმართლა, - აგარაკი გვქონდა ქალაქის გარეუბანში, ხეხილიანი, ფუტკრებიანი, გაჩერებასთან ახლოს. . .

კინოკადრივით მიტრიალებდა თავში ერთი და იგივე – კარი გავაღე, შემომხედა დამორცხვებულმა. . . კარი გავაღე, შემომხედა დამორცხვებულმა. . .

ბუბუ ჩემს ფეხებთან იწვა. დროდადრო წკმუტუნებდა, მოხერხებულად იჭერდა ენით ღამის პეპლებს და ცალი თათით ფხოჭნიდა მიწას. . .
ნაცნობი ხმები: ჭრიჭინების ჭრიჭინი, ბაყაყების ყიყინი, ტურების ყმუილი. . .

ვტიროდით, ვტიროდით და უცებ, კლარკიმ:
- ნაზის მკვლელი ცაციაა.
პირი დავაღე.
- რა იცი?
- მივხვდი. ნაზი მარჯვენა მხარეს გადატრიალებული ვნახეთ. მკვლელმა მარჯვენა ხელით თავი გადაუწია და მარცხენათი დანა გამოუსვა. დანიანი ხელით ვერ გადააგდებდა მძიმე ქალს. მარჯვენათი დააგდო ძირს. მომინათე და ჭრილობას დახედე!
- რას ამბობ?! მე მოგინათებ, შენ ნახე და მითხარი, რის თქმაც გინდა.
- ჩემი ვარაუდი სწორია! მარჯვენა მხარეს ჭრილობა საკმაოდ ღრმა არის, მარცხნივ ირიბად მოდის.
გული ამომიჯდა.
- კლარკი, რატომ ხარ ასეთი, ჰა?



გაგრძელებით







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები