ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პროზა
17 დეკემბერი, 2014


Sophie Zelmani (პოეტური პროზა)

მობილური ტელეფონი silent-ზე გადავიყვანე. უნებლიე ზარმა ფიქრი რომ არ შემიკრთოს. როდესაც სუიციდზე იწყებ ფიქრს, სიჩუმეს მხოლოდ Sophie Zelmani უნდა არღვევდეს, თავისი სადა და უბრალო ხმით.
სულ გადამავიწყდა. გაურკვეველი წარმოშობის ელექტრო ჩაიდანი, რომელიც მაქსიმუმ თურქული წარმოებისა თუ იქნება, ყალბი მინაწერით: made in china, კანკალი დაიწყო, აი ისეთი, ციებ-ცხელების დროს რომ ემართებათ ხოლმე, ნაანოფელესარებს. საკუთარ სიცარიელეში მოზღვავებულმა ორთქლმა სულის შეხუთვამდე მიიყვანა და გაგუდა...
მე კი lipton-ის ერთჯერადი ჩაის ფერი განვბანე და სიგარეტს გავუკიდე. ჩაის ფერს, როგორც წესი, პირველივე ხმარების შემდეგ არ ვაგდებ,
მაგრამ დღეს გამონაკლისის სახით ურნაში გადავუძახე, ახალშეძენილ პაკეტს მაინც არ დაეტყობა-მეთქი.
სიგარეტის კვამლისგან რგოლებს ისეთი მონდომებით ვუშვებდი, თითქოს ჩაპლინის ანდერძის შესახებ მცოდნოდა, მაგრამ მისი ქონებიდან არც ჩემს წინამორბედს ერგო რაიმე. ამიტომაც ვაღმერთებ კომიკოსებს.
უკანასკნელი ხანებია სასმელს მივეძალე. სამზარეულოს ნიჟარა სავსეა დაცლილი ბოთლების ხროვით. მინის ტარის მიმღები პუნქტიც კი არაა ახლოში, რომ წავიღო და ჩავაბარო, გადაყრა კი მეზარება.
გავზარმაცდი. მაღვიძარას აქამდეც არაფრად ვაგდებდი. ახლა მეგობრების ზარებსაც აღარ ვპასუხობ. გამუდმებით ვიტყუები, რომ რაღაცა მტკივა ან სხვაგან ვარ. მგონი, აჰასფერის სინდრომიც დამეწყო.
ხელის თითები გამუდმებით მელანში მაქვს გათხვრილი. ვწერ ყველაზე და ყველაფერზე. ამას წინათ საზოგადო წერილიც დავწერე მუზაზე და შეიძლება პირადადაც წავაკითხო, თუ პინგ-პონგის სათამაშოდ გამომყვება.
მაწუხებს გამუდმებული მუცლის ტკივილი და ვშიშობ ცეროზი არ აღმომაჩნდეს.
კვირაობით, ჩემს მუდმივად ღიმილიან სახეს, უკეთ რომ ითქვას-ნიღაბს, ოთახში ვტოვებ და სახლიდან ყურთსასმენებით გავდივარ. როგორც წესი, კაპიუშონი მმოსავს, რომ არავინ შემამჩნიოს. ვხეტიალობ უმიზნოდ, უშინაარსოდ. walkman-იც გამუდმებით ერთსა და იმავეს უკრავს. გვიან ვბრუნდები ხოლმე, ქალაქის ხმაურით, მანქანების გამონაბოლქვით და სნობური სახეების ცქერით დაღლილი.
ვჯდები ჩემს საწერ მაგიდასთან და მობილური ტელეფონი silent-ზე გადამყავს. უნებლიე ზარმა ფიქრი რომ არ შემიკრთოს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები